ოკეანის დაბრუნებული ვალი...

ოკეანის დაბრუნებული ვალი...

1993 წლის 27 აპრილს, ღამის სიბნელეში, ატლანტის ოკეანეში, გაბონის სანაპიროსთან, ზამბიის სამხედრო თვითმფრინავს, რომელსაც ქვეყნის „ოქროს თაობის“ ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე მიჰყავდა, ძრავა გაუჩერდა.
ეს იყო პილოტის საბედისწერო შეცდომა – ნაცვლად იმისა, რომ დაზიანებული ძრავა გაეთიშა, მუშა ძრავა გათიშა. თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა. ბორტზე მყოფი 30-ვე ადამიანი, მათ შორის ნაკრების 18 ფეხბურთელი, დაიღუპა. ზამბიაში გლოვა გამოცხადდა, ერს საფეხბურთო მომავალი წაერთვა...
დაღუპულ ფეხბურთელთა შორის უნდა ყოფილიყო გუნდის კაპიტანი და ლიდერი კალუშა ბვალიაც, მაგრამ ბედისწერამ მას სხვა გზა გაუმზადა.
კალუშა ბვალია იმ დროს ნიდერლანდების „პსვ ეინდჰოვენში“ თამაშობდა და ნაკრებს დამოუკიდებლად, სხვა რეისით უნდა შეერთებოდა. როდესაც მან ტრაგედიის შესახებ გაიგო, განადგურდა. ის დარჩა მარტო – გუნდის, მეგობრების და იმედის გარეშე.
ყველამ ჩათვალა, რომ ზამბიური ფეხბურთი სამუდამოდ მოკვდა, მაგრამ კალუშამ თქვა: „ჩვენ ამას მათთვის გავაკეთებთ!“ მან ნულიდან დაიწყო. შეკრიბა ახალი გუნდი, ძირითადად გამოუცდელი ბიჭებისგან, და სულ რაღაც ერთ წელიწადში სასწაული მოახდინა: უმწიფარი გუნდი აფრიკის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ღირსეულად დამარცხდნენ.
ხატოვნად რომ ვთქვათ, ისტორიას დასასრული სჭირდებოდა და ეს დასასრული 19 წლის შემდეგ, ჰოლივუდური ფილმივით დაიწერა. 2012 წელს აფრიკის ერთა თასის ფინალი გაიმართა ზუსტად იქ, გაბონში, ქალაქ ლიბრევილში, იმ ადგილიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში, სადაც 1993 წელს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ფინალში ზამბია ტურნირის უპირობო ფავორიტს, დიდიე დროგბას „კოტ-დ’ივუარს“ დაუპირისპირდა.
მატჩი დრამატული გამოდგა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა (დროგბამ პენალტი ვერ გაიტანა). საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. დაძაბულობა პიკს აღწევდა – ფავორიტი ვერ სჯაბნიდა მასზე ბევრად ნაკლები შანსების მქონე ზამბიის გუნდს, მის მოწინააღმდეგეს კი მეტი გასამარჯვებელი თავგამოდება არ გამოსდიოდა.
უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა 0:0 ანგარიში, გამარჯვება რომელიმე მხარეს უნდა გადაწონილიყო...
ზამბიელმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტი დარტყმების დროს მუხლი მოიყარეს და სიმღერა დაიწყეს. ისინი ლოცულობდნენ დაღუპული წინაპრების სულებისთვის, რომლებიც იქვე, ოკეანის ფსკერზე განისვენებდნენ...
...და მოხდა სასწაული – ზამბიამ გაიმარჯვა!
როდესაც კალუშა ბვალიამ (რომელიც უკვე ფედერაციის პრეზიდენტი იყო) თასი ხელში აიღო, ის ტიროდა. მან თასი არა სტადიონს, არამედ ოკეანეს მიაპყრო. 19 წლის შემდეგ „ჩიპოლოპოლომ“ (ზამბიის ნაკრების მეტსახელი) ვალდებულება შეასრულა. მათ გაიმარჯვეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც მათი თანაგუნდელი ძმები დაიღუპნენ; თითქოს იმ ღამეს ოკეანემ ვალი დააბრუნა.
ვიღაცამ შეიძლება არც ის იცოდეს, ზამბია სად არის და არც მის საფეხბურთო გუნდზე სმენოდეს რამე, მაგრამ ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს ახსოვთ, რომ რენარი იყო მწვრთნელი, რომელმაც შემდეგ კოტ-დ’ივუართან ერთად მოიგო (დროგბას გარეშე), შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოახდინა მცირე სასწაული არგენტინასთან; რომ „ჩიპოლოპოლოს“ ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა კატონგოს ლიდერობით, სწრაფი და შემტევი გუნდი.
ბადრი ეხვანიასგან შევიტყვე, არადა, წარმოდგენა არ მქონდა და გამიკვირდა, თუმცა არც ბევრმა სხვამ იცის, ალბათ, რომ წარსულში ზამბიის გამარჯვებულ ნაკრებში ითამაშა ჩისამბა ლუნგუმ, რომელიც ზუგდიდის „ბაიას“ ფეხბურთელი ყოფილა ორი სეზონის განმავლობაში!
ზვიად სიჭინავა იყო მაშინ გუნდის პრეზიდენტი და მან ჩამოიყვანა. მოსკოვის „ცესკაში“ იყო სინჯებზე და არ აიყვანეს, მაგარი „ტეხნარი“ იყო, თუმცა ნაკრებში მცველად თამაშობდა. „ბაიას“ მთლიანად გამოსყიდვა უნდოდა, მაგრამ მის მენეჯერს ფასზე ვერ მოვურიგდით; მერე მაგრად მოუმატა მის ფასს და რამდენიმე მილიონად გაიყიდაო.
მერაბ მერაბიშვილმა კიდევ უფრო განავრცო: „მახსოვს, ნახევარმცველი იყო, ძალიან სწრაფი, ფლანგზეც ეყენათ ხოლმეო“. და გაბონის ფეხბურთელებიც გაიხსენა: ოვონო, კესანი, აკირემი, აკუასაგა იყვნენ ჩვენი ჩემპიონატიდან, კესანი და ოვონო ძირითადში იყვნენო.
პირადად მე მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმ დროს, დაახლოებით თხუთმეტი წლის წინათ, მხოლოდ ერთ ფერადკანიან ფეხბურთელს ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და ეს იყო ვიღაც პატარა, ობოლი ბიჭი, რომელიც მანამდე მოსკოვში თამაშობდა, სადაც ათვალწუნებული ჰყავდათ და ქართველების კეთილგანწყობით მოხიბლული იყო; ძალიან მოსწონდა ზუგდიდი და „ცოტა-ცოტა“ მეგრულადაც ახერხებდა საუბარს. ესეც იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ხაზგასმულად ერთგული იყო ზამბიაში დატოვებული „გელფრენდისა“ და გამიკვირდა...
იმ დროს იყო საკვირველი ზამბიელი ფეხბურთელი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბში, თორემ ახლა ვინ სად გადადის და რომელი ქვეყნის სახელით თამაშობს, სათვალავი აგერევა.

მაკა ჯაყელი