დავით ზარდიაშვილი: საქართველო ნატო-ს სამიტში როცა მონაწილეობდა, მაშინ რა მიიღო, რო?

დავით ზარდიაშვილი: საქართველო ნატო-ს სამიტში როცა მონაწილეობდა, მაშინ რა მიიღო, რო?

გვესაუბება დავით ზარდიაშვილი

- ბატონო დავით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში „სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ“. რა დადებითი და უაროფითი შედეგების მომტანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის?
- ძნელია შეფასება, იმიტომ, რომ უცნობია, როგორ მოხდება პასუხისმგებლობების გამიჯვნა უცხოელ პარტნიორებთან და ვინ არიან, ძირითადად, ეს პარტნიორები. თავიდან თითქოს მკაფიო სურათი იყო, რომ ეს იქნებოდა ქართულ-ჩინური, საბოლოო ჯამში, მაინც ჩინურია, მიუხედავად სხვადასხვა სუბიექტის მონაწილეობისა. ეს იქნებოდა ქართულ-ჩინური პორტი, სადაც საქართველოს ექნებოდა საკონტროლო პაკეტი და ჩინეთს ექნებოდა 49%. როგორც ჩანს, ეს გადათამაშდა, არ ვიცი, რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი - ამერიკელების პოზიცია თუ საქართველოსა და ჩინეთს შორის ამ პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე შეუთანხმებლობა, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა. 
ჯერჯერობით ეს, ერთი მხრივ, პოზიტიურია იმიტომ, რომ სრულად იქნება ეს საქართველოს პორტი, მაგრამ მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რამდენად შეძლენს საქართველო პორტის იმ დატვირთვით ამუშავებას, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული. ეს, რასაკვირველია, დამოკიდებულია საერთაშორისო პარტნიორებზე და ვინ იქნებიან ეს საერთაშორისო პარტნიორები, ჯერჯერობით, არ ვიცით. 
ამიტომ ასე ცალსახად შეფასება გამიჭირდება - ერთი მხრივ, არის პოზიტიური და მეორე მხრივ რისკის მატარებელი. გაჟღერდა, რომ ჩინეთიც მიიღებს მონაწილეობას, შუა აზიაც, აზერბაიჯანიც და სხვა ქვეყნებიც, მაგრამ კონკრეტიკა აკლია. ეს, რასაკვირველია, რისკებთან არის დაკავშირებული, რამდენად იქნება მასშტაბური ეს პროექტი მას შემდეგ, რაც ანაკლია სრულად საქართველოს პორტი იქნება.
- ნატო-ს ანკარის სამიტი საქართველოს გარეშე ტარდება. რამდენად სამართლიანია ეს და როგორ აისახება საქართველო- ნატო-ს ურთიერთობებზე?
- ეს არ არის ახალი ამბავი, რომ ნატო-ს სამიტი ტარდება საქართველოს გარეშე. საქართველო როცა მონაწილეობდა ნატო-ს სამიტებში მაშინ იყო აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება. მოდუს ვივენდი იყო აბსოლუტურად სხვა. მაშინ მოქმედებდა ამერიკული ჰეგემონია, ვულფოვიცის დოქტრინა, ნატო იყო შეერთებული შტატების ინსტრუმენტი და საქართველო იყო შეერთებული შტატების „სტრატეგიული პარტნიორი“. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სუპერსახელმწიფოსა და ერთი ბეწო საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ერთგვარად ჩვეულებრივი ვასალობის შეფუთვა. ყოველთვის ასეა და ჩვენ უნდა ვხედავდეთ რეალობას. ამჟამად ვითარება შეიცვალა. თუ ნატო-ს სამიტს დააკვირდებით, ის წინააღმდეგობრივ დროს მიმდინარეობს და უკვე იკვეთება ტრამპის გამოსვლა, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა თავისი პარტნიორები - გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალიაც იმიტომ, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს ირანის სამხედრო კამპანიის დროს. 
თურქეთის ინტერესებიც აშკარად დისტანცირებულია ჩრდილო ატლანტურ ინტერესებთან. თურქეთი რჩება ნატო-ს მთავარ დასაყრდენად სამხრეთ ფლანგზე, მაგრამ მეორე მხრივ, თურქეთს ამოძრავებს „დიდი თურანის“ ინტერესები. ის ცდილობს, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს და ევროპასთან პირდაპირი ურთიერთობების გარეშე, შეერთებულ შტატებთან ალიანსში ჩამოაყალიბოს პოლიტიკა და ესეც კარგად გამოიკვეთა.
საერთო ჯამში, არავინ არაფერს ახალს არ ელის ნატო-ს ამ სამიტისგან. ვითარება არის ისეთი, რომ თითქოს თეატრალურად ცდილობენ ძალმოსილების დემონსტრირებას. ყველა ხედავს, აშკარაა, რომ ნატო-ს ისეთი გავლენა, როგორც ძველ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები იყო უპირობო ჰეგემონი, აღარ აქვს და ეს აშკარაა. 
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, ირანის კამპანიის დროს ეს მემორანდუმი, რომელიც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა სამხედრო გზით საკითხი ვერ გადაწყვიტა.  აქ ნატო-ს უძლურებაც გამოჩნდა, რადგან ნატო იქ არ ომობდა და შეერთებული შტატები მარტო დატოვეს ამ კონფლიქტის დროს. 
ამასთან, უნდა ითქვას რასაკვირველია, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობენ რუსეთს დაამარცხებენ, ჯერჯერობით ეს არ ჩანს. სამხედრო-პოლიტიკური შედეგი - რუსეთის დასუსტება, მისი გადაქცევა მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, არ გამოდის. ასე რომ, არაფერი სადარდებელი იმაში არ არის, რომ საქართველო ნატო-ს სამიტში არ მონაწილეობდა. როცა მონაწილეობდა მაშინ რა მიიღო რო? ძალიანაც კარგი, რომ არ მონაწილეობდა!
- რას მოიცავს ჯო უილსონის მიერ ინიცირებული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და რა გავლენას იქონიებს ის საქართველოზე?
- არაფერს ეს არ ცვლის. ეს არ არის ახალი რეზოლუცია. გასაგებია პოზიცია, ეს ჯო უილსონი იქნება თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. თუ ვინც არის ამ ინტერესის გამომხატველი. ინტერესი ერთია აქ, რომ საქართველო არ დარჩეს განზე გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესისაგან,  დასავლეთის მხარე დაიჭიროს და გამოყენებულ იქნას იგივე სახით, როგორც უკრაინა. ეს გაცილებით უფრო საშიშია საქართველოსათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს გარკვეული სამხედრო პლაცდარმი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და სამხედრო პოლიგონი, რათა რუსეთზე შეტევა განხორციელდეს. ცხადია, საქართველო ამას წინააღმდეგობას გაუწევს და რეზოლუციებით საქართველოს ეს წინააღმდეგობა არ შესუსტდება. არაფერი შედეგი ამას არ ექნება და არც აქვს. გამაოგნებელია დაბალი კვალიფიკაცია დასავლელი აქტორებისა, რომლებიც ამ გზით ცდილობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეცვალონ და დაიბრუნონ ქვეყანა, რომელიც უკვე დიდი ხანია, დაკარგეს.
აქ მთავარი ისაა, რომ დასავლეთი ამ რეზოლუციებით აგულიანებს თავის „კლიენტურას“ (ოპოზიციურ ფრთას ვგულისხმობ), რომელიც საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის.

ნაზი ბერიძე