სიზმრად ვნახე ზახაროვა...

სიზმრად ვნახე ზახაროვა...

– სიზმრად ვნახე ზახაროვა, მითხრა: გეყო ტანჯვა, გლოვა, რაც დაკარგე, მას ნუ ეძებ, ის არ მოვა, აღარ მოვა, - სევდიანი ღიღინით შემოაღო კარები ერვანდამ და მაგიდაზე უხმოდ დადგა „ახტამარის“ ბოთლი.
– გლახო ზახაროვმა თუ მისმა ცოლმა?
– შენა გგონია, მე ჟენსკი და მუჟსკი როდებს ვერ ვარჩემ?
– აბა, რა გეტაკა?
– სლუში, შენ რა სუ ლოთიანები გაგონდება დამწვრისა, მარია ზახაროვა არ გაგიგიან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფიციალნი წარმომადგენელი?
– მერე? ომი გამოგვიცხადა? – ვუთხარი ღიმილით.
– უფრო ვარესი! – საჩვენებელი თითი აღმართა ერვანდამ.
– ომზე უარესი რაღაა? – ძალიან დავინტერესდი. 
– აგე! – ამოაძვრინა ჯიბიდან ნაბეჭდი ფურცელი და გამომიწოდა.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს, შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს,“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიმართულებით.
„ევროკავშირში გაწევრიანება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია,“- დასძინა ზახაროვამ.
ასევე ზახაროვას თქმით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება გამოიწვევს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას.
„ეს უბრალოდ ანტირუსული სანქციები არ არის - ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესდა. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას.
ამასთანავე, „რუსეთს მოუწევს - არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება გვსურს, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ მოგვიწევს, საქართველო არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანოთ და ჩვენი საპასუხო ეკონომიკური ზომები მასზე გავავრცელოთ“, - განაცხადა ზახაროვამ.
– ეს როდის თქვა, მე სად ვიყავი?
– პერცოვი ონჭევში!
– რა პერცოვი! შვიდჯერ გითხარი, პილპილი კი არა, პიპილეთის თემია-მეთქი!..
– ნუ, მანდ იყავი, ვაააჰ!
– ახლა გაიგო რუსეთმა ჩვენი „სწრაფვების“ შესახებ? რატომ თქვა, ჩვენებმა რამე წაისირთაოზეს?
– ნუ, შენმან ბიძაშვილმან სთქვა, რუსეთს არ დაველაპარაკებით, მინამ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებსო...
სლუში, კაი, ნუ დაელაპარაკებით, მარამ ვინ უნა უთხრას იმ რუსსა, რო ტერიტორიების დაბრუნებას ელოდებით, თორე ისე არ დაელაპარაკებით? 
ვა, იქნებ, ისინები სულაც ფიქრობენ, რო ვაბშემაც აღარ გინდათ ის ტერიტორიები? 
მიდით, რა, უთხარით: მაიტა, ტოო, ძმურად, დაგვიბრუნეთ ტერიტორიებიო, – იქნება და, ზედმეტიც მოგიზომონ. მა როგო გაიგონ, დაესიზმრება პუტინსა, რო ტერიტორიების დაბრუნება გინდათ?
სლუში, აი, დღესა, როცა რო ამირიკა თელი სოფლიოს თვალში მაგრად გაბანძებულია და ივროპა კიდე, უპატრონო ელამი კნუტივით თავი კურკლში გზას ვერ იგნებს, ეგ უნა თქო რო, რუსეთს არ დაველაპარაკებით, მინამ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებსო? ბებიჩვენისამ, შუაკაცად სი ძინპინს გამოუშვებენ, პაივცემულო, ძალიან კი გვეუხერხულება თქმა, მაგრამა, ტერიტორიები გვინდა დაგიბრუნოთ და, ეგების დაგველაპარაკოთ ხოლმე ზოგჯერ და ხანდისხანო...
– კაი, ჰო, ნუ გოდებ! 
– მე ვგოდებ? – რუსეთი გოდებს... დალშე წაიკითხე, ნახე ჭკუიანი ხალხი რას ანბობს!
„რუსეთმა სულ რომ არ შეიმჩნიოს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება და ტაშიც რომ დაგვიკრას, მაინც დაგვღუპავს ეს ნაბიჯი... 
