საქართველოს განათლების სისტემას ძველი დიდება უნდა დაუბრუნდეს

საქართველოს განათლების სისტემას ძველი დიდება უნდა დაუბრუნდეს

საქართველოს განათლების სისტემა ღრმა კრიზისშია. ერთ დროს 1000 სულ მოსახლეზე უმაღლესი განათლების მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ამ ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ისე დაბეჩავდა და დაჩაჩანაკდა, რომ ამ მხრივ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს შორისაც კი ბოლო ადგილზე მიჩანჩალებს.
სამწუხაროდ, განათლების სისტემის დეგრადაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში დაიწყო და დღემდე გრძელდება. 35 წელია, გვესმის გაუთავებელი ბაქიბუქი განათლების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ, რომლის მამამთავრად სოროსი მოგვევლინა, ხოლო შემსრულებლად დასავლეთის ინტერესების უსიტყვო გამტარებელი მარიონეტული ხელისუფლება სააკაშვილ-ლომაიას ხელმძღვანელობით, რომლებიც გულმოდგინედ შეუდგნენ ამ „რეფორმების“ პრაქტიკაში გატარებას.
სოროსის მიერ შემუშავებული განათლების სისტემის დამანგრეველი გეგმის თანახმად, განვითარებად ქვეყანას მეტი რად უნდაო და, ყველა სასწავლო დისციპლინაში შეცვალეს სასწავლო პროგრამები, რომლებიც ისე გაამარტივეს, ლამის შშმ პირთა შესაძლებლობის დონეზე დაიყვანეს. 
განსაკუთრებული გულმოდგინებით ქვეყნის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამა შეადგინეს, რითაც, ფაქტობრივად, ის თავიდან გადაწერეს. ყველანაირად შეეცადნენ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა განვითარებად ქვეყნად წარმოეჩინათ და, ამავდროულად, მოძალადე დამპყრობი ქვეყნების წინააღმდეგ მებრძოლი გმირი ქართველი მეფეებისა და მხედარმთავრების სახელები წაეშალათ.
ქვეყანას, რომელსაც საკუთარი თვითმფრინავმშენებელი, გემთმშენებელი, ელმავალმშენებელი, ჩარხმშენებელი, მეტალურგიული კომბინატი და საავტომობილო ქარხანები გვქონდა, განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭეს და ამ დონეზე დაიწყეს ჩვენთან თანამშრობლობა.
განვითარებადი ქვეყნისათვის მეცნიერებათა აკადემია და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები რა საჭიროაო და, მისი დასუსტების მიზნით, მართალია აკადემიის გაუქმება ვერ შეძლეს, მაგრამ ყველა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ჩამოაშორეს და, ფაქტობრივად, გენერალი დატოვეს ჯარისკაცების გარეშე. ასევე, მიუდგნენ სხვა სფეროებსაც, იქნება ეს მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, თუ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობისათვის საჭირო სხვა რომელიმე დარგი. ამით ქვეყანას შეუკვეცეს, უფრო სწორად, მოუსპეს დამოუკიდებლად განვითარების ყველა საშუალება და მომხმარებელ და მომსახურე ქვეყნად გადააქციეს.
განათლება და მეცნიერება რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, მისი სიძლიერისა და ეკონომიკური აღმავლობის ძირითადი ღერძია, ეს ჩვენზე კარგად ჩვენმა „დასავლელმა მეგობრებმა“ იციან. ამიტომ იყო, რომ პირველი დარტყმაც მასზე განახორციელეს.
ქვეყნაში „ხალხის კეთილდღეობის“ ამაღლებისათვის „სასიკეთო რეფორმების“ გასატარებლად, ჩვენმა „მოსიყვარულე“ სავალუტო ფონდმა საქართველოში საქვეყნოდ ცნობილი ოდიოზური პიროვნება, ბატონი შადმან ვალავი მოავლინა. რომელმაც „ღირსეულად“ შეასრულა მასზე დაკისრებული მისია და ეს ინდუსტრიული ქვეყანა ინდუსტრიისაგან პირწმინდად გაასუფთავა. ქვეყნის დაქცევისა და გაუბედურების გეგმა პარლამენტს საკანონმდებლო დონეზე მიაღებინეს. ისეთი კანონები იქნა მიღებული, რომელთა საშუალებითაც ქვეყნის აღმავლობასა და განვითარებას საბოლოოდ დაესვა წერტილი. სამწუხაროდ, ამ კანონების მიღების ინიციატორად მაშინდელი ეკონომიკის სამინისტრო მოგვევლინა.
