შოთა თხელიძე: ევროკავშირი მილიტარისტული ხდება
გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი შოთა თხელიძე:
_ ბატონო შოთა, გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა საკითხი, ვინ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრად ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები.
_ ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირის ბიუროკრატიულ მოთხოვნებთან პირდაპირ კავშირში არ არის. აქ გადამწყვეტი პოლიტიკური ფაქტორია. თუ ქვეყანა ბიუროკრატიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ პოლიტიკის კუთხით მოიკოჭლებს, შესაძლოა, ის ევროკავშირის წევრი ვერ გახდეს. ბოლო ოთხწლიანმა ურთიერთობამ დაგვანახა, რომ მხოლოდ შესასრულებელი დავალებები _ ბიუროკრატიული გზა, საკმარისი არ არის, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციის წევრი გავხდეთ. ასევეა ნატო-სთან მიმართებაშიც _ საქართველო ნატო-ს არაერთ წევრ ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით თუ სხვა კრიტერიუმებით უსწრებს, ასევე, ქართული არმიის ნაწილი წლების განმავლობაში ნატო-ს მისიებში იმყოფებოდა. ანუ, ბიუროკრატიულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდით, თუმცა ნატო-ში გასაწევრიანებლად პოლიტიკური ფაქტორი მთავარი ბარიერი იყო, რაც ვერ გადავლახეთ.
დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნატო, შესაძლოა, ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. ეს ძალიან ჰგავს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, რადგან მასში გაწევრიანებაც უკვე კრიტიკული მოცემულობა გახდა შემდეგი კუთხით _ დღევანდელი ევროკავშირი აღარ არის მხოლოდ ეკონომიკურ-სოციალური „პროექტი“, რომელსაც მხოლოდ სამშვიდობო, ჰუმანური პროფილი ჰქონდა. ის თანდათან მილიტარისტული სამხედრო ორგანიზაცია ხდება, რომლის მთავარი ორიენტირი იარაღის წარმოება, უსაფრთხოება, თავდაცვა იქნება. ამიტომ ევროკავშირის ასეთი პროფილური ტრანზიცია, მისი კონკურენტი პოლიტიკური აქტორებისთვის გამოწვევაა, იქნება ეს ჩვენი მეზობელი რუსეთი თუ ირანი. თუ აქამდე საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ რუსეთი ეწინააღმდეგებოდა, ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა დღის წესრიგში დააყენა მოცემულობა, რომ სამომავლოდ უკვე ირანისთვისაც მიუღებელი იქნება კავკასიაში ნებისმიერი დასავლური სამხედრო ინფრასტრუქტურის არსებობა. ეს სპარსეთის ყურეში არსებულმა ვითარებამ ნათლად დაგვანახა _ იქ არსებული ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა ირანული თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა.
ევროინტეგრაციის თემა რომ შევაჯამო, ოთხწლიანმა ურთიერთობამ დაგვანახა, რომ ბრიუსელისთვის მთავარია, საქართველოს რა დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესთან. ის მიმართება რაც ჩვენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან გვაქვს, მათთვის მიუღებელია. ამიტომ ბოჭორიშვილის პარლამენტში მოსმენა მიკროპოლიტიკური პროცესია, რაც ნათლად ასახავს, რომ ჯერჯერობით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ჩიხშია. ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ 2030 წელს ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მზად იქნება. თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის გაწევრიანება არ მოხდება. 2030 წელი საინტერესო იქნება, რადგან გამოჩნდება, რა ვერდიქტს გამოგვიტანს ევროკავშირი, ან რამდენად შეცვლის თავის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება.
_ ზემოთ ნატო ახსენეთ, ევროპელები „ევროპული ნატოს“ შექმნაზე მუშაობენ, რაც ალიანსიდან აშშ-ის შესაძლო გასვლას უკავშირდება. რა პერსპექტივა აქვს ამ ინიციატივას?