Council Regulation (EU) No 833/2014) ეს არის ევროსაბჭოს რეგულაცია მიღებული 2014 წლის 31 ივლისს, სადაც აწესებს ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დესტაბილიზაციის გამო. 
რეგულაცია სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის!
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისას, რუსეთთან მიმართებაში ვალდებულება გვექნება, შევუერთდეთ ამ სანქციებს ევროკავშირის მოთხოვნის საფუძველზე! 
მოკლედ, ვინაიდან ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული რუსეთისთვის, ჩვენი გაწევრიანების შემთხვევაში, ვალდებული ვართ შევუერთდეთ ამ სანქციებს!
რისი ვალდებულება ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, რა გვექნება აკრძალული :
ექსპორტი და იმპორტი რუსეთთან (ანუ აგვეკრძალება რუსეთიდან საწვავის, ხორბლის და ა.შ. შემოტანა, ჩვენი პროდუქტების გატანა);
ფინანსური შეზღუდვები;
რუსულ ბანკებთან და კომპანიებთან ოპერაციები აიკრძალება;
ფინანსური ტრანზაქციები მკაცრად გაკონტროლდება;
„შემოვლის“ აკრძალვა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია;
საქართველო ვერ გახდება „შუამავალი ქვეყანა“ რუსეთთან ვაჭრობისთვის;
რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში შესვლა;
სანქციების გვერდის ავლა მკაცრად დაისჯება.
ბიზნესის კონტროლი –ქართულ ბიზნესს მოუწევს იმავე წესების დაცვა, რასაც ევროკავშირის ბაზარზე მოქმედი კომპანიები ექვემდებარებიან და სახელმწიფოს ექნება ვალდებულება, გააკონტროლოს ბიზნესი და დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს.
საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს თანხვედრაში ევროკავშირის საერთო ხაზთან, მათ შორის, რუსეთის საკითხში.
სანქციების მხარდაჭერა, საერთაშორისო ფორმატებში ერთიანი ხაზი, მაგალითად, ვალდებული ვიქნებით, დავეხმაროთ უკრაინას როგორც ფინანსურად ისე სამხედრო კუთხით...“
– წაიკითხევი? ჰოდა, ზნაჩიტ, რუსეთს კი არა, ევროკავშირს აქს მოთხოვნები პროტივ რასიი და აბიზალოვკაა ევროკავშირის ყველა წევრითვინ. თითონ რო არ ასრულებენ, ეგ არაფერია...
– ვერ არის კარგი ამბავი...
– საქმე მაგრა ფინთათ წავა თუ რომ აზრზედ არ მოვალთ...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, იცი, რა სია დადო? _ სადაც რო დრონებს აკეთამენ უკრაინითვინ, სუ ტოჩნი ადრესებია. ესენებიო, დღეიდან ჩვენი კანონიერი მიშენიებიაო. ბრიტანია, დანია, ლიტვა-ლატვია, პოლშა, ტურცია, ჩეხია,ფრიცები,მაკარონკები და გალანდსკი პეტუხები, სუ მუშკაზედა გვყვანანო.
არიფები ანბობენ, მსროლელი სიებს არ აკრავსო. ამათ ვანია არა სცნობიათ! რო გლიჯამს, კაკრაზ ამას უთხრამს, ვა, ხო ზარანეე გაგიკეთეთ პრედუპრეჟდენიაო და მართალიც გამოვა...
– ჩვენ კი ვართ აზრზე მოსულები დიდი ხანია, მაგრამ...
– სლუში, ვაპერვიხ, ჯერ ის ვერ გამიგიან, ნეიტრალიტეტი რათ არ გინდა? მერე მიორე – ფაშინიანი სულ რომ თბილისშიდ ჰგდია, ერთი, იმასა ჰკითხონ, რა უთხრა პუტინმა ბოლო ვიზიტის დროს მოსკოვში და რატომა ჰკნავის ეხლა, რო სომხეთის რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ალტერნატივა არა აქსო და ბოლოში – ა, ეხლა, გასპადინ კობახიდზემ გაგვიკეთოს დაკლადი, რა არი საქართველოსთვინ უფრო გლავნი ამბავი, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება თუ დაბრედილ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სიაფანდი ბაზარი! 
– ერვანდ, აბა, ამ რუკას დახედე!
– ჰო, რა იყო, ივროპაა...
