ტრამპი _ „გუდიანი კაცი“

ტრამპი _ „გუდიანი კაცი“

პატარა რომ ვიყავი, გუდიანი კაცით მაშინებდნენ. უბანში ჩვენი უბნელი მოხუცი სომეხი კაცი დადიოდა ხელჯოხით, ზურგზე ტომარა ჰქონდა მოკიდებული და ჩემთვის საზიზღარი ხმით რაღაცას ყვიროდა. „აი, იძახის, სად არის მაია, რომელიც კარაქიან პურს არ ჭამსო“, _ ასე მეუბნებოდნენ და მაძალებდნენ საძაგელი კარაქიანი პურის ჭამას. მაწაკი ბავშვი ვიყავი და დაბეჯითებით ვთქვი, მაიას არ ამბობს-მეთქი. გუდიანი კაცების ენაზე იძახის: „ბატიბუტი, ბატიბუტი, ანუ მაია, მაიაო“. მტკიცედ დავიჯერე, რომ გუდიანი კაცების ენაზე ბატიბუტი მერქვა. მაწაკობასთან ერთად გულადიც ვიყავი _ მაინც არ შევჭამ კარაქიან პურს, ჩამსვას გუდაში და წამიყვანოს, ეგ მაინც არ დამაძალებს-მეთქი და დამანებეს თავი. ორ-სამ წელში კი გავიგე, რომ ის მოხუცი ვარდისფრად შეფერილი ბატიბუტის ბურთებს ყიდიდა ან ბოთლებში ცვლიდა, მაგრამ ჩემი წილი შიში უკვე ნაჭამი მქონდა. ასეა ახლა ამ ევროპისა და ტრამპის საქმეც _ „გუდიან კაცად“ მოევლინა ევროპას, რომელსაც ხელში კეტიც უკავია.
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი ტრამპთან დავოსში შეხვედრაზე: „მე ყველაზე პროამერიკელი ვარ, ვინც კი შეიძლება იპოვოთ, მაგრამ ქორწინებაში ტანგოს დასაწყებად ორი ადამიანია საჭირო _ ერთმანეთი უნდა გიყვარდეთ. და თუ ატლანტიზმი დასრულდება, გლობალიზაციაც მასთან ერთად წავა და ჩვენც ამის მსხვერპლი გავხდებით. თუ ალიანსში ძალადობა დაგემუქრებათ და იქ წითელ ხაზს არ გაავლებთ, ოდესმე სად გაივლება ეს ხაზი? ჩვენ ლამაზად, თავაზიანად გადავეცით მას ეს გზავნილი. ამის თქმა შემიძლია. არ ვიტყვი, როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე. მაგრამ არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში თეთრ სახლში მიმიწვიონ.
ჩვენ შეერთებული შტატების დიდ ჯოხზე ვიყავით დამოკიდებული და ახლა ვხედავთ, რომ დიდი ჯოხის მქონე კაცსაც შეუძლია მისი ჩვენ წინააღმდეგ გამოყენება.
ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს ეს, რომ შეერთებული შტატები აღარ აკეთებს უბრალოდ იმას, რაც ჩვენ გვინდა, არამედ ბედავს, დიდი ჯოხით დაგვემუქროს.“
იმ ქართული ფილმისა არ იყოს, „მოიდა ზურაბაო“, ევროპაში „მოიდა ტრამპი“ აქვთ.
ვითარების მოკლე აღწერილობა ასეთია _ ცენზორ ევროკრატიას ეტაპობრივი დარტყმები აქვს ვაშინგტონიდან. ჯერ ერთეული სავიზო სანქციები (სია გაფართოვდება) იყო; შემდეგ მხილებულებზე კონგრესში სუვერენული იმუნიტეტის მოხსნის ინიციატივა და ახლა კი სიტყვის თავისუფლების ფინანსური ხელშეწყობა სახდეპიდან. 
შედეგი უკვე შემოხაზულია _ ორსახოვანი ევროფულისტები ბოლოს დათმობაზე წავლენ, ისევე, როგორც ახლა ოკუპანტ პუტინთან გეგმავენ ლამის მუხლმოდრეკილ ვიზიტებს. 
 „გუდიანი კაცის“ ადმინისტრაცია დააფინანსებს ძალისხმევას დასავლურ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების ხელშესაწყობად, რადგან ამერიკელი მაღალჩინოსნები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ისეთ ონლაინ რეგულაციებს, როგორიცაა ევროკავშირის „ციფრული მომსახურების აქტი“ და ბრიტანეთის „ონლაინ უსაფრთხოების აქტი“.
