აშშ-ს აზიასა და ევროპაში მტაცებლად მიიჩნევენ

აშშ-ს აზიასა და ევროპაში მტაცებლად მიიჩნევენ

მსოფლიოს პოლიტიკური საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. უკვე ერთი თვეა, სპარსეთის ყურეში საომარი ვითარებაა, რამაც არამარტო რეგიონის, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დააზარალა. საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე მკვეთრი რყევებია; თითქმის მთელ მსოფლიოში საგანგაშოდ გაძვირდა ნავთობპროდუქტების, ძირითადად, ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასები. ფაქტობრივად, კრიზისული სიტუაცია შეიქმნა.
ექსპერტ-ანალიტიკოსები შეშფოთებით აცხადებენ, რომ ირანთან ომი დროში თუ გაიწელება, ენერგოკრიზისმა შესაძლოა მსოფლიოში სასურსათო კრიზისი და საყოველთაო შიმშილობაც გამოიწვიოს. მიზეზი ცნობილია – ირანელებმა ორმუზის სრუტე გადაკეტეს და მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ტანკერებს აძლევენ გადაადგილების საშუალებას. მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ფერმერებს არ შეუძლიათ შეიძინონ საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი საგაზაფხულო სამუშაოების საწარმოებლად. ამის გარდა, შეინიშნება სასუქის დეფიციტი, რომლის გარეშეც ფერმერები საკმარისი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანას ვერ შეძლებენ.
ამასობაში ახლო აღმოსავლეთში ომი ახალ ფაზაში გადავიდა. ირანელებმა ახალი იარაღის გამოყენება დაიწყეს, რომლის არსებობაზეც აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვამ არაფერი იცოდა. შედეგად, ირანი აქტიურ შეტევებს ახორციელებს მეზობელ ქვეყნებში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და მათ საგრძნობი ზარალი მიაყენა. ამიტომაც პენტაგონი იძულებული გახდა, რამდენიმე სამხედრო ბაზიდან პერსონალი უსაფრთხო ადგილებში გაეყვანა. ამის გარდა, ირანი აქტიურად უტევს ისრაელის ქალაქებს. ე. წ. რკინის თაღმა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ საჰაერო დაცვის საშუალებად მიიჩნევდნენ, საჰაერო შეტევებს ვერ გაუძლო და ისრაელის ქალაქებში სულ უფრო ხშირად ისმის აფეთქებების ხმა.
ისრაელის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა ირანის გარდა შეტევა ლიბანზეც დაიწყო, – ასე აფასებენ სამხედრო ექსპერტები მომხდარს. მოკლედ, ისრაელი ერთდროულად ორ ფრონტზე იბრძვის, რაც ისრაელის მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ისინი სულ უფრო ხშირად აწყობენ აქციებს ომის დასრულების მოთხოვნით. თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, თუ საჭიროდ მიიჩნევს, ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას გასცემს.
მძიმე ვითარებაა შექმნილი ისრაელის იმ ქალაქებში, რომლებიც ლიბანთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. თავად ნეთანიაჰუ ძირითადად სამთავრობო ბუნკერში იმყოფება და ნაკლებად აინტერესებს საკუთარი მოსახლეობის ბედი. ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ თუ ვინმეს აწყობს რეგიონში ომი, ეს ისრაელია, რომლის ხელისუფლების მიზანია, ეკონომიკურად დაასუსტოს მეზობელი არაბული ქვეყნები, რათა რეგიონში დომინანტი გახდეს.
ტრადიციულად უცნაურ განცხადებებს აკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რამდენჯერმე ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანი უკვე დამარცხებულია, მისი ხელისუფლება – განადგურებული. გასულ კვირას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისთან. გაჩნდა შეკითხვა, თუ ყველაფერი ისეა, როგორც მან განაცხადა, მაშინ ვისთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს? შეკითხვას პასუხი ირანელებმა გასცეს – არავითარი მოლაპარაკება აშშ-სთან არ მიმდინარეობს. ვიდრე ომს არ შეაჩერებენ და მიყენებული ზარალის საფასურს არ გადაიხდიან, მანამდე დიალოგი არ იქნება.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანის ენერგოსისტემაზე შეტევებს შეაჩერებს 6 აპრილამდე. მანამდე გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ირანს შუამავლების მეშვეობით გადასცა 15-პუნქტიანი გეგმა, ფაქტობრივად, ულტიმატუმი, სადაც ერთ-ერთი მთავარი ბირთვულ პროგრამაზე უარი, ორმუზის სრუტის გახსნა და სხვა საკითხებია. სამაგიეროდ, ვაშინგტონი სანქციების მოხსნას შეპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა შეთავაზებული წინადადება არ მიიღო.
„თეირანი არ აპირებს, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები ვაშინგტონისა და თელ-ავივის წინააღმდეგ“, – განუცხადა ირანელ ჟურნალისტებს ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის ანონიმმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ირანმა უკვე მიაღწია მთელ რიგ მიზნებს. „თუ აშშ-ს და ისრაელს სურთ ომიდან გასვლა, ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. ირანელი სამხედროები მზად არიან შეტევების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ჩინოვნიკმა.
ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას აპირებდა. „ვაშინგტონმა არც კი უნდა განიხილოს ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობა, – განაცხადა აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკმა დენიელ დევისმა, – ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია ქვეითი ჯარების საჭირო რაოდენობა, რაც სახმელეთო ოპერაციისთვის იქნება საჭირო. თუ ჩვენი სისულელით ირანის ტერიტორიაზე შეჭრის ბრძანებას გავცემთ, იქაური რელიეფის წყალობით, რაც ირანელებს უპირატესობას აძლევს, ისინი უბრალოდ გაგვანადგურებენ“, – დაწერა მან სოცქსელებში. მისივე აზრით, სახმელეთო ოპერაცია ირანში თეთრი სახლისთვის კატასტროფა იქნება.
პორტალ „აქსიოსის“ ინფორმაციით (შეგახსენებთ, აღნიშნულ გამოცემას მჭიდრო კავშირი აქვს თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან), პენტაგონმა უკვე დაიწყო საზღვაო ქვეითების გადასროლა სპარსეთის ყურეში. ტელეკომპანია „სიენენი“ იუწყება, რომ ირანი კუნძულ ხარკზე თავდაცვის ზღუდეებს აძლიერებს. ტელეარხის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ გააფრთხილა აშშ, რომ კუნძულზე თავდასხმის შემთხვევაში „ფერფლად აქცევენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ნავთობისა და გაზის საბადოებს“.
საგულისხმო ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალი „ნაციონალ ინტერნეტი“. „მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის განცხადებით, ირანი დამარცხებულია, „ისლამური სახელმწიფო“ განაგრძობს მოწინააღმდეგისთვის ზიანის მიყენებას. რეგიონში არსებული აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა გამოუსადეგარია. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა არაეფექტური აღმოჩნდა“, – წერია პუბლიკაციაში. მასალაში, ასევე, ნათქვამია, რომ აშშ-ს, ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, აზიასა და ევროპაში მტაცებლად მიიჩნევენ და არა საიმედო მოკავშირედ. „ახლა დონალდ ტრამპი კუნძულ ხარკის დაპყრობას აპირებს. იგი ოპერაციას „ირანზე ბოლო დარტყმად“ მიიჩნევს, მაგრამ განხორციელდება თუ არა კუნძულზე შეტევა, სხვა საკითხია“, – ასკვნის სტატიის ავტორი.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა“ შტაბის განცხადებით, მათ საუდის არაბეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე რამდენიმე თვითმფრინავი გაანადგურეს, მათ შორის – საჰაერო ტანკერები, ერთი სარადარო-სადაზვერვო თვითმფრინავი, რაც აშშ-ისთვის დიდი დანაკარგია.
იმავე დენიელ დევისმა გასულ კვირას კვლავ გააფრთხილა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ: „ირანს შეუძლია, ხაფანგი დაუგოს აშშ-ს სამხედროებს, თუ პენტაგონი საკუთარი ქვეითი ჯარების კუნძულზე გადასხმას დაიწყებს ან ორმუზის სრუტეს მიუახლოვდებიან“, – აცხადებს სამხედრო ექსპერტი და იქვე განმარტავს: „სავარაუდოდ, ირანელები დაუშვებენ ამერიკელი სამხედროების კუნძულზე გადასხმას, რის შემდეგაც მათ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების დარტყმის ქვეშ მოაქცევენ. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვაშინგტონში კონფლიქტის სურვილი არ გაუქრებათ. ამით ირანი ცდილობს, აშშ-ის სახმელეთო ჯარებს სასიკვდილო ხაფანგი დაუგოს“.
უთანხმოება აშშ-სა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ღრმავდება. ევროპის ქვეყნების მეთაურების განცხადებით, სპარსეთის ყურეში არსებული კონფლიქტი მათი ომი არ არის და არ აპირებენ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას. ამიტომაც განაცხადა გასულ კვირას დონალდ ტრამპმა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა შეწყვიტოს ნატო-ს მხარდაჭერა. „ჩვენ ასეულობით მილიონ დოლარს ვხარჯავდით ნატო-ს მხარდაჭერისა და დაცვისთვის. ჩვენ ყოველთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების გვერდში ვიყავით, მაგრამ ახლა, მათი მოქმედებებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საჭირო აღარ არის მათ გვერდით ყოფნა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მაიამიში გამოსვლისას. იმავე ღონისძიებაზე თეთრი სახლის ლიდერმა ხმამაღლა გაჟღერა თავისი სურვილი – „ისტორიაში დარჩეს, როგორც დიდი მშვიდობისმყოფელი“. მისი განცხადებით, პრეზიდენტობის პერიოდში უკვე 8 ომი შეაჩერა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. „მე მართლა მჯერა, რომ მშვიდობისმყოფელი ვარ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, თუმცა ირანში დაწყებული ომის შესახებ არაფერი უთქვამს.
როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში უახლოეს მომავალში, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ექსპერტ-ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასები მკვეთრად გაიზრდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც საგანგაშოა. მით უფრო, როდესაც რუსეთმა პირველი აპრილიდან უნდა შეწყვიტოს ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი.
იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო ყველა სირთულეს გაუმკლავდება.

გია ბურდული