_ „ევროპული ნატო“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. პრაქტიკულად, შეუძლებელია, ევროკავშირმა აშშ-ისგან დამოუკიდებლად ერთიანი სამხედრო ორგანიზაცია შექმნას, რადგან შიდა წინააღმდეგობების გადალახვა, რაც ევროპულ ქვეყნებს შორის არსებობს, ყოველთვის საერთო ამერიკული ქოლგით ხდებოდა. რეალურად, ნატო-ს დღის წესრიგს აშშ ადგენს. თუ ამერიკის ფაქტორი გამოირიცხება, მაშინ „ევროპულ ნატოში“ ლიდერი სახელმწიფო ვინ იქნება?! _ გერმანია თუ ითავებს ლიდერობას, ეს საფრანგეთისთვის იქნება მიუღებელი და პირიქით. ეს დაპირისპირებები მაინც არსებობს. ამიტომ საერთო ევროპული უსაფრთხოების სამხედრო ორგანიზაციის შექმნა ხმამაღალი ნათქვამია. ნატო არსებობას ჩვეულებრივ განაგრძობს, თუმცა შესაძლოა, აშშ-მ საკუთარი პასუხისმგებლობები შეამციროს, იგივე მეხუთე მუხლთან დაკავშირებით.
მომავალში აშშ-ს ჩინეთთან ღია დაპირისპირებაში შესვლაც მოუწევს, რისთვისაც მას უზარმაზარი რესურსის მობილიზება და სამხერთ-აღმოსავლეთ აზიაში ტოტალური ყურადღების კონცენტრირება დასჭირდება. ამიტომ აშშ-ისთვის ნატო უფრო და უფრო ნაკლებად პრიორიტეტული მიმართულება გახდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ ნატო-ს დატოვებს, ამისთვის მას ორი მთავარი მიზეზი აქვს: აშშ ნატო-ს მეშვეობით მთლიანად ევროპას და მის წამყვან ელიტებს აკონტროლებს და მეორეც, ეს მისთვის გეოპოლიტიკური ბიზნესპროექტია, რითაც აშშ-ის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მოგებას ნახულობს.
რაც შეეხება თავად ევროპის მხრიდან ერთიანი ფრონტის შექმნით სამხედრო მილიტარიზაციის კუთხით აქტიურობას, ჩვენთვის გამოწვევაა, რადგან ეს მიმართულია მილიტარიზაციაზე და კონფრონტაციული პოლიტიკის ნაწილია, რამაც შესაძლოა, შემდგომ ომი გამოიწვიოს. მთავარი უკრაინის განახლებული, მასშტაბური ომი, ან ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ მედვედევმა ახლახან ევროპის ქვეყნებში მდებარე თერთმეტი ინდუსტრიული საწარმოს სია გამოაქვეყნა, სადაც უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის შეიარაღება მზადდება. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, რუსეთი იძულებული იქნება, ინდუსტრიულ საწარმოებზე იერიში მიიტანოს. მედვედევის ქმედება ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ მზადდება პროცესი, რათა სამომავლოდ ევროპისა და რუსეთის შესაძლო გეოსტრატეგიული დაპირისპირება დაიწყოს.
_ რით არის განპირობებული ბრიუსელის საყვედურები, თითქოს აქ რუსული სტილის მმართველობაა?
_ ამჟამინდელი ხელისუფლება ბრიუსელს წინააღმდეგობას უწევს. ეს უკანასკნელი კი მიიჩნევს, რომ ამ ქმედებებში მთავრობას ზურგს რუსეთი უმაგრებს. ეს აპრობირებული რიტორიკაა _ ქვეყნებში, სადაც ლიდერები ბრიუსელის ნებას არ ემორჩილებიან, იგივე, ფიცოს და ორბანის მაგალითზე, მომენტალურად „ურჩი“ სახელმწიფოების გაშავებას იწყებენ, თითქოს ისინი რუსეთთან აფილირებულნი და მისი მფარველობის ქვეშ არიან.
