ხალხს აქვს უფლება - იცოდეს...
(გაგრძელება,
დასაწყისი იხ. „სგ“ N15.)
მეფე ანმარე („ან“ – ზეცა, „მარე“ – კაცი, „ზეცის კაცი“), დღევანდელი საქართველოს გარდა, მართავდა მიმდებარე ტერიტორიებს: სამხრეთით მეგრელთა ყურემდე (ამჟამინდელი სპარსეთის ყურე), დასავლეთით – ნილოსის ხეობის ჩათვლით „წითელ“ და „შავ მიწებს“, ვრცელ ადგილებს, მოქცეულს მეწამული ზღვიდან კასპიის ზღვამდე, კავკასიის იბერიის, ანუ ივერიის ნახევარკუნძულის (პორტუგალია-ესპანეთი) ტერიტორიებს ხმელთაშუა ზღვის აუზით. (ნ. ფოფხაძე, „თუთარჩელა“, 2005 წ.)
ზეცის კაცები
რატომ იყო „ზეცის კაცი“ ანმარე, რა შინაარსს ატარებს მისი სახელის ამ სახით ფორმულირება? – ჩნდება კითხვა, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ მეცნიერთა ერთი ნაწილის ვარაუდს, რომ მხოლოდ უცხოპლანეტელების დახმარებით თუ შეძლებდნენ მრავალტონიანი ქვის ფილების აწევას აღდგომის კუნძულზე.
ანმარეს შემდგომი მეფე იყო მარედიხა. „მარე“ – კაცი (სვანური), „დიხა“ – მიწა (მეგრული), მიწისგან შექმნილი, მიწის კაცი, ანუ მკვეთრად გამიჯნულია ერთმანეთის მიყოლებით გამეფებული პირების სახელები „წარმოშობის“ მიხედვით.
ნორვეგიელი მკვლევარი და მეცნიერი ტურ ჰეიერდალი (1914-2002 წწ.) ერთადერთი იყო, ვინც დაიჯერა რაპა-ნუის კუნძულელთა ზეპირგადმოცემა, რომ კუნძულის პირველი მოსახლეები ჟღალთმიანი თეთრკანიანები იყვნენ. (აღწერილობით ისეთივენი, როგორებიც არიან იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოსა და ჰონსიუზე მცხოვრები გაურკვეველი წარმოშობის აინები; როგორც ინკების, მაიასა და აცტეკების ღვთაებები; როგორც შუა საუკუნეებში ესპანელი მისიონერების მიერ აღწერილი გაბატონებული რასა ამერიკის კონტინენტზე; როგორც ეგვიპტელი ფარაონები და ა.შ.).
1947 წელს ჰეიერდალმა პერუდან პოლინეზიამდე ხის მორებისგან შეკრული პრიმიტიული კატამარანით მოაწყო ექსპედიცია და უკვე დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ წყნარი ოკეანის აღნიშნული კუნძულები სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან ჩამოსული ხალხით იყო დასახლებული. ამჟამინდელ მკვიდრთა გენეტიკურმა ანალიზმა ადგილობრივ მკვიდრთა პოლინეზიური წარმომავლობა ეჭვქვეშ დააყენა.
ტიტიკაკას ტბასა (პერუსა და ბოლივიის საზღვარზე) და ლათინური ამერიკის სხვა ადგილებშიც იზრდება ლერწმის ერთგვარი სახეობა – ტოტორა, რომელსაც სამშენებლო დანიშნულება აქვს და მისგან ნავებსაც თლიან დღემდე. აღდგომის კუნძულის კრატერების გარშემო სწორედ ეს მცენარე იზრდება. ჰეიერდალმა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნძულებზე ეს მცენარე ინკებმა შეიტანეს და გაამრავლეს. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ის ენდემური მცენარეა და რაპა-ნუიზე 30 000 წლის წინ, ანუ კუნძულის პირველი მოსახლეების (პოლინეზიელები იქნებიან თუ ინდიელები) გამოჩენამდე ბევრად ადრე იზრდებოდა.
