რუსლან გვარაძე: ცოცხალი რომ გადავრჩი, ამიტომ ვისჯები?!

რუსლან გვარაძე: ცოცხალი რომ გადავრჩი, ამიტომ ვისჯები?!

„საერთო გაზეთის“ სტუმარია მი-8 ტიპის შვეულმფრენის ვეტერანი მფრინავი, შრომის ინვალიდი რუსლან გვარაძე, რომელიც წლებია, სამართალს ეძებს და ვერ პოულობს. მისი ამბავი ადვილად შეიძლება, უსამართლობის კიდევ ერთ კლასიკად მივიჩნიოთ. როდის და ვის აღარ მიმართა ბატონმა რუსლანმა, დაწყებული საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებით, დამთავრებული ყველათი, მაგრამ ამაოდ.
მის ხელთ არსებული უამრავი დოკუმენტის გამოქვეყნება შეუძლებელია, ამიტომ მას მოვუსმინოთ და სრული წარმოდგენა შეგექმნებათ, რა მოგვარებად, მაგრამ რატომღაც გადაუჭრელ პრობლემასთან აქვს საქმე ბატონ რუსლანს. 
ცნობისათვის _ მი 8 (ნატო-ს კლასიფიკაციით) მსოფლიოში გავრცელებული ყველაზე მრავალფუნქციური საბჭოთა შვეულმფრენია, რომელსაც იყენებენ როგორც საბრძოლო, ისე სამოქალაქო ოპერაციების შესასრულებლად.
_ ბატონო რუსლან, მოდი, არაოფიციალურ ენაზე ამიხსენით, რანაირად მოხვდით ამ გაუგებრობაში, როგორ განვითარდა მოვლენები თქვენ ირგვლივ...
_ ლენინგრადის ოლქის (ასე ერქვა მაშინ) ქალაქ ვიბორგის საავიაციო სასწავლებლის კურდამთავრებული ვარ, შემდეგ, 80-იან წლებში სრული კურსი გავიარე მი-8 ტიპის ვერტმფრენზე ბორტმექანიკოსის თანამდებობაზე ქალაქ კრემენჩუკში (უკრაინა. პოლტავის ოლქი).
უამრავი სამაშველო სამუშაო მაქვს ჩატარებული, არაერთი ადამიანი მყავს გადარჩენილი, მაგრამ მოხდა ისე, რომ 1987 წლის 14 ივნისს თუშეთში მომიხდა ავარია, ჩამოვვარდით სახარეში, _ ასე ჰქვია იმ ადგილს. ანალოგიური შემთხვევა იყო, რაც გუდაურში მოხდა _ მთაში ხშირია მოულოდნელად შემობერილი ქარის ტალღა, იგივე მი-8 იყო და ზღვის დონიდან და იგივე 2 350 მეტრზე ვიყავით. გუდაურში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისგან განსხვავებით, ჩვენმა ეკიპაჟმა დროულად მიიღო ინსტრუქციის შესაბამისი ზომები და თავიდან ავიცილეთ ხანძრის გაჩენა, გადავარჩინეთ საფრენი აპარატიც და სიცოცხლეც შევინარჩუნეთ.
მე, როგორც მფრინავმა, რომელმაც სახელმწიფო დავალების შესრულების დროს მივიღე სხეულის დაზიანება და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაევალა ჩემთვის ზიანის ანაზღაურება, ანუ საბჭოთა მანეთებით გადახდა. სახელმწიფო ვალდებული იყო და იზრუნა ჩემზე, დამენიშნა 292 ლარი, ხოლო სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის 2000 წლის შიდა ბრძანების საფუძველზე, გადამიანგარიშდა და სრულად ვიღებდი 773 ლარს. სხვაობა იყო 481 ლარი.
1987 წელს ავიაკატასტროფაში არ მოვკვდი, მაგრამ 2006 წლიდან ჯოჯოხეთად მიქცია სიცოცხლე სააკაშვილის ხელისუფლებამ. ახლა 2025 წელია, სხვა ხელისუფლებაა, მაგრამ კვლავ იგივე გრძელდება...
