ბრიტანული დუპლეტიზმი დემოკრატიის სახელით
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესაო! - აღტყინდნენ სიხარულით ქართველი ხალხისგან დასანქცირებული აკაცუკები და მათთან გათანაბრებულები. ეს არისო დიდი გამარჯვებების დასაწყისი, ჯერ სად ხართ, აწი ნახეთო. ისე, რამდენჯერ უნდა „გაიმარჯვონ“ ამ უბედურებმა? სულ „იმარჯვებენ“ და მაინც ვერ მოდიან ხელისუფლებაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. ესენი დეზინფორმაციად მიიჩნევენ სიმართლეს. თურმე ჩვენი ტელევიზიების ბრალი ყოფილა, უკრაინა რუსეთთან ომს რომ აგებს. ამათი მტკიცებით, უკრაინა ომს იგებს, მაგრამ ეს ტელევიზიები ამბობენ, არ იგებს, მარცხდებაო. ე. წ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „იმედი“ და „POSTV“ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ.
რა ძალა აქვს ბრიტანულ სანქციებს? რა იქნება შემდეგ? შეიძლება თუ არა, ამ სანქციების გამო გათიშონ ტელევიზიები? არის თუ არა ეს ყველაფერი სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? გადავხედოთ, ვინ რას ფიქრობს და რა განმარტებებს გვაძლევენ საქმეში ჩახედული თუ ჩაუხედავი ადამიანები.
ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები იწვევს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვას და დირექტორის დისკვალიფიკაციას. დირექტორის დისკვალიფიკაცია ცოტა უცნაურად გამოიყურება, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მოადგილე ვერ იმუშავებს? ან კი ვინ ეკითხება ბრიტანეთის მთავრობას, საქართველოში ამა და ამ ტელევიზიაში ვინ იქნება დირექტორი და რას გააკეთებს? ესენი ვერა და ვერ გამოვიდნენ კოლონიალური აზროვნებიდან და ძველი მანკიერი წეს-ჩვეულებებიდან. შთაბეჭდილება მრჩება, 1921-ში ბოლშევიკებმა ბათუმიდან რომ გაყარეს, ახლა ისევ უნდათ დაბრუნება და გვაშინებენ. ეს ისე, რეპლიკის სახით. აკაცუკების ერთ-ერთი ლიდერისთვის, ხატია დეკანოიძისთვის უკვე გასაგები გახდა, რატომ მოიცილა ირაკლი რუხაძემ „იმედი“. მისი აზრით, ქართულ ბიზნესს ესმის, რას ნიშნავს სანქცირება და ამის შემდეგ ამ არხებზე დაფინანსებისა და რეკლამის მიტანა. დეკანოიძე ბიზნესს თან შეახსენებს, რას ნიშნავს სანქცია, თან თითს უქნევს, ამიერიდან არ გაბედოთ ამ ტელევიზიებში რეკლამის მიტანაო. იცის ქალბატონმა ხატიამ, ის ხომ თემურ (ელტონ) ჭყონიას უახლოესი მეგობარია? მასთან უცეკვია კიდეც.
საინტერესოა, რა პოზიციაზე დგას თვით ტელეკომპანია „იმედი“. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტელევიზიის კოლექტივი მყარად დგას სიტყვის თავისუფლების რელსებზე, იქ ყველა მიხვდა, რომ საქმე გვაქვს უსამართლო და თანაც კომიკურ გადაწყვეტილებასთან.
