მაია ნიკოლეიშვილი: ჩვენ იდიოტიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ!
გვესაუბრება სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი:
_ ქალბატონო მაია, 4 ოქტომბერს რადიკალები ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობით გვემუქრებიან. 2014 წელს „მაიდანს“ უკრაინაში 2022 წლის ომი მოჰყვა. ასევე, ნეპალში 2008-2009 წლებში მომხდარმა რევოლუციამ დააყენა ის შედეგი, რაც დღეს აქვთ. რა მოუტანა რიგ ქვეყნებს ფერადმა რევოლუციებმა და ჩვენ რას უნდა ველოდოთ? გამოდის, რომ ჩვენი ოპოზიციის გადამკიდე, სირიის, უკრაინის, ნეპალის ბედი უნდა გავიზიაროთ?
_ ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ. მართლაც რას გვპირდებიან? _ რომ ფერადად, ალერსიანად, მოფერებით, შეღიტინებით დაგვამხობენ. ეს, იცით, რას მაგონებს? _ ღიტინს, რითაც შეიძლება ადამიანი დაიღუპოს. საქმე ის არის, რომ თუ ხელისუფლება არჩევნების გზით არ იცვლება, მნიშვნელობა არ აქვს, რა სახელს მოუგონებენ, სხვა შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი რევოლუცია, დამხობაა. კი ბატონო, ხალხს პროტესტის უფლება აქვს, მაგრამ შევხედოთ, აქციებზე ხალხის რა რაოდენობა და ვინ გამოდის. ისინი პროფესიონალი, დასავლეთზე მომუშავე ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებისთვის მუშაობენ. მათ, ასევე, დასავლეთის საელჩოებიც ეხმარებიან. ეს კარგად გაწერილი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმაა. დიახ, ძალადობრივია, რადგან რევოლუცია მილიონ 200 ათასი ადამიანის ნება არ არის, რომელთაც დღევანდელი ხელისუფლება ავირჩიეთ. ხალხის ნების წინააღმდეგ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც აქაური აგენტურის გამოყენებით გარედან არის მხარდაჭერილი, არასამართლებრივი ქმედებაა. ვიმეორებ, ეს ღიტინით მოხდება, ცხვირში თუ სხვაგან თითის შეყოფით, მნიშვნელობა არ აქვს.
აქვე მინდა, პირადად ჩემი ისტორია გავიხსენო, რამაც მთელი ოჯახი მორალურად შეგვარყია. ახლობლები, ნათესავები შიშით ტელეფონზეც კი ვერ მირეკავდნენ, რადგან მათ უსმენდნენ. სახლის წინ მანქანები ეყენა და მითვალთვალებდნენ. სახლში კამერებიც კი დამიყენეს, თავი „ჯეობარში“ მეგონა. მხოლოდ რამდენიმე ნათესავი ბედავდა მოსვლას, მეუბნებოდნენ _ ნათესაობის გამო ხომ არ დაგვიჭერენო. ბრალად მედებოდა, ის, რის მოწოდებებსაც ოპოზიციისგან ახლა ღიად, პირდაპირ ეთერში ყოველდღე ვისმენთ. ჩემი ბრალდება კი აბსოლუტურად გამოგონილი იყო: თითქოს, პარტია „სამართლიანობის“ ოფისში შევიკრიბეთ (სადაც სულ ორჯერ ვიყავი ნამყოფი, თავად პარტიასთან შეხება არ მქონია, მაშინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ანტისოროსის“ თავმჯდომარე ვიყავი), შედგა თათბირი და თავმჯდომარემ გამოაცხადა: ხელისუფლება უნდა დავამხოთო. წარმოგიდგენიათ, მე თავს უნდა დავსხმოდი სახელმწიფო დაწესებულებას. ამას იდიოტის მეტი ვინ იტყოდა. ფაქტია, ეს სცენარი უცხოეთში დაიწერა. თითოეულ „სახელმწიფოს გადამტრიალებელს“ 300 კაცი უნდა გვეპოვა, რომელთაც ამ საქმეში 5-5 ათას დოლარს გადავუხდიდით. თითქოს ამ გეგმას დავეთანხმეთ და აი, ამისთვის 13 ადამიანი დაგვიჭირეს. ყველაზე სასტიკი ბრალი მე წამიყენეს, რადგან ჩემგან აღიარების მოპოვება უნდოდათ. გარკვეული მიზეზების გამო, იმ ბრალის აღიარება მომიწია, რაც არ ჩამიდენია. ბრალის აღიარებისას მათქმევინეს, თითქოს ორი ადამიანი სახელმწიფო გადატრიალების გეგმას არ დაეთანხმა, შედეგად, ეს პირები აღარ დააკავეს. არარსებულ ბრალზე, არშემდგარ, მხოლოდ დაგეგმილ გადატრიალებაზე, პირობითი მომისაჯეს, დანარჩენებმა სასჯელი ციხეში მოიხადეს.
