დაკარგული თაობა
ძალიან რთულ თემას შევეჭიდე, ახლა იმაზე უნდა დავწერო, რაც ამ დღეებში ხდება მკვლელ მოზარდებთან, გარდაცვლილ გიგა ავალიანთან და თავგადადებულ დედამისთან დაკავშირებით. იმაზე უნდა დავწერო, გამოვიკვლიო, გამოვიძიო, საიდან, როგორ და რანაირად დაგვემართა ასეთი რამ? ვიდეოც ვნახე, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა და სადაც მოზარდები აწამებენ თავიანთ თანატოლებს. თურმე ასეთი სქემა ჰქონიათ: გოგოები აძლევდნენ ამ მოფაშისტო ელემენტებს მონაცემებს, ვინ უნდა ეწამებინათ და ვინ უნდა მოეკლათ. ეს გოგოები უნიშნავდნენ პაემანს ბიჭებს და ახვედრებდნენ შეიარაღებულ ჯოგს. არ გამოვრიცხავ, ამ დროს ძარცვასაც ჰქონოდა ადგილი, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე მაინც მანიაკებთან გვაქვს - კალაპოტიდან ამოვარდნილი გოგოები ხშირად ეტრფიან „ძლიერ“ ბიჭებს, ჰგონიათ, ისინი არიან სამყაროს მბრძანებლები. ძალიან ბევრი ქალი დაღუპა ასეთმა შეგრძნებებმა. რა კადრებიც გვაჩვენეს, ამაზრზენია, მაგრამ უფრო ამაზრზენია დამნაშავეების მშობლების განცხადებები - ზოგი ამბობს, რომ თავისი შვილი ვერ ამოიცნო, ზოგი ამტკიცებს, რომ გიგა ავალიანს მისმა შვილმა მხოლოდ მუშტი ჩაარტყა, მერე რა მოხდა, ამ ქვეყანაში ვის არ უჩხუბიაო? ზოგი ამბობს, ჩემი შვილი კი არის დანებით შეიარაღებული, მაგრამ, მერე რა მოხდა, ეს ჩვეულებრივი ამბავიაო. გესმით, რა ხდება? ხედავთ, რომ ჯერ დედა უნდა ნახო, მერე მამა ნახო და შვილი ისე გამონახო? ხედავთ, რომ, რა გაგებითაც მშობლები ცხოვრობენ, შვილებიც იმ გზას მიჰყვებიან.
რამდენიმე წლის წინათ ერთი ნაცნობის ჩხუბს შევესწარი შვილთან, მაშინაც განმიმტკიცდა აზრი, რომ მომავალი თაობის ფორმირებაში მშობელს უმთავრესი როლი აკისრია. ჩემი ნაცნობის შვილმა ვიღაცის სახლი გაქურდა, ცოტა ხნის შემდეგ წაიჭირეს, სანამ დააპატიმრებდნენ, მამა ეჩხუბა, ნუთუ, ისე ვერ მოიპარე, რომ ვერავის გაეგოო? მერე კი დაუწყო ჭკუის დარიგება, ასე და ასე უნდა მოქცეულიყავი და ვერ დაგიჭერდნენო. ეს კაცი ცოცხალი აღარ არის, შვილის დარდმა გადაიყოლა, რამდენჯერაც იქურდა, იმდენჯერ დაიჭირეს, ვერა და ვერ ასწავლა „უსაფრთხო“ ქურდობა. იმას კი არ ეუბნებოდა, მაგ ცუდ საქმეს შეეშვიო, არა, ისე უნდა მოიპარო, რომ ვერ დაგაპატიმრონო.
