„ვეფხისტყაოსნის“ გარეგანი

„ვეფხისტყაოსნის“ გარეგანი

და შინაგანი ლოგოსი

წარმოგიდგენთ ქართული ასომთავრული ანბანის ისტორიის მკვლევარს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორს, ქალბატონ მედეა ბენდელიანს, რომელიც ეროვნულ საისტორიო მწერლობაში ასომთავრული ანბანის დაშიფრულად შენახული ბიბლიური წარმომავლობის ისტორიაზე მუშაობს. მკვლევარს მიაჩნია, რომ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ არის ჰერმენევტიკული წიგნი და მის დასაწერად გამოყენებული წყაროები დაწერილია საიდუმლო წერის „მარაგი-ზრახვითი“ ხელოვნებით ორ დონეზე, გარეგანი და შინაგანი ლოგოსით. გარეგანი ლოგოსი განკუთვნილია ფართო მკითხველისთვის და არის რომანი, ხოლო პოემის შინაგანი საზრისის აღმოკითხვა განკუთვნილია ენათმეცნიერ-ლინგვისტებისთვის.


პირველი ნიშანი, რამაც მიმახვედრა, რომ  ამ პოემაში ბიბლიის სადამწერლობო სისტემისა და აქედან დამწერლობითი სამების ალეგორიულ გაგებასთან გვქონდა საქმე, იყო იოანე ზოსიმეს რელიგიურ ტრაქტატში, „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაიში“ მოტანილი ფრაზა „ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმა, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაი“. და, რადგან უკვე  ხუთი წლის  გამოცდილება მქონდა ზემონახსენები ტექსტების „ჰერმენევტიკული წესით“ კვლევაში, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ გზავნილის დაწერიდან „წელი ათასის“ შემდეგ შექმნილ ენათმეცნიერთა შრომებში უნდა მომეძია მეცნიერული ცოდნა დამწერლობითი სამების, იგივე ასომთავრულის შესახებ. ამას, კი მივაგენი ორ მკვლევართან: 1. რამაზ პატარიძის „ქართული ასომთავრული“ (1980 წ.) და 2. მესხი ანა „ქართველურ-შუმერულ-ეგვიპტური ლინგვოკულტუროლოგია“ და „მიჯაჭვული ამირანის ლინგვოკულტუროლოგიური ქსელი“ (2011 წ.). დავადგინე, რომ „დამწერლობითი სამების“ ბიბლიური კოდების: „ლაზარე, მარიამ და მართაი“-ს დეშიფრირება  ხდება მათთვის განკუთვნილი სამეცნიერო დასკვნებით და შედარებითი მეთოდებით. დასკვნა დამწერლობით სამებაზე  რ. პატარიძის მხრიდან ასეთია: „ქართული ასომთავრულის ანბანის ერთება სამ ანბანურ ჯგუფს აერთიანებს:
1.„სემური“ (ებრაული)ანბანური ჯგუფი
(„ან“-იდან-ტარ“-ამდის),
2. „ბერძნული“ ანბანური ჯგუფი (ფ, ქ,ღ) 
3. ქართული ანბანური ჯგუფი (ღ, ყ, შ, ც, ჩ, ძ, წ, ჭ, ხ, P, ჯ.) .
ამდენად, ამ სისტემასთან დაკავშირებულმა კვლევებმა მოდელირების საშუალება მომცა, შემესწავლა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ცხენებზე ამხედრებული „სამი გმირისა“ და მათთან დაწყვილებული ქალების ალეგორია. ამის მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, როცა სიღრმისეულად შევისწავლე რუსთაველის  მიერ პრელუდიაში მინიშნებული „აქამდე ამბად ნათქვამი“, როგორც ორიგინალური, ასევე „ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები“ ლიტერატურა და ასევე, რუსთაველის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ განსამარტავად მის მიერვე დაწერილი, მაგრამ  ეპილოგში სხვადასხვა ფსევდონიმებით  ჩამოთვლილი: „ამირან-დარეჯანიანი“, „აბდულ-მესიანი“, „დილარიანი“ და „თამარიანი“.
