ულოგიკობის „ ლოგიკა“
საღი გონების ადამიანთათვის საოცარი ამბები ხდება დღევანდელ ევროპასა და აშშ-ში. მთელი „საოცრება“ ის არის, რომ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსთა უდიდეს ნაწილს თითქოს შემეცნების უნარი დაეკარგა და ფაქტების კი არა, აღქმების საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს. ამ უბედურებას ვერც ქართველი „მედასავლეთეები“ ასცდნენ. დაბეჯითებით ვამბობდი მეც და არაერთი სხვაც, რომ ეს საყოველთაო გამოთაყვანება ევროპასა და აშშ-ში სატანისა და სატანისტების გამეფების შედეგია-მეთქი, მაგრამ ვინ ისმინა! ჩვენს ცრუმორწმუნეობას მიაწერეს ეს, არადა, მათზე მეტი ათეისტი ვიყავი; ოთხი ათეული წლის წინათ შემეცვალა მრწამსი, რადგან ისეთი მოვლენები განვითარდა უცხოეთსა და ჩვენშიც, რომ მათი ახსნა პოზიტიური მეცნიერების საფუძველზე წარმოუდგენელია. მაგალითად, ისეთი ადამიანები, რომლებსაც თვით უახლოეს წარსულშიც კი ფსიქიატრიას სტაციონარული ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებად მიაჩნდა, დღეს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ი პრეზიდენტები, კონგრესმენები, სენატორები, საგარეო საქმეთა მინისტრები, გენერლები, ე. წ. პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პარლამენტის დეპუტატები, ავადსახსენებელი „ენჯეოების“ (სამოქალაქო საზოგადოებების!) ხელმძღვანელები არიან.
აქვე, რომ არ დამავიწყდეს, იმასაც ვიტყვი: ვინც „ენჯეოებს“ სამოქალაქო სექტორს უწოდებს, არც ის არის სრულ ჭკუაზე, თორემ ჩვენ, ანუ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ვინც არც პარტიებში და არც „ენჯეოებში“ ვართ გაერთიანებული, არ ვართ მოქალაქეები? „ენჯეოები“ სამოქალაქო სექტორი კი არა, ერის სხეულს შესეული მკბენარები არიან და მათი მოცილება დიქტატურის გამოვლინება კი არა, ჰიგიენური პროცესია, ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პროცედურაა. ასეა ეს!
ახლა ისევ „პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ“, რათა მკითხველმა არ იფიქროს, ამ კაცს დაავიწყდა ის, რასაც დასაწყისში ლაპარაკობდა და სათაურშიც გაახმოვანაო ძირითადი სათქმელი.
საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას უპირისპირდება, „ნაფიც ოპოზიციასთან“ ერთად, ერთი წელია, დღე და ღამე ქუჩაში დგანან და ახალ არჩევნებს მოითხოვენ, რადგან არჩევნები 2024 წელს რომ ჩატარდა, თურმე, გაყალბებულა. არ მოეღება ბოლო, ბატონებო, ამ სიგიჟეს, რადგან მათი მოქმედება ულოგიკობის „ლოგიკას“ ეფუძნება და იმიტომ!
საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობისა მხოლოდ ქუჩაში მდგომ მიტინგით დაავადებულ „გულანთებულ“ ბრბოს არ სჯერა! ხელისუფლება კანიდან ძვრება, რათა ამ ქუჩისშვილებს დაუმტკიცოს საკუთარი ლეგიტიმურობა და კეთილსაიმედოობა. არც ასეთი მოქმედებაა მთლად ლოგიკური და, ამდენად, არც პოზიტიურ მოლოდინს გვიქმნის. ვის და რატომ უმტკიცებენ იმას, რომ თეთრი არ არის შავი. არ იციან, განა, რომ ხალხი პატივს არ სცემს იმას, ვისაც მართლა ჰგონია, რომ მარჯვენა ყბაში რომ გაგარტყან, მარცხენა უნდა მიუშვირო, რადგან ასეთი საქციელი ჰუმანურობის გათვალსაჩინოების ძლიერი საშუალება და კეთილ საქმეში უკეთურის ვარჯიშის სასარგებლო მაგალითია.
მე ის მიკვირს, რომ ჩვენი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში თითქმის ყველა იურისტია, რომლებმაც კარგად იციან, ალბათ, სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია. ამის მცოდნეებს ისიც უსათუოდ ეცოდინებათ, რომ არც სახელმწიფო არსებობს სამართლის გარეშე და არც სამართალი არსებობს სახელმწიფოს გარეშე. რაღაც გაუგებარი ლიბერალიზმი თუ ჰუმანურობა, რაც ქვეყნის მმართველებმა შეიძლება საკუთარი, სუბიექტური განწყობისა და განწყობილების შესაბამისად გამოავლინონ, დიდად აზიანებს იმ ბუნებრივ ტანდემს, რაც სახელმწიფოსა და სამართლის ერთიანობაშია. სწორედ ეს უწყობს ხელს სახელმწიფოებრიობის დამღუპველი სენის, ანარქიის წარმოშობასა და დამკვიდრებას. ეს არაერთხელ დაემართათ როგორც ეროვნულ, ისე იმპერიულ სახელმწიფოებს, რამაც მათი დანგრევა, ან, სულაც, პოლიტიკური ველიდან გაქრობა გამოიწვია.
