ნანა კაკაბაძე:რა მნიშვნელობა აქვს, მოსკოვს დაუჩოქებ, ბრიუსელს თუ ვაშინგტონს?

ნანა კაკაბაძე:რა მნიშვნელობა აქვს, მოსკოვს დაუჩოქებ, ბრიუსელს თუ ვაშინგტონს?

გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:

– ქალბატონო ნანა, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნის თანახმად, რომის სტატუტის სახელმწიფოებს მოუწოდეს, საქართველოში არსებული ვითარება განიხილონ და რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქმე ჰააგის ტრიბუნალს გადაეცეს.
– მსგავსი კრიტიკული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ქვეყნის იმიჯს აზიანებს, მით უმეტეს, როცა მსგავს შეფასებას ისეთი სტრუქტურები აკეთებენ, როგორიც ეუთო, ევროსაბჭო ან ევროპარლამენტია. ეუთოს დასკვნას სხვა ვითარებაში ქართული და საერთაშორისო საზოგადოებაც სხვაგვარად შეხედავდა, მაგრამ ახლა განსხვავებული სიტუაციაა. კერძოდ, ვიცით, რომ უფლებადაცვითი მექანიზმები, ევროპული ინსტიტუტები, განსაკუთრებით, ლიბერალური ფრთის მხრიდან, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება და არა მათი რეალური ფუნქციის შესაბამისად. საქართველოს პოლიტიკური ნიშნით სჯიან, რადგან ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაება, ხოლო ქართველ ხალხს იმისთვის, რომ მან „ქართული ოცნება“ არ დაამხო. აი, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე იშვა ეუთოს დასკვნა.
მთავარი ისაა, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე ხალხს, ხელისუფლებას. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან გამომდინარე, მასზე ზეწოლები ხორციელდება. კერძოდ, ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ მივისწრაფვით. არადა, ღიად გვეუბნებიან, რომ ჩვენს იქ მიღებას არავინ აპირებს. მეტიც, არ ვიცით, რა ბედი ელის მოკლე ხანში თავად ნატოსა და ევროკავშირს. თუ იშლებიან, მაშინ ჩვენ სადღა მივისწრაფვით?! უდაოდ დასაფასებელია, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება შეძლო, მაგრამ დასუსტებულ, სახელგატეხილ, დაშლის პირას მყოფ ევროპულ ინსტიტუტებთან პოლიტიკური კეკლუცობა და იმის ძახილი, „კურსი ევროინტეგრაციააო“, მართებულად არ მიმაჩნია. საქართველოს ცალსახად რომ ეთქვა, ამ სტრუქტურებში აღარ ვერთიანდებითო, ასეთ დასკვნებს ვეღარ დაგვიდებდნენ.
მაგრამ რა ხდება, როცა ევროკავშირს ვეუბნებით, შენს ოჯახში გაგვაწევრიანეო, ის გვპასუხობს: ჩემთან თუ გინდა, ლგბტ პროპაგანდა აწარმოე, გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების და სხვა კანონები გააუქმე, სხვაგვარად ვერ მიგიღებო. ამიტომ ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ – გვინდა ასეთ გაერთიანებაში ყოფნა?! ვფიქრობ, ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს. ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს მიმართ შეურაცხმყოფელი მიდგომებით, მიმართვებით გამოირჩევიან (უკრაინა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი), ცალმხრივ მეგობრობას უნდა შევეშვათ. თუ ისინი საქართველოს მტრები არიან, ჩვენ მეგობრები ვერ ვიქნებით. ერთი მხრივ, გვლანძღავენ, გვაგინებენ, გვმტრობენ, ჩვენ კი მეგობრობას ვუმტკიცებთ. ეს უსუსურობის გამოვლინებაა და არა კეთილშობილება ან დადებითი დემოკრატიული ზრახვები.
– ოპოზიცია გაერთიანდა და საპროტესტო ტალღის გასაძლიერებლად ემზადება.
