არ წახვიდე, არ დამტოვო...

არ წახვიდე, არ დამტოვო...

სიმღერის ტექსტი რომ არის, „არ წახვიდე, არ დამტოვო, შენი კოცნა ჩემთვის ყველაფერია“, _ ეს ამეკვიატა ევროკავშირის კვანტი-დაუდეებზე. რამდენჯერაც კვანტი დაუდეს საქართველოს, იმდენჯერ ისე გადავახტით იმ ფეხს, კინაღამ იქით მოვტეხეთ და მაინც რომ არ ისვენებენ?
ამ ბოლოს, რეგიონული კვანტის დადებაც რომ არ გამოუვიდათ რაღაც სიაფანდ პლატფორმაზე, გუნებაში ჩაიცინეს, ქოცისტან-გურჯისტანო, დაიცათ, ახლა ისეთ კვანტს დაგიდებთ, დიდხანს მწარედ გემახსოვრებათო და დიდი საყვირი გაირჭეს პირში: ევროკავშირის გაფართოების შესახებ დღეს ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება! სამიტი ბრიუსელში გაიმართება და მასში ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობასო. კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოჟკო სპაჟიკი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ჰრისტიან მიცკოსკი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსიო. საქართველოდან _ არავინ!
შენ გაიხარე, ჩემო საქართველოვ!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს და გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის საქართველოში წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას, რატომ უნდა დასწრებოდა საქართველო?
პირველი _ ბატონმა პრემიერმა 2024 წლის 28 ოქტომბერს გარკვევით უთხრა ამ ბიუროკრატიულ ორგანიზაციას, 2028 წლამდე სულ კარგად ბრძანდებოდეთო; 
მეორე _ რაც ამ მაწაკმა ორგანიზაციამ იმავნებლა ცალკე საკუთარი სახელით და ცალკე ქართველი მავნებლების ხელით მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს რატომღა უნდა სდომოდა სიტყვებით მუშტი-კრივი;
მესამე _ რაც ამ უგვანო ორგანიზაციამ განიზრახა, ორმაგი პროვოკაცია ევროპლატფორმაზე და ფეხი რომ არ ჩაუვიდათ, რა ჩანაწერიც გააკეთეს, არ ვცნობთ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებსო, ბრიუსელის მორიგ სიაფანდ სამიტზე რა ესაქმებოდა საქართველოს?
ის იქით იყოს, რომ თავიანთი გველაძუობა, რომელიც ხუთი თვით ადრე გადაწყვიტეს საქართველოსთან დაკავშირებით, ბატონ პრემიერის განაცხადს გადააბრალეს, ევროპის გზას ასცდაო და მორიგი რევოლუციის მცდელობის მიზნით გამოყარეს ტვინარეული უსამშობლოები ქუჩაში.
გამოქვეყნდა შედეგები და ახლა ამაზე არიან გაოგნებულები, ჩვენ გვეგონა, დავაფეთიანებდით, მაგრამ საქართველომ თქვა, ფეხებზე გვკიდია თქვენი ანგარიშიო.
იმე, ბეჩა! გვკიდია და რა ვქნათ ახლა!
მე ის უფრო მაინტერესებს, ჩვენ რომ გვკიდია, იმათ რატომ არ ჰკიდიათ, ჩვენ რა გვკიდია.
გამოაქვეყნეს შეფასებები და „ეფ“ კატეგორია მოგვცეს, ჩვენებურად „ჭ“ კლასი. რადგან უკრაინასა და მოლდოვას გვადრიან წარამარა, ბარემ იმათსასაც ვიტყვი _ იმათ „ბე“ კატეგორია მისცეს. ვაჰ, ჩვენი კაი, რა მაგრად გაუსწრიათ დემოკრატიულად! 
კაი, ბატონო, დაგვეწინენ და გაგვისწრეს, საბჭოთა კავშირის ლოზუნგისა არ იყოს, მაგრამ ხომ ჩაიარა, შეგვეშვას, რა, ეს რაღაც ორგანიზაცია, რას დაგვადგა თვალი! _ მურტალი ხასიათის ლოთი ტიპებივით არიან, ერთხელ რომ დალიეს და სულ „პახმელიაზე“ გამოდიან, ღრენა-ღრენით ათენ-აღამებენ, ზუსტად ასე იქცევიან. 
ბოდიში და, სულ ერთ დიდ შავ ქვაზე გვახატია მილიონ ორასი ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ანგარიშიცა და მათი კუდიმჭერელი უწიგნური უსამშობლოების ღავღავიც, მაგრამ რომ აღარ გაჩერდნენ _ კიდევ კარგი, პროკურატურის ბრიფინგი წამოგვეწია, აქ ვიღაცები მაგრად გაილახებიანო, თორემ რა გააჩერებდათ.
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ამ გაქსუებულ ორგანიზაციაში მწარე ორპირი აქვთ აზრებში. აი, რაშია საქმე _ თავიანთ „წერონ და იკითხონ“ ანგარიშში, ევროკომისია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან კურსის ცვლილებას ელოდება, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო ევროპულ გზას უბრუნდება და, შესაბამისად, დიალოგი გაგრძელდება. ასე წერია სიტყვა-სიტყვით.
აბა, ახლა რა გავიგო _ თუ არალეგიტიმური ვარ, მაშ ჩემთან რა საქმე გაქვს, რას ელი, რატომ მელაპარაები საერთოდ, რატომ ითხოვ ჩემგან რამეს და სულაც, რას განმიხილავ იმ რაღაც სამიტზე?
ეს ამბავი როგორ არის, თუ ევროკავშირის დაკრულზე ცალ ფეხზე მდგომი მამლაყინწურს ვიცეკვებ, ლეგიტიმური გავხდები?
იმ ცეკვაში რა შედის, კი ვიცით, მაგრამ ჯერ რუსეთთან ომი და მერე ცეკვა, თუ ჯერ ცეკვა და მერე _ ომი?
ჩვენ გავიგეთ, რომ მათი მხრიდან ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციისა და ზეწოლის ინსტრუმენტად, ხოლო მათ ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ ძალიან მაგრად გვკიდია მათი ჟანგიანი ინსტრუმენტები. ბიჯოს!
ღიმილიან პირს ვუჩვენებთ _ გვედიდგულებიან, ზურგს ვუჩვენებთ _ მოგვდევენ, არ წახვიდე, არ დამტოვოო...
ე, ბიჯო, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, რა ფერის, როდის და რამდენი, _ ბიძინაჩემთან ჩამოვიდნენ და ჯიგრულს დაახვედრებს... 

 ზურა ოშხერელი