მიწა არის სხეული, რომელსაც გენეტიკური კოდი აქვს
მითი, რომ ბაზარი თვითონ გადაწყვეტდა
ეკონომიკის ეფექტიანობის საკითხებს, დაიმსხვრა
მიწის რესურსების გამოყენებისა და დაცვის სფეროში შექმნილი მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი ანალიზი ადასტურებს, რომ მიწასთან დაკავშირებული პროცესები მრავალმხრივი და წინააღმდეგობრივია. საზოგადოება, ფაქტობრივად, „უწონადობის სივრცეში“ აღმოჩნდა, ფსევდოდემოკრატიზაციის ფონზე კვლავ მოქმედების გზაჯვარედინზე დადგა და არც იცის, საით წავიდეს. საზოგადოების გაორების ეს ნიშან-თვისება დეგრადირების წანამძღვარია. გამოვლინდა საშიში თავისებურებაც: შრომის საზოგადოებრივი დანაწილების ერთიან, მაგრამ მრავალგანზომილებიან პროცესში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური შემადგენლები (მიმართულებები) ერთმანეთს მოწყდა, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მიზნები, მათი განხორციელების მექანიზმები ერთმანეთს დაუპირისპირდა და სხვადასხვა ფარული ფორმით ვლინდება. სტიქიურად ძლიერდება დეინტეგრაცია, ახალ „სიცოცხლეს“ იძენს ეროვნული სიმდიდრის ძარცვის ტრანსფორმირებული ფორმები.
ფაქტობრივად, გვაქვს კვაზი საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ჩამოყალიბდა „საბჭოთა სოციალიზმის“, „ველური კაპიტალიზმის“, „ყველაფერი გაიყიდოს-როგორც ეკონომიკური პოლიტიკის“ და ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოებრივი ხედვის საწყისების ელემენტების გადაკვეთის მეტად შეზღუდულ პერიმეტრზე. საქართველოს ეკონომიკაში დამანგრეველი ფაქტორის როლი სწორედ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებმა შეასრულეს. ასეთი ვითარება და გარედან კარნახისადმი გაუაზრებელი მორჩილება უნდა შეიცვალოს!
საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გარდამავალ პერიოდში დადასტურდა, რომ ბაზარი და სახელმწიფო ანტიპოდები კი არა, არამედ პარტნიორები არიან. სახელმწიფო სტრატეგიული მმართველია, ბაზარი კი სტრატეგიული მიზნის მიღწევის საშუალება. ბაზარი კი არ მართავს ქვეყანას, არამედ სახელმწიფო იყენებს რეგულირების საბაზრო მექანიზმებს ხალხის კეთილდღეობისათვის. რაც მთავარია, შემოთავაზებულ მოდელში ლიბერალიზმი კი არ გადის ასპარეზიდან არამედ „უხილავი ხელი“ „ხილულ ხელთან“ (სახელმწიფო) ერთად ეროვნული ეკონომიკის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების სტრატეგიის შესაბამისად თანამშრომლობენ. ეს არის დღეს ეკონომიკის ეფექტიანობისა და სოციალური სტაბილურობის წინაპირობა.
საქართველოს მიწის (ნიადაგის) რესურსული პოტენციალი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან მიწა განიხილება არა მხოლოდ როგორც ბუნებრივი რესურსი და წარმოების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, არამედ როგორც ეროვნული სხეულიც, რომელსაც გენეტიკური კოდი გააჩნია. ესაა მისი უნიკალურობა.
სასოფლო-სამეურნეო წარმოება და გადამამუშავებელი მრეწველობის სინთეზი არის ის მყარი საძირკველი, რომელზეც აიგება მდგრად ენერგეტიკაზე დაფუძნებული, მაღალტექნოლოგიური აგროინდუსტრიული კომპლექსი ეროვნული ეკონომიკის „ხერხემალი“ და საბაზრო სისტემაში მისი განვითარების „ლოკომოტივიც“. სწორედ ეს არის ის მყარი წინაპირობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნების პოტენციალის (არსებითად მიწისა და წყლის რესურსების) მთელი საზოგადოების და არა მხოლოდ მისი მცირე ნაწილის კეთილდღეობის ამაღლების მატერიალური, ორგანიზაციულ-მმართველობითი და სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას. ეს კი ნიშნავს მიწის, ნიადაგის (ნედლეულის წარმოების), გადამუშავების (მრეწველობის დარგების) და რეალიზაციის (ვაჭრობის, მომხმარებლისათვის მიწოდების, ტრანსპორტირების, პროდუქციის შენახვის) ეტაპებისაგან შემდგარი ერთიანი ჯაჭვის ფორმირებასა და ფუნქციონირებას.