ზუსტად ერთი საუკუნე გავიდა, რაც ივანე ჯავახიშვილმა „თავის „ქართულ პალეოგრაფიაში“ (1926 წ.) თქვა, რომ ლეონტი მროველის მიერ მოტანილი ცნობა „თითქოს ფარნავაზმა შექმნა ქართული ასომთავრული, მემატიანის „ბავშვური გულუბრყვილობის ნაყოფია“. მას მიაჩნდა, რომ ფარნავაზი, როგორც ასეთი, რეალური მეფე და სახელმწიფო მოღვაწე კი  არა, ავტორის მიერ შექმნილი  „ლეგენდარული მეფეა“ (ანუ ლიტერატურული ნაწარმოების გმირია, რომელსაც მროველმა ანბანის შექმნის პატივი მიანიჭა). დიდმა ისტორიკოსმა, როგორც მართლაცდა დიდი ჭვრეტის უნარის მქონე მკვლევარმა, კი განჭვრიტა, რომ  „ფარნავაზი“ რეალური მეფე მართლაც არ არის, მაგრამ ბიბლიურ კოდურ ინფორმაციულობაზე ეჭვიც არ მიუტანია.  ამ დიდმა ისტორიკოსმაც ლეონტი მროველის დასახელებული წყარო პირდაპირი მნიშვნელობით წაიკითხა და  იოანეს გამოცხადების „მხეცის რიცხვით“-666-ით  დაშიფრული „ფარნავაზი“, რომ ავტორის მიერ ანბანის რიცხვითი მნიშვნელობათა ჯამით (სეპტიმალური რიცხვითი მნიშვნელობების ჯამით) ხელოვნურად შექმნილი  თეოფორული სახელია: ფ (500) ა (1) რ (100 ) ნ( 50 ) ა (1)  ვ (6) ზ(7)  =  666, რომელიც ალეგორიულად განასახიერებს  ბიბლიის მწერალ დამწერლობას, გაუანალიზებელი და ბიბლიასთან მიმართებაში განუმარტავი დარჩა. ჰერმენევტიკული კვლევებით კი დასტურდება, რომ რაც არის ლეონტი მროველის იდეაში სპილენძით შემოსილი  „ფარნავაზ-არმაზი“, იგივე მნიშვნელობის მატარებელი არის  რუსთაველთან  ვეფხის ტყავით, ანუ „ენიანი კაბანით“ შემოსილი „ტარიელი“.  რა სახის  „განძიც“ იპოვა გამოქვაბულში კოდი „ფარნავაზმა“  და გაუნაწილა კოდი „ქუჯი დამწელობას “ და იგივე „განძი იპოვა“ კიდობნის გახსნის შემდეგ „სამმა გმირმა“  და გადაინაწილეს ერთმანეთში, მაგრამ რეალური არც ადამიანებია აქ და არც „განძი“. აქ გაადამიანურებულად (პერსონოფიცირებულად), განმარტების ენაზე მოცემულია უფლის „თვითებით“ ქვის ფიქალებზე დაწერილი („უფლის ფიცართა მთას ნაფიცართა“) და მოსეს მიერ აღთქმის კიდობანში ჩაწყობილი  და სინას მთის მაყვლოვანიდან მცხეთის მაყვლოვანში  ანბანისმცველი საზოგადოების მიერ შემოტანილი  „განძის“- ორი კოდური ინფორმაციის მქონე სადამწერლობო სისტემის -„ელიას ხალენისა“ და „ქრისტეს კუართის“ საკრალური ისტორია, რომელთაგან პირველი კოდი „ფარნავაზ“- „ქუჯი“ (ფინიკიურიდან განვითარებული „არმაზული დამწერლობა“, იგივე „ლაზარე“ დამწერლობა)  წერს ბიბლიას ორ დონეზე (გარეგანი და შინაგანი ლოგოსით), ხოლო „წელი ათასის“ შემდეგ, შინაგანი ლოგოსის გახსნა, ანუ უფლის სიტყვის „მეორედ მოსვლა“ ხელეწიფება ლაზარეს ხოლო მის ორ დას დამწერლობები „მარიამს“ - ბერძნული და „მართაის“ - ქართული. საერთო ჯამში, ორ დონეზე დაწერილის წაკითხვა ხელეწიფება „ქრისტეს კუართს“- ასომთავრულ დამწერლობას.
