მიწის რესურსები – ეროვნული უსაფრთხოების, იდენტობისა და სოციალური სტაბილურობის საძირკველი
სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. სამწუხაროდ, დღეს სოფლების დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებლებისგან დაცლილია; სოფლად მხოლოდ მხცოვანი ადამიანები დარჩნენ, ახალგაზრდებმა კი დედაქალაქს ან უცხო ქვეყნებს მიაშურეს. არადა, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ეკონომიკური კუთხით, ქვეყნის კეთილდღეობის მთავარი საყრდენია.
რა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ხელისუფლებამ სოფლის ასაღორძინებლად, მიწის მართვის როგორი სისტემაა საჭირო, როგორ მოვიქცეთ, რომ მიწამ კვლავ „დედის“ ფუნქცია დაიბრუნოს, რას მოუტანს ქვეყანას ეკონომიკის ახალ ფაზაში გადასვლა, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „საერთო გაზეთს“ საკუთარ მოსაზრებებს ეკონომისტი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა უზიარებს.
თემა და საკითხები, რომლებიც მიწას უკავშირდება, მუდმივად აქტუალურია, გონებრივ განსჯასა და დაფიქრებას ითხოვს. მისგან მოდის ყველა სიკეთე, სარჩო-საბადებელი, ან მის წიაღშია ყველაზე ძვირფასი, რაც კი მყარად არსებობს და ადამიანს, საზოგადოებას სჭირდება. ამიტომაცაა ის „დედა“. თუმცა მას ძალიან ცუდად, არასათანადო მზრუნველობით ვექცევით.
ყველაზე მეტად საინტერესო ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილი და აქტუალურად განსახილველია მისი, როგორც ბუნებრივი რესურსის ეკოლოგიურ-ეკონომიკური ბუნება.
მიწას სრულიად გამორჩეული თავისებურებები გაჩნია. იგი შრომის შედეგი არ არის. მაგრამ ერთდროულად არის შრომის ობიექტიც და შრომის საგანიც. მიწის რაოდენობა შეზღუდულია. ხარისხობრივადაც არაეთგვაროვანია, არც გადაადგილდება.
მსოფლიოში ჩამოყალიბდა მიწის, განსაკუთრებით კი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შემცირების ტენდენცია. საქართველოში ამ პროცესმა საგანგაშო ხასიათი მიიღო.
მიწა, როგორც წარმოების ფაქტორი, ეკონომიკაში წამყვანი რგოლის ფუნქციას ასრულებს. მასთან განუწყვეტლივ „თანასაქმიანობენ“ ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა: შრომა, კაპიტალი, მეწარმეობრივი უნარი, ინტეგრირებული ცოდნა, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება, ამიტომ მიწის ეფექტიანობა, არა მხოლოდ მასზეა (როგორც ბუნებრივ რესურსზე) დამოკიდებული, არამედ იმაზეც, თუ როგორ მუშაობს მთლიანად სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სისტემა, რამდენად სინქრონიზებულია მის ელემენტებს შორის ურთიერთკავშირები.
მიწა, როგორც სპეციფიკური საქონელი, საზოგადოებრივი ურთიერთობისა და საკუთრების ობიექტია. მონაწილეობს ყიდვა-გაყიდვაში და გააჩნია ღირებულებითი მახასიათებლები (მიწის გადასახადი, საიჯარო ქირა, ნორმატიული საბაზრო ფასები და სხვ.) მიწა ტერიტორიული (სივრცობრივი) ბაზაცაა. მასზეა განლაგებული საცხოვრებელი შენობები, სამრეწველო, სატრანსპორტო ნაგებობები, სოციალური დანიშნულების ობიექტები. ამ სივრცეში წყდება მოსახლეობის აღწარმოების, საწარმოო ძალების განვითარების და სხვა პრობლემები.