ვერაფრით დავიჯერებ, რომ ეკონომიკის სამინისტროში არ იცოდნენ, ამ კანონის მიღების შედეგად ქვეყნის ეკონომიკა რა სავალალო მდგომარეობაშიც აღმოჩნდებოდა. დარწმუნებული ვარ, ეს შესანიშნავად იცოდა ჩვენმა „მეგობარმა და ჩვენზე ზრუნით თავგადაკლულმა დასავლეთმაც“, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება აიძულეს, ასე მოქცეულიყო.
კარგად მახსოვს, როცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „ქვეყნიდან ჯართის გატანის“ შესახებ, პარლამენტში დასამტკიცებლდ გადიოდა, მთელი პარლამენტიდან ერთადერთი კაცი, რომელიც ამ კანონის მიღების წინააღმდეგ წავიდა, მაშინდელი პარლამენტის წევრი, ბატონი გოგი თოფაძე იყო. რა თქმა უნდა, ერთი კაცის წინააღმდეგობა ვერაფერს შეცვლიდა და კანონი ზარ-ზეიმით იქნა მიღებული. ზუსტად ამ კანონმა გამოაცალა ქვეყანას მზარდი განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი. ქვეყნიდან ჯართის ფასად იქნა გატანილი და კაპიკებად გაყიდული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფაბრიკა-ქარხნების მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები. მათ შორის პროგრამირებული ჩარხები და უამრავი სხვა, უცხოურ ვალუტაზე შეძენილი ახალთახალი ტექნოლოგიური ხაზები, რამაც წარმატებით დაასრულა ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია და მისი ეკონომიკური პოტენციალი მიწასთან გაასწორა.
სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში მიმდინარე ამ არასასურველი პროცესებით არა მარტო შემკვეთებმა, არამედ მაშინდელი ხელისუფლების ბევრმა არაკეთილსინდისიერმა ბობოლა მაღალჩინოსანმა ჩინოვნიკმაც ისარგებლა და კაი გვარიანადაც მოითბო ხელი. საბოლოო ჯამში, ისინი ახალგამომცხვარ მილიონერ ქართველებად მოევლინენ ქვეყანას. ასე გაჩნდა ქვეყანაში „ახალი ქართველების“ ერთი ჯგუფი, რომელთა რაოდენობა შემდგომში ისე გაიზარდა, რომ 50-მდე მილიონერი მხოლოდ პარლამენტის წევრი გვყავდა.
განათლების სისტემის დანგრევა სკოლის მერხიდან დაიწყეს. სკოლას აუკრძალეს აღმზრდელობითი მუშაობა და გააუქმეს დირექტორის მოადგილის შტატი აღმზრდელობითი მუშაობის დარგში. უფრო მეტიც, ატესტატიდან ამოიღეს შეფასება ყოფაქცევაში, რამაც გზა გაუხსნა და კიდევ უფრო წაახალისა ქუჩური მენტალიტეტისა და ხულიგნური მიდრეკილების მქონე მოზარდები. შედეგად მივიღეთ მოზარდებში დანაშაულის ზრდა და დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება.
პირველ რიგში, წინ წამოსწიეს მოსწავლეთა უფლებები და, საერთოდ, დაივიწყეს მათი მოვალეობები, რომლებიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე უფლებები. ამ ბანალური მოტივით სკოლიდან გაყარეს ცნობილი და დამსახურებული მასწავლებლები. ის ადამიანები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს სწავლის ფუნდამენტურ ფასეულობებს და დაამკვიდრეს სკოლაში. ეს ის ფასეულობებია, რომლებიც მოსწავლეთა მორალურ-ზნეობრივი აღზრდის, ცოდნის მიღებისა და სრულყოფილ მოქალაქედ ჩამოყალიბების საქმეში გადამწყვეტ როლს თამაშობდა. მოსწავლეთა თავისუფლებისა და კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის მოტივით, ეს ღვაწლმოსილი ადამიანები სასწავლო დაწესებულებებს ჩამოაშორეს.