ეს ისტორია ტყუილად როდი გავიხსენე. სახელმწიფოს ვეკითხები: სად არის სამართალი?! მაშინდელი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა შეიარაღებული ამბოხის გზით, ხომ ისევ არსებობს?! რატომ არ ისჯებიან პირები, რომლებიც ხელისუფლების დამხობაზე ღიად საუბრობენ?! მაშინ არანაირი გეგმა არ შემდგარა, ერთ-ერთ პირს იარაღი ჩაუდეს, რომელიც მათიანი იყო, რაც მერე დადასტურდა. ასევე პროკლამაციებიც თავად დაბეჭდეს და ერთ ადამიანს ჩაუდეს. ესენი კიდევ ტელევიზიების მეშვეობით გვეუბნებიან, დაგამხობთო და ხმას არავინ სცემს. ჩვენ გამოგონილი დამხობის გამო დავისაჯეთ და რეალურზე, რატომ არავინ აგებს პასუხს?! ეს უსამართლობაა. ჩვენ ხომ ცხოვრება გაგვიმრუდეს. კი, მერე რეაბილიტაცია მოხდა, მაგრამ ჩემმა ოჯახმა რა ტრავმაც მიიღო, იმას ვერანაირი დოკუმენტი ვერ გააბათილებს.
საქმე ის არის, რომ ჩვენ იდიოტიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ. დროა, ხმა ამოვიღოთ და ვთქვათ, რომ იდიოტიზმი ნორმა არ არის! დააკვირდით, უდიდესი სახელმწიფოს პრეზიდენტი ტრამპი დღეს ერთს ამბობს, ხვალ კი _ საპირისპიროს. სიტყვამ ფასი დაკარგა. აღარც სირცხვილის შეგრძნება არსებობს იმის გამო, რომ გუშინ რაღაც თქვი და არ შეასრულე. ეს სუფთა დასავლური მენტალიტეტია. დასავლეთს შეუძლია, თუ მოტყუვდები, მოგატყუოს, მთავარია, მიზანს მიაღწიოს და ამას რა მეთოდით გააკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს. პოსტსაბჭოთა სივრცეში, აზიაშიც კი სიტყვას ფასი აქვს. ჩვენ ვერასდროს გავბედეთ გვეთქვა, რომ ვტყუვდებოდით. გავიძახოდით, სტუმარი უპირატესიაო, რამაც ბევრი სისულელე გვაკეთებინა. სრული უსამართლობა, სიცრუე სწორედ დასავლეთში ყოფილა. ჩვენ ამ დროს გახელილი თვალებით გვძინავს, სხვა შემთხვევაში, მოფერებით დამხობაზე არ ვიტყოდით: რა მოხდა, მოფერებითია, დამხობას ხომ არ ამბობენო! ამ იდიოტიზმში როდემდე ვიყოთ?! ადამიანი პირდაპირ, ლამაზი სიტყვებით გეუბნება, უნდა დაგამხოო, შენ კი არ რეაგირებ, რათა დასავლეთში ცუდად არ გაგიგონ! თუმცა, რიგ საკითხებში ხელისუფლების ხისტი მიდგომები მისასალმებელია.
რაც შეეხება რევოლუციებს, აფრიკაში ჯერ კიდევ ფერად რევოლუციებამდე, ყველგან ძალადობრივი ცვლილება განხორციელდა, რათა კოლონიზაცია მომხდარიყო. აფრიკის მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში იყო, მთელი მისი სიმდიდრე ევროპის წამყვან სახელმწიფოებს გაჰქონდათ. ასე ხდებოდა ცვლილებები. შემდეგ ამ ტალღამ რუსეთის გარშემო გადმოინაცვლა. აქაც მთავარი რესურსები აღმოჩნდა. ევროპის აზრით, თურმე უსამართლობაა, რუსეთს ამხელა ტერიტორია, უზღვავი რესურსები რომ აქვს, თვითონ კი ვიწროდ ცხოვრობს. შეიქმნა გეგმა _ რუსეთისთვის გარშემო მარყუჟი შემოეჭირათ. რეალურად, ამ გეგმამ წარმატებით უკრაინაში იმუშავა.
საქართველოში მომხდარ „ვარდების რევოლუციას“ რაც შეეხება, ეს ჩვენი სისულელეების და მოუმზადებლობის ბრალი იყო. ამიტომაც დავუშვით, პრეზიდენტად შეშლილი, ფსიქიკურად გადახრილი ადამიანი მოგვეყვანა, რომელმაც სახელწიფო ძალაუფლება რომ ჩაიგდო, შლეგი გახდა. ამას ვიტანდით, რადგან დასავლეთი ზურგს უმაგრებდა. ახლაც იგივე გვინდა? ეს სახუმარო საკითხი არ არის.