რაპა-ნუის ხალხი უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიებს ფლობდაო (შეადარეთ იგივე ვარაუდი მაიასთან, ინკებთან და აცტეკებთან) – თავისი თეორიების განვითარებისთვის მკვლევარი ერიხ ფონ დენიკენი ისეთ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას იშველიებს, როგორიცაა ეგვიპტის პირამიდები, აღდგომის კუნძულის მოაის ქანდაკებები, ნასკას ხაზები და ბიბლიის აპოკრიფული ტექსტები, რომელთა მეცნიერული შესწავლა სრულფასოვნად არ მიაჩნია. იგი წიგნში „ღმერთების გზავნილი“ ამტკიცებს, რომ მოაის ქანდაკებების გამოსაკვეთად კუნძულელებს უცხოპლანეტელებმა (ციდან მოსულმა „ვიღაცებმა“) სრულყოფილი სამუშაო იარაღები უსახსოვრეს და სწორედ მათი ხელმძღვანელობითა და ტექნოლოგიებით ამზადებდნენ უზარმაზარ ყალიბებს და ავსებდნენ ვულკანიდან გადმოდინებული ლავით. მკვლევარი ვერ ხსნის, რატომ დატოვეს უცხოპლანეტელებმა კუნძული, მაგრამ ხსნის, რატომ ვეღარ შეძლეს შემდგომში ამ საქმიანობის გაგრძელება კუნძულზე დარჩენილებმა.
იგი თვლის, რომ საქმის ვითარება ასე წარიმართებოდა: უცხოპლანეტელების წასვლის შემდეგ, დროთა განმავლობაში, ხელსაწყოები ხავსით დაიფარა და მათი გამოყენება ვეღარ შეძლეს, მაგრამ შემდგომმა თაობებმა ჩათვალეს, რომ წინაპრების ეს ტრადიცია უნდა გაეგრძელებინათ, ამიტომ წაწვეტებული ქვებითა და კაჟის ცულებით წამოიწყეს გიგანტური მონუმენტების შექმნა. ბუნებრივია, ამგვარი პრიმიტიული „ხელსაწყოებით“ მიზანს ვერ მიაღწევდნენ და თავი დაანებეს. აი, ეს „ინსტრუმენტები“ ნახეს მოგვიანებით კუნძულის პირველმა მკვლევარებმა. ყველა მეცნიერული ვარაუდი თუ დასკვნა და გაურკვეველი წარმოშობის ხალხთა ზეპირსიტყვიერი გადმოცემა მეტ-ნაკლებად უახლოვდება ზეცას და, ზოგ შემთხვევაში, სულაც ზეციდან მოსულთა მიერ დედამიწაზე გადმოტანილ ცივილიზიაციას თუ „რაღაც“ სწავლებას.
აინები არიან, ეგვიპტელი ფარაონები იყვნენ თუ კოლხი მედეა, პირდაპირ ამბობდნენ, რომ მზის შვილები იყვნენ, ანმარე კი პირდაპირ „ზეცის კაცად“ იწოდებოდა. კოლხი (ქართველი) მეფეები და მმართველები მზის შვილებად თვლიდნენ თავს და ზეცის სრული ძალაუფლებით იყვნენ გამყარებულები. კოლხებისთვის დედა – მზე იყო, მამა – მთვარე. კოლხი მედეა რისამე მტკიცებისას ამბობდა: „ვფიცავ მზეს, მთვარეს და მიწას“... დღემდე მღერიან მეგრულ (კოლხურ) ხალხურ სიმღერას: „ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა – მუმა ჩქიმი, ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი – და დო ჯიმა ჩქიმი“ („მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამაჩემი, მოკაშკაშე ვარსკვლავები – და და ძმაა ჩემი“ – აკ. შანიძის თარგმანი).
და მაინც, რა იგულისხმება „ზეციდან მოსულებში“? რატომ აქვს მსოფლიოს უძველეს ხალხთა ზღაპრებს შემონახული ამბავი მფრინავ ხალიჩაზე? ამბავი გამოგონილ ზღაპრულ ფრინველ ფასკუნჯზე? რას ნიშნავს ამოუცნობი „ნასკას ხაზები“? საიდან უნდა ჰქონოდა ისეთი რუკა თურქ ადმირალ პირ რეისს XVI საუკუნეში, რომლის შედგენაც მხოლოდ აეროგადაღებით იყო შესაძლებელი?
თანამედროვე ადამიანის გამოსახული „ციდან მოსულები“ ზღაპარია? მაგალითები იმდენია, რომ ყველას გაზეთი კი არა, ტომები ვერ გაწვდება. ამდენად, რასაც ნიმუშად დავდებ, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმისა, რაც ადამიანს შეუქმნია „ციდან მოსულების“ შესახებ, მაგრამ უფრო მეტს მეტყველებენ სასულიერო წიგნები და კიდევ უფრო მეტს – მითები, რომლებიც ფანტასტიკურ, „ზღა-პარ-ულ“ შინაარსს ატარებენ...
