ფსევდოლიბერალი ჟურნალისტი ყველგან ერთნაირია
ტრამპი (ტექსტთან ახლოს): „CNN ძალიან კორუმპირებული ორგანიზაციაა. მისი კორუმპირებული რეპორტიორი აქ დგას. არასდროს იღიმის. ვუყურებთ ახალგაზრდა, ლამაზ ქალს, და ის არასდროს იღიმის. თვალებში სიძულვილი აქვს, რადგან ჩვენ გვაქვს საზღვრები, რადგან გვყავს ძლიერი ჯარი, რადგან ვამცირებთ გადასახადებს, რადგან ვაკეთებთ იმას, რაც ყველას სურდა და ჩვენ მოვიგეთ არჩევნები.
რეპორტიორები ბედნიერები უნდა იყვნენ. ისინი არ უნდა იყვნენ უბედურები. ისინი ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ. იმიტომ, რომ იცით, რას ვაკეთებთ? ჩვენ უნდა გადავარჩინოთ აშშ.“
ბედნიერია ტრამპი, რომ მას ჩვენი ფსევდოლიბერალი ჟურნალისტები არ უნახავს, ნავთის რიგში მდგომებივით რომ ჩამოსტირით ცხვირ-პირი, ან გაავებულები რომ ყვირიან, ზოგი კი, სულაც უშვერი სიტყვებით ილანძღება, ხოლო სიძულვილს რაც შეეხება, მხოლოდ თვალებიდან კი არ აფრქვევენ, რადიაციული ეფექტით ასხივებენ, რადგან საქართველოს გადარჩენა მათი სიკვდილის ტოლფასია...
ტრამპმა არ იცის, ჩვენებს არ იცნობს და სწორედ ამიტომ უნდა იყოს ბედნიერი. ჩვენ მრავალი მიმართულების ჟურნალისტები გვყავს, უპირველესად, უსამშობლო ჟურნალისტები, რომლებიც სისხლის სამართლის იმ მუხლით უნდა იყვნენ გასამართლებულები, რომელსაც სამშობლოს ღალატი ჰქვია, მაგრამ აბა, როგორ, როცა სამშობლოს მოღალატეობაზეც შერჩევითი სამართალი გვაქვს?!
ჩვენ „დიდი გეოგრაფი“ ჟურნალისტებიც გვყავს, რომლებმაც ყაზახეთი და უკრაინა საქართველოს მეხუთე და მეექვსე მეზობლად გამოგვიცხადეს და სულაც, გადაჯეგილი ვართ ფაქტობრივი, კარტოგრაფიული და ტოპონიმიკური შეცდომებით, მაგრამ უცოდინრობის მომწმენდების შტატიც გვაქვს – ეს, ძირითადად, გამოწვეულია ჟურნალისტების გადაღლილობით, ტერმინოლოგიის არასწორი თარგმანით ან სათანადო რედაქტორული გადამოწმების არარსებობითო, გვეტყვიან და უნდა დავიჯეროთ.
გადაღლა კი არა, უცოდინრობაა, დილა-საღამოს და წლობით რომ მიხსნის ჟურნალისტი რაღაცას „სახელმწიფოებრივი წყობილების“ შესახებ და ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს სიტყვებს: წყობა - წყობილება; მცნება – ცნება; აღქმა – აღთქმა; სწავლა – სწავლება; თარგმნა – თარგმანი; მოკვდავი – მომაკვდავი; კამპანია – კომპანია; თარგმნა - თარგმანი; სწავლა – სწავლება; პენალი – პენალტი, ადრესატი – ადრესანტი, დიპლომატი - დიპლომანტი; დაბალი – მდაბალი; ახლობელი – მახლობელი; დიპლომატი – დიპლომანტი; აფექტი - ეფექტი; მოწამე – მოწმე; მძლეოსნობა და ძალოსნობა და ა. შ.
ნეტავ, სი-ენ-ენის ჟურნალისტებსაც ისე განსაკუთრებით უყვართ ყველაფერი „ცივილიზებული“ და „ცივილური“, რომ, რა შემთხვევაში გამოიყენონ ეს სიტყვები, მნიშვნელობას არ ანიჭებენ?
ჩვენთან, კულტურულად და ეთიკის დაცვით, აღრევას უწოდებენ ენობრივ დომხალს, მაგრამ მე პირდაპირ ვარქმევ სახელს – ეს უცოდინრობისა და მენტალური პრობლემის ნაზავია. ადამიანმა, ამ შემთხვევაში, ქართული სალიტერატურო ენა მხოლოდ საქაქანოდ იცის, მაგრამ შესწავლა არ უნდა, რადგან ერცხვინება, ის ხომ „განათლებული დაიბადა“...
სწორედ ამიტომ ამბობენ ასეთი „განათლებულები“, მაგალითად: „გულაღმა დავემხე“. გულაღმა კი არ დაემხო, გულაღმა დაეცა, ხოლო პირქვე – დაემხო;
„გული ვინუგეშე“ – გული კი არ ინუგეშა, არამედ, გული დაიმშვიდა და თავი ინუგეშა;
„გვერდზე დაიჭირა“ – გვერდზე კი არ დაიჭირა, გვერდზე გადადო და შორს – დაიჭირა;
„სტუმართმოყვარეობას გაუწევს“ – რას გაუწევს! სტუმართმოყვარობას გამოიჩენს, ხოლო მასპინძლობას – გაუწევს.