 ვაშინგტონის განცხადებით, აღნიშნული კანონები ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, განსაკუთრებით საიმიგრაციო პოლიტიკის კრიტიკას და, ამავდროულად, მძიმე ვალდებულებებს აკისრებს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს. ამ წესების მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ ეს რეგულაციები აუცილებელია ინტერნეტში სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჰო, ერთი კინწურაშვილის კანტორა გვწვრთნის საქართველოში და ყველა მართალ სიტყვას გვიბლოკავს და მეორე, ევროიანუსები ებრძვიან სიძულვილის ენას და დეზინფორმაციას... 
 ცნობილი ხდება, რომ ევროცენზორებისთვის სავიზო სანქციების გარდა, კონგრესის იურიდიულ კომიტეტში განიხილება სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი ევრობიუროკრატებისთვის „სუვერენული იმუნიტეტის“ გაუქმება. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის სასამართლოებში შესაძლებელი გახდება ინდივიდუალური სარჩელების შეტანა ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ევროპულ, თანამდებობებზე ჩადენილი ქმედებებისთვის, ანუ ამერიკული ტექკომპანიების ცენზურისთვის.
 ევროკავშირის მიგრაციის პაქტი იმდენად დამანგრეველია ევრობლოკის ქვეყნებისთვის, რომ მას ბრიუსელის ერთგული ვასალი ლატვიაც კი ეწინააღმდეგება. ოფიციალური რიგა, ტალინი თუ ვილნიუსი საქართველოს თვითმყოფადობაზე ბრაზობენ, თუმცა თავად ეროვნული ინტერესების დაცვა უწევთ, როცა ხედავენ, რომ გაფართოებადი პოლიტიკა მათ პოლიტიკურ რეიტინგებსაც ვნებს. 
 პოლონეთის მემარჯვენე პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ დრო იხელთა, ვეტო დაადო მის ქვეყანაში ევროკავშირის ცენზორულ, „ციფრული სერვისების“ კანონს და განაცხადა, რომ „სახელმწიფოს მოვალეობაა, უზრუნველყოს თავისუფლება და არა შეზღუდოს იგი“.
 ევროცენზორებისთვის შემაშფოთებელი ინფორმაცია კაპიტოლიუმიდან: რესპუბლიკელები განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის სუვერენული იმუნიტეტის გაუქმებას ითვალისწინებს. ინიციატივა ციფრული სერვისების შესახებ კანონის შესაბამისად შინაარსის მოდერაციის წესებს აღსრულებას უკავშირდება. 
 სავიზო სანქციებთან შედარებით, ევროჩინოსნისთვის „სუვერენული იმუნიტეტის გაუქმება“ უფრო მძიმე სასჯელია. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის სასამართლოებში შესაძლებელი გახდება ინდივიდუალური სარჩელების შეტანა ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება თანამდებობაზე ჩადენილი ქმედებებისთვის, ანუ ამერიკული ტექკომპანიების ცენზურისთვის.
 წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ ჯორდანმა, რომელიც ევროკავშირის ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობს, გამოცემა „ბრიუსელს სიგნალსს“ განუცხადა: „სიტყვის თავისუფლება მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, იდეების ასპარეზზე პოლიტიკა მათი დამსახურების მიხედვით განიხილონ. კომიტეტი იმედოვნებს, რომ ევროკომისია შეცვლის კურსს და შეწყვეტს სოცმედიის პლატფორმების შეზღუდვას მკაცრი და ნორმალურ ჩარჩოების მიღმა გზებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის სუვერენიტეტის გათვალისწინებით, ყველა ვარიანტი განიხილება.“
 საგულისხმოა, რომ წინდაუხედავი ევროკრატები არ აცნობიერებენ იმ მოცემულობას, რომ ილონ მასკის, რომელიც ამერიკელი რესპუბლიკელების ერთ-ერთი მთავარი დონორია, ვითომ დაცენზურებით, ვაშინგტონიდან ხისტ პასუხს მიიღებენ.
ვამბობ, ტრამპი ევროპისთვის გუდიანი კაცია-მეთქი!