ამრიგად, მიწა მრავალმიზნობრივი ფენომენია, რომელიც ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ გარდაქმნებზე უმნიშვნელოვანეს ზემოქმედებას ახდენს. ტერმინი „მიწა“ როგორც ბუნებრივი რესურსი, ინტეგრირებული სისტემაა, მოიცავს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში პროდუქციის (ნედლეულის) წარმოებისათვის გამოყენებად ფართობს (იგულისხმება ნიადაგი), არამედ ტყეს, წყლის და რეკრეაციულ რესურსებს, წიაღისეულს, განსაზღვრულ გეოგრაფიულ მდებარეობას (სახელმწიფო საზღვარს), საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ სივრცეს (შენობებს). მიწის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - ნიადაგი სასურსათო უზრუნველყოფის ძირითადი საფუძველია; სასარგებლო წიაღისეული ქვეყნისთვის მრავალდარგოვანი მრეწველობის განვითარების საწინდარია; სასოფლო-სამეურნეო ნედლეული (ფლორისტული და ფაუნისტური რესურსი) ხმარდება კვების, მსუბუქი, ფარმაცევტული მრეწველობისა და სხვა დარგების განვითარებას; რეკრეაციული რესურსების რაციონალური გამოყენება ზრდის ტურიზმის, საკურორტო მეურნეობის განვითარების მასშტაბებს; გეოეკონომიკური ფაქტორი ამაღლებს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას (მონაწილეობს საერთაშორისო კაპიტალის შექმნაში); საცხოვრისი გარემო უშუალოდ არის დაკავშირებული ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტასთან; ეკონომიკისა და სოციალური სფეროს ობიექტების რაციონალური განლაგება ხელს უწყობს შრომის დანაწილების პროცესის გაღრმავებას; ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო ნაწილს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სტატუსი აქვს და უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვითი უნარიანობის ამაღლების, მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ღონისძიებათა განხორციელებას.
ამდენად, მიწა არის ყველა ქალაქის, დაბის, სოფლის, სახლის ადგილ-სამყოფელი. იგი არის სურსათის, სამშენებლო მასალებისა და წარმოების, ნახშირის, გაზის, ნავთობის, ნაკადულების, მდინარეების და სხვა საჭირო რესურსების წყარო და ადამიანის საქმიანობის საფუძველი. სახლები და ქარხნები, ტყეები და ფერმები, გზები და რკინიგზები, შახტები და წყალსაცავები – ყველა ეს მიწაზეა დაფუძნებული. იგი გვთავაზობს განვითარებისა და აღმოჩენებისთვის უსასრულო შესაძლებლობებს. მიწა სიმდიდრის ერთადერთი წყაროა.
ინტერესმოკლებული არ იქნება, მოკლედ გავეცნოთ კაცობრიობის განვითარებაში მიწის როლის შესახებ მკაფიოდ გამოხატულ ზოგიერთ მოსაზრებას, რომელიც სხვადასხვა დროს გამოითქვა, მაგრამ შინაარსობრივად პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა (აქვს) ამჟამად ქვეყანაში მიწის რესურსული პოტენციალის კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და შესაბამისი დასკვნების ფორმულირებისათვის.
ჩინელი ლაო-ძის (მე-VI-V საუკუნეები ჩვ.წ. აღრიცხვამდე) ფილოსოფიის თანახმად, სახელმწიფოს კეთილდღეობის საფუძველია: მიწა, ხალხი, მართვა;
ასევე, მსოფლიოში ფართოდაა ცნობილი ინგლისელი ეკონომისტის ი. პეტის (მე-17 საუკუნე) შეხედულება: „შრომა არის სიმდიდრის მამა, დედა კი – მიწა“;
დიდი ილია ამბობდა: „ტყუილად კი არ ეძახიან მიწას „დედაო“, ის გვაწოვებს ჩვენ ძუძუსა, იმას დავხარით დღე და ღამ, ჩვენი ჭირიც და ლხინიც ის არის“;
გულში ჩამწვდომია გალაკტიონისეული მოწოდება: „მშობლიურო ჩემო მიწავ“. მასში მიწა წარმოდგენილია, როგორც ერის გენეტიკური სოციალურ-კულტურული ფენომენი. იგი დღევანდელი თაობისათვის ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალის გამაერთიანებელი მზნებარე ფიცია: „მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს სიმართლეს, სისხლით ნაპოვნ გზებს დავიცავ“!