_ შეშფოთების საფუძველს რა გაძლევთ?
_ ახლახან წავაწყდი ინფორმაციას, თითქოს საქართველოში სარფის გავლით ძალიან დიდი რაოდენობით დასავლური პასპორტები და მებრძოლების ჟეტონები შემოვიდა. ის, რომ შეიძლება სხვისი ხელით რაღაც მოხდეს და სხვას დაბრალდეს, არ უნდა გამოვრიცხოთ. ეს ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ მსგავსი რამ თავისუფლად შეიძლება მოხდეს. ამიტომ ამ პროცესს სერიოზულად ვუყურებ. თქვენ იტყვით: პაატამ როგორ უნდა მართოს ქვეყანაო. მაგრამ იგი ფიქრობს: შლეგი მიშა თუ მართავდა, მე რატომ ვერ ვმართავო. ამიტომ ვთქვი, იდიოტიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ-მეთქი. ეპოქაში, სადაც გამოხატვის უფლება და ფსიქიატრია ერთმანეთში გვერევა. აქ საკმაოდ გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ზემოქმედების, მანიპულაციის მსხვერპლნი არიან. მათ გონებაში „შინ, წინ ევროპელობა“ ჩაუდეს. არადა, ვის უნდიხარ?! თუმცა ამ ბოდვამ იმუშავა, რადგან მათი გაუნათლებლობით ისარგებლეს.
_ ოპოზიცია ღიტინით დამხობას სწორედ არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს გვიპირებს. რა მოლოდინი გაქვთ?
_ მათ უნარი არ აქვთ, მოვლენებს მასშტაბურად შეხედონ და გააცნობიერონ, რა შეიძლება ამით ქვეყანას დამართონ. საქართველო არ ადარდებთ. სხვათა შორის, ერეკლე მეფის ძეგლის თბილისში გახსნა მნიშვნელოვანია. დროა, გავიაზროთ, მივხვდეთ, ქვეყანას რა გადაარჩენს. ჩემი აზრით, აუცილებელია ევრაზიული დიალოგი, სხვა გზა არ გვაქვს. სცენარები სწრაფად იცვლება. დღეს დღის წესრიგშია ევროპის ომი რუსეთთან, რამაც ნეიტრალური სამხრეთ კავკასიის პროექტი შეცვალა. ამიტომ ევრაზიული გარანტიები ჩვენთვის აუცილებელია. ასევე ურთიერთობა ბელორუსთან და მისი მეშვეობით, ბევრ სხვა ევრაზიულ ქვეყანასთან. ვიმეორებ, მომწონს, რომ ხელისუფლება გარკვეულ საკითხებთან მიმართებით მკაცრ მიდგომებს იჩენს, მაგრამ არ მომწონს, როცა გარკვეული კავშირების გამო ეს შიდა ეკონომიკაზე კონცენტრირდება, თითქოს ამაში შურისძიების მომენტები იკითხება. თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, ოღონდ, ყველა ერთნაირად.
მივესალმები, რომ ხელისუფლებამ დასავლელი ელჩების მიმართ შიშის ფაქტორი მოიხსნა და ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. ელჩებს არ მოსწონთ ჩვენი ურჩობა, ამბობენ: საქართველო ისეთ პოლიტიკას ატარებს, გეგონება, ზესახელმწიფო იყოსო. აგერ, ხომ ხედავთ, ეს ავაზაკი, უკრაინელი ერის გამჟლეტი ზელენსკი თავის მიერ დაქცეული ქვეყნის ნაცვლად საქართველოზე მსჯელობს. იმედი აქვს, რომ ევროპა ომში ჩაერთვება და რუსეთს დაამარცხებენ. ჩვენი ხელისუფლება მათ მოთხოვნას _ მეორე ფრონტის გახსნას მაქსიმალურად უწევს წინააღმდეგობას.
ასე რომ, ზოგადად, ამ რევოლუციონერების მცდელობა უნდა დაისაჯოს. ამ ხალხთან კოჭის გორება არ შეიძლება. ეს ის ხალხი არ არის, რომელთა პატრონები გონზე მოეგებიან და საქართველოს დაქცევას გადაიფიქრებენ. არა, ასე არ მოხდება, პირიქით, ეს გეგმა თუ ჩაუვარდებათ, ახალს გამოაცხობენ. დიახ, სხვა გეგმით მოვლენ, ხელს არ ჩაიქნევენ. ისღა დაგვრჩენია, ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ და ქვეყნის გადარჩენაზე ვიფიქროთ.
თამარ შველიძე