– როდის იყვნენ დაშლილები, სულ გაერთიანებულნი არ არიან?! პოზიციები, მიდგომები ერთნაირი აქვთ. თუ ზოგი შედის პარლამენტში, ზოგიც – არა, ეს, უბრალოდ, ტაქტიკაა. ისინი ერთი სულისკვეთების, მრწამსის, ხელისუფლებაში ერთ ძალად მყოფი პარტიები არიან. სხვადასხვა სახელების დარქმევა დაშლას როდი ნიშნავს. განა ერთმანეთის საწინააღმდეგო ერთი ნაბიჯი მაინც გადადგეს?! როდის იყო ეს ცხრა პარტია სხვადასხვა პლატფორმაზე?! გაერთიანებული ალიანსი კრებსითი „ნაცმოძრაობაა“ – 9-წლიანი რეჟიმის ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციაში გადმოსვლისას დანაწევრდა, რათა მრავლობითობის იმიჯი შეექმნა.
– „ნაცები“ ახსენეთ და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უნდა შეწყდეს.
– „ნაცების“ აკრძალვას რაც შეეხება, ეს პროცესი აუცილებლად თავის დასასრულამდე უნდა მივიდეს. თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ დადო დასკვნა და ამას შედეგიც უნდა მოჰყვეს. ჩვენ სისხლიანი რეჟიმის გასამართლებას ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ვითხოვდით. მაშინ ახალმოსულ ხელისუფლებას ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ამის მოგვარება უმტკივნეულოდ შეიძლებოდა – „ნაცფაშისტებს“ პოლიტიკური საქმიანობა მინიმუმ ორმოცდაათი წლით უნდა აკრძალვოდათ. რაც შეეხება ეუთოს მოსკოვის მექანიზმს, ის ერთ-ერთი უმკაცრესია, რისი მიღებაც ქვეყნის წინააღმდეგ არის შესაძლებელი. მოსკოვის მექანიზმი სახელმწიფოზე ზემოქმედების ყველა უმკაცრეს ბერკეტს ითვალისწინებს, მათ შორის, გამოძიების დაწყებას, რის შედეგადაც შესაძლოა, საქმე უცებ ჰააგის ტრიბუნალს გადაეცეს.
თუმცა, მთავარი ისაა, რომ თავად ჰააგის ტრიბუნალი დისკრედიტირებული ორგანოა. მან ცოტა ხნის წინ პუტინის დაკავების ბრძანება გამოსცა, რაც შარჟის სფეროს მიეკუთვნება. ჰააგის ტრიბუნალმა ისეთი გადაწყვეტილება არ უნდა გამოიტანოს, რაც აღუსრულებელია. პუტინი მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ჰააგა კი მის დაპატიმრებას ითხოვს. მსგავსი მასხრად ასაგდები გადაწყვეტილებები ჰააგის ტრიბუნალის ქმედუნარიანობას და მის ავტორიტეტს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენთან მიმართებაში გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა კიდევ უფრო გაჭირდება, რადგან ბუნებაში არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰააგის ტრიბუნალზე გადასაცემი დანაშაული აქვს ჩადენილი. თუ იქამდე დავლენ, რომ მტკიცებულებების გარეშე სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებენ და განაჩენებს ასე გამოიტანენ, ეს ამ ორგანოს კიდევ უფრო სასაცილოს გახდის.
– მათ ეჭვი ტრანსნაციონალურ დანაშაულზე – აქციაზე ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასა და წამებაზე გამოთქვეს. მოსკოვის მექანიზმი 1991 წლიდან მოქმედებს და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ რატომ არ აამოქმედეს?
– იმიტომ, რომ თქვეს: „ონ სუკინ სინ, ნო ნაშ სუკინ სინ“-ო. დიახ, სააკაშვილი და მისი მმართველი პარტია მათი „სუკინ სინები“ იყვნენ. ამიტომ მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ არანაირ მექანიზმს არ იყენებდნენ. მეტიც, საზოგადოება გმინავდა, ხალხი ციხეებში წამებით იხოცებოდა, დასავლეთი კი, ბუშის მეთაურობით, მიშას „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდა. ამ დროს ქუჩები სისხლით იყო მორწყული, ადგილი ჰქონდა ციხეებში პატიმრების წამებას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ბიზნესის რეკეტს, საზოგადოების გაკულაკებას, ღამის 3 საათზე ნოტარიუსში ქონებების გადაფორმებას და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. მოკლედ, რა სისასტიკე, სისაძაგლე აღარ ჩაიდინეს „ნაცებმა“, მაგრამ ამერიკელების „ძაღლისშვილები“ იყვნენ და ყველაფერი ეპატიათ. ამ ხელისუფლებას კი, რომელიც თავიანთ მონად ვერ აქციეს, ჰააგის ტრიბუნალით ემუქრებიან. მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობასა და დამონებას შორის მიდის. ჩვენ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის მხარეს უნდა დავდგეთ და არა მონობის. რა მნიშვნელობა აქვს, მოსკოვს დაუჩოქებ, ბრიუსელს თუ ვაშინგტონს? თუ დაჩოქილი ხარ, წინ ვინ დგას, მნიშვნელობა აღარ აქვს. ღმერთის გარდა, არავის უნდა უჩოქებდე. როცა მზად ხარ დაუჩოქო ან ცალ ფეხზე დადგე და წყალობას ისე ელოდო, ეს მონობაა, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
– ევროკავშირმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ სანქციებმა არამარტო მედია, არამედ ყველა ის პირი უნდა მოიცვას, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრისო. ასეთად კი, კვლავ ივანიშვილს ასახელებენ.
– ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და ნათლად გავცეთ პასუხი მათ, ვინც გარედან თუ შიგნიდან ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენ უნდა შევეშვათ ძახილს, „მაინც მათთან გვინდა, ვინც გვასანქცირებს და ქვეყანაში არეულობის მოწყობას ლამობსო“. პროტესტის გრძნობა ხომ უნდა გაგვიჩნდეს. ბოლოს და ბოლოს, ვირს აქვს პროტესტის გრძნობა და სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს, როცა უსამართლოდ ეპყრობიან?! კარგად დავაკვირდეთ, რატომ ჰყავთ ივანიშვილი ასე ამოჩემებული? – იმიტომ, რომ იციან, მშვიდობა, რაც ქვეყანაში სტაბილურად ნარჩუნდება, მისი პოლიტიკის, სიჯიუტის, გაუტეხლობის დამსახურებაა. ზუსტად იციან, დღეს ხელისუფლების ჩამოშლას და ანტიკონსტიტუციური გზით ნეოფაშისტების მოყვანას რომ ვერ ახერხებენ, ესეც მთლიანად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ამიტომაც სწორედ იგია სამიზნე. აბა, სხვას ვის უნდა დაემუქრონ?! მათ ხომ შესანიშნავად იციან, რომ ივანიშვილზე დგას მთელი ეს მონაპოვარი: მშვიდობა, კეთილდღეობა, ეკონომიკური განვითარება და სხვა. დიახ, ეს ყველაფერი ამ ერთადერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ამიტომ, ასეთ ვითარებაში მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ არ უნდა იძახოს, „მაინც ევროკავშირში გვინდაო“. გავიგოთ, რომ მას ჩვენი ჩამოქცევა, ჩამოშლა, განადგურება, ომი, ბომბები უნდა. განა პირდაპირ არ გვეუბნებოდნენ: „ახლა თქვენ შეგვენაცვლეთ, ქალები და შვილები დასახოცად გაიმეტეთ, რათა რუსეთმა ჩვენთვის ვეღარ მოიცალოსო“. ამაზე მეტად გასაგებად, მტერმა რაღა გითხრას! ჩვენ კი ჯიუტად ვიმეორებთ: „ცალმხრივად მაინც მეგობრები ვართო“. ადამიანს, რომელზედაც ქვეყანა დგას, გისანქცირებენ, გეუბნებიან, ჰააგის ტრიბუნალს გადავცემთო და მაინც იქითკენ სწრაფვაზე ვსაუბრობთ! მაშინ წავიდეთ და გადავიჩეხოთ. ხელისუფლების უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ქვეყანა ომში არ ჩააბა, მაგრამ მეორე მხრივ, ევროკავშირისკენ სწრაფვას და იმასაც, რომ „ნაცების“ გასამართლება ამ დრომდე იწელება, შეცდომად მივიჩნევ. სწორედ „ნაცების“ დაწერილი ტექსტებით დგება ის რეზოლუციები ევროპარლამენტში. დიახ, ამათგან გაგზავნილ ტექსტებს აწერენ ხელს. რა გახდა მათი გასამართლება და პოლიტიკიდან ჩამოშორება?! არ შეიძლება „ნაცებს“ და მის პატრონებს დააჭმევინო ის ერთადერთი ადამიანი, რომელზეც მთელი ქვეყნის სტაბილურობა და მათი ძალაუფლება დგას. ივანიშვილი რომ არა, არავინ იცის, დღეს სად ვიქნებოდით.

თამარ შველიძე