როგორ აღმოჩნდა ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოს ძეგლები სომხურ სასაფლაოზე?!

როგორ აღმოჩნდა ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოს ძეგლები სომხურ სასაფლაოზე?!

„საერთო გაზეთის“ სტუმარი ირაკლი კალანდია, რომელმაც ახლახან გამოსცა წიგნი „ლეგენდარული გულბაათ ჭავჭავაძე _ ჩემი წინაპარი“ დედის _ ეკა ანდრონიკაშვილის მხრიდან, მართლაც ლეგენდარული პიროვნებისა და თამადის გულბაათ ჭავჭავაძის მეხუთე თაობის წარმომადგენელია. მის ოჯახში დღემდე ინახება მემკვიდრეობით მიღებული რელიკვიები, საოჯახო ნივთები თუ სხვა უნიკალური დოკუმენტები, რაც მისი წინაპრების ისტორიას ინახავს. იგი წლებია თავისი ღრსეული წინაპრების გურჯაანელი ანდრონიკაშვილებისა და წინანდლელი ჭავჭავაძეების ისტორიას იკვლევს. მისი წინაპარი გულბაათ ჭავჭავაძე, რომელსაც ფართო საზოგადოება კარგად იცნობს ლადო ასათიანის ლექსიდან „გულბაათ ჭავჭავაძე“ მხოლოდ სახელგანთქმული თამადა კი არა, არამედ მშრომელი და მცოდნე მეურნე, ქვეყნის მოჭირნახულე ღირსეული ქართველი მამულიშვილი გახლდათ. ირაკლი კალანდიამ წინანდლელი გულბაათ ჭავჭავაძის ცხოვრების უცნობი ქრონიკები მოიძია, რის შესახებაც თავად გვიამბობს:

