გიორგი მამაცაშვილი: სამშობლოს კეთილდღეობა სანქციებზე არ იცვლება!
„საერთო გაზეთის“ სტუმარია ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი:
- ბატონო გიორგი, ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, არ შემიძლია არ გკითხოთ იმ საერთო ტრაგედიასა და გლოვაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მისი უწმიდესობის გარდაცვალებამ გამოიწვია... როგორც ვიცი, თქვენ პატრიარქთან ახლო ურთიერთობა გქონდათ...
- პირველ რიში, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ახლო ურთიერთობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. არადა, ბევრი რამ მახსენდება და ბევრი მოგონებაც მრჩება: ჩემი შიმშილობის დროს (2008 წელი, გამომცემლობა “სამშობლოს” დაბრუნების მოთხოვნით) ნაჩუქარი ჯვარი და ნაკურთხი სასმელის ჭურჭელი, და ამასთან - მისივე თხოვნით შეწყვეტილი რადიკალური პროტესტი (ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო), სხვადასხვა დროს - ბიბლია (წარწერით) და საკუთარი საგალობლების დისკი, არაერთი შეხვედრა და საუბარი, რჩევები და დარიგებანი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე (და არამხოლოდ...) ბატონი ნუგზარ ფოფხაძის (დიდი მადლობა მას ამისთვის) ინიციატივითა და პირადი ურთიერთობით შემდგარი არაერთი შეხვედრა და საუბარი... მაგრამ მათ შორის ყველაზე ძვირფასი მაინც მისი წიგნია საკუთარი (ერთ-ერთი უკანასკნელი) ავტოგრაფით... აღარ შეეძლო წერა, მაგრამ მაინც გამახარა და გამაბედნიერა. ფაქსიმილეს საკუთარი ხელით გაკეთებული წარწერა ამჯობინა. ჩემს შვილებს უდიდესი(!) განძი რჩებათ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი(!) ადამიანისგან - მისი უწმიდესობისგან...
თუმცა, პირადზე საუბარს თავი რომ დავანებოთ, საქართველოში უდიდესი რამ მოხდა... ერთი მხრივ, უზარმაზარი დანაკლისი ერისთვისაც და ბერისთვისაც, მაგრამ მეორე მხრივ, 17 მარტი ნუგეშის დღედაც იქცა.
მეუფე შიომაც აკი ეს თქვა: „ნუგეშად ჩვენდა, მფარველ ანგელოზად აქცია 17 მარტს ილია მეორე უფალმაო“...
საქართველოს კი საუკუნოვანი ისტორიისა და მომავლის წინაშე მარადიულად ეყოლება ზეცად აფრენილი პატრიარქი და მარადიულად დაიფარავს ზეცად აღვლენილი ლოცვა პატრიარქისა, რომელიც სამშობლოსთვის ცხოვრობდა და მისთვისვე ეწამა...
არადა, ამ დღეებში სიონიც დუმდა. აკლდამის მთხრელებიც თითქმის უხმაუროდ მუშაობდნენ. “დუმდა სიონი და დუმდა ხალხი” - სწორედ პატრიარქის დაკრძალვის დღეზე იყო ნათქვამი.
დიახ, პატრიარქს წმინდა ძვალშესალაგი დუმილით ელოდა.
ხალხის ნაკადი კი მასთან გამოსამშვიდობებლად ზღვად მიედინებოდა...
დუმდა ის ქვაც, რომელიც პატრიარქის განსასვენებლისთვის უნდა დაედოთ ბოლოს და ის მტრედიც დუმილით იქნევდა ფრთებს, უწმიდესის წირვისას არაერთხელ რომ შემომჯდარა ამბიონზე.
სიონი იმ ღელვას ელოდა, ტალღების მოვარდნას რომ ახლავს ხოლმე თან.