რა უნდა გავაკეთოთ? საიდან მოდის ასეთი სისასტიკე? დანაშაული ყოველთვის ხდება ყველგან და კიდევაც მოხდება, მაგრამ საქართველოში ხომ ასეთი ფაშისტური გამოხდომები არასდროს ყოფილა? ეს მოვლენა, ფაშიზმი ყოველთვის მიუღებელი იყო, ახლა საიდან გაჩნდა? საიდან შემოგვეპარა? როგორ უნდა გააფუჭო და დაასახიჩრო თაობები, ამაზე უნიკალურ პასუხს გვაძლევს მიხეილ ჯავახიშვილი, დიდ მწერალზე უკეთ მე ვერ გეტყოდით:
„ათჯერ და ასჯერ უთხარით ვინმეს, ჩააგონეთ და დააჯერეთ, რომ მისი მშობლები ლოთები იყვნენ, მისი პაპა და ბებია - ავაზაკი და მეძავი, ხოლო დანარჩენი წინაპრები ველურები, ათაშანგიანები, უვიცები, კრეტინები და უბადრუკნი ჰყავდა. დააჯერეთ, რომ თვითონ ისიც, ასეთი წინაპრების ღვიძლი შვილი, არაფრის მაქნისია - ღატაკი, გონჯი, დაავადებული, უზნეო და უმეცარი. მრავლად შეუშხაპუნეთ ამ ჯანმრთელ ადამიანს ეჭვის ბაქტერიები, ჩაუნერგეთ მტკიცე რწმენა არარაობისა და შემდეგ თვალ-ყური აადევნეთ. ეს ადამიანი სულიერად მოიშლება, მოიღუნება, მოტყდება და დაავადდება. ამ სენს ჰქვიან ნებისყოფის აბულია“.
საიდან, რომელი პერიოდიდან მოდის ადამიანების მოღუნვა-გატეხვა და სულიერად გაპარტახება? მე ვფიქრობ, 1990-იანი წლებიდან, როცა მთელი თაობა წახდა, განარკომანდა და დაიღუპა. ვინც ცოტა „ყოჩაღი“ აღმოჩნდა, ე. წ. საძმოებში გაწევრიანდა და თავის გადასარჩენად ყაჩაღობა დაიწყო. ჩემი აზრით, რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის გამოძახილი იმ შავბნელი დღეებისა, 1992 წლის 6 იანვრისა, როცა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი უკანასკნელი მათხოვარივით გააგდეს. არადა, გვითხრა ზვიად გამსახურდიამ, მე კი წავალ, გადავდგები, მაგრამ რა დანაშაულსაც ახლა ჩადიხართ, ამის გამოსწორებას საუკუნეები დასჭირდებაო. აკი სჭირდება კიდეც.
ზოგი ამბობს, რომ გაჭირვების გამო დაიკარგა თაობა. შეიძლება არის ამაში სიმართლის მარცვალი, მაგრამ მთლად გაჭირვებას ვერ დავაბრალებთ, ჩვენი მშობლები და მათი მშობლები უარეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, სასტიკი ომი გამოიარეს, ერთმანეთი არ დაუხოცავთ, პირიქით, ერთმანეთი გაიტანეს. მაშ, რა მოხდა მას შემდეგ, რა ავადმყოფობამ დაგვრია ხელი? ნუთუ უცხოთა შემოთესლებამ აგვრია და გადაგვაჯიშა ასე? 35 წელიწადი გავიდა, ეს ცოტა არ არის, სრულიად საკმარისია, რომ ორი-სამი თაობა მოსპო და გადააგვარო, რომ ერთმანეთს დააპირისპირო, მონებად გაიხადო, გამოალენჩო, გამოათაყვანო.
როდესაც ოტია იოსელიანმა თქვა, ჩვენ მასობრივი გამოთაყვანება გვჭირსო, გამეცინა, ვიფიქრე, აჭარბებს-მეთქი. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ჩვენში ძალიან ბევრს მოვლენების ანალიზის უნარი დაკარგული აქვსო, გამეცინა, ვიფიქრე, აჭარბებს-მეთქი;
როდესაც გოდერძი ჩოხელმა თქვა, საქართველოში კაცები ერთხელ ცხენებზე შესხდნენ და სადღაც წავიდნენო, გამეცინა, ვიფიქრე, აჭარბებს-მეთქი...
ნეტავ, რა მაცინებდა? ეტყობა, ისინი კარგად ხედავდნენ, ჩვენს თავს რაც ხდებოდა, მე კი ზერელედ ვუყურებდი ამ ყველაფერს, ან კიდევ ისეთი ოპტიმისტი ვიყავი, დაჯერება არ მინდოდა...
1970-იან წლებში საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვი გაიტაცეს. მთელი საქართველო ფეხზე დადგა, რას ჰქვია, ბავშვი გაიტაცესო? ეს საქმე უპატიოსნესმა პოლიციელმა ჯუმბერ მაღლაკელიძემ გახსნა. იცით, შემდეგ რა მოხდა? იმ გამტაცებლების მშობლები და ოჯახის წევრები საერთოდ გაქრნენ კაკაბეთიდან, სადღაც გადასახლდნენ, აორთქლდნენ. ახლა თითქოს ყველაფერი სულერთი გახდა, გამოდიან მკვლელების მშობლები და, იმის ნაცვლად, იმალებოდნენ, ბრიყვულ განცხადებებს აკეთებენ, ბიჭი მოკლეს, სული წამებაში ამოხადეს და რა მოხდა, ვის არ გიჩხუბიათო?..
