ვერ გავჩუმდები!
ქართველმა ასტრონომებმა დაადგინეს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ზუსტი თარიღი, 319 წლის მაისი, – ამის შესახებ ინფორმაციას ევგენი ხარაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ავრცელებს.
დიდ პატივს ვცემ ყველა ასტროფიზიკოსს და აღნიშნულ ობსერვატორიაში ორჯერ ვარ ნამყოფი, მათ შორის 2015 წელს – ღამე ვუთიე რომელიღაც პლანეტის დედამიწასთან ისეთი კუთხით დადგომას, რომ ტელესკოპიდან ახლოს და ხილულად დამენახა. მაგრამ არის რაღაცები, რაზეც ვერ გავჩუმდები.
ის, რომ „საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღია“, არ ვიცი, ვისი ფრაზაა, ჟურნალისტის თუ ობსერვატორიის წარმომადგენლის, მაგრამ 319 წელს საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ვერაფერი ვერ გამოცხადდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 319 წელს საქართველოს დღევანდელი ტერიტორია კი იყო, მაგრამ სადაც სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ის არეალი სახელმწიფო-საქართველო არ იყო და ვერც იქნებოდა, ხოლო რაც იყო, არც ის იყო სახელმწიფო.
ისედაც საქართველოს გაყალბებული ისტორიის მსწავლელმა დღევანდელმა სწავლისმოყვარე მოზარდმა ეს რომ წაიკითხოს, ხომ მთლად აერევა თავ-გზა!
მივყვეთ ფაქტებს თანმიმდევრობით.
„მზის დაბნელებები, ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენები, როგორიცაა, მაგალითად, ცნობილი კომეტების, ან ზეახლების შესახებ შემონახული ცნობები, გამოიყენება ისტორიული თარიღების დასადგენად.
არსებობს მზის სრული დაბნელება, რომლის საშუალებითაც ქართველმა ასტრონომმა მარინა გიგოლაშვილმა და მისმა თანაავტორებმა, როლან კილაძემ, ვასილ კუხიანიძემ და გიორგი რამიშვილმა, დაადგინეს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ზუსტი თარიღი - 319 წლის მაისი.
რადგან ჩვენ გვაქვს ისტორიული წყაროები, პირველ რიგში, “მოქცევაი ქართლისაი”, რომელიც მოგვითხრობს, რომ მეფე მირიანმა, თხოთის მთაზე ნადირობისას მზის დაბნელების ხილვის შემდეგ გამოაცხადა ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად. ამ ცნობაზე დაყრდნობით, მარინა გიგოლაშვილმა გადასინჯა მეოთხე საუკუნეში მომხდარი მზის დაბნელებების შესახებ არსებული ნასა-ს განახლებული მონაცემთა ბაზა და დაადგინა, რომ „მეფე მირიანის მზის დაბნელებას“ შეესაბამება სწორედ 319 წლის 6 მაისის დაბნელება.
სამწუხაროდ, ქართველი მეცნიერების ამ დასკვნის შესახებ ბევრმა არ იცის. აქ შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი რუკები. ლურჯი ხაზებით მოცემულია მზის სრული დაბნელების საზღვრები, ხოლო წითელი შეესაბამება დაბნელების ზოლის შუა ხაზს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ახლა ორგზის გაოცებული ვარ – რა „ნასა“!
პირველი გაოცება – რა არ იყო ცნობილი, ორი თარიღი სახელდებოდა - 311 და 319 წელი.
მეორე გაოცება – ლეონტი მროველი ვინც იცის, ვინ იყო, მათთვის ვამბობ:
ლეონტი მროველი პირდაპირ მიუთითებს თარიღს!
25 მარტი პარასკევია (ხარების დღე მე-100დღეა 1-ელი იანვრიდან), ხოლო 7 მაისი – შაბათი.
8 მაისს, კვირა დღეს ხდება ზატაკის შეწირვა, ანუ წირვა ჩატარდა.
ეს დღეები ემთხვევა 315 და 326 წლებს.
მზის დაბნელება კვალის ასარევია.
რუსთველიც გვიწერს „ვეფხისტყაოსანში“, „სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა“!
7 – სადაც 7 მაისი „შაბათია,“ ჯვარცმა მოხდა პასექის წინ პარასკევს, ხოლო გარდამოხსნაც უსწრებდა პასექს, ამ რიტუალში (ჯვარცმა) იგულისხმა რუსთველმა ,„ჭირი“!
კვირა – ერთშაბათი არის აღდგომა – სიახლე (ახალი რელიგიის მიღება)!
ჯვარცმა – ჭირი, სიახლე აღდგომა. 7+8=15, 15 რიცხვი პირდაპირი მინიშნებაა წელიწადზე 315 წელს 25 მარტი იყო პარასკევი, 7 მაისი შაბათი, და 8 მაისი კვირა.
არავის საწყენად და გასაბრაზებლად არ მითქვამს, რაც ვთქვი, ამიტომ ბოლოში გავიხუმრებ – მაისში ნადირობის სეზონი გახსნილი არ არის, მაშასადამე, გამოდის, რომ მეფე მირიანი ბრაკონიერი ყოფილა!
პატივისცემით, მკითხველი