ისიც კარგად უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოში სამართალი არსებობს, ან არ არსებობს! ის, რომ კანონი ხან მოქმედებს, ხან არა, ან ერთისთვის კანონი კანონია, მეორისთვის იგი მხოლოდ შემწყნარებელია, რომელიც, რაღაც მიზეზის გამო, შესაძლოა, ხელისუფლებამ სამოქმედო ველიდან დროებით გაიწვიოს, კანონის უზენაესობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ვერანაირი ლოგიკა ამას ვერ მოუძებნის გამართლებას. ამიტომ იყო ურყევ ჭეშმარიტებად მიჩნეული რომის იმპერიაში ასეთი სენტენცია: ქვეყანაც რომ დაიქცეს, კანონი მაინც უნდა აღსრულდეს!
ხელისუფლება სრულიად სამართლიანად, ე. წ. ოპოზიციას უსამშობლოებს, ქვეყნის მტრებს, უცხოეთის აგენტებს, მოღალატეებს უწოდებს და, მიუხედავად ამისა, ჩვენი სახელმწიფო უკვე დიდი ხანია, სწორედ ამ „ოპოზიციის“ მიერ შექმნილი დღის წესრიგით ცხოვრობს. ამიტომ არის, რომ უშედეგოდ მთავრდება ის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ასე ცდილობს ხელისუფლება. ეს ასეც იქნება, ვიდრე ქვეყანაში ჭეშმარიტი პოლიტიკური ოპოზიცია არ იარსებებს. სწორედ ამგვარი უშედეგო რეფორმების მაგალითია სასკოლო-საგანმანათლებლო „რეფორმა“, რომელიც, ვინ იცის, მერამდენედ იწყება. ასეთივე ბედი ეწევა იმ რეფორმასაც, რომლის „კონცეფციებიც“ ახლახან წარუდგინა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას განათლების მინისტრმა.
ე. წ. ოპოზიციის ულოგიკობა და სიბრიყვე არ მიკვირს, რადგან ამის მიზეზი ჩემთვის ცნობილია _ შემეცნებისა და ლოგიკური აზროვნების უქონლობა, მაგრამ, როგორ მოხვდა ამ სატანისტურ ჭაობში ის პარტია, რომელიც რეალური ოპოზიცია იყო საქართველოს პარლამენტში? არ მეგონა, რომ ამ პარტიის ნამდვილად განათლებული და ნიჭიერი ლიდერები, ნამდვილი პოლიტიკოსები, ულოგიკო „ლოგიკის“ მიმდევრები გახდებოდნენ...
მართალი გითხრათ, იმის მიუხედავად, რომ ნამდვილად არ მინდა ხელისუფლების უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება, ბევრი შეკითხვა მაქვს და პასუხები მაინტერესებს, მაგრამ, არ მგონია, ვინმემ მოინდომოს პასუხის გაცემა, რადგან ხელისუფლებას გაზეთების საკითხავად არ სცალია...
ამ ქვეყნის გულშემატკივარი რომ ვარ, იმიტომ ვკადნიერდები და ხელისუფლებას რაღაც-რაღაცებს შევახსენებ ხოლმე, ზოგჯერ ვიმეორებ კიდეც ერთსა და იმავე სენტენციებს, თუნდაც ასეთს: როდესაც ქვეყანაში ნამდვილი ოპოზიცია არ არის, ხელისუფლების მიერ შეცდომების დაშვების ალბათობა დიდია!
ამ „ოპოზიციურ“ პარტიებთან დაკავშირებით გამახსენდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ნათქვამი _ შუა უნდა გაიკრიფოსო; ნეტავი, ვინ იგულისხმა ამ „შუა“-ში? ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“ ხომ არა? ან, იქნებ, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ან კუკავას მიმდევრები იგულისხმა. არ ვიცი, არ ვიცი! მაგრამ თუ ასეა, მაშინ გაუკაფავს „რქაწითელი“, „საფერავი“ და მათი მსგავსი ვაზი და ახლა „ძაღლყურძენასა“ და „კრიკინას“ მოსავალი იწურება „ოცნების“ მარანში, რომლის ღვინომ მძიმე „პახმელია“ იცის. რაღაც ლოგიკა კი არის ამ გაკრეფვაში, მაგრამ ცუდი ლოგიკაა ეს, ძალიან ცუდი!
