„რუსი მოდის! რუსი მოდის!“

„რუსი მოდის! რუსი მოდის!“

ცხონებულმა ჩემმა ბიძაშვილმა იცოდა ასე მოქცევა: აბა, კარგად იყავით, წავედი ეხლა მეო, დაგვემშვიდობებოდა და ჩამოეკიდებოდა დედაჩემი, არ წახვიდეო. ვერ გადაათქმევინებდა ნასვამს და უკვე ძალიან გვიანი რომ იყო, დედაჩემი ეხვეწებოდა, წადი ეხლა, მეძინებაო. არსადაც არ წავალო, გამოგვიცხადებდა. ზუსტად ასეა ჩემი საქმე _ ვთქვათ, ვიტყვი, რომ ამ თემაზე ან ამ პიროვნებაზე, სიტყვასაც აღარ დავწერ-მეთქი, მაგრამ „ჩამომეკიდებიან“ პოლიტთახსირები თავიანთი ფინია მედიასაშუალებებით და იძულებულს მხდიან, ისევ ვწერო.
მაგალითად, არცერთმა ფინიამედიამ არ გვითხრა, რომ კრემლმა გერმანიასთან ისტორიული სამხედრო შეთანხმება გააუქმა. დიახ, ბატონო, 18 ივლისს, რუსეთის პრემიერმა მიხაილ მიშუსტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ბერლინისთვის ეცნობებინა, რომ 1996 წლის პაქტი, რომელიც წარმართავდა ორი ქვეყნის თანამშრომლობას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში, ძალადაკარგულია. მიზეზი მარტივია _ გერმანია ღიად მტრულ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთის მიმართ და უფრო და უფრო აგრესიული სამხედრო ამბიციები უჩნდება. 
საინტერესო ერთი რამ არის, თვით გერმანიას რატომ არ მოსვლია აზრად ამ დოკუმენტის სანაგვე ურნაში მოსროლა, ვთქვათ, 2008 წელს? კარგი, ვიცით, საქართველო იმად არ უღირთ, ჩვენ გამო ურთიერთობა გაიფუჭონ რუსეთთან, მაგრამ უკრაინაზე ხომ ვითომ ძალიან შესტკივათ გული, ყირიმის ანექსიის დროს, ან სულაც 2022 წელს, უკრაინაში შეჭრისთანავე მაინც რატომ არ უგანეს რუსეთს?
როგორც ჩანს, ბერლინში საკმარისზე მეტად ბრიყვი თავები სხედან, იმდენად ბრიყვები, რომ რუსეთმა ყველა ნიშნით ამოიცნო ფაშისტების არა მხოლოდ სისხლისმიერი, არამედ იდეური შთამომავლები. 
რუსეთის ეს ნაბიჯი ანონსი იყო სრულიად ევროპისთვის, _ თუ იმასაც შთამაგონებთ, რომ „ფილმის გადაღება“ დავიწყო, სხვა საქმე მაინც არაფერი მაქვს, იდეალურ ფილმს გადავიღებ ევროპის „ბანკაში“ „სილიოტკებივით“ ჩაწყობილ ევროპის ქვეყნებზეო. 
მანამდე იმისთვის მოიცალა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო-საზღვაო წვრთნები წამოეწყო სახელწოდებით „ივლისის შტორმი“, რომელიც ერთდროულად ოთხ ზღვაოსნურ აკვატორიაში: წყნარ, არქტიკის, ბალტიისა და კასპიის ზღვებში მიმდინარეობდა. რუსეთის თავადაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნებში 150-ზე მეტი გემი და 15 000-ზე მეტი სამხედრო პირი მონაწილეობდა. მიზნად გრძელდისტანციური იარაღისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, უპილოტო სისტემების არასტანდარტული ოპერაციებისთვის ფლოტის სამხედრო გამოცდა დასახელდა. დაუჯერებელი არაფერია, ყოველთვის ყველა ატარებს სამხედრო წვრთნებს, თუმცა რეალური მიზანი რატომღაც სხვა მგონია.
ჰო, რა ვიცი, _ რუსეთმა რომ გამოაცხადა, 23-27 ივლისის პერიოდში ასეთი წვრთნები უნდა ჩავატაროო, უცბად ვიგებთ, რომ 25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული Aგილე შპირიტ 2025“ გაიმართება. 
არც ეს არის გასაკვირი, სწავლებას მეთორმეტედ უმასპინძლებს საქართველო, მაგრამ „რატომღაც“ წამხედური ბავშვი გამახსენდა, რადგან ცოტა სხვა მოცემულობაა: პირველ შემთხვევაში რუსეთი თავისი რესურსებით ატარებს წვრთნებს თავისივე რუსეთში, Aგილე შპირიტ 2025 კი საქართველოსა და ნატო-ს წევრ თურქეთში ჩატარდება. საქართველოში დაგეგმილ Aგილე შპირიტ 2025-ს ერთობლივად უხელმძღვანელებენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები, დამკვირვებლებად კი სომხეთისა და იაპონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იქნებიან. 
