მომავლის მომავალი
ნეტავ, ის გამაგებინა, ქართველ მღილებს რა უხარიათ, ორბანი რომ არჩევნებში დამარცხდა და პიტერ მადიარმა გაიმარჯვა, რომელიც ორი წლის წინათ ასევე ორბნის გუნდის წევრი იყო?!
უსამშობლოები ხომ არიან და, უპრინციპოებიც რომ არიან, ეს ცალკე ამძიმებს ამ ჩვენს დღენაკლულებს – ვითომ ტრამპის მხარდამჭერები არიან, არადა, სძულთ როგორც მათი პატრონების დამანგრეველი და ამიტომ, მისი პოზიციაც ფეხებზე ჰკიდიათ და თვით ტრამპიც – ბრიუსელს მორჩილი მადიარი უნდოდა უნგრეთში და ჰყავს კიდეც – ვაშა, მეგობრებოო!
შუა ზეიმში, უეცრად გია ნოდიას ტვინში მოეფხანა და მღილებს გამოუცხადა: ორბანი დაამარცხა მისივე პარტიის ყოფილმა წევრმა, რომელსაც ორბანის წარსულ „ცოდვებში“ უდევს წილი. ის არ არის „უმწიკვლო წარსულის“ ფიგურაო.
არ იმჩნევენ, თორემ მას შემდეგ მღილები ზიგზაგებით დაფუთფუთობენ, გაურკვევლობის მოლოდინი ზაფრავთ და ლუკა ჩანგელიას შეკითხვაზე მადიარის პასუხის მოსმენაღა ეჭირვებოდათ?
რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან. ხაზი მინდა გავუსვა – ის, რომ ვიქტორ ორბანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რომელიმე სახელმწიფოსთან, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას გავაფუჭებთ. მე ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან, – თქვა მარტივად გასაგები სიტყვებით კაცმა და ახლა, ცალკე მღილებმა არკვიონ და, ცალკე ჩვენ დავინახავთ, საქმით რას იზამს – სიტყვებს, დიდი ხანია, ფასი დაეკარგა...
ორბანი ოპოზიციაში რჩება, არსად არ აპირებს გაქცევას, როგორც ამას ჩვენთან აღმოცენებული ტვინნაკლული მღილები იმედოვნებენ, ხოლო წაგებით, ორბანმა კი არა, უნგრელმა ხალხმა რომ წააგო, თუ მადიარი მოწოდებით მართლა „ურსულასტანელია“, მალე გამოჩნდება – ევროკავშირმა უკვე ჩამოუწერა 27 ცალი პირობა მადიარს და უთხრა, გეთ ახლა და, შეასრულეო!...
კი, ევროკავშირმა აჯობა ამერიკა-რუსეთს, მაგრამ რაგინდ რუსთხელმწიფესთან დალაპარაკება აანონსოს პიტერმა, თუ „შიგევროპულად“ გაიტყლარჭა, პირველივე მცდელობაზე ისეთ რამეს მოისმენს, რომ თვალნათლივ წარმოიდგენს:
უნგრელები როგორ იყიდიან რუსულ გაზს და ნავთობს იმ ფასად, როგორადაც ევროპა ყიდულობს;
გარდა ამისა, მიგრანტების კვოტას შეავსებინებენ უნგრეთს;
ამასთანავე, უნგრეთის მიერ წარმოებულ იარაღს სრულად გადაამისამართებენ უკრაინაში.
კიდევ ბევრი რამ მოხდება, მათ შორის ისიც, რომ აშშ შეაჩერებს დაპირებულ ინვესტიციებს. ამასთანავე, უნგრეთს ისე მოექცევა ყველა, როგორც ექცევიან ევროლიდერებს, მადიარი კი ამას თუ ვერ შეეწინააღმდეგება, რადგან იგი სრულად დააფინანსა და შექმნა ევროკავშირმა, უნგრელი ხალხი საკუთარ ტყავზე რომ იგრძნობს ამ არჩევნებში საკუთარი არჩევანის შედეგს, ნეტავ, მერე რა იქნება? რომ ვიცოდე, როდის იყო გულწრფელი პეტერ მადიარი, როცა ორბანის გუნდში იყო ორი წლის წინათ თუ ახლა, იმასაც განვსაზღვრავდი, მერე რა იქნება...
