დღეს ვიწრო ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მათემატიკოსმა, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დამფუძნებელმა რატი სხირტლაძემ აქტუალურ თემაზე _ „ხელოვნური ინტელექტი, ეროვნული ტექნოლოგიები და ციფრული სუვერენიტეტი“ მოხსენება წარადგინა.
რატი სხირტლაძემ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამეცნიერო წრეებამდე იმ პრობლემატიკის მიტანა, რაც ქართულ ენას, ენობრივ ტექნოლოგიებს და ზოგადად, ჩვენი ენის მომავალს უკავშირდება. პრეზენტაციაზე მეცნიერებმა პრობლემების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.
რას ნიშნავს ციფრული სუვერენიტეტი?
აღნიშნული ტერმინი საქართველოში, ჯერჯერობით, ფართოდ დამკვიდრებული არ არის. თუმცა, საერთაშორისო მასშტაბით დიდი ხანია, ფეხი მოიკიდა. ციფრული სუვერენიტეტი ნიშნავს, ქვეყნის უნარს და საშუალებას, რათა მისთვის კრიტიკული ციფრული ინფორმაცია, ალგორითმები, მოვლენები საკუთარ ინფრასტრუქტურაზე კიდეც განათავსოს და თან დაცულიც იყოს. ციფრული სუვერენიტეტისთვის, უპირველესად, საჭიროა ეროვნული ენობრივი რესურსები, ეროვნული AI მოდელები, მონაცემთა უსაფრთხოება და ეთიკური გამოყენება. რატი სხირტლაძემ დამსწრე საზოგადოებას პრობლემა, ციფრულ სუვერენიტეტთან შეხების პირადი გამოცდილების მაგალითზე გაუზიარა. როგორც თავად აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროში დახურულ სხდომებზე ინფორმაციის დამუშავება, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გაცილებით სწრაფად ხდება. ბუნებრივია, დაუშვებელია აღნიშნულმა ინფორმაციამ, ქვეყნის საზღვარი დატოვოს. კი ბატონო, შესაძლებელია, ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტით დაამუშავო, მაგრამ ის ქვეყნის ფარგლებში უნდა დარჩეს. ასე რომ მოხდეს, ამისთვის რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებაა საჭირო: პირველი, ინფორმაცია საკუთარ ინფრასტრუქტურაზე ისე უნდა განთავსდეს, რომ სხვა ქვეყნებმა მისი ნახვა ვერ შეძლონ. მეორეა თავად ალგორითმები, რითაც ინფორმაცია უნდა დამუშავდეს.
ჩვენ პრაქტიკულ ცხოვრებაში არაერთ (გუგლი, ამაზონი და სხვა) საერთაშორისო სერვისს ვიყენებთ, რაც ნიშნავს, რომ მოპოვებული ინფორმაცია ქვეყნის საზღვარს ავტომატურად ტოვებს. ნებისმიერ ქვეყანას თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს. ამიტომ, ჩვენი მონაცემების სხვა ქვეყნების მიერ ნახვა, სულ მცირე, არაეთიკური იქნება. ანუ რა გამოდის? _ ქვეყანა სუვერენული რომ იყოს, მას უნდა ჰქონდეს ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც საკუთარი ქვეყნის საჭიროებებს მოემსახურება, ასევე, მონაცემები და მოდელები, რაც საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიგნით დახურულ რეჟიმში იმუშავებს და საკუთარ ფუნქციებს შეასრულებს.
შეხვედრაზე ხაზი, განსაკუთრებით, იმ ენობრივ პრობლემებს გაესვა, რაც ჩეთ-ჯიპიტის გამოყენებას უკავშირდება. მაგალითად, როგორც რატი სხირტლაძემ აღნიშნა, კომპანია „მაგთიკომში“ ხელოვნური ინტელექტით ინტეგრირებული ჩათი აქვთ, რომელიც ჩეთ-ჯიპიტიზეა აგებული. ანუ, აბსოლუტურად მთელი პერსონალური მონაცემი ქვეყანას ტოვებს და დამუშავებას ექვემდებარება.
რატი სხირტლაძე: კომპანიამ მოგვმართა არა იმისთვის, რომ ინფორმაციამ ქვეყანა არ დატოვოს, არამედ, ადგილობრივი პროფილების შექ,მის მიზნით. ეს კრიტიკული საკითხია შემდეგი თვალსაზრისით: წარმოვიდგინოთ, რომ სანქციის სახით, ქვეყანას რაღაც პერიოდით, ჩეთჯიპიტის კოდის სერვისი შეუჩერონ. თუ ქვეყანა სრულად დამოკიდებულია ამ AI მოდელებზე, პრაქტიკულად, ავტომატურად უამრავი სისტემა გაჩერდება.
ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური სუპერ
ინტელექტი ადამიანს?!
ამ საკითხზე მსჯელობას, წითელ ხაზად გასდევს არგუმენტი, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტის გამოუყენებლობა ყოვლად წარმოუდგენელია. ისევე, როგორც გამორიცხულია არ გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი, მხარი არ ავუბათ ტექნოლოგიების განვითარებას და ხელოვნური ინტელექტის ყველა სფეროში დანერგვას იქნება ეს სახელმწიფო სექტორი, განათლება თუ სხვა. თუმცა, ისმის კითხვა: რა გამოწვევის წინაშე ვდგებით ამ შემთხვევაში?!
დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი ე.წ. ნეირონულ ქსელზეა დაფუძნებული, რომელიც ადამიანის ტვინთან პირდაპირ კავშირში არ არის. ეს მათემატიკური მოდელია, რომელიც ადამიანის ტვინის მოქმედებასთან გარკვეულ კავშირშია. ზოგადად, სამი სახის: ნეირო, ანუ ვიწრო, ჯენერალ _ საზოგადო, ადამიანური და სუპერ ხელოვნური ინტელექტი არსებობს. დღესდღეობით, ნეირო ინტელექტი სასწაულებს სჩადის, რომელიც ადამიანის ინტელექტისგან ძალიან შორსაა. როგორ მუშაობს აღნიშნული ინტელექტი? _ მას უამრავი ტექსტი, ინფორმაცია აქვს ნანახი, რაზე დაკვირვებითაც კანონზომიერებას იჭერს. თითქოს, აზროვნებს, მაგრამ სინამდვილეში არ აზროვნებს. AI-ს ადამიანის ინტელექტთან არავითარი კავშირი არ აქვს. მან იცის ტექსტები, მაგრამ ის ვერ ფიქრობს. მეორე ეტაპი, ხელოვნური ინტელექტის განვითარების, როგორც მოგახსენეთ, ჯენერალ _ საზოგადო ინტელექტია, რა დროსაც ადამიანის ინტელექტი, მანქანის მიერ არის კოდირებული, რაც, ჯერჯერობით, შექმნილი არ არის. ეს დიდი გადატრიალება იქნება _ აქ უკვე ინტელექტი აზროვნებს და როგორც ადამიანი, ისე ფიქრობს. ამის შექმნა გარდამტეხი იქნება იმიტომაც, რომ იგი საკუთარი თავის განვითარებას დაიწყებს. როდესაც მას დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ექნება, ის საკუთარ თავს გააუმჯობესებს. რაც შეეხება სუპერ ინტელექტს, ეს დიდი მომავლის თემაა. ეს გახლავთ ინტელექტი, რომელიც ადამიანის ინტელექტზე გაცილებით მაღალი იქნება.
რა საფრთხეს უქმნის
ქართულ ენას ხელოვნური ინტელექტი?!
დღეს ჩვენ ე.წ. ვიწრო _ ნეირო ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ. ჯერჯერობით, ადამიანის ინტელექტთან ხელოვნურის შედარება, ყველა პარამეტრით, ნაადრევია. ხელოვნური ინტელექტი არ ფიქრობს კანონზომიერებები დაიჭიროს და ამ კუთხით, კითხვა-პასუხში შემოვიდეს. ის კონკრეტულ ენაზე უნდა გაიწვრთნას, შესაბამისად, ბევრი მონაცემია საჭირო, რაც ჩვენი ტიპის ენებისთვის დიდი გამოწვევაა. ქართული ენა, ამ კუთხით, დიდი საფრთხის წინაშე დგას. როდესაც ენა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით საკმარისად აღჭურვილი არ არის, ადამიანი თუ ამ ენაშია „ჩაკეტილი“, იგი საკმარისად კონკურენტული აღარ არის. მას უჭირს ბიზნეს-ურთიერთობები, განათლების მიღება, მეცნიერება, ანუ იძულებულია ამ ყველაფერს სხვა ენაზე დაეუფლოს.