ევროკავშირი პრაგმატულ, რაციონალურ პოლიტიკას არ მისდევს. მას შემრიგებლური, სამშვიდობო რიტორიკა არ აქვს. ევროპისთვის დღეს პრაგმატიზმი, რაციონალურობა და ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც მის მეინსტრიმულ პოლიტიკურ აზრს არ ეთანხმებიან, მიუღებელია.
_ უნგრეთის არჩევნებსაც შევეხოთ. რა იცვლება საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში ორბანის მარცხით?
_ უნგრული სცენარის საქართველოზე გადმოტანა საკმაოდ ალოგიკური მიდგომაა, რადგან კონტექსტები აბსოლუტურად განსხვავებულია. უნგრეთი პოლიტიკური სივრცის ქსოვილის _ ევროკავშირის ნაწილია. ბრიუსელს მასზე ზეგავლენისა და მადიარისთვის მხარდაჭერის მეტი ბერკეტი ჰქონდა. ჩვენ ამ ორგანიზაციული ქსელის ნაწილი არ ვართ, არც ამ პოლიტიკურ სივრცეში ვვარსებობთ. თუმცა ჩვენ ევროპულ პოლიტიკაში მოკავშირე დავკარგეთ იმ კუთხით, რომ ორბანი შემაკავებელი ფაქტორი იყო „თავდასხმითი პოლიტიკისა“, რაც ბოლო წლებია საქართველოსთან მიმართებით ხორციელდება. ორბანის მარცხით გამოწვეულ რისკებს რაც შეეხება, შესაძლოა ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი დააყენოს. ეს რისკი გაზრდილია. ასევე, შესაძლოა, ევროკავშირმა სხვა ტიპის სანქციები შემოიღოს, რასაც მადიარი წინააღმდეგობას არ გაუწევს, რადგან, მას ორბანის მსგავსად, საქარველოსთან განსაკუთრებული პოლიტიკური ურთიერთობები არ აკავშირებს. არ მგონია, მადიარმა საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციებზე ვეტოს დადებით თავი გამოიდოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური კოალიცია, რომელზეც დღეს მადიარი დგას, მეტწილად ბრიუსელთან არის აფილირებული და მეინსტრიმული ევროპული პოლტიკის ხაზს ატარებს. მადიარმა შეიძლება ჩვენ მიმართ აგრესიული პოლიტიკა არ აწარმოოს, მაგრამ ევროკავშირთან მიმართებით, ჩუმად იმ პოლიტიკას დასთანხმდება, რასაც ბრიუსელი შეიმუშავებს.
_ ზემოთ ახსენეთ, რომ ფუნქციაშეცვლილი ევროკავშირი რუსეთს არ აწყობს. ზახაროვას განცხადება, საქართველოს ევროკავშირში შესვლა რუსეთისთვის წითელი ხაზი იქნებაო, ამით ხომ არ იყო განპირობებული?
_ დიახ, რუსეთისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კრიტიკული ხდება, რადგან ეს ორგანიზაცია პროფილს იცვლის, მილიტარისტული ხდება, რომლის მთავარი ორიენტირი სამომავლოდ რუსეთთან კონფრონტაცია იქნება. რუსეთმა ჯერ კიდევ უკრაინასთან მიმართებით განაცხადა, რომ მისი ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია. რამდენიმე კვირის წინ პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას იგივე გაიმეორა: თუ სომხეთი ევროკავშირში შევა, ავტომატურად ევრაზიულ კავშირში წევრობას და სხვა სარგებელს დაკარგავსო. საქართველოს ევროკავშირში შესვლა რუსეთის უსაფრთხოებას რისკს უქმნის, რაც მისთვის მიუღებელია. ასევე, გვითხრეს, რომ პრობლემები შეგვექმნება ვაჭრობის კუთხითაც.
ესაუბრა
თამარ შველიძე