აგროინდუსტრიული კომპლექსის აგებულება უნდა ეფუძნებოდეს სამ მთავარ სვეტს: ცოდნას, კანონების უზენაესობასა და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტაციას. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ „ბაზრის იმედად“ უფრო უარესი შედეგები გვექნება, ვიდრე გვაქვს.
აუცილებელია „საქართველოში აგროინდუსტრიის კომპლექსის განვითარების შესახებ კანონის მიღება. დიახ, კანონი და არა ამჟამინდელი „სტრატეგიების“ ტიპის ბიუროკრატიული დოკუმენტი!
მიწის რეფორმის წარუმატებლად (მოუმზადებლად) ჩატარებამ მრავალი ახალი პრობლემა წარმოშვა და შეიქმნა სრული განუკითხაობის გარემო. ქვეყანა მიწათმოწყობის ორგანიზაციული სისტემის გარეშე დარჩა. მიწათმოწყობის ობიექტი უნდა იყოს ქვეყნის მიწის ფონდი.
მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ მიწათმოწყობა შესაბამისი კანონმდებლობითა და ორგანიზაციულ-მმართველობითი მექანიზმებით უნდა განხორციელდეს. განვლილ პერიოდში ვერ მოხერხდა „მიწის კოდექსისა“ და „მიწათმოწყობის“ შესახებ კანონის მიღება, ასევე, მიწის კადასტრის შედგენაც.
მიზანშეწონილია, კოდექსში აისახოს ფუძემდებლური პრინციპები, რომელთა დაცვა სავალდებულო უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიაზე. მიწა საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა, რომლის დაცვა, მიზნობრივი (რაციონალური) გამოყენება და მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება (გადაცემა) სახელმწიფოს, საზოგადოების და მიწის მფლობელების მოვალეობაა.
მიწის კოდექსში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოში მიწაზე საკუთრების ფორმებია: კერძო, სახელმწიფო, სათემო, საეკლესიო და განისაზღვროს მათთვის ფუნქციონირების თანაბარი პირობებიც (სამართლებრივი, ეკონომიკური). ამასთან, უნდა გაცხადდეს, რომ მიწაზე საკუთრება არა მხოლოდ უფლებას გამოხატავს, არამედ ვალდებულებასაც.
კოდექსში მიზანშეწონილია განისაზღვროს, რომ მიწის სახელმწიფო მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა ვრცელდება ყველა კატეგორიის მიწაზე და მოიცავს მიწის მდგომარეობაზე დაკვირვებას, შეფასებასა და პროგნოზირებას.
მიწის რაციონალური და ეფექტიანი გამოყენებისათვის აუცილებელია მიწის შესახებ სრული და ყოვლისმომცველი მონაცემების სისტემატიზებული კრებულის არსებობა. ასეთად აღიარებულია მიწის კადასტრი.
სახელმწიფო მიწის კადასტრი უნდა მოიცავდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიას, ხოლო მიწაზე უფლებების სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციის, მიწის კადასტრთან დაკავშირებული ოპერაციების ხარჯები, როგორც წესი, სახელმწიფომ უნდა გასწიოს.
2005 წლიდან მიწის ბალანსის წარმოება შეწყდა და ეროვნული სიმდიდრის განუყოფელი და არსებითად განმსაზღვრელი ნაწილი - მიწის რესურსები სისტემური რეგულირების (მართვის) მიღმა დარჩა!