პრობლემის არსი შემდეგშია: მაგალითად, განათლების სფერო ავიღოთ _ თუ ხელოვნური ინტელექტი საკმარისად დანერგილი არ არის, ინფორმაციის, ლიტერატურის მიღება-გაცნობა უცხო ენაზე ხდება და ქართული ენა როგორც განათლების და მეცნიერების ინსტრუმენტი, უკანა პლანზე გადადის. ასევე, დღეს, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, სახელმძღვანელოების დიდი დეფიციტია. პრაქტიკულად, ყველა უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოებით ხდება. შესაბამისად, არც ტერმინოლოგია გვაქვს ქართული და არც არაფერი. ამ მხრივ დიდი ჩავარდნაა. ასორმოცდაათი წლის წინ, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიქმნა, დიდმა მეცნიერებმა, მუსხელიშვილმა და რაზმაძემ ქართული მათემატიკური ტერმინოლოგია (წერტილი, წრფე, წრეწილი) შექმნეს, რითაც სწავლება ხდებოდა. მათ ეპოქა შექმნეს _ მათემატიკაში ქართულად ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, ახლა, ამ მხრივ, უზარმაზარი დეფიციტია. ენის კვდომა მძიმე ტერმინია, მაგრამ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.
ხელოვნური
ინტელექტის ეპოქა ენების
კვდომას იწვევს?!
ქართულ ენასთან დაკავშირებით, ხელოვნური ინტელექტის კუთხით, დამატებით სირთულეებს ვაწყდებით. კერძოდ, ქართული ენის მორფოლოგია უფრო რთულია, ვიდრე ინგლისურის. ის AI მოდელები, რაც განვითარებულია, ქართული ენისთვის დამატებით გამოწვევებს ქმნის. ფიზიკურად, ძალიან ცოტა ქართული ციფრული რესურსი არსებობს. ინტერნეტში ქართული კონტენტი 0,01%-იც კი არ არის.
რაც ყველაზე მთავარი და საყურადღებოა, სხვებისგან განსხვავებით, ქვეყანას ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგია არ აქვს _ საქართველო ამ სურათიდან ამოვარდნილია.
ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი, მწერალი: ხელოვნურ ინტელექტს ზღვარი უნდა დავუწესოთ, თორემ ადამიანს სოციალური სივრციდან გამოდევნის. აქ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადამიანმა აღარ იაზროვნოს. ადამიანის გადაგვარების მცდელობა საშიში ტენდენციაა. ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი რგოლი უნდა შეიქმნას. ის კრიტიკულ აზროვნებას სპობს, აზარმაცებს, რაც სწავლების პროცესში უნდა დაბალანსდეს. ჩვენ თუ გავზარმაცდით და AI გააქტიურდა, ასე ქართულ ენას დავკარგავთ.
რამაზ ხუროძე, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი: ხელოვნური ინტელექტი სერიოზულ განვითარებას საჭიროებს ქართული ენის კორპუსიის, ლექსიკოლოგიის და სხვა მხრივ. ჯერ ერთი, ხშირად ტექსტებს ისეთი დამახინჯებული ქართულით გვაწვდის, რასაც ახალგაზრდა ვერ გამოიყენებს. მეორე პრობლემაა, როგორ გადავიდეთ ციფრულ სუვერენიტეტზე. თუ ამას ვერ განვავითარებთ, დავკარგავთ საბანკო სისტემებს, მიმართვებს, რასაც სხვა ქვეყნები გამოიყენებენ. ქართველები იძულებულნი ვიქნებით, სამუშაო ენად ინგლისური ავირჩიოთ. ეს ჩვენი ყოველდღიურობა გახდება.
განათლების სამინისტროსთან ერთად, მეცნიერებათა აკადემია მოწოდებულია, ამ პრობლემას გლობალურად შევხედოთ და ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო პროგრამის შექმნის საკითხი დავაყენოთ, რაც დიდძალ რესურსს მოითხოვს. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, ალგორითმი, რომელიც ნეირონულ ქსელში მუშაობს, უმარტივესია. ის იმდენად სწრაფად ვითარდება, მალე დამოუკიდებელ აზროვნებაში გადავა და სერიოზული საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით. მალე, ალბათ, შვილიშვილებთან ლაპარაკი ინგლისურად მოგვიწევს. ისინი ერთმანეთში უკვე საუბრობენ ინგლისურად. თუ გვინდა ქვეყანა შევინარჩუნოთ, ამ პრობლემას უნდა დავუპირისპირდეთ, რაშიც მთავრობის გადაუდებელი ჩართულობაა აუცილებელი.
თამარ შველიძე

