გია იაკობაშვილი: ახალი კონსტრუქციული ოპოზიციის ფორმირება იწყება!

გია იაკობაშვილი: ახალი კონსტრუქციული ოპოზიციის ფორმირება იწყება!

გვესაუბრება საინფორმაციო 
სააგენტო „ფორ.ჯი“-ს 
დამფუძნებელი 
გია იაკობაშვილი:

_ ბატონო გია, 4 ოქტომბერს ოპოზიციას მშვიდობიანი დამხობის სცენარი ჩაუვარდა. რა იყო დაგეგმილი და რას გადავრჩით?
_ ეს მარტივად სასაუბრო თემა არ არის. გადავრჩით იმას, რასაც საქართველოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გადავრჩენილვართ _ ქვეყნის განადგურებას. მათ რომ გაემარჯვათ, რამდენიმე წელიწადში ქვეყანა აღარ იარსებებდა _ მოქალაქეების საუკეთესო ნაწილი ზოგი ქვეყნიდან გადაიხვეწებოდა, ზოგიც ფიზიკურად ცოცხალი აღარ იქნებოდა. ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე თუ ვისაუბრებთ, მგონი, თავადაც არ იცოდნენ, რა უნდოდათ. არც საბოლოო მიზანი ჰქონდათ განსაზღვრული. ახალგაზრდები, ვინც ამ ამბოხში მონაწილეობდნენ, ნაწილი დაფინანსებული იყო და რისკებზე არ უფიქრიათ, დანარჩენები მძაფრი თავგადასავლების მაძიებელნი იყვნენ. მოკლედ, კანტორა არეულ-დარეული იყო _ არც ხელმძღვანელები უვარგოდათ, არც გეგმა ჰქონდათ. სიმართლე გითხრათ, თავად ჯარისკაცებზეც საკმაოდ ცუდი წარმოდგენის ვარ _ საბოლოოდ, ყველაფერი პრეზიდენტის სასახლის დაცვას დააბრალეს, სუსტი იყოო. ვერ გავიგე, ხელისუფლებამ რა უნდა ქნას _ გარშემო თხრილი გააკეთოს, შიგნით სანგრები გათხაროს, დენი გაატაროს, თუ რა?! 
ხომ აცხადებდნენ: ოთხ ოქტომბერს ვიწყებთ და იმ დღესვე ვამთავრებთო. ჰოდა, მთლად ოთხში ვერ დაიწყეს, უფრო შარშან ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ დამთავრებით კი ნამდვილად დამთავრდნენ. და ამ ეტაპს ჰქვია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დასრულდა და ახლა კონსტრუქციული ოპოზიციის ფორმირების პროცესი იწყება. ამის დამადასტურებელი ისიც არის, რომ მინიმალური რაოდენობით, მაგრამ საკრებულოში მაინც შევლენ ახალი ძალები, მათ შორის, გახარიას პარტია, კონსერვატორები და, შედეგად, ოპოზიციური აზრის ფორმირება დაიწყება, ოღონდ, ეს ქვეყანას და ქართველ საზოგადოებას სასიკეთოდ უნდა წაადგეს. თუმცა, სირთულე იმაშია, რომ ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ახალი ოპოზიცია ისევ და ისევ გახარიასა და ხაზარაძის გუნდებისგან უნდა შეიქმნას, რომელთაგან რეპუტაცია არცერთს არ უვარგა. 
მე თუ მკითხავთ, ახალაიას, ზოდელავას, ბურჭულაძის „აღიარებები“ ხშირად უნდა აჩვენონ, რათა ყველა მიხვდეს, რომ ისინი სერიოზული პოლიტიკოსები ან ადამიანები კი არა, უბრალოდ, ბოდიში ამ გამოთქმაზე და, ჩვეულებრივი ქვეშაფსიები არიან. დიახ, ჩვეულებრივი ქვეშაფსია მასხარები არიან. 
„ნაცმოძრაობა“ და ეს ვითომ საპროტესტო მოძრაობა იმან კი არ დაასრულა, რომ 4 ოქტომბერს მშვიდობიანი დამხობა ჩაუვარდათ, არამედ იმან, რომ საზოგადოებამ დაინახა, რა დონის იდიოტები, მიუნჰაუზენები, უპასუხისმგებლოები, აფექტურები და არაფრისმაქნისები არიან. აი, ამან დაასრულა მათი „კარიერა“. დიახ, ნაცების 25-წლიანი ისტორია ბაჩო ახალაიას განცხადებამ დაასრულა _ გული მტკივა, ამ პროცესების ეპიცენტრში რომ არ ვიყავი და სახლში ვიჯექიო. ასევე, სანიკიძის განცხადებამ: მეგონა, ზოდელავა სახლში იყო წასულიო. ხალხმა დაინახა, რომ ნაცებს ხმა კი არ უნდა მისცე, არამედ ხმა არ უნდა გასცე! ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ოთხმა ოქტომბერმა დაგვანახა. მათ კრახს სრული კმაყოფილებით ვუცქერდი.