_ 1987 წლიდან 2006 წლამდე თუ პრობლემა არ გქონდათ, მერე რა მოხდა და რატომ? იქნებ იმიტომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ „საბჭოთა მფრინავს“ დამოუკიდებელი საქართველოსგან არაფერი ეკუთვნოდა? _ მათსას რას გაიგებდი, როგორც უნდოდათ, ისე ჭრიდნენ და კერავდნენ, მაგრამ ახლანდელ ხელისუფლებას რაღა დაემართა? 
_ რა მნიშვნელობა აქვს, ინვალიდი საბჭოთა კავშირის დროსაც ინვალიდია და ყველა წყობაშიც, ხოლო ამათ რაღა დაემართათ, გეტყვით ამასაც _ ფაქტობრივად, მე სისტემას ვებრძვი.
გუდაურში მომხდარი კატასტროფის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის თითოეული წევრის ოჯახისთვის, სრულიად სამართლიანად, ერთჯერადი კომპანსაციის სახით 100 000 ლარი გამოიყო, ჩემს ოჯახს კი იმავე რაოდენობის თანხა წაართვეს. 
_ განმიმარტეთ, თორემ დავიბენი...
_ 2006 წელს წელს, სააკაშვილის ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამომაჭრა 481 ლარი ყოველთვიურად, რაც დღეისთვის შეადგენს 100 000 ლარს. არცერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებდა თანხის ჩამოჭრას. ვის აღარ მოვმართე, მათ შორის 2010 წელს სასამართლოსაც, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიე. 27 კვ.მ ფართობში მცხოვრები 8-სულიანი ოჯახი სამი მცირეწლოვანი ბავშვით და ქვედა კიდურების კოქსართროზის დიაგნოზით დაავადებული ჩემი მეუღლე გაუსაძლის პირობებში ჩაგვყარეს. 
იმავე წელს დახმარებისთვის მივმართე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. მათი მხრიდან დახმარების ნაცვლად, სტრასბურგის სასამართლოში არასრულყფილად იქნა მიწოდებული სარჩელი და საქმე წარმოებაში არ მიიღეს (სარჩელი #7025/11). მოკლედ, ყველა უწყებამ დამჩაგრა ჩემი ქვეყნის სახელით.
_ რატომ, რანაირად, ავიაკატასტროფა ხომ მოხდა და დამსახურებულად იღებდით იმ 773 ლარს...
_ სწორედ იმიტომ, რომ ფაქტი მოხდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დამენიშნა საბჭოთა პენსია საბჭოთა ფულით. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა ძალიან კარგი ბრძანებულება #48, რომლის თანახმადაც, გარდაცვალების შემდეგაც რჩებოდა პენსია მარჩენალდაკარგულ ოჯახს. ლარი რომ შემოვიდა ბრუნვაში, დადგენილებაში უკვე ეწერა გადაანგარიშების შესახებ. სატირლად სასაცილო ამბავია, რომ ჩვენ ზიანი განგვისაზღვრეს პროცენტებით _ 80% შრომისუნარდაკარგულობა. მფრინავს სურდოც რომ ჰქონდეს, ფრენის უფლება აღარ აქვს და შეიძლება, რომ 80% მფრინავი არ იყო და 20% _ იყო? ჯანდაბას, ამაზე თვალი დავხუჭეთ. 