ეს მერე იქნება. დაკრძალვის დღეს. მერე, როცა ტაძარში ნემსის ჩასავარდნი ადგილიც არ იქნება. მერე, როცა მისი უწმიდესობის ერზე მოფიქრალ სხეულს მიასვენებენ წმინდათაწმინდა ალაგს.
ხალხი იქნება იმდენი, რამდენსაც ვერ დაიტევს პატრიარქის მიერ აღდგენილი და აშენებული ყველა ტაძარი, ერთად აღებული...
და აკი ასეც იყო...
ეს საოცარი კრძალვისა და ერთსულოვნების დღეები იყო...
და ვთქვათ პირდაპირ და ცალსახად: ილია მეორე გახლდათ წმინდა პატრიარქი, რომელმაც ყველა გზა ტაძრამდე მიიყვანა! იგი გახლდათ უწმიდესი, რომელიც ერმა წმინდანად სიცოცხლეშივე აღიარა! იგი გახლდათ მოძღვარი, რომელსაც ხშირად არ (ვერ) ვუჯერებდით და რომელიც მარადიულ მფარველად გვექცა... იგი გახლდათ ერის სულიერი წინამძღოლი, რომელმაც სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და რომელიც უკანასკნელ გზაზე მილიონზე მეტმა ადამიანმა ცრემლითა და მადლიერებით გააცილა...
ერთიცაა: როდესაც მისი უწმიდესობის სხეული სამებიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, მთელი პროცესიის მთავარი მეგზური დუმილი იყო... დუმილი და სამად სამი სიტყვა, რომელიც ნათლად გამოხატავდა უკანასკნელი, თითქმის ორმოცდაათწლიანი ეპოქის გულისცემას: მადლობა, პატრიარქო! გვიყვარხარ!
_ ბატონო გიორგი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თქვენი ავტორობით, პროექტ „50 ქართველი ფოტოხელოვანის“ წარდგინება მოხდა. როგორც ვიცი, ჯერ მხოლოდ ოთხი გამორჩეული ფოტოხელოვანის ალბომი გამოიცა. გვითხარით ორიოდ სიტყვა პროექტის შესახებ და სამომავლო გეგმებზე.
- თამამად გეტყვით, რომ ეს ქართული ფოტოჟურნალისტიკის ისტორიაში უპრეცედენტო პროექტია. მეტიც, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ისტორიაში ამ პროექტში მონაწილე ფოტოხელოვანთა სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება... პირველად ჟურნალისტთა ფედერაციის ისტორიაში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, კულტურის სამინისტრომ და პირადად ქალბატონმა თიკა რუხაძემ ამ პროექტის მხარდაჭერით მაქსიმალური თანადგომის მაგალითი გვიჩვენეს. ამ პრეცედენტით, პრაქტიკულად, 50 ფოტოხელოვანს, პერსონალური ალბომების გამოცემით ძეგლს ვუდგამთ. ახლა ბადრი ვადაჭკორიას, ალექსანდრე კოტორაშვილის, დემიკო ლოლაძისა და ჯემალ კასრაძის ალბომები გამოიცა. მალე მკითხველს სხვა ფოტორეპორტიორების ალბომების გამოცემითა და პრეზენტაციით გავახარებთ.
- ახლა კი მედიაში არსებულ პრობლემებზე გადავიდეთ. ახლახან ევროპარლამენტში სამმა პოლონელმა დეპუტატმა ქართული ტელევიზიების „იმედის“, „პოსტვ“-სა და „რუსთავი-2“-ის დასანქცირება მოითხოვა. იქამდე კი, ლონდონმა გონივრული ეჭვის საფუძველზე, მესამე სახელმწიფოში _ უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობის საბაბით, ქართული მედიასაშუალებები დაასანქცირა. მსგავსი ჩარევა დამოუკიდებელ მედიაში უპრეცედენტოა. რა დგას ამ გადაწყვეტილების მიღმა, რამდენად დამაჯერებელია თავად არგუმენტი? მიზანი, გარკვეულწილად, საქართველოში არეულობის მოწყობა და სასურველი ძალების ხელისუფლებაში მოყვანაც ხომ არ არის? ერთიცაა: ბრიტანეთმა სადაც ფეხი დადგა, ყველგან კოლონიალური სისტემა დანერგა. ამ ამპლუას ჩვენთან მიმართებითაც ვერ ელევიან?