„ვეფხისტყაოსნის“ შინაგანი საზრისის განსამარტავად სხვადასხვა ფსევდონიმებით დაწერილ იმ თხზულებებშია საძიებელი, რომელიც პოეტსა და თავად ენათმეცნიერს  რუსთაველს   პოემის დამამთავრებელ სტროფში აქვს ჩამოთვლილი. ესენია: „ამირან-დარეჯანიანი“, „აბდულ-მესიანი“, „დილარიანი“ და „თამარიანი“. რუსთველოლოგიურმა მეცნიერებამ არ იცის, რომ ეს ტექსტები რუსთაველის ქმნილებებია და პოემა „ ვეფხისტყაოსანი“ მათ გარეშე არ განიმარტება. რაც შეეხება ლინგვისტურ ფესვებს, იგი მკითხველმა რუსთაველის გაკლასიკურებულ „ამირან-დარეჯანიანში“ უნდა იხილოს. იგი იწყება ნეოლითის ხანის  კავკასიის „ამირანიანის“ მითებიდან და გადის იემენის ბოლომდე. საოცარია პირდაპირ, როგორი გენიალური უნდა ყოფილიყო რუსთაველი, რომ მსოფლიო ცივილიზაციათა სისტემებში ქართული ასომთავრულის ადგილი და დანიშნულება ისე  სიღმისეულად წარმოეჩინა, რომ  „წელი ათასის“ გასვლის შემდეგ, მომავალ თაობებს ქართული ცივილიზაციების რეალური ისტორიის მასალები და მათზე მაუწყებელი უკვე დავიწყებული ცოდნა საიდუმლო წერის, მარაგი – ზრახვითი ხელოვნებით  დაეარქივებინა, რათა მომავალ თაობებს შესაძლებლობა მისცემოდა „ესე საქმე დაფარული“ „ბრძენი დივნოსის“ მიერ  დატოვებული მეთოდებით, „წელი ათასის“ სამზეოზე გამოეტანა. ვნახოთ, „თამარიანი“ როგორ განმარტავს  ებრაული, ბერძნული და ქართული ანბანური ჯგუფების ერთებითა და თვლის შვიდობით სისტემაზე აგებულ ასომთავრულ დამწერლობას: „მოსეს ფიცარსა მთას ნაფიცარსა, ეწერნეს თქვენი ძლევა  გებულად“. ეს ანბანი არის საღვთო წერილის განსამარტავად შექმნილი და იგი ქართული ენით განიმარტება:  რას ამბობს რუსთაველი: „ჩვენ, ერნი შენნი, შენ მიერ შენნი, ერთხმობით ვიტყვით განმარტებულად“. ღმერთმა რომ თავისი ნებით მოგვცა  სჯულის დამამტკიცარი ეს ანბანი: „დიდსა მსაჯულსა ამტკიცებს სჯულსა ღმერთმა მით მოგვცა  მისი საქმარი“. ეს დამწერლობა არის იგავური წერის დამწესებელი: „იგავთ დამწესი და  გმირთა მწესი იესეს ძისა მით გრძნობს ებანი“ რუსთაველი ასომთავრულს სწავლობს გონებით: „მოწყალე სული, მშვიდ-წრფელ ასული გიცმა გონებით მისად ცხებულად.
- თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა რუსთაველს ამ რაოდენობის ასტრონომიული და მათემატიკური ინფორმაციის მოქცევა ერთ პოემაში?
