ქართული სიტყვის ერთგული მცველი

ქართული სიტყვის ერთგული მცველი

ვახტანგ ხარჩილავა იმ ქართველთა ელიტურ საზოგადოებას მიეკუთვნება, გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან მხრებით რომ შეუდგნენ დიდ ქართულ მწერლობას და მისი კლასიკური გზიდან გადაუხვევლად პატიოსნად ზიდეს ეროვნული მუხტის მატარებელი ეს დიდი და საპატიო ტვირთი.
ბატონ ვახტანგთან შეხვედრა სრულიად ახალგაზრდას, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასწყისში მომიწია, მაშინ, როცა ცოცხალ მწერლებთან ურთიერთობა არც ისე იოლი იყო. ბატონი ვახტანგი 40-45 წლისა იქნებოდა, მაგრამ უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილი პოეტი იყო. 
ახალგაზრდა პოეტი პირველი წიგნის გამოცემას ვაპირებდი და გამომცემლობა „მერანის“ შენობაში მივაკითხე ბატონ ვახტანგს. დღემდე მახსოვს მისი მეგობრული შეხვედრა და მოფერება. ის იყო ჩემი პირველი წიგნის რედაქტორი და მთელი ცხოვრება მომყვება პირველი შეხვედრით გამოწვეული განცდა.
მას შემდეგ ჩვენი გზები მრავალჯერ გადაიკვეთა. 2013 წლიდან კი, როცა მწერალთა ეროვნული აკადემია დავაფუძნეთ, უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა ჩვენი ურთერთობები. ყოველთვის მაოცებდა მისი პოეტური სენტენციები და სამშობლოსადმი სისხლხორცეული დამოკიდებულება. მისი პოეზიის სამყაროში თითოეული ახალი წიგნი თავის გზას საკუთარი ხმითა და განცდით იკვლევდა, რომელიც მკითხველს თავის განსაკუთრებულ სამყაროში მოგზაურობას სთავაზობდა. მისი ლექსები თითქოს მეხსიერების, სიზმრისა და რეალობის საზღვარზე იბადებოდა, სადაც სიტყვა მკითხველს ფიქრისა და ემოციის ახალ სივრცეში ყოფნას აიძულებდა.
დიახ, ბატონი ვახტანგ ხარჩილავა თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ და ღირსეულ წარმომადგენლად. იგი იყო და დარჩება არა მხოლოდ ნიჭიერ პოეტად, არამედ ქართული სიტყვის ერთგულ მცველად და ადამიანად, რომლისთვისაც ლიტერატურა ცხოვრების არსებითი ნაწილი იყო.
ბატონ ვახტანგს განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართულ ჟურნალისტიკაშიც – იგი იყო „საერთო გაზეთის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. იგი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართული სიტყვის კულტურას, აზრის თავისუფლებასა და ლიტერატურულ ცხოვრებას. მისი საქმიანობა მუდამ გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და ნამდვილი ინტელიგენტის ღირსებით. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აშუქებდა პრობლემატურ საკითხებს, ამხელდა ბოროტ ძალებს და მთელ თავის ენერგიას სამშობლოს კეთილდღეობის საქმეს ახმარდა. მისი ჟურნალისტური საქმიანობა ყოველთვის გამორჩეული იყო სიმამაცითა და პრინციპულობით. გაზეთის ფურცლებზე იგი გულწრფელად და უშიშრად ეხებოდა იმ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებდა, იცავდა სიმართლესა და სამართლიანობას. მისთვის ჟურნალისტიკა მხოლოდ პროფესია არ ყოფილა - ეს იყო მსახურება ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.
ამავე დროს, იგი დარჩა პირველ რიგში პოეტად – ადამიანად, რომელიც განსაკუთრებული სიფაქიზით გრძნობდა სიტყვის ძალას. 
ვახტანგ ხარჩილავა იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთაც სიტყვა არა მხოლოდ შემოქმედების საშუალებად, არამედ ადამიანური ურთიერთობის ფორმადაც მიაჩნდათ. ამიტომაც განსაკუთრებულად ფასეულია მისი შემოქმედება და დღეს, როდესაც ვახტანგ ხარჩილავა უკვე აღარ არის ჩვენ შორის, მისი სახელი მუდამ დარჩება ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ სივრცეში, მისი პოეზია, ჟურნალისტური სიტყვა და მოქალაქეობრივი პოზიცია მუდამ შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიმართლისთვის ბრძოლა და სამშობლოს სამსახური. 
ჯუბა ღებელი


გასახსენებელი ბატონ ვახტანგთან დაკავშირებით, იცოცხლეთ, ბევრია. დასაწყისში მხოლოდ ვიტყვი, რომ იგი იყო და არის ადამიანი, რომელსაც სიღრმისეულად უყვარდა თავისი სამშობლო, ქვეყანა.
მხოლოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. რამდენიმე წლის წინათ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის იმდროინდელი კანცლერი ანგელა მერკელი იმყოფებოდა. ტრადიციულად, ვიზიტსა და პერსპექტივებზე ბევრი ვისაუბრეთ. სიმართლე გითხრათ, ერთობ კმაყოფილებით ვსაუბრობდი ესოდენ დიდი ვიზიტის მნიშვნელობაზე.
როგორც სჩვეოდა, დინჯად მომისმინა ბატომა ვახტანგმა, უჩვეულოდ ხანგრძლივი პაუხის შემდეგ კი მითხრა: „მე რომ ქვეყნის მეთაური ვყოფილიყავი, პირველ რიგში, ქალბატონ კანცლერს ბოლნისში ჩავიყვანდი, სადაც გერმანელები კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულო. ვაჩვენებდი, როგორ ცხოვრობდნენ ისინი, რას საქმიანობდნენ. ისტორიულ ფაქტებს მოვუთხრობდი. შემდეგ ჩავიყვანდი გორში და დავათვალიერებინებდი სტალინის სახლ-მუზეუმს, რომელმაც, ფაქტობრივად, გერმანელი ერი გადაარჩინა. დიახ, მან დაანაწევრა გერმანიის სახელმწიფო, მაგრამ ერი, მისი კულტურა შეინარჩუნა. მერე მივიყვანდი შევარდნაძის სასაფლაოზე, იმ კაცის სასაფლაოზე, რომელმაც გაყოფილი ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყანა გააერთიანა. ამის შემდეგ შევეკითხებოდი, თუ რას იმსახურებს ჩვენი ვითომ პატარა, მაგრამ დიდი ქვეყანა _ საქართველო“.
ყურადღებით ვუსმენდი. ბევრი რამ მისი ნათქვამიდან ჩემთვის მოულოდნელი და მრავლისმეტყველი იყო.
ასეთი გახლდათ ბატონი ვახტანგი, რომელსაც უყვარდა სამშობლო, თავისი კუთხე და ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს ამბობდა.

გია ბურდული