ცდისპირები ლაბორატორიიდან

ცდისპირები ლაბორატორიიდან

ერთ კაცს ძალიან აწუხებდა ის აზურზაური და ხმაური, რომელსაც მისი სახლის წინ სათამაშოდ შეკრებილი უბნის ბავშვები ქმნიდნენ. მათთან არ ჭრიდა არც დარიგება, არც მუქარა, რომელსაც ამ კაცის მეზობლები მიმართავდნენ.
ერთხელ, როცა ბავშვები უკვე სახლში აპირებდნენ წასვლას, ეს კაცი გავიდა მათთან, მისცა თითეულს თითო დოლარი და უთხრა:
– გმადლობთ! თქვენ ძალიან კარგად იმხიარულეთ და მეც გამართეთ. ძალიან გთხოვთ, ხვალაც მოდით და ისევ მოგცემთ ფულს.
მეორე დღეს ბავშვები მოვიდნენ და კვლავ იგივე განმეორდა. საღამოს კაცმა მათ ისევ ჩამოურიგა თითო დოლარი და სთხოვა, მომდევნო დღეს კვლავ მოსულიყვნენ.
ასე გაგრძელდა სამ დღეს.
მეოთხე დღეს კაცმა ბავშვებს მხოლოდ 50-50 ცენტი ჩამოურიგა და უთხრა:
– მაპატიეთ, ფინანსური პრობლემები მაქვს და თითო დოლარს ვერ გადაგიხდით, მაგრამ თქვენ ხვალ მოდით და მე მაინც გამოვნახავ რაღაც სახსრებს.
კიდევ ორი დღის მერე მან უკვე მხოლოდ 20–20 ცენტი მისცა ბავშვებს და თან უთხრა, რომ ხვალისთვის მხოლოდ 5–5 ცენტის მიცემა შეეძლო, მაგრამ სთხოვა, მაინც მოსულიყვნენ.
– მეტი საქმე არა გვაქვს, ხუთ ცენტად მთელი დღე თქვენს ფანჯრებთან ვიხტუნაოთ და ვიყვიროთ კლოუნებივით! _ უპასუხეს ბავშვებმა, დემონსტრატიულად დატოვეს იქაურობა და ამის შემდეგ არასდროს გამოჩენილან.
არაფერი გეცნოთ?
კი, ნამდვილად დიდი გასავალია ათასობით ადამიანის დაქირავება ქუჩაში საღლაბუცოდ, მაგრამ ეს მაშინ, თუ საკუთარი ჯიბიდან იხდი, თორემ თუ რომელიმე ორგანიზაცია ან სულაც ქვეყანა გიხდის გრანტის სახით, რა პრობლემაა? შენ დაიტოვებ მსუყე ლუკმას და დანარჩენს დაურიგებ დავალების შემსრულებლებს. მაგ ფულად ფოთის პოლიცმაისტერი თუ გაიხდიდა, მშიერმუცელა ევრომონები ვითომ რატომ არ იტინგიცებენ რუსთაველის პროსპექტზე?
უტაცა ხელისუფლებამ მუქთა ქისაზე ხელი და 20-20 ცენტად კი არა, უფასოდ ან „პოსლეზე“, უკვე აღარავის უნდა ჭყავილი. თითო-ოროლა თუ კიდევ დაიძუძგება, ეს მათი საახლობლო და ნაცადი „უკვდავი პოლკია“, უწყვეტობის ილუზიის შესაქმნელად, საჭიროების გამო უხდიან. 
სხვათა შორის, ერთგვარად მეამა, რომ ნაცრისფერი მასა არ ყოფილა იმდენი ადამიანი, როგორც თავდაპირველად ჩანდა, თუმცა ისიც ვერაფერი სახარბელოა, რომ ამდენი ფულზე გასაყიდ-გაყიდულები გვყოლია ამ პატარა ერს...
საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი, მაგრამ ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანები რომ მეგონენ, აღმოჩნდა, ნაცრისფერი მასის შემავსებლები ყოფილან, რომელთაც არ გააჩნიათ შემოქმედებისა და შეფასების უნარი. ეს ხომ ის მასაა, რომელიც ყველაფერს ისეთად იღებს, როგორც აწვდიან და ამის გამო ამ ნაცრისფერ მასაზე ზეგავლენის მოხდენა ადვილია...
ასეა! – ყველაფერი, რაც ნაცრისფერია, არ ნიშნავს იმას, რომ ფერის გარდა, რაიმე საერთო აქვს ტვინთან...
მოდი და, ნუ დაეთანხმები მაკიაველის: 
„ადამიანებსა და ცხოველებს შორის განსხვავება ის არის, რომ ცხოველები არასდროს დაუშვებენ, სულელმა ხროვას უხელმძღვანელოს და ეს, ალბათ, ჩვენი სახეობის უდიდესი სირცხვილია.
ჩვენ ვართ ერთადერთი სიცოცხლის ფორმა, რომელსაც შეუძლია ძალაუფლების სადავეები ჩვენს შორის ყველაზე ცუდს გადასცეს _ ყველაზე ხმაურიანებს, ყველაზე ამპარტავნებს, ყველაზე ცარიელებს. 
არცერთი მგელი არ გაჰყვება სუსტ ლიდერს; 
არცერთი ლომი არ დაემორჩილება მშიშარას; 
ადამიანები კი ტაშს უკრავენ, ადიდებენ, აღმერთებენ და იცავენ მათ, ვინც იგნორირებული უნდა იყოს. 
პრობლემა ის არის, რომ, როდესაც გონება დუმს, სისულელე ტახტზე ადის და ურყევი თავდაჯერებულობით მართავს. 
ცხოველები ინსტინქტებს მისდევენ, ჩვენ კი გარეგნობას მივყვებით, ისინი ლიდერობას აღიარებენ, ჩვენ კი ყვირილს ავტორიტეტად აღვიქვამთ. 
შედეგები პროგნოზირებადია. 
ბრძენი ხროვა და დაკარგული საზოგადოება.“
ახლა რა ხდება _ წვრილფეხობა გაირინდა. საკუთარი მონაცრისფრო ჟელესებური ნივთიერების ამოქოქვა უჭირს, მითითება იგვიანებს, თვითონ კი არ იცის, ახლა როგორ უნდა მოიქცეს და, რომც იცოდეს, მაშინ იმ ჟრიამულა ბავშვებივით იფიქრებდა, 20 ცენტად რატომ გადავდო თავიო? ჟრიამულა ბავშვების კატეგორია მალევე ჩამოშორდა ქუჩაში ძუგძუგს.
მსხვილფეხობა მოთქვამს, მაგრამ უკუღმა. ნაცვლად იმისა, რომ მშიერი საქონელივით იზმუვლონ, მაიმუნებივით იქცევიან, ხან ევროქანდარაზე შეხტებიან და ჭყავიან ბაბუინებივით, ხან ამერიკაში ჩამოეკიდებიან უტოტო ხეზე და იქიდან ისვრიან მოშხამულ ვარდებს, ან სულაც აქვე, ადგილზევე ვინმეს მიახტებიან და იფურთხებიან.
მარტინ ლუთერის სიტყვებია, სევდიანი უკანალით ბედნიერად ვერ გააცუებო, მაგრამ ამათ ხომ ან კითხვა არ იციან, ან, თუ იციან, წაკითხულიდან მოკლე შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ. რა აზრი უნდა გამოიტანონ,_ ლუთერის ამ პატარა ფრაზიდან, დაგენაძლევებით, მხოლოდ ერთ სიტყვას გაიგებენ. 
რატომ?
აი, ამიტომ!