მოკლედ, სასამართლოს დადგენილებითა და შიდა ბრძანების საფუძველზე დამენიშნა 773 ლარი. ამ თანხას მიხდიდა ავიაციის დეპარტამენტი. მოვიდა სააკაშვილი 2003 წელს ხელისუფლებაში და გააკეთეს ისე, რომ პრემიერმა გამოუშვა #53 ბრძანებულება _ „გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნისო“. ყველას შეუწყვიტეს კუთვნილი თანხა, მაგრამ მე ვერ შემიწყვიტეს, რადგან წავედი და ავიღე აღსრულების ფურცელი, რომელსაც ვადა არ ჰქონდა გასული. ავიაციის დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ ჩანიშნული იყო ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ არ მიხდიდა, მიჭიანურებდნენ გადახდას _ ნიკანორ მელია იყო მაშინ სააღსრულებლოს უფროსი. ბოლო-ბოლო, მივაღწიე იმას, რომ გადამიხადეს, მაგრამ მე ვუთხარი, ამას რომ მიხდით, ეს რანაირად არის, ერთი ხელისას რომ მიხდით, მეორე ხელი ჩემი არ არის-მეთქი? მივმართე სააკაშვილის სასამართლოს, მაგრამ არ დამიკმაყოფილა სხვაობა, დამიტოვეს 292 ლარი.
_ მაინც ვერ ვიგებ ბოლომდე _ მანამდე ხომ 773 ლარს იღებდით...
_ კი ვიღებდი, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ აღსრულების ფურცლით გამისაზღვრა, ავიაციის დეპარტამენტის შიდა განაწესის დადგენილება აღარ ჩამითვალა. 
როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, ჩვენი ბიჭები შეხვდნენ და აუხსნეს საქმის ვითარება. ბატონი ბიძინა შეჰპირდა ბიჭებს, ხელისუფლებაში რომ მოვალ, მოგხედავთო და მართლაც შეასრულა დანაპირები. მე რომ ვიღებდი რაღაც თანხას, საკითხი დაისვა ასე: თუ ეს კაცი იღებს, სხვები რატომ არ იღებენო?
2012 წელს „ქართული იცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოიცა საქართველოს ახალი მთავრობის 1-ელი მარტის #45 დადგენილება, რის შემდეგაც, იმ „სხვებს“, ყველას აღუდგინეს არაკანონიერად ჩამორთმეული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ მე არ აღმიდგინეს არაკანონიერად ჩამოჭრილი თანხის ნაწილი, რაც 2007 წლის აგვისტოდან შეადგენს ყოველთვიურ 481 ლარს.
მივმართე სასამართლოს, მაგრამ არ დამიკმაყოფილა სარჩელი. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს. ის ოთხი კაცი, რომელიც კუთვნილ თანხას იღებს, მისგან იღებს და დაარქვეს „დახმარება“. დახმარება შეუძლიათ ხვალვე მოგიხსნან, მე კი დახმარება არ მეკუთვნის, რადგან სახელმწიფო დავალების შესრულების დროს ვერტმფრენით ჩამოვვარდი, მივიღე ფიზიკური დაზიანებები და ხელში მიკავია სასამართლოს დადგენილება... მე ფაქტი მომიხდა, ისინი დაავადებით გავიდნენ...
ჩემთვის სამართალმემკვიდრე არის ეკონომიკის სამინისტრო, მათი _ ჯანმრთელობის სამინისტრო. ისეთი სისულელეები გააკეთეს, რომ თვითონაც არ იციან, როგორ ამოძვრნენ ამ ჭაობიდან...
საკონსტიტუციო სასამართლომაც ხელი მკრა... თავიანთ გაფუჭებულ საქმეზე ისევ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის“ მივადექი და იუარეს, მეორედ იგივე საქმეს აღარ მიიღებენო. აღარ ვიცი, რა ვქნა.
_ პირველი არ გითქვამთ...
_ შუამდგომლობისთვის ევროკავშირსაც მივმართე. ევროკავშირმა მიპასუხა, ჩვენ არ ვერევით პიროვნულ საქმეშიო, მაგრამ თუ კოლექტიურია, შემოვალთ შუამდგომლობით პრემიერთანო. მათი მითითებით მივმართე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“. მათ არასრულყოფილად შეიტანეს სარჩელი და ევროსასამართლომ ჩემი საქმე არ მიიღო...
_ პიროვნულ საქმეებში არ ვერევითო? კარგი, თქვენ რატომ ხართ ასე „თეთრ ყვავად“ დარჩენილი, მომკალით და მაინც ვერ ვხვდები... რაღაც სხვაშია საქმე!