ტრამპის ადმინისტრაციას სხვა მხრიდან მისცა ბანი გავლენიანმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ: „ევროპული ერები იმსახურებენ მათი სუვერენიტეტის პატივისცემას, თუმცა ევროკავშირი ხშირად სჯის იმ ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ. დროა, ევროკავშირს თავი დავაღწიოთ და სუვერენიტეტი აღვუდგინოთ ცალკეულ ერებს, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში!“
 მოკრძალებულად რომ ვთქვათ, ტრამპი უშურველად ამურიანებს ევროფლიდებს და აბსოლუტურად მართებულად!
ზოგადად კი, ჩვენთან მიმართებაში, ბატონი შალვა პაპუაშვილისა არ იყოს, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულებს მიხედოს!
მე მაინც იქ ვარ, იმ გადაუხარშავ-მოუნელებლთან _ კარგი, ევროგანწირულებს გუდიანი ტრამპი აშინებს, ჩვენ ვინღა გვაშინებს?
როცა ყოველმხრივ და ორივე, აშშ და ევროკავშირიც გვკბენდა, გვგლეჯდა და კეტით კი არა, რკინის ბურთულაკებიანი არმატურის ნაჭრით გვირტყამდა, მაშინ არ შეგვშინებია და ახლა რა გვაკავებს, რატომ ვერ და არ აშორებენ 78-ე მუხლს საქართველოს კონსტიტუციიდან?
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხომ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს და ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს „მიიღონ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.
ჰოდა, ნატო-მ ხმამაღლა გვითხრა, არასდროს მიგიღებთ, დაგვივიწყეთო. თქვენ კი არა, აგერ, თქვენს მიერ მეგობრად აკვიატებული უკრაინა დავაქციე და იმათ არ ვიღებ, თქვენ ვის დაჰკარგვიხართ, ან რა ფეხებად გვინდიხართ, ზედმეტი შარი ხართო;
ევროკავშირია და, მთლად გვრიტებივით რომ ვეღუღუნოთ, ვერც იმის წევრი ვერ გავხდებით ვერასდროს, რადგან მაშინ თავიანთივე შემუშავებული წესდების გადაკეთება მოუწევთ. გარდა ამისა, დღევანდელი ევროკავშირი ეპშტეინის კუნძულის ფილიალად ყარს _ ევროკავშირში რომ ვიყოთ, იქიდან უნდა გამოვრბოდეთ, არათუ მიველტვოდეთ. 
 რა სიბეცე გვჭირს მსოფლიო თამაშებში _ მსოფლიო წაგლეჯვაა და ჩვენ ხრწნადი ევროკავშირი სამარადისოდ შეგვეტენა?
იმ ადამიანების გასაგონად ვამბობ, ვინც ხელისუფლებისგან მოითხოვს ფაბრიკა-ქარხნების აგუგუნებას საქართველოში _ წაიკითხეთ ასოცირების დავალებები და გაიაზრებთ, როგორ გვიყურებენ!
 ასეა, _ სტუმართმოყვარე ერი ვართ, რომელსაც შთამბეჭდავი კულინარია აქვს, ედემივით ბუნება, კარგი მდებარეობა _ ზღვა და მთა, ოთხი სეზონი, ნიადაგის 52 ტიპი, სასმელი და მინერალური წყლების მრავალფეროვანი არჩევანი და სხვა. ბუნებრივი სიკეთეები... ჰო, კარგი სიმღერა და ცეკვა-თამაშიც გვაქვს, მაგრამ მომსახურების სფეროს ქვეყანა უნდა ვიყოთ!
 პატარა „ცეხები“ კი, ბატონო, მაგრამ ფაბრიკა-ქარხნები და, ზოგადად, მრეწველობისა (მსუბუქი და მძიმე) და სოფლის მეურნეობის თქვენს ჭკუაზე აღორძინება გეკრძალებათ, არაო! 
 ყოველთვის რაღაცები უნდა გაკლდეთ ბლომად, რომ სხვა რამისკენ არ გაგექცეთ ფიქრი და არ გაგვისხლტეთ, მერე სად გდიოთ ახლიდანო...
ხომ ვიცით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში იძულებით ჩაკვეხებული მუხლია (არა მხოლოდ 78-ე მუხლი) _ ვინ გაიგონა, კონსტიტუციაში რაღაც ორგანიზაციებისკენ სწრაფვის სურვილი იწერებოდეს!
ბოლოსდაბოლოს, რა გახდა კონსტიტუციიდან ამ წყეული 78-ე მუხლის ამოღება!

მაია ჭელიძე