ტრამპი - მრავალგანშტოებიანი მესაფლავე!
ტრამპს დემოკრატიის მესაფლავე დაარქვეს, მაგრამ გააპროტესტა, მესაფლავე კი არა, დიქტატორი ვარ. საქმე ის არის, რომ ზოგჯერ დიქტატორობაც საჭიროაო.
იმის შემსწრე რომ არ ვიყო, წლების წინათ როგორ ჩამოვიდა დონალდ ტრამპი საქართველოში და როგორ გაფორმდა სალიცენზიო ხელშეკრულება ბათუმში „ტრამპ თაუერის“ 47-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე, ეჭვი გამიჩნდებოდა, რომ ეს კაცი მშენებელი არ არის. მართალია, ის ხელშეკრულება ტრამპივით მედღეხვალიე აღმოჩნდა, პატრონები იცვალა და არც ვიცი, ბოლო-ბოლო, აშენდა თუ კვლავ ასაშენებელია, მაგრამ ტრამპი მშენებელი კი არა, პერფორატორზე შეყვარებული ტიპია.
პერფორატორიც არა! არც დიდი სოლი! არც ძველ დროში მოწინააღმდეგის ციხესიმაგრის კედლის სანგრევი ტარანი! _ ტრამპს ყველაფრის სანგრევი დიდი ურო უყვარს!
ასე რომ, ტრამპი მშენებელი კი არა, დამანგრეველია. რასაც გაეკარა, ყველაფერი დაანგრია. კაცს წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე, შესაბამისად, დიპლომატიაზე. ზღაპრის პერსონაჟისა არ იყოს, „ციცინათელების დედოფალი მინდააა!“ - რომ აიტეხავს რამეზე, ლამისაა, უზნეო ბავშვივით ლაფში გაგორდეს. ბავშვს რამეს მოუხერხებ და, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტს რა უნდა მოუხერხო?
იმთავითვე რაც ვიცით, ის არის, რომ გრენლანდიაზე ჩაიციკლა, უპირველეს მიზნად დაისახა, მაგრამ კანადა და პანამის არხის მიერთება იდეაში აქვს. რა ღირებულების ფულია რიგითი გრენლანდიელისთვის 1 მლნ დოლარი და ზედდართული აშშ-ის მოქალაქეობა, არ ვიცი, მაგრამ 58 000 ათასი გრენლანდიელისთვის ამდენი მილიონი დოლარის დარიგება რა პრობლემაა აშშ-ისთვის, ვერც კი გაიგებს, თუ რამე მოაკლდა.
მლნ დოლარი ციდან არ ცვივა და რა ვიცი, დიდი ეჭვი მაქვს, რომ გრენლანდიას აშშ „მიიხუტებს“, მით უმეტეს, რომ დანია იქნება თუ ნებისმიერი სკანდინავიური ქვეყანა, ლავროვის თქმისა არ იყოს, რეალურად არ არის ამ ყინულოვანი კუნძულის ნამდვილი პატრონი, _ გრენლანდია მართლა კოლონიზატორული წარმონაქმნია.
ტრამპი რომ სიტყვებად რაღაცებს ისვრის სხვადასხვა ბოსტანში, იმ ფრაზებს „ტრამპულიკები“ დავარქვი, მაგრამ, პუტინისა არ იყოს, მგონი, მართლა ბაიდენი ჯობდა - ის რისი მქნელი იყო, მაგრამ მისი ადმინისტრაცია იმდენად თავგასული ხილული ბოროტება იყო, რომ საორჭოფო აღარ გქონდა ადამიანს, ჯიქურ მოდიოდა; ეს კიდევ, ვითომ პირდაპირ ამბობს, რაც უნდა და რა მიზანიც აქვს, მაგრამ საიდან უვლის და ფესვები რომელი კოლინჯის რომელი კედლიდან ეწყება, შენ უნდა არკვიო.