მათი მხრიდან მოსწავლეთა უფლების დარღვევა თურმე ის ყოფილა, რომ თავხედ მოსწავლეს წესრიგისაკენ მოუწოდებდნენ, სკოლის შინაგანაწესის დაცვას სთხოვდნენ და უცოდინარ მოსწავლეებს უარყოფით შეფასებას უწერდნენ. სადავო არ არის და არც არავინ კამათობს, რომ სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა და სტუდენტების უფლებები არ უნდა დაირღვეს. მაგრამ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათი უფლებები ზემოჩამოთვლილი მიზეზებით კი არ ირღვევა, არამედ მაშინ, როცა მათ ხელი ეშლებათ თავიანთი უპირველესი მოვალეობის, ცოდნის მიღების უფლების განხორციელებაში, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.
ამ დამსახურებული ადამიანების სკოლებიდან გაშვების შედეგად გამოთავისუფლებული ვაკანტური ადგილები ნაციონალი, „კმარას“ აქტივისტი, გამოუცდელი და უცოდინარი გოგო-ბიჭებით ჩაანაცვლეს, ხოლო დირექტორებად ლოტოტრონით არჩეული მანდატურები და ამ დარგის უცოდინარი სხვა დილეტანტი პირები დანიშნეს. ეს ადამიანები დღემდე თავისუფლად პარპაშებენ ამ სისტემაში და ისე მომძლავრდნენ, რომ ამ დარგში ახლაც დიდი გავლენით, გადამწყვეტი სიტყვის უფლებით სარგებლობენ და ზარ-ზეიმით მიჰყავთ „პარადი“.
ყოველივე ამან ისე მოშალა სასწავლო და საშემსრულებლო დისციპლინა სასწავლო დაწესებულებებში, რომ სწავლაზე ორიენტირებული ქართული სკოლისაგან, ფაქტობრივად, აღარაფერია დარჩენილი. ამას ისიც დაემატა, რომ ამ ხელისუფლების განათლების ყოფილმა მინისტრმა ბატიაშვილმა, სკოლებში გამოსაშვები გამოცდებიც გააუქმა და, ისედაც უსაქმურობისაგან გაბეზრებული მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი უფრო მეტად უსაქმური გახადა. ამან გამოიწვია ის, რომ ამ უსაქმურ ახალგაზრდებს ჭარბი თავისუფალი დრო გაუჩნდათ, რომელსაც არცთუ კეთილშობილური საქმეების გასაკეთებლად იყენებენ (იქნება ეს ქუჩაში უაზრო ბორიალი თუ ოპოზიციის მიერ გამართულ ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებში მონაწილეობა).
ფაქტობრივად, აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარებასთან ერთად, მასწავლებელს მოსწავლისათვის უარყოფითი შეფასების დაწერაც აუკრძალეს. გამოდის, რომ იგი, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დარჩა, რამაც მოვალეობის შესრულებისადმი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოიწვია. სწორედ სწავლისადმი ასეთი მიდგომის ბრალია, რომ მასწავლებელი, ფაქტობრივად, უსაქმური გახდა, ხოლო მოსწავლე - უცოდინარი.
დაწესებულებების აპოლიტიკურ ორგანიზაციებად გამოცხადების ყბადაღებულ თემას მხოლოდ მივესალმები და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ყველაფერი სხვაგვარად არის. ეს თუ ასეა, მაშინ რატომ არის, რომ ამ აპოლიტიკური ორგანიზაციების ძირითადი ბირთვი სტუდენტები (ახლა იმასაც მოვესწარით, რომ მოსწავლეებიც კი), აქტიურ მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ პროცესებში და ოპოზიციის გვერდით დგანან ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში. ამიტომ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის კურსი და მისი ცხოვრებაში გატარება, პირველ რიგში, სასწავლო დაწესებულებებში უნდა ხდებოდეს. რაც მოსწავლე ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდასაც შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი ახალგაზრდობას გამოუმუშავებს პრაქტიკულ ცხოვრებაში საღად აზროვნებისა და შავის თეთრისაგან უშეცდომოდ გამორჩევის უნარს. რაც ნაწილობრივ მაინც გამოასწორებს და გააჯანსაღებს იმ გამრუდებულ აზროვნებას, რომელიც ტვინის გამორეცხვის მეთოდით, ბეჭვდითი პრესისა და რამდენიმე ოპოზიციური ტელევიზიის გავლენით, მოსწავლე ახალგაზრდობის საკმაოდ დიდ ნაწილს სისხლში აქვს გამჯდარი. 