ტრამპმა შემაგულიანა, თორემ ყოველთვის ძალიან მეზარება კედელზე ცერცვის შეყრა, დუმილს ვამჯობინებ ხოლმე „კედლებთან“, მაგრამ ისე შემაწუხა „სახელმწიფოებრივმა წყობილებამ“, და თან ტრამპმაც ისე ამიშალა საღერღელი, რომ სიზარმაცე გვერდზე გადავდე და ამოვთქვი.
ბრიტანელი „მკაცრი გენიოსები“ ჩვენს ტელევიზიებს რომ ეცენ და, თავიანთ გაგებაში, დაასანქცირეს:
პირველი – საკუთარს რომ მიხედონ, არ უნდათ?
მეორე – მოვლენების შეფასების მიუღებელი მეთოდები: გამონაგონი და გადაჭარბება;
პიროვნების აპელაცია (ფასდება არა მოვლენა, არამედ ადამიანი);
პუბლიკის მიმართ აპელაცია (ავტორი თავს არიდებს დასაბუთებას მტკიცებულების „გათამაშების“ გზით, ეპირფერება მას);
იარლიყების მიკერება (შესაფასებელ საგანს მიაწერენ იმ თვისებებს, რომლებიც მას არ აქვს);
ჭორი (გადაუმოწმებელი ინფორმაციის წყაროების გამოყენება) – ეს ყველაფერი მათგან ისწავლეს ჟურნალისტებად წოდებულმა ჩვენმა უსამშობლოებმა და კიდევ ბევრი სხვა რამეც აითვისეს. 2001 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენათა ჟურნალისტურ ქრონიკას მხოლოდ თვალი რომ გადაავლოს დაინტერესებულმა ადამიანმა, გული და ტვინი ერთნაირად ასტკივდება...
გახსოვთ თუ არა, რომ 2001 წელს საქართველოს უშიშროების სამინისტროში ოპერატიული ინფორმაცია შევიდა, რომ სატელევიზიო არხებში განთავსებული რეკლამების, უფრო ზუსტად, ე. წ. მორბენალი სტრიქონის საშუალებით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის კონფიდენციალური ინფორმაციები გადაიცემოდა, რომელიც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო სახის რეკლამებისგან, ერთი შეხედვით, დიდად არ განსხვავდებოდა, მაგრამ სინამდვილეში, სადაზვერვო-საჯაშუშო ხასიათის ინფორმაციები იყო?
ქალი კორესპონდენტები და ჟურნალისტები რომ ძალადობენ ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად, ეს კიდეც ცალკე ამბავია.
ჰოდა, ამიტომ ვამბობ, ბედნიერია ტრამპი, რომ საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს არ იცნობს-მეთქი, თორემ ტრამპი ისეთი ტიპია, სი-ენ-ენისა და ბი-ბი-სის ჟურნალისტებს თუ უყვირის და პრესკონფერენციიდან აძევებს, ჩვენების ქმედებებზე ინფარქტს თუ გადაურჩებოდა, მერე რას უზამდა ინფარქტის მაპროვოცირებლებს, წარმომიდგენია...
გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდებაო – ამითიც ვერ შეაბამ ჩვენს ჟურნალისტებს, ვერ გააღიმებ და შეიძლება, გიჩივლოს კიდეც, მეძალადებოდა, გაღიმებას შეფარული მუქარით მაიძულებდაო...
ერთგვარად შემეცოდა ტრამპი, რომელიც ჩვენსავით ისეა შეღონებული საშინელებათა ფილმის პერსონაჟების მსგავსი ავისმომასწავებელი გამომეტყველების მქონე ჟურნალისტებით, რომ ქალთა გულთამპყობელი მხცოვანი პრეზიდენტი კაცი ემირატების სათნოების გამომსახველი პირისახის მამაკაცი ჟურნალისტით ისე მოიხიბლა, რომ ხმამაღლა აღნიშნა: „რა სიმპათიური ადამიანია. თქვენი ქვეყნიდან არის? მისგან ისეთი მომხიბვლელობა მოდის... ჩემი ხალხი კი სულ გაბრაზებულია. ახლავე შემეძლო, ფილმში გადამეღო.”
ტრამპი ძია, ჩვენებიც სულ გაბრაზებულები არიან, დაიკიდე!
ვაჰ, კაცო, კიდევ კარგი დიპლომიანი უტვინო ჟურნალისტი არ ვარ, ვერ გავქაჩავდი მუდმივ ჩასაფრებებსა და მავნებლობებს, არ შემიძლია...
უდიპლომო პირუთვნელი ჟამთააღმწერელის სტატუსი მესადაგება და ვარ კიდეც...
P.S. მეცოდება ეს კაცი, რამე ჯილდო მაინც მისცენ!
საბრალოს ისე დაუდგა საქმე, რომ საძაგელ ჟურნალისტებსღა შესჩივის: დედამიწაზე არაერთ უდიდეს ადამიანს უვლია, მაგრამ მხოლოდ ერთეულებმა მიიღეს ჩვენი უმაღლესი სამხედრო ჯილდო — კონგრესის ღირსების მედალი. მინდოდა, ის საკუთარი თავისთვის გადამეცა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლოო.
დიახ, იმავე ჟურნალისტებსღა შესჩივის!
სხვათ აშორის, „ღა“ ნაწილაკი იმიტომ დაერთვის სიტყვას, რომ გააძლიეროს მისი შინაარსი და აღნიშნავს მოლაპარაკის დამოკიდებულებას სათქმელთან, მაგრამ ეს რომ არ იციან დიდად განსწავლულმა ჟურნალისტებმა (ან არაჟურნალისტებმა), ამ ნაწილაკს თვითონ ვერ იყენებენ და სხვისი ნათქვამიც ეხამუშებათ...
ზურა ოშხერელი