მედროვეები, ძირითადად, აპელირებენ იმაზე, რომ ბიზნესმენები ამ ტელევიზიებში რეკლამას ვეღარ მიიტანენ, საბანკო გადარიცხვებს ვეღარ შეასრულებენ, ხელფასებს ვეღარ დაარიგებენ და დაიხურებიან. ამაზე გაქსუებული პიჟონები ხელებს იფშვნეტენ. მაგალითად, ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის კართან დასკუპებული გია ხუხაშვილი იმავე ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი სახლიდან აცხადებს, რომ ბრიტანეთი პირველი მერცხალია, და მას ევროპაც მიჰყვება, ანუ ამ ტელევიზიებს სხვა ქვეყნებიც დაასანქცირებენ. ხუხაშვილიც თითს ბიზნესმენებისკენ იშვერს და ეკითხება, ნეტავ, თუ ხვდებით, რა შარში ხართ და რა არის მოსალოდნელიო? ეს განსაკუთრებით ეხება კომპანიებს, რომლებიც კოტირებენ ლონდონის ან სხვა ბირჟებზეო, მაგათი აქციები გაუფასურდებაო. იცის დიადმა ხუხამ, ესმის ფინანსური საკითხები, მართალია, პოლიტიკურ წინასწარმეტყველობებში ბოლო დროს ვეღარ ქაჩავს, რაც თქვა, ვერც ერთი ვერ გაარტყა, მაგრამ ფინანსებში ღრმა წიაღსვლები აქვს.
ხუხაშვილს არც რომანა (კუპონა) გოცირიძე ჩამორჩა... პრინციპში, ჩამორჩა კი არა, კაი გვარიანად გადაასწრო. ჯერ ერთი, ბატონმა რომანამ ის აღმოაჩინა, რომ სამართალი ურმით დადის, ადრე თუ გვიან, ყველას მიადგება კარზე და მეორეც - იგი წინასწარმეტყველებს, სანქციების სიაში, შესაძლოა, „რუსთავი-2“-იც აღმოჩნდეს. გოცირიძეს თავისი ფორმულა აქვს, თანაც ისეთი ფორმულა, რომლის გამოც „რუსთავი-2“-ს შეუძლია, სასამართლოში უჩივლოს (სტილი დაცულია):
„500 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მქონე „იმედს“ რომ იჩუქებ, ბრიყვი უნდა იყო. სად წაიღებს რეკლამას „ოცნების“ მომსახურე ბიზნესი და მშიშარა ბანკები, „რუსთავზე-2“-ზე? შემდეგი რომ „რუსთავი-2“-ია, რომელიც ოფშორებიდან შემოტანილი შავი ფულით ფინანსდება? თანაც ეს აქედან გატანილი ფულია, ზესტაფონისა და ჭიათურის მუშებისთვის მოპარული“.
მოკლედ, დახატა რომანმა აპოკალიფსი და შემდეგ გადავიდა დროებით გამოსავალზე, ანუ ჩინურ ბანკებზე. ჩინურ არხებზე ეროვნულმა ბანკმა ახლახან გვამცნო, მაგრამ ეს მექანიზმი ჯერ არ არის გამართული და არცერთი სერიოზული ჩინური (არაბული) ბანკი ამ რისკზე არ წავაო. დარჩა რუსული და ირანული ბანკები, იქ რომ ფული დაიდოს, ტომრებით უნდა ზიდონ აქედანო. რომანი ისევ „მეშოკების“ ეპოქაშია ჩარჩენილი, მან ჯერაც არ იცის, რომ რუსეთიდან ფულს ყუთებით ეზიდებიან, უფრო სწორად, ტრაილერებით...
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბრიტანელების გამოხდომა თავისუფალ მედიაზე თავდასხმად შეფასდა და მოტივი გახლავთ ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლეზე უარი თქვას.
ციხიდან ამას წინებზე გამოსული ნიკუტა გვარამია თავისებური ინტერპრეტაციით გვიყვება დასანქცირებული ტელევიზიების მომავალზე, ისიც შავბნელი რაკურსით გვაჩვენებს ყველაფერს. გვარამიას აღქმების გაგრძელება აღარ ღირს, ფაქტობრივად, რომან გოცირიძის „შპარგალკიდან“ აქვს გადმოწერილი.