ამავე მეთოდით დაანგრიეს უმაღლესი სასწავლებლებიც, საიდანაც დაუნდობლად გაყარეს და „ჩარეცხილებად“ გამოაცხადეს ის ცნობილი მხცოვანი პროფესორ-მასწავლებლები და აკადემიკოსები, რომლებიც ამ დამანგრეველ და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საზიანო რეფორმებს წინ აღუდგნენ და პროტესტი გამოთქვეს.
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს სტუდენტთა ცოდნის შეფასების ტესტური მეთოდი. რომელ ობიექტურ შეფასებაზეა ლაპარაკი, როდესაც შეფასების ამ მეთოდში წინასწარ არის დაშვებული ცოდნის არასრულყოფილი შეფასების, ანუ შემთხვევითობის 25%. ხშირია შემთხვევა, როცა უცოდინარი სტუდენტის მიერ ალალბედზე შემოხაზული პასუხები სწორი აღმოჩნდება ხოლმე. ეს მეთოდი მაშინ იქნებოდა გამართლებული, სტუდენტი შემოხაზული პასუხების სისწორეს წერილობითი მსჯელობის საფუძველზე რომ ამტკიცებდეს.
სამწუხაროა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში კონკურსი, ფაქტობრივად, აღარ არის. მისაღები კონტინგენტის გეგმა ბევრად აჭარბებს მსურველთა რაოდენობას, ეს კი აბიტურიენტებს შორის კონკურენციას გამორიცხავს და ხელს უწყობს ნაკლებად მომზადებული და შესაბამისი ცოდნის არმქონე აბიტურიენტების სტუდენტად გახდომას.
მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებისგან ცოდნის მოთხოვნის დონე იმდენად მინიმალურია, რომ საკვირველია, ასეთი დაბალი ცოდნით აბიტურიენტები სტუდენტები როგორ ხდებიან. ეს კი, თავისთავად, მდარე ხარისხის სპეციალისტების მომზადების წინაპირობაა.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დროს ჩაჭრილი მასწავლებლების პროცენტული რაოდენობა, რომელმაც არნახულ ციფრს, საშუალოდ, 87%-ს მიაღწია. ამან საზოგადოებაში ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ტელევიზიით გამოვიდა მაშინდელი პარლამენტის „კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე“ გოკა გაბაშვილი და განაცხადა: „შემდგომში, სასერთიფიკაციო გამოცდებზე მასწავლებლებისათვის საგამოცდო მოთხოვნის მარჟა დავწიოთო“. ნაცვლად იმისა, რომ განგაში აეტეხა და სამაგალითოდ დაესაჯათ, ან გაეკიცხათ მაინც იმ უნივერსიტეტების რექტორები, რომლებმაც დაუშვეს და ასეთი წუნიანი პროდუქცია მიაწოდეს განათლების სისტემას, მკაცრი ზომები მიეღოთ ამ უნივერსიტეტებში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, ან ეს მასწავლებლები მაინც გადაემზადებინათ, ასეთი განაცხადება გაკეთდა. ამის შემდეგ რომელ მასწავლებელთა მომზადების ხარისხის ამაღლებაზე და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზეა ლაპარაკი. 
უნივერსიტეტების არსებობა, მისი განვითარება და პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასები სტუდენტების სწავლის საფასურზეა დამოკიდებული. ამიტომ უნივერსიტეტებში უფრთხილდებიან მათ რაოდენობას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სტუდენტები აკადემიური ჩამორჩენილობის გამო სასწავლებლებიდან არ გარიცხონ. ამიტომ არის, რომ ეს მაჩვენებელი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უნივერსიტეტიდან თითქმის ამოღებულია. ადრე კი უმაღლეს სასწავლებლებში გარიცხულებს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სწორედ აკადემიურად ჩამორჩენილი სტუდენტების რაოდენობა იყო. ამჟამად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც აკადემიური ჩამორჩენილობისა და არც შინაგანაწესის დარღვევისათვის თითქმის აღარავის რიცხავენ, სტუდენტები უნივერსიტეტებიდან მხოლოდ სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო ირიცხებიან. ეს ყველაფერი სტუდენტებმა ძალიან კარგად იციან და ყოველივე ამას სათავისოდ იყენებენ, რომ როგორმე უსწავლელად გამსვლელი ქულები მოიპოვონ და ასე წვალებ-წვალებით დაამთავრონ უნივერსიტეტი.