მოკლედ, ჯერ წინ აქვს უნგრეთს არასასურველი გამოსვლები და გაურკვეველი მომავლის დალაგების მოთხოვნების პარალელურად წარსულის დაბრუნების მოთხოვნები, „გამიშვი და გამატარეები“, „ბიჭო, ხელი გამიშვი, შარვალს ნუ მახევ“ და წიწაკის სპრეით დაბრმავების სერიები დიდი დაპატიმრებებით.
ვიქტორ ორბანის პარტია რუმინული სცენარით დამარცხდა თუ უნგრელთა თავისუფალი არჩევანით, მნიშვნელობა აღარ აქვს უნგრეთისთვის, მაგრამ „ურსულასტანი“ რომ უფრო ძლიერ კონფრონტაციაში გადავიდა თეთრ სახლთან, ვიდრე ეს აქამდე იყო, ესეც ნათლად გამოჩნდება. ახლა ის არის დასაზუსტებელი, ძმა-პიტერი გეგმის მიხედვით ორბან-2-ია, ხოლო ვიქტორ ორბანი ურსულასტანის მესაფლავეა, თუ დასაწყისისთვის ასე თამაშობს მადიარი და უცბად აურევს.
ფაქტია, უნგრეთის ეს ახალგამომცხვარი პრემიერი აოცებს ყველას, – ჩვენ გავათავისუფლეთ უნგრეთი აშშ-ისა და ისრაელის კლანჭებისგანო; რუსეთთან ვიმეგობრებთო და ა. შ. არაერთი არაურსულასტანური მეტყველებით – მსგავსი მდარე შიგევროპული პოლიტდომხალი არ მახსენდება...
სიმართლე გითხრათ, ნამდვილად ასე ვფიქრობ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და მისი შედეგები უფრო არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, საკუთარ წევრზე გამარჯვებას რომ ზეიმობს ევროკავშირი – რა საცოდავად გამოშტერებულები ყოფილან…
რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოსა და აღმოსავლეთ ნაწილის მომავალს – ერდოღანი რომ ისრაელს ემუქრება, სულაც არ მიკვირს. იმას რომ თავი დავანებოთ, რასაც მუსლიმი მოსახლეობის გაერთიანება ჰქვია და არა „ფულისმჭრელი არაბი ელიტები“, ომის გორგალში ლოგიკურად გამოიწვერა თურქული თავი.
ერდოღანი ჭკვიანია, იცის, რომ ირანის შემდეგ თურქეთის საკითხი დადგება დღის წესრიგში – დიდი და საომრად სახიფათო ნატო-ს წევრი თურქეთის არსებობა დღეს უკვე იმავე ნატო-ში აწუხებთ.
თავის დროზე მაჩანჩალა და მშიერი თურქეთი დაჩქარებულად იმიტომ მოასულიერეს, დაავაჟკაცეს, გაწვრთნეს და ნატო-ში შეარბენინეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საომრად უნდოდათ რუსეთისგან 28-ჯერ მიბეგვილი ავი მახსოვრობით, მაგრამ საზრიანი, ფრთხილი და ცბიერი ოსმალო ადვილი მოსაჩანგლი არ არის.
ერდოღანმა არცთუ დიდი ხნის წინათ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი მეგობრობა იცის ე. წ. დასავლეთმა და ისიც იცის, რომ ისრაელი პატარა, მაგრამ აშშ-ის ის ფილიალია, რომელიც განგრენასავით არის განვითარებული აღმოსავლურ სხეულზე. შიიტური და სუნიტური დაყოფა გვერდზე იწევს, როდესაც საფრთხე მუსლიმანურ სამყაროს ემუქრება. ეს თქვა სწორედ ერდოღანმა. ეს აშკარა მოწოდებაა ისლამური სამყაროს გართიანებისკენ, რაც უდიდეს ძალად გადაიქცევა.
მუსლიმური თურქეთი და ირანი რეგიონული მეტოქეები კი არიან, მაგრამ ახლა, როდესაც გამოიკვეთა, რომ პატარა ისრაელმა დიდი ამერიკის ზურგით ყველას თავზე მოჯდომა წამოიწყო, თურქეთმა მიდგომა შეცვალა.