ჩვენი ძირითადი მიზანი საკუთარი ქვეყნის მიხედვა და ამ ვითარებაში გადარჩენაა. დიდი გეოპოლიტიკური ვეშაპები თავად დალაგდებიან. ჩვენ ის ტყვია არ უნდა ვიყოთ, რომელსაც ისინი გაისვრიან. ხელისუფლება აბსოლუტურად ადეკვატურად იქცევა და ასეც უნდა გააგრძელოს. მით უმეტეს, აგენტურული ქსელი, ეს მავნებლები, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანას ხრავდნენ, დასრულდნენ და ახლა შეგვიძლია, შიდა პრობლემებს მშვიდად მივხედოთ. მთავარია, საფუძველს, რაზეც ეს აგენტურა დგას _ ნჯო-ებს, ლაგამი ამოედოთ. კარგია, რომ მათთან ბრძოლის მექანიზმად გამჭვირვალობის კანონი გვაქვს, რაც მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შავ ხვრელებს ყოველთვის იპოვიან. 
სამწუხაროდ, ეს გარეწარი ნჯო-ები ახალ-ახალ გარეწრებს ზრდინ, ისინი კი ხან პოლიტიკურ პარტიებს აკომპლექტებენ, ხან ზონდერჯგუფებს, რომლებიც მერე რუსთაველის გამზირს კეტავენ და ხან პარლამენტის შენობას უკიდებენ ცეცხლს, ხან პრეზიდენტის რეზიდენციას. ჩემი ცხოვრების 25 წელი ამ ნჯო-ების წინააღმდეგ ბრძოლას მივუძღვენი. ჩემი აზრით, სანამ ისინი არ დასრულდებიან, ბრძოლა დასრულებული არ არის. დიახ, მალე „ნაცმოძრაობა“ ამ ფორმით, ამ სახელით აღარ იარსებებს. საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო მათი აკრძალვის განაჩენს გამოიტანს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, გველს გველი თუ არ ერქმევა და ასპიტი გახდება, ის თავისი ბოროტი საქმის გაკეთებას მაინც შეეცდება. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ეს ნჯო-ები წარსულს თვითონ ჩაბარდებიან, მთავარია, კონსტრუქციული, რეალური ოპოზიცია შეიქმნას, რომელიც ხელისუფლებას ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს. რადგან აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. 
_ რას იტყვით ახალგაზრდებზე, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც პარტიების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ეს დაკარგული თაობა როგორ დავიბრუნოთ?
_ მე მათ ვერც თაობას დავარქმევ, ვერც სტუდენტებს, ვერც ადამიანებს. ისინი ვიღაც მაძუნგალები, ძუნძგლიანები არიან, რომელთაც უნდათ, რომ მათი თაობის, საზოგადოების სახელით ილაპარაკონ, მაგრამ მათთან კამათიც შეუძლებელია, იმდენად გამარგინალდნენ. 
არასდროს დამავიწყდება 2013 წლის წყალდიდობა, რა დროსაც სტუდენტები ნიჩბებით, ბარებით გამოვიდნენ და „მზიურის“ ტერიტორია დაასუფთავეს. ამაში მთელ სტუდენტობას არ მიუღია მონაწილეობა, სადღაც 50-100 ახალგაზრდა იქნებოდა. მერე რამდენიმემ განაცხადა: ეს დღეები „მზიურის“ ტერიტორიას ვასუფთავებდით და გამოცდები ჩაბარებულად ჩაგვითვალეთო. ეს რამდენიმე იდიოტმა, უსინდისომ, უვიცმა და ზარმაცმა თქვა. ყველას ასე ხომ არ უფიქრია. იგივეა, ახლაც, რუსთაველზე 200-300 ახალგაზრდა დგას, რომელთაგან, დაახლოებით, 50 დაფინანსებულია, 100-150-ს შეიძლება თავგადასავლები წყურია. 
დაახლოებით 100 ათასამდე სტუდენტი გვყავს. რას სწავლობენ ცალკე თემაა, მაგრამ სტუდენტები ხომ ჰქვიათ. ასე რომ, რამდენიმე აკაცუკი პრობლემად არ მიმაჩნია. პრობლემა ჩვენი განათლების სისტემაა. მე როგორც ვსწავლობდი სკოლაში, შეიძლება არ მომწონდა, მაგრამ ფაქტია, ეს შედეგს, ცოდნას იძლეოდა. უნივერსიტეტებიდან ცოდნა გამოგვქონდა. დღეს წარმოუდგენელი რამ ხდება _ გამოცდებზე ეკითხებიან: 2X2 რამდენია 4, 5, 6 თუ 7-იო და ეს უნდა შემოხაზონ, რასაც იდიოტიც კი გააკეთებს.
_ როგორც აღმოჩნდა ალასანიას და სხვა უნივერსიტეტებში ახალგაზრდების დატრენინგება ხდებოდა. 