_ საქმე ის არის, რომ #45 დადგენილებაში ცვლილება რომ შევიდეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გამოუშვა, არ აწყობს ეკონომიკის სამინისტროს. ერთი კაცი ვარ, მაგრამ თანხა დაგროვდა. რეალურად ეს თანხა აღარაფერია, ბინასაც კი ვერ ვიყიდი, მაგრამ თავის დროზე რომ ეძლიათ, ვიყიდიდი _ ხუთ ლარად ბაზარში დავდიოდი... 
2019 წელს, სახალხო დამცველის #04-5/5857 24. 05. 2019 წინადადების საფუძველზე დაიწერა დადებითი დასკვნა ჩემს სასარგებლოდ და გადაიგზავნა პრემიერთან, მაგრამ დღემდე არ სრულდება, ალბათ, პრემიერს არც უნახავს, სად გადააგდეს ვინ იცის. 
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს რომ მივმართე, მან გადამამისამართა სახალხო დამცველის აპარატსა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. ამ ორგანიზაციამ კვლავ არასრულყოფილად შეადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი #1645 და სასამართლომ არ მიიღო. აქვე აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სახალხო დამცველის აპარატს უნდა შეეტანა, რაც არ გააკეთა. მერეღა გავიგე, რომ ესენი და სააკაშვილის ხელისუფლება ერთნი ყოფილან.
დღევანდელი მონაცემებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე #3.4424-18 საქართველოს მთავრობის 1-ელი მარტის #45 დადგენილების 5.5 პუნქტი (ამ წესის შესაბამისად, დანიშნული დახმარება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება) სამივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გაუქმებულია.
მე ვამბობ, გაეცანით საქმეს, გამოიძიეთ, რა მოხდა და დასაჯელი თუ ვინმეა, დასაჯონ, თუ არადა, მე რას მემართლებიან? რომ ჩამოვარდა ვერტმფრენი, რადგან ეკიპაჟის ძალისხმევით არ აფეთქდა და ტრამვირებული, მაგრამ ცოცხალი დავრჩი, დამნაშავე ვარ? მათხოვრად გამხადეს...
საქმე იცით, რაშია? _ არცერთი ნორმატიული აქტი თანხის ჩამოჭრას არ ითვალისწინებს!
_ მგონი, ვერ იგებენ, საიდან უნდა დაიწყონ, რა უნდა ქნან და ამიტომ ტოვებენ თქვენს წერილებს რეაგირების გარეშე _ სულაც არ ვამბობ ხუმრობით...
_ რაშია საქმე, იცით? იქამდე მიიყვანეს საქმე, მე რომ გამიკეთონ, სხვებსაც უნდა გაუკეთონ გადაანგარიშება, ამას კი უკვე ერიდებიან. ვისაც მივადგები, მეორე კარიდან გარბის; ზარზე არ მპასუხობენ, მოკლედ, ყველა მემალება.
ერთი კვირის წინათ მარიამ ქვრივიშვილის მოადგილესაც ველაპარაკე _ წერილს აგზავნიან ჯანმრთელობის სამინისტროში. ჯანმრთელობის სამინისტრო მწერს, მე არაფერ შუაში ვარ, ეკონომიკის სამინისტროს მიმართეო. ეკონომიკის სამინისტროს ერთი სიტყვის ჩამატება უნდა „იმასაც“, ანუ მე და მიაწოდოს პრემიერს. თვითონვე აღიარებენ, რომ დარგობრივ კომიტეტს მისწერეს და უპასუხეს, ჯერ არ მიმდინარეობს არანაირი გადაანგარიშებაო, ანუ თავიანთ ვალდებულებას არ ასრულებენ, მაგრამ შედეგი მხოლოდ ის არის, რომ ვინაიდან არგუმენტირებული პასუხი არ აქვთ, გამირბიან.
_ თქვენ საქმესთან რა შუაშია, თქვენ ხომ „დახმარება“ არ გაქვთ...