- მოგეხსენებათ, ასომთავრული ანბანი არ არის ჩვეულებრივი სადამწერლობო სისტემა და ეს კვლევები, როგორც ვთქვით, რამაზ პატარიძის ნაშრომში დეტალურად არის ახსნილი, მხოლოდ პატივცემულ ენათმეცნიერს, ამ კვლევების შედარებითი ანალიზი არ აქვს გაკეთებული რუსთაველთან და „აქამდე ამბად ნათქვამ“ ლიტერატურასთან. როცა მას ბოლო დროს შევხვდი, უკვე საკმაოდ დასნეულებულს, მივაწოდე ინფორმაცია, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევები ასომთავრულის ანბანის კავშირს მზისა და მთვარის კალენდარულ სისტემებთან, ანალოგი რუსთაველთან და მის მიერ გამოყენებულ წყაროებთან  
მოეპოვება-მეთქი, არ გაჰკვირვებია  და რიტორიკულად მიპასუხა: „მაშასადამე, ჩემი ასომთავრული „არ ახალია, ძველია“-ო. ამით იმის თქმა გვსურს, რომ, როგორც რუსთაველი, ასევე წყაროების ავტორები, თავად არიან დიდი ასტრონომოსები და ენათმეცნიერები, რომელთაც  სიღრმისეულად შესწავლილი და დამტკიცებული აქვთ, რომ ასომთავრული ანბანი შექმნილია პრეისტორიულ ხანაში ერთ დროს და ერთდროულად, იგი ორპლანიანი ძეგლია, ერთი მხარე ანბანია თავისი რიცხვითი მნიშვნელობით, ხოლო მეორე - კალენდარული სისტემები. და, რომ მას აკისრია სულიერი მისია, გახსნას და  წაიკითხოს იოანეს გამოცხადებაში მოწოდებული მუხლი:  „წიგნი ნაწერი შინაგან და გარეგან დაბეჭდილი ბეჭდითა შვიდითა“ (გამოცხადება, 5-1) - იგულისხმება საღმრთო წერილის „დღემდე“ და „დღესამომდე“ დაბეჭდულობა  და ,აჩვენოს  „გულამოსკვნილი ტირილის“ მიზეზი:  „და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი (გამოცხადება, 5-4).
- თქვენ აღნიშნავთ, რომ  „ვეფხისტყაოსანი“ არის ჰერმენევტიკული წიგნი, რომელიც განმარტავს ბიბლიას. რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად და რატომ მიიჩნევთ, რომ რუსთაველი ბიბლიურ საიდუმლოებებს სწორედ პოემის ენით გვიხსნის?
- პრაქტიკულად, „ჰერმენევტიკული წიგნი“ ნიშნავს იმას, რომ აქ დაფარული საზრისის ძიება  ხელეწიფება ბურუსმოცული ტექსტებისთვის შექმნილ საგანგებო მეთოდს „ჰერმენევტიკულ წესს გაგების წრის შესახებ“, რაც ნიშნავს, რომ ჰერმენევტი, ვინც შეეცდება, პოემასა და მის წყაროებში ეძიოს ის ცოდნა, რომელიც ტექსტის ავტორმა საგანგებოდ დაფარა (სააზროვნო სისტემას დაუქვემდებარა). ავტორი ყველა ღონისძიებას ხმარობს, რასაკვირველია, პოეტური ხერხებით, მიგიყვანოს დაფარულთან და გეუბნება: „ამა საქმეს დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს“,ან კიდევ დაფარულის ტრანციდენტული სახელის ძიებისთვის მინიშნება: „მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს მიქია“, ანუ შესავალში რომ ღიად ვაქებ ქალის - თამარის სახელს, ეს კი არ უნდა იგულისხმო, იგი ეტიკეტისთვის მქონდაო, ხოლო ჭეშმარიტი სახელი - ქების ობიექტი „ქვემორე მითქვამსო“. ის „ქვემორე ნათქვამი“ სახელი დღესაც რომ არ არის მოძიებული, ამიტომ დავარქვი „ვეფხისტყაოსანს“ „ჰერმენევტიკული წიგნი“, მისი სახელი კი იოანეს სახარებაში მოცემული ბიბლიის სადამწერლობო სისტემის კოდებიდან: „ლაზარე, მარიამ და მართაი“-დან  მესამე ნაწილს- „თამარის“ შებრუნებული ვარიანტის „მართ“-აის ქებაა. ნახეთ, სასკოლო „ვეფხისტყაოსნის“ შესავალში რა უწერია გამომცემელ-რედაქტორს, რომ  „მართ“ სიტყვა ქართულ მეტყველებაში არ გამოიყენებაო. მე დავთვალე და რუსთაველს იგი 200- ჯერ მაინც აქვს სხვადასხვა კონტექსტში მოხმობილი, მაგრამ მას „უნათლავი თვალი“ ვერ ხედავს. პოეტი გვეუბნება, რომ: „თვალთა მისთა უნათლოთა ენატრება ახლად ჩენა“-ო. და მე ვსვამ შეკითხვას:  ახდა, რუსთაველის წინასწარმეტყველება? ენატრება თუ არა „მართას“ „ახლად ჩენა“?

ესაუბრა 
ხელოვნებათმცოდნე
ქეთი სახვაძე