პირველი ეტაპი თაობის გათახსირებისა, 1990-იანი წლებიდან დაიწყო. სწორედ მაშინ გახდა ადამიანის სიცოცხლე ათი შაური. ამ „მხედრიონმა“ კიდევ ხომ საერთოდ ღობეები გადაანგრია და დაუკრეფავში გადავიდა, ვინც კი უწიგნური და თავზეხელაღებული იყო, ყველამ წამოყო თავი. ეს ამბავი მაშინ მოხდა კახეთში, ერთმა გალეშილმა „მხედრიონელმა“ გაიარა, დენის ბოძზე მონტიორი დაინახა, ესროლა, ჩამოაგდო, გადაიხარხარა და წავიდა, ვითომც არაფერი. ამ ნადირმა, ალბათ, შვილი გაზარდა, რომელიც შეიძლება დღეს რუსთაველზეც დარბის, გულის ფიცარზე მჯიღებს იცემს და ჯღნავის, „ალა ლუშულ კანონს, თავიშუფლება სინდისის პატიმლებშიო“!
ამას წინებზე წნორში ვიყავი, საჯარო რეესტრის ოფისში მივედი პირად საქმეზე. ეზოში სკამები დაუდგამთ, კარგია, ადამიანი მუხლს ჩახრის, დაისვენებს. ვუყურებ, სკამებზე ფაშისტური სვასტიკებია დაჯღაბნილი. ამას დიდი არ გააკეთებდა, აშკარად ბალღების გაკეთებულია, რატომ? საიდან? რისთვის? გამოდის, ვიღაცას (ვიღაცებს) აგრესია აქვს და ამით გვანიშნებს, ჩვენ აქ ვართ, დედას გიტირებთო. სვასტიკა უკვე მუქარაა. კარგი, ვიღაცამ გააკეთა, მაგრამ შენ, ამ სამსახურის უფროსო, დილა-საღამოს რომ მიდი-მოდიხარ და ამას ხედავ, რატომ არ რეაგირებ, რატომ არ გაქვს უარყოფითი რეაქცია? ბოლო-ბოლო, რატომ არ შლი? რა გინდა, სხვა ბავშვებმაც უნდა ნახონ, დაინტერესდნენ და გაითავისონ? თვალი შეაჩვიონ და იფიქრონ, რომ ფაშისტური ატრიბუტები მომხიბლავია?
ამას წინებზე არ იყო, ფაშისტური დაჯგუფება რომ დააპატიმრეს? ეს ერთი ჯოგი იყო მხოლოდ? არა მგონია, აშკარად სხვებიც არიან. გიგა ავალიანი რომ მოკლეს, ისინი ვინ მუდრეგები არიან? მადლობა ქალბატონ ეკა კუპატაძეს, ამ ბიჭის დედას, რომ არ გატყდა და მკვლელებს ბოლომდე სდია. ირინა ენუქიძე მახსენდება, ისიც იბრძოდა, მაგრამ ყრუ კედელს შეეჯახა. ის ყრუ კედელი აღარ არსებობს, 2012-ში დაინგრა, ახლა ხელისუფლება ფეხზე დადგა, დანაშაული არ მიჩქმალა და ყველა დასაჯა. როცა ამ წერილს ვწერდი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მკვლელის დაცვაზე უარი განაცხადეს ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა! - ასე შეაფასა ეს ფაქტი ეკა კუპატაძემ.
იცით, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთელი თაობა გაფუჭდა და აღარაფრად ვარგა, რა თქმა უნდა, ასე არ არის, მაგრამ ვაღიაროთ, ძალზედ რთულ მდგომარეობაში ვართ, მომავალი თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია, თუ განგაშის ზარებს არ შემოვკარით, უახლოეს ხანში უარესს უნდა ველოდოთ.
სათქმელი ბევრი დამრჩა, მიხეილ სააკაშვილის „დამსახურებაზე“ არაფერი მითქვამს, ეს ცალკე თემაა, ამიტომ ამაზე საუბარს მომდევნო ნომერში განვაგრძობ.
გელა ზედელაშვილი