_ ვერ იგებენ თუ არ იგებენ, ასეა და გამაწამეს! ამ საქმეს რომ ხელი მოჰკიდონ, მიშა სააკაშვილზე გავლენ და გამოჩნდება, რა ზეწოლა და ვისგან იყო სასამართლოზე. ამას მოჰყვება თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გაყიდვა-გასხვისების ამბებიც და გუნდა ზვავად გადაიქცევა.
გული რაზე მტკივა, იცით? ქვეყნისა და ხალხისთვის ბევრი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული და ასე დამიფასა სახელმწიფომ... ვერტმფრენი მყავს გადარჩენილი, რომელიც მაშინ მილიონი ღირდა, მაგრამ მადლობისა და ჯილდოს ნაცვლად, კაპიკების გამო გამამათხოვრეს...
გაზეთ „ავია მაცნეს“ ვუშვებდი _ თქვენ კარგად იცით, დღეს გაზეთი თუ ვინმემ არ შეინახა, ვერ ირსებებს. მთელ პენსიას გაზეთს ვახმარდი, ჟურნალისტებისთვის პატარა ხელფასი მაინც რომ მიმეცა. ჟურნალისტებს ინტერვიუებზე ვაგზავნიდი უკრაინაში, უზბეკეთში და სადაც საჭიროდ ჩავთვლიდი. მინდოდა ტურიზმის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა. კარელიაში ისეთი კავშირები მაქვს, აქედან ვინმეს ჩაუსვლელად გააკეთებენ საქმეს...
ბიძინა ივანიშვილს ჩემი ჯინი კი არ სჭირდა, რომ კუთვნილი ყველას მისცა და მე წამართვა, მაგრამ გარედან ასე ჩანს. ეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვითომ პატარა მტრობაა, მაგრამ გამიზნული მტრობაა. ამ შემთხვევაში ვინ მტრობს? სააკაშვილის ის ძველი კადრები, რომლებიც დღესაც სხედან ყველა იმ უწყებაში, რომელთაც ჩემს საქმესთან ჰქონდათ და აქვს შეხება. მაგალითად, ნინო ენუქიძე იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო, რომელსაც 2006 წელს ვუთხარი, წინ გაიხედეთ-მეთქი. რა უნდა ეთქვა, მიყურებდა უხმოდ. ახლა მისი მოწერილია, ჯერ არ მიმდინარეობს გადაანგარიშებაო. ამჯერად ეკონომიკის სამინისტროში საქმიანობს. აბა, ეს ენუქიძე იმაზე გაირჯება, რომ მიშასდროინდელი კიდევ ერთი უკანონობა ამოიქექოს? 
სასამართლო დადგენილებას რომ წერდნენ, მანანა ჩოხელს ვინც უკარნახა, რა დაეწერა, ვიცი _ სააკაშვილის პერიოდში ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იძლეოდა მითითებებს...
თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ უკანონობაში მომაქციეს. ნებისმიერ მათგანთან რომ მიხვიდე ჩემს საქმეზე, კამათს კი არ დაგიწყებენ, თავს ჩაღუნავენ. თუ ვინმეს გამიზნული მტრობა არ აქვს, სხვა პრობლემა აქვს _ არ იციან, როგორ გამოვიდნენ თავიანთივე შექმნილი მდგომარეობიდან. ამას უკვე პრემიერიც ვეღარ გადაწყვეტს...
სიმსივნეს რომ მიუშვებ და მოურჩენელში გადავა, ასეთ მდგომარეობაში გადაიყვანეს უმარტივესად გადასაწყვეტი საქმე და გრძელდება მიშას დაწყებული სიმსივნის სიცოცხლე...
ბიძინა ივანიშვილამდე რომ მივიდეს ეს ამბავი, რა გამოიწვია მისმა ერთმა დადგენილებამ, ხომ ეტყვის ამათ, ყველას, თქვე იდიოტებო, აქამდე როგორ მიიყვანეთ ერთი მარტივი საქმე, არ გრცხვენიათო?!

მაია ჭელიძე