დაიწყო დაგეგმილი სწავლება 21 ივლისს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო-სადესანტო ოპერაციით თურქეთის ადანას პროვინციის სიახლოვიდან და ჩვენთანაც, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში _ კრწანისში, ვაზიანში, ნორიოში, მუხროვანსა და სენაკში. აბა, ტყუილად ხომ არ ამოქოქავდნენ ჯავშანტექნიკას და საჰაერო საშუალებებს, ან ტყუილად ხომ არ შემოზიდავდნენ აშშ-ის არმიის საბრძოლო მანქანებსა და მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს _ UH60 „შავი ქორი“ და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში არსებულ შვეულმფერნ „პუმა Aშ332-ს“?
რუსეთს და არა მხოლოდ მას, საქართველოში ვაზის ლოკოკინა რომ გადაადგილდება, ის აინტერესებთ, სად მიდის და რატომ, ჰოდა, რა თქმა უნდა, აფრინდებოდა სოჩიდან რუსეთის საჰაერო AH-26 ტიპის სადაზვერვო ბორტი და დაიწყებდა აფხაზეთის ტერიტორიის ციდან დაზვერვას, რა ხდება სენაკის სამხედრო ბაზაზეო.
ცხადია, რუსეთს გამოგონილი მიზეზი აქვს, საფრენ სისტემებსა და, ზოგადად, საფრენ შემოწმებებს ვაწარმოებო, მაგრამ რა დაინახა _ ის, რომ სენაკის სამხედრო ბაზის მიმართულებით ამერიკული - UH60 Bლაცკ Hაწკ-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენები აფრინდნენ და ამასთანავე, სხვა ლოჯისტიკური მოძრაობები ხორციელდებოდა. 
რუსეთს არც ის გამოეპარებოდა, რომ ამავე სწავლების ფარგლებში, ნატო-ს წევრ თურქეთში, ინჯირლიკის ამერიკული ავიაბაზის მიმდებარედ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მედესანტეებმა და თურქმა ჯარისკაცებმა საპარაშუტო ხტომები განახორციელეს და მანევრში ჩართული აშშ-ის საჰაერო ძალების ჩ-17 ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაფრინდა. 
საქართველომ აღნიშნული წვრთნების შესახებ რომ განაცხადა, როგორც აღვნიშნე, სიახლე არ არის, მანამდე 11-ჯერ ჩატარდა მსგავსი წვრთნები, მაგრამ ახლა, როდესაც ისეთი სამარადისო ხაზი გადაგვისვეს, რომ ნატო-ში გაწევრიანება სიზმარშიც არ უნდა გვესიზმროს, ეს რა „თამაშაში“ ვიღებთ მონაწილეობას?
ვინაიდან არ ვიცი, საქართველოს რაიმე ვალდებულებაზე აქვს ხელი მოწერილი რომელიმე წლამდე თუ რა ხდება; ან რომც ჰქონდეს მოწერილი, როდესაც ნატო-სთან კვეთა აღარ გვაქვს, რატომ არ უქმდება ის ხელშეკრულება, თუ ასეთი რამ არსებობს, დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ხარს სანამ წინ წითელი ნაჭერს აუფრიალებს პეროფესიონალი მატადორი, ისიც კი საზღვრავს წინასწარ ბევრ რამეს. 
სწორედ რომ „თამაშაა“ და თან იმდენად უტვინო, რომ უარესს ვერ მოიფიქრებს ადამიანი საკუთარი ქვეყნის სამტროდ. 
არც მანამდე ჰქონდა დაბრკოლება, მაგრამ 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებლებს რუსული პასპორტებისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების საშუალებას აძლევს. ბრძანება 2028 წლის 1-ელი აგვისტოს ჩათვლით არის ძალაში. 
როგორც მიმდინარე სიტუაციებიდან იკვეთება, საქართველოს დამფრთხალ-გაორებულ ხელისუფლებას აჩემებულ დიფ სთეითზე ჩამოეძინა და ისე ჩაიჭედა, რომ მის გარდა რამე თუ არსებობს, გაგონებაც არ უნდა.
შეაღვიძეთ ვინმე ღვთისნიერმა და გააგებინეთ, რომ ეს აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნების იმედის დაკარგვის დასაწყისია, ბოლო სერიაში კი რუსეთი სამუდამოდ მიიერთებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ისე, როგორც ყველა ჩვენს მეზობელს აქვს სამუდამოდ მიერთებული საქართველოს ტერიტორიები. 