ერთ-ერთ სატელევიზიო საუბარში ქალბატონმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ ოპოზიცია ძალიან ცდილობს, გამოგონილი ფაქტებით დააზიანოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მათ საამისოდ კრეატიულობა არ აქვთო. ძირითადად, ვეთანხმები ქალბატონ თეას, მაგრამ კრეატიულობის უქონლობაში ვერ გავიზიარებ მის მოსაზრებას. პოზიტიური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო შემოქმედებითი უნარი არ გააჩნიათ, თორემ ბოროტი და მავნე საქმიანობისათვის თავზე საყრელად აქვთ. ხანდახან ისეთ ტყუილს მოიგონებენ და დააბრალებენ ადამიანს, ხელისუფლებას, ან სულაც მთელ ქვეყანას, რომ თვით პროფესიონალი ცილისმწამებლებიც კი გაოცებულები რჩებიან.
ახლა, სრულიად სერიოზულად მინდა წარმოვადგინო რამდენიმე მოსაზრება, რაც, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოში პოლიტიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
1. ცნება „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“ არის მცდარი, „გენდერული თანასწორობა“ კი სატანისტური ნარატივია. ნორმალური სექსუალური ლტოლვისაგან გადახვევა ათადან-ბაბადან სნეულებად მიიჩნეოდა და ეს პოზიცია უნდა დაბრუნდეს მედიცინაშიც და საზოგადოებაშიც. ჰომოსექსუალობა, ლესბოსელობა, პედოფილია, ნეკროფილია, ზოოფილია, ეკოფილია დაავადებაა და მას ფსიქობიოლოგიური მკურნალობა სჭირდება, მათი შესაბამისი აქტივობა კი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად;
2. მოქალაქეთა პირადობის მოწმობაში უნდა დაბრუნდეს ეროვნებისა და მამის სახელის აღნიშვნა;
3. მედიასაშუალებებით, ან სოციალური ქსელებით ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, რაც ფაქტობრივი მაგალითებით არ არის განმტკიცებული, უნდა ისჯებოდეს, როგორც ფინანსური ჯარიმებით, ისე სისხლისსამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. სისხლის სამართალში თუ ასეთი მუხლები არ არის, სასწრაფოდ უნდა აღდგეს!
4. სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს „ენჯეოები“, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არავის აურჩევია და მათთვის არც არავის მიუნიჭებია რაიმე ლეგიტიმურობა. ეს პარაზიტული ორგანიზაციები მხოლოდ უცხოური აგენტურის თავშესაფარია;
5. ნებაყოფლობითი საზოგადოებები შეიძლება ჩამოაყალიბონ აქტივისტებმა საცხოვრებელ კორპუსებში (“სამეზობლო“), რომელთა ხელმძღვანელი ბირთვი აირჩევა კორპუსის მცხოვრებთა საერთო კრებაზე. ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთი გაერთიანებები, რომლებიც საერთო გატაცების საფუძველზე იქმნება: „მონადირეთა კავშირი“, „მეთევზეთა კავშირი“ და ა. შ.;
6. პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია უნდა განახორციელოს იუსტიციის სამინისტრომ მათი წესდებისა და პროგრამების შინაარსის ანალიზის საფუძველზე;
7. სკოლებში უნდა აღდგეს აღზრდის სისტემა, რადგან აღმზრდელობითი მუშაობის ეფექტი დამოკიდებულია აღზრდის პროცესის ერთიანობასა და სისტემურობაზე. აღზრდის პროცესის წარმმართველი პედაგოგიური კოლექტივია და სხვა არავინ;
8. სკოლაში უნდა გაუქმდეს მანდატურის სამსახური, რამაც ძირი გამოუთხარა პედაგოგისა და, საერთოდ, სკოლის ავტორიტეტს მოსწავლეთა და არა მარტო მოსწავლეთა თვალში;
9. ნებისმიერი მიტინგი თუ დემონსტრაცია სანქცირებული უნდა იყოს ქალაქის მმართველობის მიერ შესაბამისი ლოკაციის მითითებით. არასანქცირებული მასობრივი შეკრება უნდა ჩაითვალოს კანონდარღვევად და მის აღკვეთასთან ერთად, კანონის შესაბამისად, უნდა განხორციელდეს შესაბამისი საჯარიმო სანქციები;
10. ნებისმიერი რეფორმა ან ფუნდამენტური ცვლილება უნდა განხორციელდეს წინასწარ საზოგადოებისათვის ცნობილი კონცეფციის შესაბამისად. კონცეფციის ჩამოყალიბება უნდა დაევალოს კონკრეტული დარგის ფუძემდებლური თეორიების მცოდნე ცნობილ მეცნიერებს. მაგალითად, განათლების რეფორმის კონცეფცია უნდა შეიმუშაონ განათლების მეცნიერებათა მცოდნე მეცნიერებმა. განათლების მეცნიერება კი ინტეგრირებული მეცნიერებაა და ამ ინტეგრაციაში შედის ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ბიოლოგია, იურისპრუდენცია, მედიცინა და საკუთრივ პედაგოგიკა, იგივე პიროვნების სოციალური განვითარების თეორია.
ზურაბ ცუცქირიძე
განათლების მეცნიერებათა დოქტორი