პირადად მე, ვერავინ გადამაფიქრებინებს, რომ ტრამპი იმ „დიფ სთეითის“ პროექტი არ არის, რომელსაც ვითომ ებრძვის, უბრალოდ, წლების განმავლობაში დატესტეს, გლობალური წესრიგი რამდენად გაამართლებდა და რომ ნახეს, არ ივარგა (ამ ეტაპზე მაინც), ბრძანება გაიცა: „შტურვალი 180 გრადუსით მკვეთრად მარჯვნივ და წინ, სრული სვლით!“
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელი და მასპინძელი, ამერიკული კორპორაცია BlackRock-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი გახლდათ. მან წარადგინა პანელზე დონალდ ტრამპი, რომელმაც მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. კორპორაცია BlackRock-ი ოლიგარქიული ოჯახების ხელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ისინი სასურველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერვენციებს ახორციელებენ სხვადასხვა ქვეყანაში. BlackRock-ი ფლობს წილებს იარაღის მწარმოებელ და სამხედრო კონტრაქტების მქონე კომპანიებში, რომელთა იარაღიც ათწლეულებია, გამოიყენება ერაყში, ავღანეთში, იემენში, სირიაში და, ცხადია, უკარინაში, სადაც BlackRock-ს მხოლოდ იარაღის გაყიდვაში არ აქვს ინტერესი, _ ზელენსკიმ სწორედ აღნიშნულ კორპორაციასთან გააფორმა შეთანხმება უკრაინის ომის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ, _ ვრცელი ვიდეომასალა მაქვს ნანახი ამის შესახებ.
ლარი ფინკი უშუალოდ მონაწილეობს სამშვიდობო მოლპარაკებებში, სადაც პროცესი ტრამპის სპეცწარმომადგენელ უიტკოფს და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერს მიჰყავთ.
ლარი ფინკი აფინანსებდა ბარაკ ობამას, აფინანსებდა ჰილარი კლინტონს და ახლა ტრამპის გუნდშია უკვე მეორედ. ეს იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითს“ ვერავინ შეებრძოლება და ყოველთვის ექნება მნიშვნელოვანი გავლენა აშშ-ის პოლიტიკაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებიან ქვეყნის სათავეში - დემოკრატები თუ რესპუბლიკელები. მშვენივრად ჩანს, რეალურად ვინ მართავს ტრამპს და ამ პროცესებს.
დგას ახლა ეს ბეყე საზოგადოება და, „ნახე, ტრამპი რა კაცია!“ გაუდით, ტრამპიც იფერებს და კარგად ირგებს „ახალ პიჯაკს“ სახელად „კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი!“
ბაიდენის მოსვლის შემდეგ ხელისუფლებაც და ხალხიც დაბნეულობიდან გამოვიდა. ახლა ისევ დაბნეულობაა, ტრამპი მოსწონთ ქართველ ბეყეებს, არადა, ამერიკა ჩვენდამი არაკეთილგანწყობილ მარკო რუბიოს აბარია, რომელიც იდუმალად დუმს _ ეს კაცი საქართველოს (კავკასიის) საკითხებში უმეცარია თუ გვზვერავს, მალე გამოჩნდება. პირადად მე, არ მომწონს ასეთი გარინდება!..
არადა, ზოგადად, ტრამპს რას ერჩი, ფაქტობრივად, მართებულად დაერია ყველაფერს, დაწყებული წურბელა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და გზად ანგრევს ყველაფერს, ნატო იქნება, ევროკავშირი თუ გაერო. ახლა ევროპას გამოუცხადა, ბოლო ათ წელში შექმნილ კულტურაზე უარი უნდა თქვათო. მართალია, პირადად მე ვერ მივხვდი, რა კულტურა იგულისხმა, მაგრამ ეგ არაფერია, მთავარია, თვითონ იცის და ევროპის ყურს მისწვდა.
ტრამპმა რომ კარგი ვაჭრობა იცის, მრავალგზის დავრწმუნდით და ახლაც, როყიოდ, მაგრამ, ფაქტობრივად, სიმართლე თქვა _ ამერიკამ ტრილიონები ჩაყარა ევროპაში და სანაცვლოდ არაფერი მიუღია, ჰოდა, ამ ფასში გრენლანდია მიმაქვსო.
ახლა მოსკოვში რომ ბრძანდებოდა სტივ უიტკოფი, ხომ ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ჭვინტზეც არ ჰკიდია ვინმეს, გაქანებული ვაჭრობაა გაჩაღებული, ორივე მხარე მისხალ-მისხალ ითვლის მეტრებსა და გრამებსაც კი. მოკლედ, ტრამპი, მნგრეველთან ერთად, დიდი ვაჭარიც არის და არც მალავს, ღიად აცხადებს, ტარანი თვლითააო. ახლა მთავარია, სარფიანად გაურიგდეს რუსთ ხელმწიფეს, თორემ უკრაინა ვის დაჰკარგვია, უთავო ტარანთაგანია. მიფარჩაკებული ევროპა კი ტრამპის ქისაა, უნდა _ დაცლის, უნდა _ შეავსებს, ყოველ შემთხვევაში, არაფერს წარმოადგენს, მის გარეშე მოიპოვება ტარანიც და ის წყალსატევიც, სადაც ის „ბანაობს“.