_ ჩემი წინაპრების ცხოვრების ისტორიებს დროთა განმავლობაში უფრო მეტად ჩავუღრმავდი, რათა თაობათა შორის სულიერი კავშირი არ გაწყვეტილიყო. წარმოიდგინეთ, იმდენად საინტერესო ისტორიებს წავაწყდი, გადავწყვიტე მათი მივიწყებული სახელები მხოლოდ შვილებისა და შვილიშვილებისთვის კი არა, ფართო საზოგადოებისთვისაც გამეცნო. 
კახეთში ჩასულ სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწეებს გულბაათ ჭავჭავაძეს როგორც ქართველი დიდგვაროვანის სახეს ისე წარუდგენდნენ. წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საეკლესიო მეტრიკული ჩანაწერებიდან გავარკვიე, რომ გულბაათის ნათლობის სახელი პანტელეიმონი ყოფილა. გულბაათის ვაჟი _ არჩილი ჩემი დიდი პაპა, დედაჩემის ბაბუა გახლდათ. მისი ოჯახიდან რვა გენერალი აღიზარდა. გულბაათი მე-19 საუკუნის საქართველოში მნიშვნელოვან პესონას წარმოადგენდა. 
_ ბატონო ირაკლი, მინდა საუბარი თქვენთვის ერთობ მტკივნეული თემით დავიწყოთ. კერძოდ, როგორ აღმოჩნდა ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოს ძეგლები სომხურ სასაფლაოზე?
_ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, წინანდალში არცერთი ჭავჭავაძე აღარ ცხოვრობდა. კომუნისტებმა ისინი საფლავშიც არ მოასვენეს. საქმე ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების პირველ წლებში წინანდალს ფილიპე მახარაძე და ბუდიონი სტუმრობდნენ. ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია რომ ნახეს, ძალიან არ მოეწონათ. სასაფლაო ნახევარი მეტრი სიმაღლის ნიმფების თეთრი ქანდაკებებით იყო გაწყობილი. საფლავებზე დიდი ოსტატობით შესრულებული სამი მეტრი სიმაღლის შავი მარმარილოსგან გამოქანდაკებული ტოტებწაჭრილი მუხა კი სიმბოლურად ადამიანის შეწყვეტილ ცხოვრებას განასახიერებდა. ქანდაკებებზე გველი იყო გამოსახული, რომელიც ქვესკნეიდან ზესკნელში ადის, რაც დამარცხებული სიკვდილის სიმბოლოა. 
ამ პერიოდში თბილისის სავაჭრო სახლებში იტალიელებს მარმარილო შემოჰქონდათ. ამ მარმარილოს ქვების დამკვეთები სწორედ ჭავჭავაძეების ოჯახები იყვნენ. ბოლშევიკების მიერ გაიცა ბრძანება: ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია განადგურებულიყო. კომუნისტებმა ეკლესია საწყობად და საჯინობოდ გადააქციეს, ხოლო ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო მთლიანად გაანადგურეს, საფლავები გადაასწორეს, მარმარილოში გამოქანდაკებული ტოტებწაჭრილი მუხის ხეები გაყიდეს, საფლავის ქვებით კი იქვე თავიანთი კანტორები ააშენეს.
_ მუხის ქანდაკებებს რა ბედი ეწია, სად წაიღეს?
_ საგვარეულო სასაფლაოდან შავი მარმარილოს ტოტებწაჭრილი მუხის ქანდაკებები ურმებით თელავის სასაფლაოზე წაიღეს. ბოლშევიკებმა ისინი იძულებით აყიდინეს სომეხი სოვდაგრების სოლომონოვისა და მათიკოვის ჭირისუფლებს. ასე აღმოჩნდა ეს ძეგლები მათი მიცვალებულების საფლავებზე. კომუნისტების მიერ გაყიდული მარმარილოში გამოქანდაკებული ტოტებწაჭრილი ორი მუხის ხე, რომლებიც ჭავჭავაძეების საფლავებზე იდგა, დღემდე თელავის ე.წ. სომხური სასაფლაოს უპატრონო საფლავებზე დგას, ერთიც სოფელ წილკანის სასაფლაოზეა.
_ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს საკითხი თელავის სასამართლოში გასაჩივრდა. რა შედეგი დადგა?
_ დიახ, 2002 წელს წინანდლის საკრებულომ და სათემო ორგანიზაციამ “წინანდლის მოამაგემ”თელავის სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოთხოვნით, რომ ეს ძეგლები თავის პირვანდელ ადგილს დაბრუნებოდა. ეს საქმე არქივიდან ამოვიღე. მოწმის ჩვენებებში წინანდლელი უხუცესები ადასტურებენ, რომ ეს ძეგლები ნამდვილად ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოზე იდგა. მოპასუხე პირი არ არსებობს, რადგან საფლავების მეპატრონე, ჭირისუფალი, სადაც ახლა ეს ძეგლები დგას, ვერ მოიძებნა. საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარისთვის ცნობილი იყო, რომ სადაო საფლავის ქვები სომხურ სასაფლაოზე იდგა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სასამართლომ გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო და მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, უარი ეთქვა.
ამის შემდეგ, პირადად მე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, შავი მარმარილოს ტოტებწაჭრილი მუხის ქანდაკებებზე ექსპერტიზა ჩავატარებინე, რითაც დადგინდა, რომ ქანდაკების ფილის ზედაპირი, სადაც გამოვლენილი ჩანაწერებია განთავსებული, არათანაბარია. ამავდროულად, ფილის ქვედა ნაწილის მარცხენა და მარჯვენა ნაპირები არათანაბარია და გაპრიალებულია, რაც მოწმობს, რომ ორივე ქანდაკების ზედაპირზე მექანიკური ზემოქმედება მოხდა, რის შედეგადაც ქანდაკების ფილის პრიალა ზედაპირი დაზიანდა.
_ ანუ, წარწერები წაშალეს?
_ დიახ, ეს შესაძლებელს ხდის ვივარაუდოთ, რომ ძეგლს პირვანდელი წარწერები მოაცილეს. ანუ, გადაფხიკეს, ჭავჭავაძეების გვარი წაშალეს. საქმეში დევს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ქვები ჯერ თელავის ქვის საამქროში წაიღეს, სადაც, ამ ძეგლების დამუშავება, წარწერების გადაფხეკა მოხდა. გადაფხეკილზე არათანაბარი ასოებით სხვა წარწერებია გაკეთებული. ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ, ძეგლების პირვანდელ ადგილას დაბრუნების თაობაზე, თელავის სომეხი ეროვნების მოქალაქეების მხარდამჭერი წერილები მოვიპოვე.
რაც შეეხება იტალიური მარმარილოს ძეგლებს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით მეორადად არის გამოყენებული, ვის საფლავზე დგას, არავინ იცის. ანუ, ძეგლები უპატრონო საფლავზეა განთავსებული. თელავის ტელევიზიაში მორბენალ სტრიქონში დაიწერა, რომ ე.წ. სომხების სასაფლაოზე დაკრძალულ სოლომონოვის და მათიკოვის შთამომავლებს ეძებდნენ, თუმცა პირდაპირი მემკვიდრე არცერთ საფლავს არ გამოუჩნდა.
სოფელ წინანდლის ადგილობრივი მოსახლეობა და ეკლესიის მრევლი ჭავჭავაძეების სასაფლაოს აღდგენას აპირებენ. ამ საკითხით გულბაათ ჭავჭავაძის შთამომავლები დაინტერესდნენ, რომლებიც მისი წინაპრების საფლავებზე ძეგლების დაბრუნებას ითხოვენ. ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებათა ერთობლიობით (სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით ორივე მარმარილოს ქვაზე წარწერები გადაფხეკილია; წინანდლის უხუცესთა წერილები; თელავის სომეხი ეროვნების მოსახლეობის წერილობითი მხარდაჭერა; ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრის დასკვნა, რომ ქანდაკებები მე-19 საუკუნისაა; თავად შემორჩენილი ქანდაკებები, როგორც მატერიალური მტკიცებულებები) დასტურდება, რომ საკითხი მხოლოდ ისტორიულ გადმოცემას არ ეფუძნება, არამედ გამყარებულია დოკუმენტური ექსპერტული მტკიცებულებებით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული ქანდაკებები უპატრონო საფლავებზეა განთავსებული და მეორე მხარე არ არსებობს. 
როგორც იცით, ეს საკითხი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის ეროვნული პრობლემების შემსწავლელ კომისიაზეც გავიტანე. მინდა ბატონ ელიზბარს „საერთო გაზეთის“ ფურცლებიდანაც ვთხოვო, რომ აკადემიამ როგორც მთავრობის მრჩეველმა ხმა მიაწვდინოს შესაბამის სტრუქტურებს, რათა ჭავჭავაძის საგვარეულო სასაფლაოს ის ძეგლებიდაუბრუნდეს, რაც წლებია თელავის ე.წ. სომხურ სასაფლაოს უპატრონო საფლავებზე დგას.
პ.ს. ბატონმა ირაკლიმ გულბაათ ჭავჭავაძის შესახებ არაერთი საინტერესო თავგადასავლის შესახებ გვიამბო, რასაც მკითხველს „საერთო გაზეთის“ მომდევნო ნომრებში შევთავაზებთ.

თამარ შველიძე