აუცილებელია მიწის სრული ინვენტარიზაცია, თუმცა, ხშირად, ინვენტარიზაციას მიწის რეგისტრაციასთან აიგივებენ, რაც სწორი არ არის. რეგისტრაცია გულისხმობს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ინვენტარიზაცია კი მრავალ მიზნობრივ ფუნქციას ასრულებს - ქვეყნის მიწის ფართობის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობას განსაზღვრავს. საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომ კონსოლიდაციის საკითხი მიწის ბაზარმა გადაწყვიტოს, მცდარია და საქართველოს დღევანდელ პირობებში მიუღებელია. მიწის კონსოლიდაციის პროცესის რეგულირება სახელმწიფოს ვალდებულებად უნდა ვაღიაროთ. სამწუხაროდ, ქვეყანაში მიწის რესურსების გამოყენებაში პროგნოზისა და დაგეგმვის, როგორც მართვის ფუნქციის როლი, ფაქტობრივად, იგნორირებულია.
პროგნოზირებისა და დაგეგმვის ობიექტია მიწის სახელმწიფო ფონდი. დღემდე მიწათსარგებლობაში ცვლილებების შეტანა ხდებოდა (ხდება) სუბიექტური მოსაზრებებით და არა ეკოლოგიური და სოციალური ტენდენციების გათვალისწინებით. პრაქტიკამ გვიჩვენა, თუ როგორი ნეგატიური შედეგები ახლავს ასეთ მიდგომას. ის, რომ პრიორიტეტი ენიჭება მიწის სასოფლო-სამეურნეო ათვისებას, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა (არა სასოფლო) ფართობების გამოყენება არ განისაზღვროს მიზნობრივად, მაგალითად, რეკრეაციული რესურსების, მრეწველობის და სხვ.
მიზანშეწონილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეიქმნას მიწის რესურსული პოტენციალის კვლევის განყოფილება, რომელიც არსებული ლაბორატორიების გამოყენებით და აგრარული პროფილის დაწესებულებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს მიწის რესურსული პოტენციალის გამოყენების, დაცვისა და აღწარმოების საკითხებზე კვლევითი სამუშაოების განხორციელებას. უკანასკნელ წლებში აგრარული სფეროს წარმოების ძირითადი ფაქტორების გამოყენების პროცესი კოორდინირებულიც არ არის.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას ალტერნატივა არა აქვს!
თანამედროვე კოოპერატივი ხშირად იდენტიფიცირდება საბჭოთა კოლმეურნეობასთან და ეკონომიკური დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებლად აღიქმება. საერთო განწყობა კიდევ უფრო გააღრმავა კოოპერაციის განვითარების ცენტრალური რგოლის, „კოოპერაციის სააგენტოს“ გაუქმებამ და მისი ფუნქციების სხვა ინსტიტუციებზე გადანაწილებამ. ამით სამინისტრო ამჯერადაც გაეცალა პასუხისმგებლობას და კოოპერაციის განვითარება, როგორც რთული სოციალურ-ეკონომიკური პროცესი, საბაზრო მექანიზმების თვითდინებაზე დატოვა.
დრო გადის. სოფელი განვითარებას ჩამორჩა. აუცილებელია, ქვეყანაში მკაფიოდ ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს სტრატეგია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მიმართ. სწორი იქნება განახლებული კანონის საფუძველზე შედგეს 2030 წლამდე პერიოდისათვის კოოპერაციის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც მსოფლოს საუკეთესო გამოცდილებისა და ქვეყნის ბუნებრივ-საწარმოო, შრომითი ტრადიციებისა და თავისებურებების გათვალისწინებით განისაზღვრება ამოცანები, ეტაპები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ვერტიკალურ ინტეგრაციაზე, დამატებული ღირებულების შექმნაზე, კვალიფიციური კადრების მომზადებაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებაზე და სხვ.
მიწის რესურსების გამოყენების პროცესების კოორდინაციის გაძლიერებისთვის სააგენტოს ორგანიზაციულ სისტემაში უნდა ფუნქციონირებდეს მიწათმოწყობის პროგნოზირებისა და სტრატეგიული მართვის სამსახურები. მიწის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიენიჭოს გაფართოებული უფლებამოსილებები, რომ მიწის მიზნობრივი დანიშნულების რეალიზაციის პროცესში განახორციელოს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა, შენახვა და დაცვა, უზრუნველყოს მიწის რესურსების მართვა, სახელმწიფო მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება, პირუტყვის გადასარეკი გზების გამოყენება.
მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო კატეგორიების შეცვლის ახლანდელი პრაქტიკა შესაცვლელია. მიწის კატეგორიების შეცვლის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება უნდა გადაეცეს აღნიშნულ სააგენტოს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2028 წლამდე პერიოდისათვის უნდა უზრუნველყოს მიწის ფართობების დეგრადაციის შეჩერების, შემდეგ კი მისი აღმოფხვრის მიზნით მიწის ეროზიის, დაჭაობების, გაუდაბნოების, დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებათა (ორგანიზაციულ-სამეურნეო, აგროტექნიკური, სატყეო, მელიორაციული, ჰიდროტექნიკური და ა. შ.) სახელმწიფო პროგრამის შემუშავება.
უახლოეს პერიოდში უნდა განისაზღვროს შესაბამისი სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები, უპირველეს ყოვლისა, სოფლის მიმდებარე სათიბ-საძოვრების ფართობების მუნიციპალიტეტებზე უვადო სარგებლობაში გადაცემისათვის.
მიზანშეწონილია, შეიქმნას მიწის ფონდი, რომელსაც სამართავად გადაეცემა ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები. ფონდს უნდა გააჩნდეს მიწის ფართობების მესაკუთრეებისგან შესყიდვის ან იჯარით აღების უფლებამოსილება, ე. ი. იყოს აქტიური სუბიექტი მიწის ბაზარზე. ფონდს უნდა დაეკისროს მიწის ფართობების (მათ შორის, მიწის სახელმწიფო მარაგების) წესრიგში მოყვანა (გამასივება, გასარწყავება, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელება, მიწის რეკულტივაცია, კონსერვაცია და ა. შ.) და შემდგომში გასხვისებისა ან იჯარით გაცემის ფუნქცია. ფონდს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მექანიზმი, რომ მიწა, რომელსაც გარკვეული პირობების გამო, ვერ ამუშავებს მფლობელი (ავადმყოფობა, ემიგრაციაში ყოფნა და სხვა) ის ბრუნვაში მოაქციოს. მხოლოდ ფონდის თანხმობის საფუძველზე უნდა გაიცემოდეს შეღავათიანი კრედიტები აგროპროექტებზე. ფონდმა უნდა უზრუნველყოს მიწის კონსოლიდაციის პროცესის რეგულირება შესაბამისი სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირში. ფონდი უნდა გახდეს მიწის რესურსული პოტენციალის გამოყენების, დაცვისა და აღწარმოების საცდელი პოლიგონი, რომელშიც „გამოცდას“ გაივლის ახალი ტექნოლოგიები, წარმოების, შრომის მეცნიერული ორგანიზაციის, ინტეგრაციის თანამედროვე ფორმები და მეთოდები.
ქვეყნის მდგრად განვითარებაში ექსკლუზიურ როლს ასრულებენ სასოფლო ტერიტორიები. ისინი წარმოადგენენ ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ელემენტების სისტემას, რომელშიც სისტემა-შემქმნელის როლს ასრულებს სასოფლო-სამეურნეო წარმოება, ისტორიულად ჩამოყალიბებული განსახლების ტიპი და მოსახლეობის ცხოვრების სახე (წესი).
ადგილობრივ თვითმართველობას ესკლუზიური როლის შესრულებისთვის უნდა ჰქონდეს შესაბამისი უფლებამოსილება. ეს დროის მოთხოვნაა.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სასოფლო ტერიტორიაზე არსებული მიწის გამოყენების, დაცვისა და აღწარმოების დღევანდელი მდგომარეობის ობიექტური შეფასება, მასშტაბებისა და პერსპექტივის განსაზღვრა.
მიგვაჩნია, რომ ზემოთ დასახელებულ ღონისძიებათა თანმიმდევრულად და განსაზღვრულ ვადებში განხორციელება შექმნის მყარ მატერიალურ და ორგანიზაციულ საფუძველს საქართველოში ბუნებრივი, მათ შორის, მიწის რესურსული პოტენციალის რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენებისათვის.
ნოდარ ჭითანავა
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