- აკი პასუხიც თავად გაეცით... ბრიტანეთმა სადაც ფეხი დადგა, ყველაფერი საკუთარ ნება-სურვილს მოარგო... მაგრამ საქართველოში მსგავსი თავხედობა არ გაუვიდათ. დიახ, მათი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება თავხედობაა, სხვა სახელს ვერ დავარქმევთ.
თუმცა, ერთი ქართული ანდაზა მახსენდება: ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის... ჰოდა, იყეფონ, რამდენიც უნდათ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, სამშობლო იმ მანიაკური პოლიტიკისგან გვაქვს გადასარჩენი, რასაც ევროპის მაღალჩინოსნები პოსტსაბჭოთა (და არამხოლოდ) ქვეყნებში ნერგავენ და რისი ნათელი მაგალითიც უკრაინის სახით უკვე გვაქვს...
_ სამართლებრივი საფუძვლის თანახმად, ყველაზე არადემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, დაუშვებელია კერძო მაუწყებლის დასანქცირება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სიუჟეტები არ მოგწონს. რამდენად ჯდება ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოში და რას ნიშნავს, როცა სხვა ქვეყანა აქ მესამე სახელმწიფოს უფლებებს იცავს და ქართული მედიის სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს? ამ გადაწყვეტილებას ფიშერმაც დაუკრა კვერი _ ეს ტელევიზიები გერმანიაზე, ევროკავშირზე დეზინფორმაციას და აგრეთვე, რუსულ ნარატივს ავრცელებენ, ეს ახალი ამბები კი არა, დეზინფორმაციააო. საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს, მაგრამ შედეგი რა არის? ელჩების მიმართ რამდენად საჭიროა უფრო მკაცრი მიდგომები, რომლებიც ხმას არ იღებენ იმაზე, რომ მათ მიერ მოწონებული საინფორმაციო ველი მართლაც დეზინფორმაციითა და სიძულვილის ენით არის გაჯერებული?
- ელჩების მიმართ გადადგმული ნაბიჯების შემფასებლად ვერ გამოგადგებით. დიპლომატებმა და ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა უკეთ იციან, საკუთარი საქმეცა და გადასადგმელი ნაბიჯების სისწორეც. ერთს ვიტყვი მხოლოდ - ფიშერები მიდიან და მოდიან, ქართველი ერის ნება კი, - იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი საკუთარ არჩევანში, - არის მარადიული და უკომპრომისო!
- ახლახან ევროპარლამენტმა კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა _ ოპოზიციური მედიის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას ნუ ზღუდავთო. თუმცა, „ტელეიმედის“ და „პოსტვის“ დასანქცირებაზე შეშფოთება არსად მოგვისმენია. არც მაშინ ამოუღია ხმა ვინმეს, როცა „ტელეიმედი“ დაარბიეს. რამდენად სწორად არის გაგებული ჩვენთან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაშინ, როცა ვიღაცის ვანდალური ქმედებები გამოხატვის თავისუფლებაა, მსმენელისთვის სიმართლის მიწოდება კი _ დანაშაული? სიმართლე დასჯადია, ამ დროს, დასავლეთი თავის სატელიტ მედიებს აქ სიცრუის ტირაჟირებაში საკმაოდ მსუყე ანაზღაურებას უხდის?