_ მე ეროვნული მოძრაობის დროს ვიყავი სტუდენტი და რომ მახსენდება, რამდენი სისულელე გვიკეთებია, მეცინება. მაგრამ ჩვენ ამ სისულელეებს უანგაროდ ვაკეთებდით, ამაში ფულს არ ვიღებდით, მავნებლები არ ვიყავით. ახლა სტუდენტს ფულს აძლევენ და ეუბნებიან: წადი, პარლამენტი გადაწვიო. აბა, ვინ დაიჯერებს, რომ სტუდენტი ბაზრობაზე მიდის და ასაფეთქებლებს, აირწინაღებს ყიდულობს. მას ეს ყველაფერი უყიდეს. სტუდენტი სვამს შეკითხვას: მოლოტოვის კოქტეილს თუ ვისვრი, მერე ამით მე რაო? დამკვეთიც ეუბნება: აი, შენ 100 ლარი და საქმეს მიხედეო. დიახ, ამ ფულს საკუთარი ქვეყნის გადაწვაში იღებენ. მას იდეურად რომ სჯეროდეს, პარლამენტზე ცეცხლის წაკიდებით ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს, კიდევ ჯანდაბას, დაჯდები და საპირისპიროში დაარწმუნებ. მაგრამ როცა ამას ადამიანი ფულისთვის აკეთებს, მისი დარწმუნება შეუძლებელია, იგი პირდაპირ ციხეში უნდა შეაგდო, როგორც ახლა აკეთებენ. იქ რომ მოხვდებიან, მერე იწყებენ წუწუნს, შარდის ანალიზების ფრიალს, არიქა, ექიმი მოგვიყვანეთ, ცუდად ვართ, წნევა გვაქვსო. ერთი წელი რუსთაველზე რომ ეყარნენ და უწყვეტი პროტესტის 300 დღით ამაყობდნენ, მაშინ რატომ არ იყვნენ ცუდად?! თან გაიძახიან: სინდისის პატიმრები ვართო. სინდისის პატიმრები კი არა, არამედ საკუთარი უსინდისობის, უტვინობის ტყვეები არიან.
_ როგორ აფასებთ, პროფესორ მარინა ჩიტაშვილის მოსაზრებას 4 ოქტომბრის დამხობასთან დაკავშირებით?
_ ძალიან გთხოვთ, ახლა რასაც გეტყვით, ეს სიტყვები აუცილებლად დაწერეთ: მარინა ჩიტაშვილი ერთი უბადრუკი პიროვნებაა, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო და „ახალგაზრდა კომუნისტის“ ფურცლებიდან ეროვნულ მოძრაობას ებრძოდა. ახლა ერთი გაბოროტებული ქალია, რომელიც რაღაცნაირად აღმოჩნდა ჯერ ერთ ტელევიზიაში, მერე მეორეში, მერე გაზეთში და ნელ-ნელა მისი გაპიარება მოხდა, თორემ არც ჭკვიანია, არც გონიერი, არც პროფესიონალი და არც სინდისის ნატამალი გააჩნია. ჩვეულებრივი ნჯო-შნიკია. ხომ არსებობენ ბებერი თაღლითები, მაგალითად, ჯაფარიძე და ხაზარაძე, ჩიტაშვილი ბებერი ნჯო-შნიკია.
_ გოგი ჩახუნაშვილის დაკავებას აქტივისტების აღშფოთება მოჰყვა: სად გაგონილა მოხუცის დაჭერა ან ბავშვის დასჯაო. ეს რა სინდრომია?
_ ასაკი ან პროფესია ინდულგენცია არ არის. ჩვენ ვნახეთ ექიმების აქცია, რომელთაც ჩახუნაშვილის დაკავება გააპროტესტეს. დაკავებულებში ვინმე სანტექნიკოსი რომ აღმოჩნდეს, სანტექნიკოსებმა უნდა გააპროტესტონ, სანტექნიკოსის დაჭერა არ შეიძლებაო?! ისე ჩამოყალიბდა, არსებობს რაღაც ელიტა, ფენა, რომელსაც თურმე არ უნდა შეეხო _ მსახიობს, ზვიად რატიანს, რომელიც პოეტია და უფლება ჰქონია პოლიციელს სცემოს, აგინოს. მზია ამაღლობელი, რომელსაც ჟურნალისტს უწოდებენ, სინამდვლეში კი დაფინანსებული აგენტია, უფლება აქვს, პოლიციელს სილა გააწნას. მეც ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამის უფლება არ მაქვს, რადგან, იუესაიდიდან, გერმანიის საელჩოდან არ ვფინანსდები.
_ ევროსტრუქტურებიდან მუდმივად გაისმის, მედიის უფლებები იზღუდებაო.
_ მე ვერ ვატყობ, რომ ოპოზიციური მედია რაიმეთი იზღუდება. ევროსტრუქტურებმა ისიც ხომ გვითხრეს: დავით კეზერაშვილი და ნიკა გვარამია მედიამენეჯერები არიანო. აქ უკვე კომენტარი ზედმეტია. ამის შემდეგ ნებისმიერი რამ, რასაც ევროსტრუქტურები იტყვიან ქართული მედიის შესახებ, თითქოს საქართველოში მედიის უფლებები ილახება, პირდაპირ შეგვიძლია მივიღოთ, როგორც უსინდისო სიცრუე.

თამარ შველიძე