ირანმა არა მხოლოდ წინააღმდეგობისა და გაუტეხელობის მაგალითი აჩვენა, დაამცირა კიდეც აშშ და თურქეთიც აიქოჩრა – აშშ-ს ვერა, მაგრამ მის ფილიალ ისრაელს გაუბედა და ჯერ მხოლოდ სიტყვიერად მოთხარა. თურქეთისთვის ახლა კარგი დროა, რომ ამღვრეულ წყალში სათავისო თევზი დაიჭიროს და ამიტომ იწვევს ისრაელს – ნეთანიაჰუს ერთი წამოკიდება და ისრაელი დამთავრებული ამბავია. თურქეთს ქურთების თემაც ადარდებს და იცის, ირანი თუ დაშალეს, თურქეთის ჯერი მოვა, ამიტომ იძულებულია, ირანს დაუჭიროს მხარი.
წინასწარმეტყველება მახსენდება და ამიტომ არ მინდოდა ეს მომხდარიყო, მაგრამ მუქთახორა აშშ ხომ ტვინით კი არა, მუცლით აზროვნებს – ამერიკამ, ზესახელმწიფომ, ამჯერად ირანში ჩასვრით შეარყია ის შიში, რაც მუსლიმანურ სამყაროს ჰქონდა ქრისტიანული სამყაროს მიმართ სამხედრო-ტექნიკური განვითარების გამო, რაც საკმაო აგრესიულ ქმედებებს ბლოკავდა. შესაბამისად, კიდევ უფრო აგრესიულს გახდის როგორც მებრძოლ ისლამისტებს, ისე არამუსლიმანურ ქვეყნებში შესეულ თავხედ მიგრანტებს.
ფანტაზიის სფეროა, მაგრამ საუკეთესო იქნებოდა, საქრისტიანოში სოლიდარობა ყოფილიყო, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან შეთხზული ამბებით გამიზნულად გამოტენილი ადამიანების ტვინები გაშეშებულ მდგომარეობაშია და კიდევ დიდხანს იქნება ასე, რადგან ჯეროვნად აზროვნება არ შეუძლიათ.
საქრისტიანოს გაერთიანება კი არა, ის ქვეყნები, რომლებიც ქრისტიანულად მიიჩნევა, ღიად თუ ფარულად, არა მხოლოდ ქრისტიანობას და სახელდობრ მართლმადიდებლობას, არამედ, ზოგადად, ღვთაებრიობას და მის ყველა მიმდევრობას ებრძვიან; ისიც თვალსაჩინოა, რომ ეს სახელმწიფოები ღმერთის საწინააღმდეგო წესებითაც ღიად იწონებენ თავს და მსოფლიოში მათ გავრცელება-დამკვიდრებას ცდილობენ...
შეთხზულმა ამბებმა დაარქვა ისრაელს „სატანის აგარაკი დედამიწაზე“ და ამიტომ გახდა შეუძლებელი საქრისტიანოს გაერთიანებაც, რასაც დაერთო დაუნდობელი კაპიტალიზმიდან გამომდინარე, თეთრი რასის მესაფლავე ჩინეთის გამოზრდა და გაძლიერება.
მაო ძედუნისა და სტალინის ინერციით, ჯერჯერობით, რუსეთი აკავებს და აბალანსებს ჩინეთის საფრთხეს და მერე რა იქნება, აღარ ვიცი.
ერთი რამ მიკვირს, რატომ „აბრალებენ“ ამ ორს რამენაირ მეგობრობას, როცა ვიაჩესლავ მოლოტოვი და გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი სკრუპულოზურად აღწერენ იმ დროის მდინარებას შეულამაზებელი დიალოგებით – სტალინი მაოს ბოლოკს უწოდებდა, გარედან წითელია, შიგნით თეთრია, მაგრამ ამას ვერ იხილავ, სანამ არ გათლიო და აღარ ჰქონდა „ბოლოკისადმი“ ნდობა.
იდექი ახლა და იმკითხავე, ყვითელი რასა გახდება დედამიწის მბრძანებელი თუ მუსლიმანური სამყარო...
საქართველოს კი სხვა არაფერი დარჩენია, – დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, დროული და კატეგორიული „არა!“
სამეზობლოში – საქმიანი, საერთო ინტერესებსა და ურთიერთნდობაზე დამყარებული ორმხრივი მეგობრობა ყველასთან, არავის გამოკლებით!
გეოპოლიტიკური მდებარეობა და მეზობელი ქვეყნები ის მოცემულობაა, რომელსაც ვერაფრით შეცვლი, ვერც თითების პარჭყვითა და თავსმოხვეული რევოლუციებით, ვერც ქვის ხანაში დაბრუნებით, ან რაღაც ორგანიზაციებისკენ სწრაფვით, მით უმეტეს – უმძრახობით!..
მაია ჭელიძე