ცალკე თემაა სტუდენტების ლექცია-სემინარებზე თავისუფალი დასწრება, რაც ძალზე უარყოფითად მოქმედებს მათზე საგნის სრულყოფილად ათვისების კუთხით. მე მესმის, რომ უნივერსიტეტი ამას კეთილშობილური მიზნით აკეთებს და სტუდენტს ხელს უწყობს, სწავლასთან ერთად იმუშაოს და შეჭირვებულ ოჯახს სწავლის ქირის გადახდაში დაეხმაროს. მაგრამ ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა სამუშაო უნდა შეუთავსონ სწავლას და არა პირიქით, როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება. სტუდენტის მუშაობა ინდულიგენცია არ უნდა იყოს ქულების მიღებისას, რასაც ასეთი სტუდენტები ხშირად მიმართავენ და, შეღავათის მისაღებად თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ ხოლმე. ამიტომ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია, სტუდენტთა ლექცია-სემინარებზე დასწრება სავალდებულო გახდეს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს საგნის ათვისების ხარისხს და საგრძნობლად აამაღლებს მიღებული ცოდნის დონეს. 
ძვირფასო ხელისუფალნო, თუ გინდათ, რომ განათლების სისტემამ დაიბრუნოს ძველი დიდება, რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი მაინც დააფინანსეთ, რომ ისინი სტუდენტებზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი!
მესმის, რომ ამის გაკეთება არც თუ იოლია, მაგრამ მაინც ეცადეთ და რაღაცნაირად მოახერხეთ, ამ მეტად მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხის მოგვარება. ამით სტუდენტთა ცოდნის დონეც ამაღლდება და, ქვეყნის სახალხო მეურნეობაც ამ უნივერსიტეტებიდან მათთვის საჭირო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებსაც მიიღებს. მხოლოდ ასე შეიძლება ქვეყნის აღმავლობა და ეკონომიკური წინსვლა. სხვა შემთხვევაში, ქვეყანა ვერაფრით განვითარდება და კარგა ხანს მოგვიწევს განვითარებადი და ჩამორჩენილი ქვეყნის სტატუსის ტარება. 
სწავლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით სკოლებში 12-წლიანი სწავლებით ხელოვნურადაა გაბერილი სასწავლო გეგმა, რომელიც თავისუფლად შეიძლება გაიარო ათ წელიწადში და მთელი ორი წელიწადი ტყუილად არ დაკარგო. მით უმეტეს, საყოველთაოდ ცნობილია ის სამწუხარო ფაქტი, რომ მე-12 კლასში სწავლა საერთოდ არ არის. ასე დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს ჩვენთან მოქმედი ერთ დროს მსოფლიო მასშტაბით უძლიერესი, გერმანია-ავსტრიის მოდელზე შექმნილი განათლების სისტემა.
ჩემი ასეთი შეფასება გაზვიადებული და ზედმეტად გადაჭარბებული რომ არ მოგეჩვენოთ, აქვე მოვიყვან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის მიერ ჩვენი (საბჭოთა) საგანმანათლებლო სისტემის მისეულ პოზიტიურ შეფასებას. როდესაც1961 წლის 12 აპრილს, როცა საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირელი კოსმონავტი გაუშვა, ამ არნახულ წარმატებას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა, მათ შორის პრეზიდენტი კენედიც, რომელმაც დანანებით აღნიშნა: “საბჭოელებმა ამერიკელები კოსმოსურ შეჯიბრებაში სკოლის მერხთან დაამარცხეს. ჩვენ, ამერიკელებმა, მათი განათლების სისტემის გამოცდილება უნდა გადმოვიღოთ”. 
