ქართველი ყველაფერს მთავარს დედას ეძახის

ქართველი ყველაფერს მთავარს დედას ეძახის

საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დედაუნივერსიტეტის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს. ეს მხოლოდ სახელწოდება არ არის. ის ჩვენი უმაღლესი განათლების მთავარი კერაა... იაკობ გოგებაშვილმა „დედაენა“ რომ დაწერა, ილიამ ასე განმარტა: ქართველი ყველაფერს მთავარს დედას ეძახისო _ დედაენა, დედაქალაქი, დედაბოძი... ასევეა დედაუნივერსიტეტიც. 
გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი:

_ ბატონო გიორგი, ახლახან განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტები თავიანთ ტრადიციულ მიმართულებებს დაუბრუნდებიან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი დედაუნივერსიტეტის სტატუსს აღიდგენს. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
_ განათლების მასშტაბური რეფორმის დაწყებით, ხელისუფლება დიდ საქმეს შეეჭიდა. ყველა ვაღიარებთ, რომ რეფორმა საჭიროა; თუმცა, კონკრეტული საკითხების მიმართ მიდგომა სხვადასხვაგვარია... ყურადღებას რეფორმის დადებით მხარეებზე გავამახვილებ. ჩემი აზრით, სამომავლოდ ის განათლების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინება დადებითი მოვლენა მგონია... მიაქციეთ ყურადღება სტატისტიკურ მონაცემებს; ცხადია, არ გვჭირდება ამდენი იურისტი, ჟურნალისტი, ეკონომისტი... ეს ხომ ხარისხს დაბლა სწევდა. 
პრემიერისა და განათლების მინისტრის მიერ ხაზგასმით ითქვა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი უმაღლესი სასწავლებლის, დედაუნივერსიტეტის ფუნქცია უნდა დაუბრუნდესო. წინა ხელისუფლების მიერ გატარებული „რეფორმის“ მიზანი განათლების მდგომარეობის გაუმჯობესება არ იყო. ჩვენს უნივერსიტეტს კანონპროექტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არ აპატიეს და შური იძიეს. მინისტრმა ლომაიამ პირდაპირ განაცხადა: „ნაჯახით ამოვძირკვავ ჯავახიშვილის უნივერსიტეტსო“ და კიდეც გაასწორეს მიწასთან: გაუქმდა სამეცნიერო სექტორი (ასამდე კაბინეტ-ლაბორატორია, 1500 მეცნიერი თანამშრომელი უმუშევარი დარჩა, დაიხურა კათედრები, აკადემიური სექტორი 82 %-ით შემცირდა...). დიახ, მან სრულად მოსპო მეცნიერება, გააუქმა კათედრები, ლაბორატორიები. აი, ეს იყო მთავრობის მიერ გაცხადებული „რეფორმის“ მიზანი...
სხვათა შორის, ვინც მაშინ რეფორმის სახელით ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მიწასთან გასწორებას მხარს უჭერდა, ასრულებდა ხელისუფლების დავალებას და წარმართავდა ლომაია-სააკაშვილის „რეფორმის“ პროცესს, დღევანდელი რეფორმის ყველაზე დიდი კრიტიკოსები სწორედ ისინი არიან; ეს ახლახან „იმედის“ ეთერში გამართულმა დისკუსიამაც აჩვენა... 
მე მესმის ის განცდები, რომელიც აქვთ „ილიაუნის“ გულშემატკივრებს, პროფესურასა და სტუდენტებს; მისმა რექტორმა განაცხადა, „ილიაუნს“ ოცი წელი ვაშენებდით და არავის დავუთმობთო. გასაგებია მისი პოზიცია, მაგრამ აქ მთავარი შეკითხვა უნდა დავსვათ: როგორ აშენებდნენ?! _ ეს სასწავლებელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ნანგრევებზე აშენდა. გაუქმებული სამეცნიერო სექტორი, 18%-ზე დაყვანილი აკადემიური სექტორი, მაღალი ხელფასის დაპირებით გადაბირებული წამყვანი პროფესურა (ილიაუნის პროფესორებს 2-3-ჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს). აი, როგორ შექმნა ამბიციური უნივერსიტეტი...  