ზღაპარი
იოანე ზოსიმეს „გადმოჩხიბნულ“ ტექსტს გამიზნულად ავუაროთ გვერდი და მხოლოდ ის გავიმეოროთ, რაც არაერთხელ იქნა გამეორებული: „დამარხულ არს ენა ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამითა ენითა. და ესე ენა მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“.
ზღაპარი – რას შეიძლება საკუთარ თავშივე მოიცავდეს ეს ერთი სიტყვა? „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ (გამოცემული 1956 წ.) ვკითხულობთ: 1. თხრობითი, ჩვეულებრივი ხალხური ნაწარმოები, უპირატესად ფანტასტიკური შინაარსისა. 2. (გადატ.) მოგონილი, დაუჯერებელი ამბავი, ტყუილი.
სულხან-საბას ახსნით: „ზღაპარი არს მოგონილი ტყუილი, ამბავად შემჭევრებული და არა ქმნილი მყოფობით“ (თბილისი, 1928 წ.).
ვნახოთ, რას მივიღებთ, სიტყვა „ზღაპარი“ ორ ნაწილად რომ გაიყოს: „ზღა“ და „პარი“. „ზღა“ ძნელი ამოსახსნელი თითქოს არ უნდა იყოს, მაგრამ საქმე გააძნელა მისმა ახლობელმა „ზღო-მ“. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში „ზღა“ და „ზღო“ არ არის განხილული, იქ არის „ზღავს“ – საფასურს, სანაცვლოს გადაიხდის (ზარალისას ან დანახარჯისას). ასევეა სულხან-საბას განმარტებაც – „ზღვევინება – საზღაურის მიცემა (ზღუვნება)“.
დავუკვირდეთ, თუ წერილობით გვაქვს „აზღვევინებს“, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს მატერიალური თვალსაზრისით, ხოლო თუ გვაქვს „აზღვვინებს“, მაშინ საქმე ეხება სულიერ ანაზღაურებას. უფრო გასაგები რომ გახდეს, მაგალითად: „მე-მ“ „მას“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც „მე-ს“ მოუწია ბოდიშის მოხდა, ეს ნიშნავს, რომ „მე-მ“ ზღა. (ამავე აზრისაა: მან ის დააბეზღა, მან მე დამაბეზღა და ა.შ.).
„პარი“ (სულხან-საბას ლექსიკონი) – „პირველივით ითქმის“, ანუ როგორც თავდაპირველად იყოო. კვლავ შევაერთოთ გაყოფილი სიტყვა, მივიღებთ სიტყვას – „ზღაპარს“, რომელიც გვეუბნება, რომ გვიყვება იმას, რაც პირველი იყო, დღეს კი დაფარულია, ანუ აღიარებაა იმისა, რაც პირველადია, თვითონ კი – თხრობა, პირველივითაა, პირველს მიმსგავსებულია და „იქიდან“ მოდის, „იმ“ პირველიდან...
მე ხომ არაფერს ვიგონებ, მხოლოდ ფაქტებით გესაუბრებით – ვინც ტარტარიაზე დაწერილი წაიკითხა და რაღაცას მიხვდა, მათი შეფხიზლება მინდა, მეტი არაფერი.... ეს განმარტება კარგად დაიხსომეთ, ყოველთვის გამოგადგებათ, როცა ცდილობენ თქვენს მოტყუებას...
ტყუილებს ყავლი გასდის და ტანში, გონებაში, სრულიად სხეულში ვერ გრძნობთ? ახალი ტყუილებისთვის ამას ახალ პანდემიას ან კოსმიური სხივებისგან დაცვას დაარქმევენ, მაგრამ ეს მხოლოდ ის არის, რომ შემქმნელთან კავშირი გაწყდეს. ამისათვის გაჩნდა ეს ვიბრაციები და უნდა აჰყვე, რომ არ დაშორდე შემქმნელს – არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას უწოდებს მას!
ჩემი თვალით ნანახ მტკიცებულებებს გაახლებთ – მე ვინ ვარ, თქვენი განსასჯელია საკუთარი თავი, რომ აქამდე არ ჩაკვირვებიხართ იმას, რაც ასე ხილულია... ვინ იცის, რამდენჯერ გინახავთ, მაგრამ არც არაფერი აღგიქვიათ და არც დაინტერესებულხართ – ეს რა არისო?
რედაქციაში მოსული „უცნაური კაცების“ ამბები რომ მოვყვე, მეც არანორმალურად გამომაცხადებთ – დიდი მადლობა!
მაკა ჯაყელი
გაგრძელება იქნება