ამერიკის ყველა ე .წ. ელიტის შინაგანი მოწოდება მსოფლიო ჰეგემონობაა; არც ე. წ. გლობალისტების რწმენა გამქრალა სადმე, რომ მსოფლიოს პერეფორმატირება აუცილებელია, ოღონდ, ჯერ ერთპოლუსიანობა უნდა შენარჩუნდეს და შემდეგ ახალი წესრიგი დამყარდეს. ამ ყველაფრის შემკვრელია იუდაიზმი და მისი პოსტულატი გამორჩეულობის ურყევი შეგრძნება. ასევე რელიგიური თუ ადათობრივი წანამძღვრები, რომლებითაც მოშიახმა ახალ სამყაროში უნდა შეიყვანოს მსოფლიო.
ეს სამი მოცემულობა მკვეთრ წინააღმდეგობაშია მრავალპოლუსიან სამყაროსთან, რომელზეც რუსეთსა და ჩინეთს აქვთ პრეტენზია, არადა, რაგინდ გძულდეს ოკუპანტი რუსეთი და კომუნისტური ჩინეთი, მათი ჰეგემონობა თუ იქნება აშშ-ის საპირწონედ პოლუსობა, ბევრად მეტად არის გარანტირებული სტაბილურობის შემცველი, ვიდრე ერთპოლუსიანი მსოფლიოსა და აშშ-ის ჰეგემონიის შემთხვევაში.
უკრაინაში მიმდინარე ომით, ფაქტობრივად, ეს ამბავი წყდება. უკრაინა არ იბრძვის საკუთარი ინტერესებისთვის. მას არაფერი ხიფათი არ ემუქრებოდა მანამ, სანამ გლობალისტმა დასავლეთმა არ გამოიყენა საზარბაზნე ხორცად...
მირჩიეს და გადავხედე ჰელფორდ ჯონ მაკინდერსა და მის „ჰარტლენდის თეორიასაც“, კისინჯერისა და ბჟეზინკსის აზრები კი ვიცოდი რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ახალი ვერაფერი აღმოვაჩინე, დავიწყებულ ძველთან მივედი.
ახლა საიდან შემოუვლიან, ვნახავთ, მაგრამ გლობალისტური უკანდახევა მომწონს _ იმედია, დიდი ნახტომისთვის მზადება კი არა, ნამდვილად „საჭე მარჯვნივ არის“!
ჩემი საქართველოდან გამომდინარე, დიახ, მომწონს, თუ სახელმწიფოები ნამდვილად დაიბრუნებენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სუვერენიტეტს და მათ საქმეეებში აღარ ჩაყოფენ ცხვირს „დაუძინებელი მეგობრები“ გაღმა-გამოღმიდან; დიახ, მომწონს, თუ აშშ მაინც იქნება მშვიდობისმოსურნე _ არასტაბილურ ევროპას თვითონ ევროპა მიხედავს და აშშ-იც აიძულებს, დასტაბილურდეს;
დიახ, მომწონს, თუ უკრაინაში ომი რეგიონული ომის სტატუსად გადაკვალიფიცირდება და აღარავინ დამიწყებს ძალაობას, წადი და თავი შეაკალი უკრაინასო;
დიახ, მომწონს, თუ კონკურენცია აპრიორი – მტრობად აღარ ჩაითვლება;
მოკლედ, „დიფ სთეითი“ ეძახეთ და, ბრძანება „საჭე მარჯვნივ!“ მთელი რიგი საკითხების ახლებურად დალაგების გამო მომწონს, რასაც ისიც ერთვის, რომ დავოსი აღარ იქნება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი და დავოსური მონოპოლია დამთავრდება.
ტრამპი მშენებელი! ტრამპი მნგრეველი! ტრამპი ვაჭარი! და ბოლოს, ტრამპი - მრავალგანშტოებიანი მესაფლავე!
ამ ყველაფრის შემხედვარეს, ერთი რამ საშინლად არ მომწონს _ საქართველოს ხელისუფლება რატომ არ უწყობს ფეხს ამ ყველაფერს?
როდის შეეშვება საქართველო ყველაფერ არარსებულზე ოცნებას?
როდის მიხვდება, რომ ყველა იმ ორგანიზაციიდან უნდა გამოვიდეს, რომელიც უკვე ჩამპალი გლობალური წესრიგის ეგიდით შემოიხვია დასახრჩობად საკუთარ ყელზე საკუთარი ნებით _ დაწყებული კლიმატური სიგიჟით, დამთავრებული ჯანმო-თი. მიბაძონ აშშ-ს, გამოვიდეთ ყველა გლობალურ-აფერისტული ორგანიზაციიდან, უპირველესად კი მომაკვდინებელი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. წინ რა უდგათ?!
მაია ჭელიძე