იაკობ გოგებაშვილს კირილე იანოვსკიმ უთხრა: შენი „დედაენა“ სკოლაში ბევრ ადგილს იჭერს, უნდა შეამცირო და ეს ადგილი რუსულ ენას დაუთმოო, რაზეც იაკობი არ დათანხმდა _ სჯობს „დედაენა“ ამ სახით მოკვდეს, როგორიც დღესაა, ვიდრე ისე წახდეს, როგორც თქვენ გინდათ, რადგან ამ სახით მკვდარი „დედაენა“ უფრო იოლად აღდგება მკვდრეთით, ვიდრე წამხდარი გამოსწორდებაო. ეს გამახენა ამ პროცესმა, როცა თავის დროზე უნივერსიტეტის მოკვლა მოინდომეს, სანახევროდ ჩაწიხლეს და ის მკვდრეთით აღდგა, როგორც დედაუნივერსიტეტი. ფლაგმან უნივერსიტეტად მისი გამოცხადება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. 
_ „ილიაუნში“ ამჯერად მხოლოდ პედაგოგიკას შეასწავლიან, ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნიკურ საგნებს და ა. შ. როგორც ვიცი, გეპეი-ს ფარმაციის ფაკულტეტიც კი ჰქონდა.
_ აღმოჩნდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი, ძირითადად, არატექნიკური დარგების სასწავლებლად იქცა. იგივე მოხდა აგრარულ, სამედიცინო და სხვა უნივერსიტეტებშიც _ სამართალი, ჟურნალისტიკა და სხვა ჰუმანიტარული დარგები ყველგან ისწავლებოდა. შედეგად, ქვეყანა წელიწადში 5-6-ჯერ მეტ სამართალმცოდნეს უშვებდა, ვიდრე საჭირო იყო. ამ დროს ინჟინრები გვჭირდებოდა, მაგრამ იმის ნახევარსაც ვერ ვუშვებდით, რა მოთხოვნილებაც ბაზარს ჰქონდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ „ილიაუნი“ პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საფუძველზე შეიქმნა. ტრადიციულად, იქ პედაგოგიური კადრების მომზდება ხდებოდა. ახლა კი, თავის ფუნქციას უბრუნდება, რაც მავანისთვის შოკისმომგვრელია. ისმის შეკითხვა _ პედაგოგები გვჭირდება? პასუხია, დიახ. აგრონომები, ინჟინრები გვჭირდება? კი, მაგრამ ვინ მოამზადებს ამ კადრებს?! _ სპეციალიზებული სასწავლებლები, რომელთაგან ზოგი აგრონომს გამოზრდის, ზოგი _ პედაგოგს... 
კი, ბატონო, იმასაც ვეთანხმები, რომ ეს ეტაპი მტკივნეული იქნება, ვიღაც კიდეც დაზარალდება, მაგრამ ჩვენ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ, რისი სპეციალისტები დასჭირდება მას პერსპექტივაში. რეფორმა სხვისი საჭიროების მიხედვით ვერ წარიმართება, ის ქვეყნისა და ერის პრიორიტეტებს უნდა ითვალისწინებდეს. ასე მესმის რეფორმის არსი _ ის მტკივნეულია, მაგრამ ქვეყნის ინტერესები ასე მოითხოვს.
ასეთი საკითხები ქუჩაში ვერ გადაწყდება... და კიდევ: ერთხელ და საბოლოოდ, სასწავლო დაწესებულება უნდა გახდეს აპოლიტიკური... სტუდენტი რომ მეტყვის, აქციებზე დავდივარ და იმიტომ ვაცდენ ლექციებსო, ვერ გავუგებ მას... მით უმეტეს, ლექტორი რომ ამაყობს, ერთად ვდგავართ ქუჩაში ლექციების დროსო... რა თქმა უნდა, პოლიტიკურ აქტივობას ვერავინ აუკრძალავს ვინმეს, მაგრამ აუდიტორიის მიღმა... ეს ანბანური ჭეშმარიტებაა.
_ „ერთი ქალაქი _ ერთი უნივერსიტეტის“ ეფექტი რა იქნება? 
_ ზოგადად, რეფორმა ერთ-ორ წელზე როდია გათვლილი, უნდა ვიფიქროთ, პერსპექტივაში რა შედეგს მოიტანს. ჩვენ უნდა გავეცნოთ, სხვა ქვეყნების გამოცდილება რა შედეგს მოგვიტანს. ქალბატონმა მარინა ჩიტაშვილმა განაცხადა, მეთოდი „ერთი ქალაქი _ ერთი უნივერსიტეტი“ არსად არის დანერგილიო. არადა, მსგავსი პრაქტიკა უამრავ ქვეყანას ჰქონია თურმე. ასეთი კატეგორიული მსჯელობით საზოგადოების დაბნევა არ მგონია მართებული...
_ ზემოთ ახსენეთ, განათლება უფასო იქნებაო. უფასო სწავლებაში რა იგულისხმება? 
_ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს აფინანსებს. კონკურსგავლილი აბიტურიენტი სწავლას უფასოდ შეძლებს ისევე, როგორც ადრე _ ვინც კონკურსში იმარჯვებდა, უნივერსიტეტში სწავლას უფასოდ განაგრძობდა და წარმატების შემთხვევაში სტიპენდიასაც იღებდა.
_ აბიტურიენტები, რომლებიც მომავალ წელს კერძო სასწავლებლების სტუდენტები გახდებიან, გრანტს ვეღარ მიიღებენ.
_ კერძო უნივერსიტეტს კერძო დაფინანსება აქვს. ახლა სახელმწიფო სექტორზე სწავლება უფასო იქნება, კერძოში _ ფასიანი. კერძო უნივერსიტეტებში ისინი ისწავლიან, ვისაც ამის შესაძლებლობა ექნება. ბუნებრივია, კონკურენცია გაიზრდება. მაგალითად, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება. ვისაც იურისტობა უნდა, მან კარგად უნდა ისწავლოს და სხვას აჯობოს, რომ კონკურსში გაიმარჯვოს. ასევე ჟურნალასტობის მსურველებმაც. ამ დარგებზეც ყოველთვის დიდი კონკურსი იყო. ყოჩაღი აბიტურიენტი უგრანტობით არ იჩაგრება _ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს...
აქვე მინდა, სასკოლო რეფორმასაც შევეხო, რასაც დადებითად ვაფასებ. მივესალმები ფორმების შემოღებასა და მობილურების აკრძალვას, ეს ტექნიკური მხარეა. მეორე 12-წლიან სწავლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა. სწავლება 11-წლიანი იქნება, მაგრამ ვისაც სწავლის ევროპაში გაგრძელების სურვილი აქვს, მათთვის მე-12 კლასი დაუშვეს. რეალურად, მე-12 კლასი ისედაც არ არსებობდა, ეს ფორმალობა იყო _ მასწავლებელი არჩატარებულ გაკვეთილში ხელფასს იღებდა, ბავშვს კი ერთი წელი ტყუილად სიარულში უცდებოდა.
ყურადღებას კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე გავამახვილებ, ეს ერთი სახელმძღვანელოთი სწავლების გადაწყვეტილებაა, რაც, უდავოდ, დადებითი ფაქტია. წლების განმავლობაში იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება მის „დედაენას“ კურირებდა. საოცრება ხდებოდა, პირველ კლასში ერთდროულად რამდენიმე ალტერნატიული სახელმძღვანელო არსებობდა. მაგალითად, ერთი სახელმძღვანელო გოგებაშვილის „დედაენა“ იყო, სადაც სწავლება „აი ია“-თი იწყებოდა, მეორე წიგნის მიხედვით, ბავშვს ა-ს „აქლემით, აკვარიუმით“ ასწავლიდნენ; მაღალი კლასების სახელმძღვანელოებში კი სულ სხვა უცნაურობას ვაწყდებოდით: სხვადასხვა სახელმძღვანელოებით სწავლების შემთხვევაში, მასში ერთი და იმავე მწერლის სხვადასხვა ნაწარმოები შედიოდა. შედეგად, ეროვნულ გამოცდაზე ბავშვს შეიძლება შეხვედროდა მოთხრობა, რომელიც არ უსწავლია. ასეთი კურიოზი ბევრი იყო. ერთი სახელმძღვანელოს შემოღებას მხოლოდ მივესალმები. არსებული პოლიტიკური სიტუაცია სახელმძღვანელოზე არ უნდა აისახოს. წიგნის დანიშნულებაა ბავშვს წერა-კითხვა, საგანი ასწავლოს.. 
ალბათ, ამაზე უნდა შევთანხმდეთ: სანამ რეფორმის ავ-კარგზე საუბარს დავიწყებთ, გვახსოვდეს: აკაკიმ თქვა, „ჩვენი ბედისწერა განათლებაზეა დამოკიდებულიო“. ერის ბედისწერაზეა საუბარი... მასთან თამაში არ შეიძლება. „საზოგადო საქმე წმინდად და უანგაროდ უნდა კეთდებოდესო, კერძო ინტერსი მასში არ უნდა გავრიოთო“... როგორიც იქნება განათლების სისტემა, მისი დონე, ისეთი ქვეყანა გვექნება. 
და არც ის დაგვავიწყდეს: ეროვნულობა და ზნეობრიობაა საფუძველი ჩვენი სკოლისა...

თამარ შველიძე