როგორც წესი, ასეთ მოვლენებს აუცილებლად მოსდევს სათანადო ლუსტრაცია და მანამდე უცნობი ფაქტების ამოყრა. ახლა გავიგეთ, რომ „იმედის“ დასანქცირებამ ძალიან შეაწუხა მისივე თანამშრომელი ქეთევან ქარდავა, რომელიც ევროპაში ჰყავდათ დაბინავებული და იქიდან აშუქებდა მოვლენებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ალბათ, კიდევ გამოჩნდებიან თანამშრომლები, რომლებიც მალე გადახტებიან „აკაცუკებში“. მგონი, ეგ კარგიც კი არის. ასევე გაირკვა, რომ თურმე „ფორმულაზე“ მომჯდარი ვახო სანაიას ძმისშვილი მუშაობს „რუსთავი-2“-ში, ხოლო ვახო სანაიას შვილების დედა მუშაობს „იმედში“. ხომ მაგარია? ეს ვახო სანაია დილა-საღამოს იმ ტელევიზიებს ლანძღავს, სადაც მისი ოჯახის წევრები მუშაობენ. ხედავთ, რა დღეშია ჭეშმარიტი „ინტელიგენცია“? რამსები აქვს უკიდურესად არეული.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, კომერციული ბანკები ვალდებულები არიან, საქართველოს კანონმდებლობითა იხელმძღვანელონ _ მგონი, გასაგებია ყველაფერი. ამ ეტაპზე არც ერთ კომერციულ ბანკს არ გამოუთქვამს პრეტენზია. ამაზე განცხადება „იმედის“ ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამაც გააკეთა. ეგ კი არა, ბოლო განცხადებაში ისიც ითქვა, რომ, თუ საჭირო გახდება, „იმედი“ თვითონ შექმნის ბანკს. ახლა ამაზე გადაფიჩინდნენ აკაცუკები, „იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია, რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს “ბანკი” ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებსო, - ყალყზე დადგა ისევ რომან გოცირიძე. ვატყობ, ამ კაცმა, როგორც ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და კუპონების შემომზიდავმა, ბოლოსდაბოლოს, იპოვა საკუთარი თავი. მისი მტკიცებით, „თუ ვინმე შექმნის სპეციალურ მიკრობანკს და მოემსახურება „იმედს“, ეს სანქციების გვერდის ავლაში ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობა იქნება, რაც უდიდესი დარტყმის ქვეშ ჩააყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას”. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, თუ ასეთი ბანკი შეიქმნება, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშსო. რასაკვირველია, ანგარიშებს ჩვენც გავხსნით, ოღონდ, ჯერ არ მესმის, რა სისტემით უნდა იმუშაოს „იმედის“ ბანკმა. ამაზე მომდევნო ნომერში ვისაუბროთ სპეციალისტებთან.
სხვათა შორის, არის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც შეიძლება სარწმუნოც იყოს. მოგეხსენებათ, ბოლო დროს „იმედი“ და „პოსტვ“, ასე ვთქვათ, ხშირად აპიარებდნენ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის გამონათქვამებს. ეს ქალბატონი აკრიტიკებს და ამხელს კიდევაც ბრიტანეთის დღევანდელ მმართველებს, იგი ამბობს, რომ ამჟამად მისი ქვეყანა შავ დღეშია. როგორც ამბობენ, სწორედ ეს ვარ აიტანეს იქ, ზემოთ ბრიტანეთში... აქვე შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა: როგორ, ბრიტანეთის მთავრობა ზის და ქართულ ტელევიზიებს უყურებს? მათ მეტი საქმე არ აქვთ? არა, ბატონებო, ისინი მგონი, საკუთარ არხებსაც არ უყურებენ, ეს ყველაფერი, ამდენი სისულელე მიწოდებულია აქედან, საქართველოდან და ისინიც იჯერებენ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მეტი ჭკუა არ აქვთ და მეორეც - ასე აწყობთ, ვერ ჩაგვითრიეს ომში და რა ქნან, მეტი რაღა მოიფიქრონ?
იცით, კიდევ სასაცილო რა არის ამ საქმეში? იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ბრიტანელებმა ქართული ტელევიზიები დაასანქცირეს, არც ერთი რუსული ტელევიზია არ არის დასანქცირებული. ახლა ხომ ხვდებით, რა მაგარ აფიორასთან გვაქვს საქმე?
„საერთო გაზეთის“ კოლექტივი სოლიდარობას ვუცხადებთ ტელეკომპანიებს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, ვუსურვებთ გამძლეობას, მოთმინებას და წარმატებებს. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ერთ მუჭა აგენტურას უნდა.
გელა ზედელაშვილი