განათლების სისტემაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „ექსპერტების“ თემა, რომელიც არამარტო განათლებაში, არამედ სხვა დარგებშიც ძალზე მოიკოჭლებს და პრობლემურია. მოგვიმრავლდნენ თვითმარქვია ექსპერტები, რომლებიც თავიანთ თავს „ექსპერტებს“ უწოდებენ, მაგრამ მათი მომზადების პროფესიული დონე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არიან განათლების პროფესიონალი მუშაკები, მხცოვანი პროფესორ-მასწავლებლები სოლიდური მუშაობის სტაჟით, მაგრამ ისეთ დიდ პატივს სცემენ ექსპერტთა ინსტიტუტს, რომ ისინიც კი ვერ ბედავენ, თავიანთ თავს ექსპერტი უწოდონ. ეს „თვითმარქვია ვაიექსპერტები“ კი ისე ფაროსანასავით მომრავლდნენ საქართველოში, რომ წამდაუწუმ თვალში გვეჩხირებიან და ზოგჯერ ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, პირდაპირ შეგრცხვება კაცს.
მგონი, ნაციონალების ბუდედ ქცეულ ილიაუნში „მოღვაწეობს“ და „დიდ ექსპერტად“ მოაქვს თავი, იმ დიდი სიმონ ჯანაშიას მოსახელე, ვინმე სიმონ ჯანაშიას. განათლების დამანგრეველი და მისი მიწასთან გამასწორებელი კახა ლომაიას ზეობის პერიოდში, ეს კაცი განათლების სამინისტროში ერთ-ერთ საკვანძო სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ მის მიერ შემუშავებული პროგრამების წყალობით განადგურდა განათლების სისტემა და მკვეთრად დაეცა სწავლების დონე სკოლებში.
თუ გვინდა, რომ განათლების სამინისტრომ ჯეროვნად იმუშაოს და დაიბრუნოს ძველი დიდება, მინისტრებად უნდა ინიშნებოდნენ არა პოლიტიკური, არამედ პროფესიონალური ნიშნით, დარგის კარგად მცოდნე და დიდი გამოცდილლების მქონე განათლების მუშაკები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გამოსწორდეს ის სავალალო მდგომარეობა, რაც დღევანდელ განათლების სფეროში სუფევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ძველებურად დარჩება.
იმასაც მოვესწარი, რომ განათლების სისტემა ქვეყნის მასშტაბით ისეა გამასხარავებული და აბუჩად აგდებული, რომ „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიის კლიპში ვიღაც უწიგნური და გაუნათლებელი „გოგოშკა“ იმასაც ამბობს, რომ „ოთხი წელი უნივერსიტეტში ვიარე, მაგრამ მაინც „გირჩისაგან“ უფრო მეტი ვისწავლე, ამიტომ ხმას „გირჩს“ ვაძლევო“. ერთ რამეში ამ პატარა გოგოს ნამდვილად ვეთანხმები - მას უნივერსიტეტში კი არ უსწავლია, მხოლოდ უვლია, რაც ფრიად საგანგაშოა. კი მაგრამ, თუ არაფერს სწავლობდა ოთხი წელი უნივერსიტეტში როგორ გააჩერეს და კურსიდან კურსზე როგორ გადაჰყავდათ?! აქ მხოლოდ ორი შემთხვევა შეიძლება განვიხილოთ: ან უნივერსიტეტს ჰქონდა ისეთი სუსტი და არაფრისმომცემი სასწავლო პროგრამა, რომ ამ გოგონამ იქედან ვერაფერი ცოდნა ვერ მიიღო; ან პროგრამა კარგი იყო, მაგრამ მან ვერაფერი ისწავლა, მაინც კურსიდან კურსზე გადაჰყავდათ და სპეციალისტის დიპლომსაც გამოჰკრა ხელი. სამწუხაროდ, აქედან არც ერთი ვარიანტია მისაღები და არც მეორე. შედეგი კი ის არის, რომ ასეთი „ხელგამოკრული“ დიპლომიანი სპეციალისტებით გაივსო ქვეყანა და საპროტესტო აქციები. ამ პატარა გოგოს მაგალითიც საკმარისია იმისათვის, რომ დარწმუნდე, თუ როგორი დამცირებული და გაბითურებულია ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა. 

ომარ გოცაძე
პროფესორი 
555 33-55-36