არასრულწლოვანთა კოდექსის ანატომია

არასრულწლოვანთა კოდექსის ანატომია

საქართველომ წლების წინათ მიიღო ახალი კანონი „არასრულწოვანთა მართლმსაჯულების შესახებ“, რომელიც სრულად ორიენტირებულია ბავშვთა უფლებებზე. აღნიშნული აქტი ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც ორიენტირებულია არა დასჯაზე, არამედ ბავშვის მომავალზე. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწოვანი ჩაიდენს დანაშაულს ან ბრალდებულია დანაშაულში, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? 

რა არის კანონის მიზანი 
ეს არის არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კოდექსის “ოქროს წესი”. ნებისმიერი გადაწყვეტილება (იქნება ეს პოლიციელის, პროკურორის თუ მოსამართლის მიერ მიღებული) უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა იქნება უკეთესი კონკრეტული ბავშვის განვითარებისთვის, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.

რესოციალიზაცია და 
რეაბილიტაცია
კოდექსის მთავარი ფილოსოფიაა, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კი არ უნდა განიდევნოს საზოგადოებისგან, არამედ პირიქით — მას უნდა დავეხმაროთ საზოგადოებაში სრულფასოვან დაბრუნებაში. მიზანია, ბავშვმა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა და შეძლოს კანონმორჩილი ცხოვრების გაგრძელება.

მართლმსაჯულების 
განხორციელება 
სპეციალიზებული 
პირების მიერ
კოდექსი მოითხოვს, რომ არასრულწლოვანთან შეხება ჰქონდეთ მხოლოდ იმ პროფესიონალებს (მოსამართლეებს, პროკურორებს, ადვოკატებს, გამომძიებლებს), რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება ბავშვთა ფსიქოლოგიასა და უფლებებში.

საპატიმრო სასჯელის გამოყენება, როგორც 
უკიდურესი ღონისძიება
კანონის მიზანია, თავისუფლების აღკვეთა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ყველა საშუალება ამოწურულია. პრიორიტეტი ენიჭება ალტერნატიულ მექანიზმებს, როგორიცაა: განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბავშვისთვის შანსის მიცემა. კანონი იცნობს აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტიტუტსაც, რომელიც  კონფლიქტის მოგვარება-შერიგებისა და ზიანის ანაზღაურების გზით არის შესაძლებელი.
არასრულწლოვანთა კოდექსი ასევე ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის პრევენციის მიზნებზე, რომელსაც დანაშაულის პრევენციის სახელით არის ცნობილი. სწორი მიდგომით კოდექსი ცდილობს, აღმოფხვრას ის მიზეზები, რამაც ბავშვი დანაშაულამდე მიიყვანა, რათა მომავალში მან აღარ ჩაიდინოს სამართალდარღვევა.
კოდექსი ვრცელდება არა მხოლოდ ბრალდებულ, მსჯავრდებულ არასრულწლოვნებზე, არამედ დაზარალებულ და მოწმე ბავშვებზეც, რათა მართლმსაჯულების პროცესმა მათ დამატებითი ტრავმა არ მიაყენოს. 

განრიდების პროცედურები  
გამოძიების დროს შესაძლებელია, მოთხოვნილი იქნას განრიდება, რაც ხშირად გამოიყენება დასჯის ნაცვლად. რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ შეიძლება შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მზად არის გამოსწორებისთვის. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი (გამოძიების ეტაპზე) ან მოსამართლე. განრიდებისას არასრულწლოვანს შეიძლება დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ან დაზარალებულისთვის ბოდიშის მოხდა. საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა (უხელფასო შრომა). სწავლის გაგრძელება ან სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გავლა.
არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, ფოტო) გასაჯაროება კატეგორიულად აკრძალულია. სასამართლო პროცესები, როგორც წესი, დახურულია, რათა ბავშვს არ მიეკეროს “დამნაშავის იარლიყი” და არ გაურთულდეს რესოციალიზაცია.

დაუყოვნებლივი კავშირი მშობელთან 
დაკავების ან საგამოძიებო მოქმედების დაწყებისთანავე, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აცნობონ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს. არასრულწლოვანს უფლება აქვს, ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებისას (მაგ. დაკითხვა) მის გვერდით იყოს მშობელი. 

სავალდებულო დაცვა 
არასრულწლოვანის საქმეზე ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. თუ ოჯახს არ აქვს ადვოკატის აყვანის საშუალება, სახელმწიფომ თავად უნდა დაუნიშნოს იგი. ბავშვს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.
დაკითხვის სპეციალური წესი: დაკითხვა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 4 საათს დღეში (შესვენებების ჩათვლით). დაკითხვაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ფსიქოლოგი, რომელიც მეთვალყურეობს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას. პროცესი უნდა წარიმართოს ისეთ გარემოში, რომელიც არ დათრგუნავს ბავშვს.

პატიმრობის ვადები 
არასრულწლოვანთა მიმართ მოქმედებს ბევრად მოკლე ვადები. მაგალითად, წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 40 დღეა (ნაცვლად ზრდასრულთა 9 თვისა), რადგან მიიჩნევა, რომ საპატიმროში დიდხანს ყოფნა ბავშვის ფსიქიკაზე დამანგრეველად მოქმედებს.
კოდექსი ასევე, ავალდებულებს სახელმწიფო უწყებებს, რომ ბავშვს მიაწოდონ ინფორმაცია მისთვის გასაგები ენით. დაუშვებელია რთული იურიდიული ტერმინოლოგიით საუბარი, რომელსაც არასრულწლოვანი ვერ აღიქვამს.

ლევან ჭიღლაძე