რომელ ნატო-სთან და რომელი მრავალეროვანი წვრთნები აუტყდათ მათთან, ვინც რუსეთს მტრად ან პოტენციურ მტრად მიაჩნია?
არავისი აღარაფერი მესმის, გარდა საქართველოს მავნებლებისა! _ ამ აკაცუკების არმიის სარდლები და მთავარსარდალი ღიად მაინც ამბობენ, რომ საკუთარი სამშობლოს მტრები არიან, მაგრამ ამ ჩვენი ხელისუფლებისა ვერაფერი გამიგია _ ან ამათაც თქვან, რომ მათსავით საკუთარი სამშობლოს მტრები არიან, ან აღიარონ, რომ შემთხვევით მოხვდნენ ხელისუფლებაში, დიდი პოლიტიკისა არაფერი გაეგებათ და ვისაც გაეგება, ის მიუშვან სამშობლოს სამსახურში!..
ჩაჰყვირეთ ვინმემ ყურში და შეანჯღრიეთ, რომ გამოერკვენ ძილ-ღვიძილიდან და გაიგონ, რომ დიპლომატიური გაბუტვა უსუსურობისა და კომპეტენციის ნაკლებობის უპირველესი ნიშანია! 
როდესაც სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოსთან ან კონკრეტული სახელმწიფოს კონკრეტულ წარმომადგენელთან რაიმე საკითხი აქვს გასარკვევი, თუ არ დაელაპარაკა, რანაირად უნდა გაარკვიოს?
რუსეთი საქართველოს სიყვარულით ბნედადაცემული შეყვარებული კი არ არის, რომ გვერდზე მოგიცუცქდეს, ჩემო სიყვარულო, ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ, ხმა გამეციო. დაგიდგა სკამი _ წიხლს უკრავ სკამზე; ხმამაღლა გეუბნება, ნებისმიერ დროს მზად ვარ, ვილაპარაკოთო და არ გინდა, _ აბა, რა გინდა, გამოსალომეობა დაემართა ყველას? _ არც რუსეთთან მეგობრობა უნდათ, არც რუსეთთან მტრობა, სალომე ზურაბიშვილისა არ იყოს, არცერთი არ აწყობთ. ვერც რუსეთი გადაშენდება საქართველოს სამეზობლოდან და ვერც საქართველო წავა სადმე და რა ვქნათ ახლა, გავემზადოთ იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი ტერიტორია ვიქნებით?
დავიჯერო, ისეთ იდიოტობასაც ფიქრობს ვინმე, რომ, თუ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღარ იქნება ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, ნატო-შიც მიგვიღებენ და ევროკავშირშიც? 
კარგი, მიგვიღეს ვთქვათ, ორივეგან, _ ევროკავშირი, მგონი, ხვალ იშლება და ნატო რა ხვითოც ყოფილა, ვხედავთ _ უკრაინასთან ერთად, მთელი ნატო ებრძვის რუსეთს და დილა-საღამოს ეტირება რუტე-ბიძიას, რა ხეირი? 
მრავალჯერ ვიკითხე და ისევ ვიკითხავ: რუსეთი თუ ოკუპანტია იმის გამო, რომ პერსპექტივაში დაბრუნებით მიტაცებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ამავე პრინციპით რატომ არ ვუწოდებთ ოკუპანტებს დანარჩენ მეზობლებს, რომელთაც სამარადისოდ მიტაცებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები ისე, რომ დაბრუნების პერსპექტივა არ გვაქვს და დღესაც განაგრძობენ ბორცვ-ბორცვ ჩვენი მიწების მიტაცებას? 
მთავრობაში და მათი ფანატიკოსი მომხრეები უაზროდ ხარობენ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთები რომ დაიწყო, უსამშობლოებს „გულის კაპლები“ დასჭირდათო, _ ამ ჭინკებს გული არ აქვთ, გულის წვეთები არ სჭირდებათ! საქართველოს მშვიდობისმოსურნე მოქალაქეებს დასჭირდათ „გულის კაპლები“ ასეთ არაადეკვატურ სიხარულზე, როცა რეალურად ვერ აფასებენ, რა დაიწყო, ჩატარდა და რომ ჭინკებს რაღაც არ მოეწონათ... 
ჭირს წაუღია აშშ-იც, ევროპაც და რუსეთიც! _ მაგრამ უჯიკეთ ვინმემ საქართველოს მთავრობას, შეულოცეთ ან გამოულოცეთ, რომ დაელაპარაკონ ამ დედააფეთქებულ რუსეთს მანამ, სანამ ურემი გადაბრუნებულა!.. 

ზურა ოშხერელი