ფაქტობრივად, ბრიტანეთი გვეუბნება, თუ არ ისაუბრებთ ისე, როგორც ჩვენ გვაწყობს, დაგასანქცირებთო. რეალურად, რა გავლენას იქონიებს ბრიტანული სანქციები და რა გაგრძელება მოჰყვება? ოფიციალურ ლონდონთან ერთად, წინა კვირას იმ სახელმწიფო პირების, კომერციული უწყებების მიმართ, ვინც სანქცირებულ ტელევიზიებთან ითანამშრომლებს, დამატებითი ზომების მიღება ევროპარლამენტშიც მოითხოვეს.
- იმდენი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია, როცა ჩვენს კეთილდღეობაზე „მოფიქრალთ“ ხმა არ ამოუღიათ, რომ, ალბათ, გაზეთის ფურცლები ვერ დაიტევს... 2011 წლის 26 მაისს ჟურნალისტების დარბევაზე ამოიღეს ხმა?! 7 ნოემბრის დარბევაზე გსმენიათ მათი თუნდაც აღშფოთება?! გვამებით გავსებულ ქვეყანაში, ევროპული ქვეყნების ლიდერთაგან ვინმე იყო ხალხის მხარდამჭერი, ვინც დღეს მორალს გვიკითხავს?! _ არა, რა თქმა უნდა... 2008 წლის ომის დროს, ამერიკამაც წყალი და პამპერსები გამოგვიგზავნა, როცა ოპოზიციის ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს რუსული კულტურის ნაწილად მიაჩნდა თავი, ხოლო დღევანდელი რადიკალური ფრთის გებელსები ან პროკურორები მაშინ სააკაშვილისა და მერაბიშვილის პიჯაკის ღილების დამკერებლები იყვნენ.
რაც შეეხება სანქციებს, ბიძინა ივანიშვილზე მეტად ვინმე დაასანქცირეს? ჰოდა, კეთილი ვინებოთ და მაგალითი მისგან ავიღოთ... არანაირი სანქციების ფასად სამშობლო არ იყიდება! სამშობლოს ინტერესები არ იყიდება! სამშობლოს კეთილდღეობა სანქციების ხარისხსა და დოზაზე არ იცვლება!
_ რადიკალური ფრთა, „ტელეიმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირებით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავს. სად გაქრა პროფესიული სოლიდარობა?
- რაც პატრიარქის გარდაცვალებისას კოლექტიურმა ნატა ფერაძეებმა და მაია ორჯონიკიძეებმა იკადრეს, გიკვირთ, რომ ე. წ. ოპოზიური ძალების წარმომადგენლები ამ ტელევიზიების დასანქცირების გამო სახეს არ იხოკავენ?! დაგვავიწყდა, სალომე სამადაშვილიები და ლიაკა ხოშტარიები როგორ დარბოდნენ ევროპის მაღალჩინოსანთა კაბინეტებში ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნით?!
ესენი არიან სექტანტები! იდეოლოგიური სექტანტები, რომელთაც პოლიტიკური ზნეობა და მორალი არ გააჩნიათ...
და რამე გიკვირთ გიგი უგულავასნაირებისგან?
- ბატონო გიორგი, რადგან მედიაზე ვსაუბრობთ, ცოტა ხნის წინ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც გკითხავთ, რაც მაუწყებლის ქცევის კოდექსის სრულყოფილად ამოქმედებას გულისხმობს. ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს მიერ ერთი წლის წინათ იქნა მიღებული. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას, რა შეიცვლება და რამდენად შეუწყობს ყოველივე ხელს მედიის გაჯანსაღებას? დღეს, პირიქით, ოპოზიციური მედია პოლარიზაციას უწყობს ხელს. მათი დავალებაც ეს არის _ საზოგადოების გახლეჩვა. რა არის დღეს თავად საზოგადოების დაკვეთა მედიის მიმართ? რა გამოწვევების წინაშეა მედიაგარემო და რა არის საჭირო, სწორი, დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის?