– მეორე?
– რაღაც ორი ცალი ტოჩკაა, აჩკები არა მაქ და ხო იცი, ჩიჩმი არ მივარგა, ვერა ვხედამ რა აწერიან...
– ევროპას ხომ ხედავ – ეგ ევროპაა, ის „ორი ცალი ტოჩკა“ ბრიუსელი და სტრასბურგია...
– ტო, ტოჩკებს დავდემთ ამოტონა საქართველო და იმოტონა რუსეთმა მაგათვინ უნა დაგვადონ?
სლუში, ადნასტარონნი დვიჟენია გოროდში არ მიყვარს, არცა სიყვარულში და, რაღა ამ ზაპადის სიყვარულში უნდა შემეტენოს?
სუ ბოლომდინ წაიკითხე?
– ერთი პატარა აბზაცი დამრჩა: „მარია ზახაროვას თქმით, რუსეთისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება თბილისი მიისწრაფოდეს იმ გაერთიანებაში გაწევრიანებისკენ, რომლის წევრებიც საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ უწესებენ სანქციებს, პროვოცირებენ მას ახალ ანტირუსულ სამხედრო ავანტიურებზე და თითქმის ღიად უჭერენ მხარს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს!“ 
– ვოტ! ზურაჯან, იცი, რა მოთხოვნა მაქ? აი, ემ ბოლო სიტყვებზედ გვითხრან მაინცა, რო გვატყუებდენ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები არ ყოფილა ევროკავშირის მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული... გასქდა გული, გაწყდა ნერვი!
– მტკვარს გაუყევი საიათნოვასავით და მოგეშვება, – გასამხიარულებლად შევთავაზე ერვანდას და ნეტავ, ხმა არ ამომეღო, ხომ აღარ გაჩერდა და მეც ჩამითრია.
– შენ იცი, რო „მტკვარი“ „კურა“ არის?
– ვიცი.
– აბა, როგორა?
– შენ ის ანეკდოტი თუ იცი, ტიპმა რომ „ხარაკირიკურა“ გაიკეთა? – შევუბრუნე შეკითხვა.
– „ხარაკირი“ ვიცი, მაგრამ ეგ რაღაა, – მისთვის დამახასიათებელი უმწიკვლო მზერით შემომხედა და პაჭუა ცხვირი მოჭმუჭნა.
– ხარაკირი გაიკეთა და რომ არ გადარჩენილიყო, ბარემ მტკვარშიც გადახტა...
– ტიპ დურაკ! აბა, მტკვრისა უთხარი!
– ჩვენებურად „მტკვარი“ სათავეს იღებს თურქეთში, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე, კოლას ტაფობში, ზღვის დონიდან 2720 მ-ის სიმაღლეზე. საქართველოს ფარგლებში შემოდის ერუშეთის მთიანეთისა და ჯავახეთის ზეგანს შორის.
რუსეთს რომ აბრალებენ ყველაფერს, მასე ხომ არ არის საქმე მართლა – რუსი ამბობს ისე, როგორც ჰქვია და არა ისე, როგორც შენ დაარქვი შემდგომში შენს ტერიტორიაზე გამავალ მდინარეს.
„ცხრა ყმა კოლაელთა წამება“ შენ რატომ უნდა იცოდე, მაგრამ ქართველმა კი უნდა იცოდეს – კოლა იყო ისტორიულ საქართველოში, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.
სავარაუდოდ, „კურა“ უკავშირდება მხარის სახელწოდებას – კოლას.
მტკვარს პირველად ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ. წ. I და ახ. წ. I სს.) იხსენიებს კუროსის სახელწოდებით და აღნიშნავს, რომ ძველად მას კიროსს უწოდებდნენო.
ბერძნული ბოლოსართის „ოს” ჩამოშორების შემდეგ ფუძისეული სიტყვა კორ/კურ რჩება. „კურა” რუსულში, „ქურ” სომხურში, „ქიურ” აზერბაიჯანულსა და თურქულში. ყველა მათგანი ერთი ფუძისაგანაა ნაწარმოები.
– ვაჰ, რას არ გაიგებს კაცის ყური... 
– გოდებას თუ მორჩი, დაასხი!..
– და ევროსაიუზს ვაგინოთ, მოსულა?
– მოსულა!

ზურა ოშხერელი