ირაკლი ყიფიანი: „ამ ადამიანს, რომელსაც პირობითად „არქიტექტორს“ დავარქმევ, ვიცნობდი ერთ-ერთი უმაღლესი რანგის სტრატეგიული ფორუმიდან. მაშინ ჩემს სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობდი, რომელიც გლობალური პოლიტიკის ტრანსფორმაციას ეხებოდა და ვთხოვე, რამდენიმე კითხვისთვის ეპასუხა. ჩემდა გასაკვირად, მან არა მხოლოდ დრო გამონახა, არამედ კერძო საუბარი შემომთავაზა. მისი ლექციები სტუდენტებისთვის კი არა, თეთრი სახლისა და ლენგლის კაბინეტებისთვის იწერება. კაცი, რომლის კაბინეტშიც უფრო მეტი სახელმწიფო გადატრიალების გეგმაა დაწერილი, ვიდრე ჰოლივუდს სცენარები აქვს გადაღებული. ის არ იყო უბრალოდ სტრატეგოსი, ის იყო სისტემის „დემიურგი“.
გვიანი ღამე იყო. სასტუმროს ლობის ბარში მხოლოდ ჩვენ ვისხედით. მაგიდაზე 25 წლის Lაგავულინ-ი იდგა. მძიმე, ტორფიანი და რთული სასმელი — ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი საუბარი იყო. ჩვენ ნელა, პატარა ყლუპებით ვსვამდით. ამ წრეში ეს უბრალოდ სასმელი არ არის, ეს რიტუალია, რომელიც სიმართლის თქმას უსწრებს წინ.
მან ჭიქას ჩახედა. თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა და უცებ, თითქოს ფიქრებს მოწყდაო, მითხრა: „იცი, ირაკლი... თქვენ, ქართველები, საოცრად ძველი ერი ხართ. იმდენად ძველი, რომ დაღლილობას ასხივებთ. თქვენს სისხლს, თქვენს გენეტიკას სასწრაფო გადახალისება და ახალი იმპულსი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, გაქრებით, როგორც ერი, პოლიტიკური სუბიექტი და დარჩებით მხოლოდ ეთნოგრაფიულ ექსპონატად.“
ამ სიტყვებმა თავმოყვარეობაზე მწარედ მიჩხვლიტა. მეც არ დავუთმე და ცოტა ირონიით, ცოტაც სიამაყით ვუპასუხე. სისხლის გადახალისებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ახალი თაობა ნამდვილად მოდის-მეთქი. აი, ნახეთ, რამდენი ახალგაზრდაა ჩართული სამოქალაქო სექტორში, როგორ აქტიურობენ, როგორ სწავლობენ დასავლეთში და როგორ ქმნიან ახალ დღის წესრიგს. დავიწყე ე. წ. „ენჯეოშნიკების“ და ახალი ლიდერების ხსენება.
სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ მისმა რეაქციამ გამაჩუმა. ეს არ იყო ღიმილი. ეს იყო ხარხარი. ცინიკური, ცივი და დამცინავი ხარხარი. მან ჭიქა მაგიდაზე დადგა. წინ გადმოიხარა და სახე სახესთან მომიტანა. მის ხმაში არანაირი დიპლომატია აღარ იყო დარჩენილი: „გაჩერდი, ყმაწვილო. ნუ მაცინებ. შენ ეგენი “თაობა” გგონია? ეგენი პროექტია. ლაბორატორიული პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 75-80-იანებში დავამუშავეთ და მერე თქვენთან დავტესტეთ.“
მან სიგარას მოუკიდა და განაგრძო. ყოველი სიტყვა სილის გაწვნას ჰგავდა:
„ჩვენ არ ვეძებდით თქვენთან პიროვნებებს, ირაკლი. არც ნიჭიერები გვჭირდებოდა. სქემა, რომელიც კალიფორნიისა და ვირჯინიის ინსტიტუტებში დაიწერა, მარტივი იყო: ჩვენ ვეძებდით “მასალას”, რომელსაც ექნებოდა კომპლექსები. იცი, ვის ვარჩევდით? პერიფერიიდან ჩამოსულ, სოციალურად დაუცველ, ფიზიკური ნაკლის მქონე ტიპაჟებს. ხალხს, ვისაც ჰქონდა მეტყველების პრობლემა, ვიზუალური დეფექტი, ან ბავშვობაში ჩაგვრის მსხვერპლი იყო. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ხალხი ყველაზე მშიერია. მათ აქვთ შურისძიების წყურვილი საკუთარ საზოგადოებაზე. ჩვენ არ გვჭირდებოდა მოაზროვნეები, გვჭირდებოდა კარგი მოზეპირეები. ისეთები, ვინც კრიტიკული აზროვნების გარეშე დაიზეპირებდა ჩვენს მანუალებს. ამიტომაც ავწიეთ ფსონი უნიჭოებზე. ნიჭიერი კაცი საშიშია, მას ეჭვები უჩნდება. დაკომპლექსებული და უნიჭო კი საუკეთესო შემსრულებელია, რადგან მან იცის, რომ ჩვენ გარეშე ის არავინაა.“
ის საუბრობდა მშვიდად, ქირურგიული სიზუსტით, თითქოს ვირთხებზე ჩატარებულ ცდას აღწერდა:
„მერე ირთვება კონვეიერი. ერთი-ორი ტრენინგი სადმე ვარშავაში ან ბრიუსელში. პირველად ჩასვამ თვითმფრინავში, პირველად აცხოვრებ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, აჭმევ კარგად, ჩააცმევ კარგად და აჩვენებ ფულს... დიდ ფულს. სულ ესაა. ამის შემდეგ ის ადამიანი აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს. ის ხდება მუტანტი. მას ეზიზღება თავისი წარსული, რადგან ჩვენ მას მივეცით ახალი “რელიგია” სახელად გრანტი. ჩვენ მათგან გამოვიყვანეთ მორჩილი ზომბები, რომლებსაც ღილაკზე თითის დაჭერით მართავ.“
მე ვუსმენდი და ვცდილობდი შემეჩერებინა, მაგრამ ის უკვე გახსნილი იყო. მან საუბარი ფინანსურ „სამზარეულოზე“ გადაიყვანა:
„და იცი, რა არის ამაში ყველაზე პარადოქსული? ეს მილიონები, რომლებსაც ვითომ დემოკრატიისთვის ვიძლევით, სინამდვილეში ფინანსური ბუმერანგია. მაგალითად, ფული შემოდის საქართველოში, მაგრამ სისტემა ისეა აწყობილი, რომ მისი დიდი ნაწილი “ატკატების”, კონსალტინგის და სემინარების სახით ისევ ჩვენთან ბრუნდება. დარჩენილი „შავი ფული“ კი ილექება ადგილზე. ეს თანხები პოლიტიკური პარტიების, რადიკალური სექტებისა და დესტრუქციული ჯგუფების დასაფინანსებლად მიდის. ეს ბიზნესია, ჩემო მეგობარო. ბინძური, სისხლიანი, მაგრამ მომგებიანი ბიზნესი.“
იმ საღამოს მე დავინახე არა მოკავშირე, არამედ ცივსისხლიანი ინჟინერი, რომელმაც ჩვენი საზოგადოების სხეულზე ოპერაცია ნარკოზის გარეშე ჩაატარა.
დღეს, როცა ვუყურებ ამ „ინკუბატორის“ წიწილებს, გაბოროტებულ, სახეშეშლილ, ეგზალტირებულ აქტივისტებს, რომლებიც მზად არიან, საკუთარ დედას გადაუარონ, ოღონდ „დონორის“ დავალება შეასრულონ, სულ ის ღამე მახსენდება.
მათ მართლა შექმნეს ახალი ჯიში, რომელსაც არ აქვს ფესვი, არ აქვს მორალი და არ აქვს სამშობლო. იმ ამერიკელმა სტრატეგოსმა მაშინ ზუსტი დიაგნოზი დამისვა: „ჩვენ არ გვიჩუქებია თქვენთვის თავისუფლება, ჩვენ მოგეცით ვირუსი, რომელიც შიგნიდან გამოგჭამთ.“
მათ შექმნეს „ახალი ჯიში“, მაგრამ დაავიწყდათ მთავარი _ გენეტიკური მეხსიერება არ იშლება. ვირუსი საშიშია, მაგრამ ჯანსაღი ორგანიზმი მას ადრე თუ გვიან აუცილებლად ამარცხებს.

მაია ჭელიძე