- თქვენ კარგად აღნიშნეთ - მათი დავალებაც ეს არის და მიზანიც, რაც შეიძლება, მეტი დაპირისპირება და დისონანსი შეიტანონ ქვეყნის შიგნით და ნებისმიერ სფეროში. მით უფრო, მედიაში. კანონზე საუბარი ვრცელ დროს მოითხოვს და ამით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ცილისწამების შესახებ კანონი დროულად რომ შემოღებულიყო, ამდენი ნაძირალა ვერ ივლიდა ჟურნალისტის ტყავში გახვეული! დიახ, დროულად რომ ამოქმედებულიყო პრესის კანონის ის მუხლები, რაც თავის დროზე კანონით იყო გათვალისწინებული, ამდენი ნაძირალა ვერ დაიჭერდა ხელში მიკროფონს და სიტყვა „ჟურნალისტს“ საზოგადოებას ვერ შეაძულებდა. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს... თუ რამე იქნება დასახვეწი, ამასაც დრო დაალაგებს....
- ამასწინათ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ საინტერესო დებატები გაიმართა, რომელშიც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე ბონდო მძინარაშვილიც მონაწილეობდა. საუბარი იმ პრობლემაზე გაიმართა, რაც ზემოთ ჩემს შეკითხვებში გაჟღერდა _ დღეს სიძულვილის ენა თანამედროვეობის მთავარ გამოწვევად იქცა. რომ შევაჯამოთ, სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის? რა იწვევს საზოგადოებაში ამ კუთხით კონფლიქტს და მისი დაძლევის გზად რა მიგაჩნიათ?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, სიძულვილის ენა გიგი უგულავას და გივი თარგამაძის მხარეს მოვიკითხოთ. ირონიულად თუ გიპასუხებთ, გამოხატვის თავისუფლებაზე ლაზარე გრიგორიადისს ვესაუბროთ, მოლოტოვის კოქტეილით რომ უპირებდა პოლიციელებს გადაწვას... გნებავთ, მაია ორჯონიკიძეს, უწმიდესის გარდაცვალებაზე რომ ქილიკობდა... და მერე უკვირთ, ხალხში გასვლისას ლამის სახეში რომ აფურთხებენ... თავისუფალი ქვეყნის მშენებლობაზე ბაჩო ახალაიას ვესაუბროთ, რომელიც სამზარეულოში ჩაწერილი ვიდეობით უმტკიცებდა შვილებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს არავინ დასახიჩრებულა და 2011 წლის 26 მაისს სულიკო ასათიანის ცხედარი კი არ იპოვნეს ჯიხურის თავზე, უბრალოდ, მოიგონეს...
უკვე ამორალურია მათზე საუბარიც და მათი ციტირებაც... ზღვარს არიან გადასულები და ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი... მედიას კი სწორი საკანონმდებლო პოლიტიკა სჭირდება და მერე ვერავინ გაბედავს ცილისწამებისა და შანტაჟის ფონზე გადაცემების მომზადებას...
მოკლედ გეტყვით: ზღვარი ზურაბ ჭიაბერაშვილსა და კახა კალაძეს შორის გადის! ზღვარი ირაკლი კობახიძესა და დავით ბაქრაძეს შორის გადის! მიხეილ ყაველაშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის! ზღვარი გადის ილია მეორესა და პეტრე ცაავას შორის! ზღვარი გადის მამუკა მდინარაძესა და ბაჩო ახალაიას შორის! თიკა რუხაძესა და იმ გოკა გაბაშვილს შორის, გოდერძი ჩოხელი რომ შიმშილით სიკვდილისთვის გაიმეტა! ზღვარი ბიძინა ივანიშვილსა და მთელ სადისტურ-ნაციონალურ მოძრაობას შორის გადის და ამას ქართველი ხალხი ნათლად ხედავს... ამიტომაც არის, დღემდე რომ ვერ მოითქვეს სული ამ მებრძოლ უღმერთოთა კავშირის წევრებმა და ხელისუფლებაში კი არა, ქვეყანაშიც აღარც დაედგომებათ.
თამარ შველიძე