ასეთი შესავლის შემდეგ, უპრიანია სამ მთავარ კითხვას გავცეთ პასუხი: როგორ ვიყენებთ მიწის რესურსულ პოტენციალს, ე.ი. როგორია მიწის მართვის დონე; როგორ „დედობას“ უწევს ქართული მიწა იმ სიმდიდრეს (სოფლის მეურნეობის პროდუქტი), რომელსაც იგი საზოგადოებას აწვდის და რატომ განელდა მიწის მოვლის მიმართ პასუხისმგებლობა?
ქვეყნის ეკონომიკა განვითარების ახალ ფაზაში შევიდა
სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად და ზიგზაგისებურად მინდინარე ტრანსფორმაციული პროცესების განვითარების დღევანდელ ეტაპზე, მთელი სიმწვავით გამოვლინდა საქართველოს სამი მთავარი სტრატეგიული შესაძლებლობის - ბუნებრივი რესურსების, შეძენილი გეოეკონომიკური ფუნქციისა და „მილევადი“ სამეცნიერო პოტენციალის, რაციონალურად და ეფექტიანად, კომპლექსურად და თანმიმდევრულად გამოყენების აუცილებლობა. ამ სამივე სტრატეგიული შესაძლებლობის ერთდროულად და ერთიან სივრცეში ეფექტიანად ამოქმედება, საგანგებო ამოცანათა რიგს მიეკუთვნება. ესაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ახალი ეტაპის პერსპექტივა.
საჭიროა მიწის მართვის ისეთი სისტემა (სტრატეგია), რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიწის რესურსების გამოყენებას. ეს დააჩქარებს ეკონომიკისა და სოციალური სფეროს კომპლექსურ განვითარებას, განმსაზღვრელ როლს შეასრულებს ეროვნული ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ფორმირებასა და ეფექტიან ფუნქციონირებაში.
ვჩივით, რომ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ...
მიწის რესურსების გამოყენების პრობლემებს საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ ეტაპზე საზოგადოების, სახელმწიფოს და მეცნიერების მხრივაც სათანადო ყურადღება არ მიექცა. ერის ცხოვრებაში საბედისწერო ნაბიჯი გადაიდგა – პოლიტიკურ ილუზიურ ხედვებს აყოლილმა საზოგადოებამ, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა მთავარი ეროვნული სიმდიდრე – მიწა. იგი დატაცების „ნივთად“ იქცა და დაუზოგავად „ჩაჭრეს-ჩამოჭრეს“. დღეს მესაკუთრეთა დიდი ნაწილი მიწას არც ამუშავებს. მოსალოდნელმა შედეგმაც არ დააყოვნა. მიწების სპონტანურად, შესაბამისი სამართლებრივი ბაზისა და სტრატეგიის გარეშე „პრივატიზაციამ“ გამოიწვა ფართობების ფრაგმენტაცია და მრავალნაკვეთიანობის მაჩვენებლის ზრდა. წვრილ ოჯახურ მეურნეობებს, რომლებზეც მოდის სოფლად საბაზრო სუბიექტების საერთო რაოდენობის 99%, საშუალოდ (2014 წ.) 1,22 ჰექტარი მიწის ფართობი გააჩნია, ნაკვეთების რაოდენობა - 2,33, ერთი ნაკვეთის საშუალო ზომაა 0,52 ჰექტარი. ერთ ჰექტარზე ნაკლებ ფართობს ფლობს მიწათმოსარგებლეთა 73%, 1-დან 5 ჰა-მდე – 25%, 5 ჰა-ზე მეტს – 2%. ისინი აწარმოებენ ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის, ხილის, ბოსტნეულის, ყურძნის, ციტრუსების 90%-ზე მეტს.
(გაგრძელება იქნება)

