გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს...
როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის პატივისცემისა და ღვთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას. აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღვთო მადლი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი.
ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის.
წმინდა მოციქულთა სწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღმრთის მოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს.
შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ეს ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ. იგი იყო ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე თავისი სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას. ქრისტეს და მისი ეკლესიის მსახურებას ადრეულ ასაკში მიუძღვნა თავი, როდესაც იდევნებოდა სარწმუნოება, როდესაც ათეიზმი კანონით იყო დამკვიდრებული და ძალადობრივად ბატონობდა. მან შეძლო შეენარჩუნებინა სიბრძნე, უმანკოება სახარებისეული სიტყვების მიხედვით, რომელიც გულმოდგინედ მოღვაწეობდა სათნოებასა და საღვთო მცნებების საქმით აღსრულებაში, იწვრთნებოდა, ვითარცა მორწმუნე მსახური ქრისტესი და მნე ღვთის საიდუმლოთა. მთელი მისი ცხოვრება იყო მრავალმხრივი მოწმობა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სახარებისეული ჭეშმარიტების ნამდვილი გამოცდილებისა. ამის გამო ღმერთმა ადრევე არწმუნა მას ჯერ მღვდელმთავრობის, ხოლო ძალიან მალე პატრიარქობის დიდი პასუხისმგებლობა, ნეტარხსენებული პატრიარქ დავით V-ის მემკვიდრედ. განაბრწყინა მან მისი წმინდა სამღვდელმთავრო ომოფორი 63 წლის, ხოლო საქართველოს საპატრიარქო ტახტი 49 წლის განმავლობაში, როგორც ამ ეკლესიის 141-ე საჭეთმპყრობელმა. არ დარჩენილა საქართველოში ეკლესიური, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების არცერთი სფერო, სადაც მას მისი პიროვნების თვალსაჩინო და სასარგებლო კვალი არ დაეტოვებინა. ღვთისმოსავი და თავმდაბალი, მლოცველი და ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე, ძმათმოყვარე, მშვიდობის მყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი ტკბილი ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში და ასევე, ხუროთმოძღვრებაში. მტკიცე და შეუვალი რწმენის, ღვთისმოსაობისა და ეკლესიის წმინდა ინტერესების დაცვაში, როგორც ქრისტეს მიბაძვის ჭეშმარიტი სახე და მოციქულთა და წმინდა მამათა ჭეშმარიტი მემკვიდრე.
იგი ცოცხლობს იქ, სადაც არის უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილველნი. ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ე.ი. ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის პატივსაცემად თბილისში წინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასი ათას მოწამესთან, ვიდრე მის თანამედროვე და მეგობარ ღირს გაბრიელ სალოსამდე. მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენს შორის იყო. მას აქვს კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას. გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია. მრავალხმიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე: ქრისტე აღდგა! რომელს არს ჩვენის ყოვლის დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, ამინ!
ბართლომე I მსოფლიო პატრიარქი

