დიდი პატივია, ვახტანგ ხარჩილავას გამოზრდილი ჟურნალისტი გერქვას
ძნელია, წარსულ დროში საუბარი ადამიანზე, რომელიც უფლისგან მამულის, მოყვასის, სიყვარულის უზადო ნიჭით იყო დაჯილდოებული. უსაზღვროდ უყვარდა სამშობლო და სამშობლოც სიყვარულით პასუხობდა. მისი მთავარი საფიქრალი ყოველთვის ქვეყნის ბედ-იღბალი იყო. სწორედ ამიტომაც დაებადა იდეა და გაზეთში საკმაოდ საპასუხისმგებლო რუბრიკის _ „ბედი ქართლისა“ შექმნა, რომლის გაძღოლაც მე დამაკისრა.
უკვე ოთხი წელია, ბატონი ვახტანგი ზეციური საქართველოდან დაგვყურებს... თითოეული თანამშრომელი იმ რწმენით ვართ, რომ ყოველ ოთხშაბათს იქ, ზეციურ საქართველოში ჩვენთან ერთად ზეიმობს და ხარობს მისი პირმშოს, „საერთო გაზეთის“ ახალი ნომრის გამოსვლით.
მის გარდაცვალებამდე ყოველი ოთხშაბათი დილა, ჩემთან ბატონი ვახტანგის ზარით თენდებოდა. პირველი, რასაც მეკითხებოდა: თამარ, ნახე გაზეთი, აბა, როგორი გამოვიდაო და ვიწყებდით ერთმანეთისთვის აზრების გაზიარებას. ეს ტრადიცია არც გარდაცვალების წინა დღეს დაურღვევია, ცუდად იყო, მითხრა: წნევა მითამაშებს, ვერ არის ჩემი საქმე კარგადო, მაგრამ პირველი მაინც ის მკითხა, ხომ კარგი ნომერი გამოვუშვითო.
17 მარტი ვახტანგ ხარჩილავას დაბადების დღეა. ალბათ, გაზეთის ამ ნომრის გამოცემას განსაკუთრებით ელოდება, იქ ხომ მისი მეგობრების, თანამშრომლების ტკბილი მოგონებები დახვდება.
ბატონი ვახტანგი 2008 წლის ოქტომბერში გავიცანი, ჩვენი საერთო მეგობრის რეკომენდაციით, მასთან სამუშაოს დასაწყებად მივედი. მომავალ წელს 9 აპრილის ნომერში ამ დღისადმი დაწერილი ბატონი ვახტანგის ლექსი „უხმლო ლაშქარი“ გამოქვეყნდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის ლექსი იყო, რომელიც ბავშვობაში 11 წლის ასაკში, სკოლაში 9 აპრილისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე წავიკითხე. ეს ამბავი სულმოუთქმელად მოვუყევი, გაუხარდა: რას ამბობ, თამარ, აი ხედავ, წლების მერე თავად პოეტს შეხვდი და მისი გამორჩეული ჟურნალისტიც გახდიო. ვერ აგიწერთ, როგორი სიამაყის გრძნობა დამეუფლა ამ სიტყვების გამგონეს.
გასახსენებელი ძალიან ბევრია, მაგრამ ერთ ისტორიას მოვიგონებ. გულის ოპერაცია ორი-სამი თვის გაკეთებული მაქვს და მეუღლესთან ერთად რამდენიმე დღით სოფელში წავედი. მირეკავს ბატონი ვახტანგი: თამარ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა დაბრუნდე და რეზო ამაშუკელთან წახვიდე ინტერვიუზეო. ბატონო ვახტანგ, ხომ იცით სოფელში ვარ, ინტერვიუზე როგორ უნდა წავიდე-მეთქი, _ მივუგე გაოცებულმა. ვიცი, კაცო, ვიცი, მაგრამ ახლა დამირეკა რეზომ და ხომ იცი, უარს ვერ ვეტყვიო. ფარ-ხმალს არ ვყრი და ვეუბნები: კი, მაგრამ მანდ, ჩემს გარდა ექვსი ჟურნალისტია და ყველა ქალაქში იმყოფება... არც კი დამამთავრებინა: კარგი, ახლა თამარ, რეზოსთან ინტერვიუს შენს მეტს ვერავის ვანდობ და სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო. ბოლოს შევთანხმდით, რომ საღამოს წამოვიდოდი. ასე მივადექი ბატონ რეზოს სოფლიდან გამოქცეული ინტერვიუზე ჩემოდნებით.
მეამაყება, რომ ბედისწერამ სწორედ „საერთო გაზეთს“ და ამ დიდებულ ადამიანს, ბატონ ვახტანგს დამაკავშირა. ერთხელ, ელიზბარ ჯაველიძემ მითხრა: როგორ მშურს და გული მწყდება, ჩემი კი არა, ვახოს გამოზრდილი რომ ხარო. მართლაც დიდი პატივია, ვახტანგ ხარჩილავას გამოზრდილი ჟურნალისტი გერქვას, კაცისა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ჟურნალისტიკაშიც და პოეზიაშიც, თავისი უბადლო ნიჭის წყალობით.
თამარ შველიძე

