უფალი აკურთხებს მის გზას სასუფევლისკენ

უფალი აკურთხებს მის გზას სასუფევლისკენ

მახსოვს მახათას მთაზე ტაძრის კურთხევის დღე... ცა თითქოს გაიხსნაო, ისეთი თავსხმა წვიმა იყო. წვიმა და ქარი ერთიანად დაატყდა იმ დღეს იქ შეკრებილთ. მობრძანდა უწმინდესი... მანქანიდან ნელა გადმოვიდა, ერთი აიხედა ზეცაში და თავისი ჩვეული ღიმილით სახეზე და ტკბილი ხმით თქვა: „უფალი ზევიდან აკურთხებს ტაძარსო...“ სწორედ იმ წამს, თითქოს უხილავმა ხელმა ღრუბლები გაფანტა და წვიმამ გადაიღო...
დღეს გამახსენდა ის დღე... დღეს, როდესაც მთელი საქართველო უწმინდესს ვემშვიდობებით და პანაშვიდზე მისული ხალხის რიგებს ბოლო არ უჩანს, გარეთ ისევ წვიმს. ეს წვიმა დღეს ჩვენი ერის უთქმელი ცრემლიცაა და ზეციური ნიშანიც. ვფიქრობ, ნეტავ, რას გვეუბნება უფალი დღეს ზეციდან ამ წვიმით, როგორ აცილებს თავის ერთგულ მსახურს? ალბათ, უფალი ამ წვიმით აკურთხებს იმ გზას, რომლითაც მისი კეთილი მწყემსი მასთან ბრუნდება. მაშინ, მახათაზე უფალმა წვიმა იმისთვის შეაჩერა, რომ ტაძრის დიდებულება დაგვენახა, დღეს ეს წვიმა პირიქით, ყველაფერ მიწიერ ფერს შლის, რათა მხოლოდ სულიერი და მარადიული დავინახოთ... 
უფალი ზეციდან ამ წვიმით თითქოს სამყაროს განბანს და ამზადებს იმ დიდი სულის მისაღებად, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში ჩვენს სულებში სიმშვიდე თესა. ეს წვიმა იმ ლოცვასავითაა, რომელიც ცასა და მიწას აერთიანებს, ნიშანი იმისა, რომ ჩვენი მწუხარება ზეცისთვის უცხო არ არის. ჩვენ დღეს ისევ ის მახათას მთის სასწაული უნდა გავიხსენოთ: მაშინაც წვიმდა და უწმინდესმა დაინახა კურთხევა იქ, სადაც სხვამ მხოლოდ უამინდობა დაინახა. დღესაც, ამ წვიმიან ქუჩებში ჩვენ უნდა ვიგრძნოთ არა დასასრული, არამედ მარადიული კურთხევის დასაწყისი...
როგორც მაშინ ბრძანა პატრიარქმა - „უფალი ზეციდან აკურთხებსო“, - დღესაც უფალი თავად აკურთხებს მის გზას სასუფევლისკენ. ჩვენთვის ეს წვიმა მწარე სევდაა, მაგრამ მისთვის ზეციური განბანვა და ნანატრ ნათელში შესვლა. მშვიდობით, ჩვენო იმედო და ნუგეშო. იქ, სადაც ახლა თქვენ მიბრძანდებით, წვიმა აღარ არსებობს, იქ მხოლოდ ის მზეა, რომელიც მაშინ, მახათას მთაზე, თქვენი ერთი ამოხედვითა და სუფთა ლოცვით გამოკრთა ღრუბლებიდან... გვიყვარხარ, უწმინდესო!

ნინო ანდრონიკაშვილი