დაჯექი! ორიანი!

დაჯექი! ორიანი!

ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა, ცხონებულმა ირაკლი შელიამ იცოდა, მოსწავლე რომ ადგებოდა და იტყოდა, ვერ გამოვალ დაფასთან, გაკვეთილი არ ვიციო, ჩაიქნევდა ხელს, შეგირცხვა ცხვირიო და სხვას მიადგებოდა. რატომღაც ვაჟა ჰყავდა ამოჩემებული, პირველი მას დაადგებოდა თავზე. ამასობაში გავიზარდეთ და ენის წატლიკინებაც ვისწავლეთ, ის კი მაინც არ ეშვებოდა ვაჟას, რომელსაც, გარდატეხის ასაკთან ერთად, ცხვირიც გამოკვეთილად გაეზარდა. ერთხელაც რომ მიადგა, უარი მიიღო და შეგირცხვა ცხვირიო, _ უთხრა, წამოხტა ვაჟა, ირაკლი მასწ, რა გაუჭირეთ ყველამ ამ ჩემს ცხვირს საქმეო?!
ჰოდა, ასეა ჩემი ამბავიც, წავალ-წამოვალ და მივადგები ევროპელ ორპირებს _ ბიჯო, ჯერ რაში მჭირდები, ვიღაცა ხარ, რა შენი საქმეა ჩემი ქვეყნის არჩევნები, გინდ თვითმმართველობის არჩევნები იყოს, გინდა საპარლამენტო და გინდ გალაქტიკათაშორისი, მაგრამ რომ აღარ იკვნესო „ხაიაზე“, ზრდილობის გულისთვის გეუბნები, მოდი და ახლოდან დამაკვირდი დაჟინებული მზერით შიგ შუა ხელებში-მეთქი. 
ამ ჩვენის ორპირებმა, რომ იგუმანეს, დოლ-გარმონით აღარავინ დახვდებოდათ, გრიალმაც ჩაუშტვინათ, ვინც და რაც უნახავთ, ვეღარ ნახავენ, ცხვირი აიბზუეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა უარი თქვა დამკვირვებლების გამოგზავნაზე 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასასწრებად. რაღაც ხომ უნდა ეთქვათ და, მოწვევა გვიან მოვიდაო. ჰო, ელვადეპეშა გვიან მისულა, თვითმფრინავმა გამოასწროთ... 
გამოასწრებდა ის ვირიშვილი თვითმფრინავი, აბა, რას იზამდა, როცა აზრი არ აქვს რაიმეზე დაკვირვებას, რადგან თვითმმართველობის არჩევნების მოსალოდნელი შედეგები ხელისგულზე დევს.
რა საინტერესოა, დაგვიანებაში რა იგულისხმება, ბარგის ჩაყრას ვერ მოვასწრებთო თუ რას ვერ ასწრებენ, ორი თვეზე მეტი რის მოსამზადებლად სჭირდებათ, რა სრულმასშტაბიან მისიაზე ბოდავენ, _ რა მისია, რა ვისია, რა ნისია. როგორც ჩემი ძმაკაცი ერვანდა იტყოდა, მაგნებს, ვაბშემც, რა უნათ?
რა ორსაჯდომიანები არიან _ ჩეხეთს სამ ოქტომბერს აქვს არჩევნები და მიწვევა ორ სექტემბერს გაუგზავნეს, მაგრამ იქ დროში „არ იწვებიან“. გეგონება, მომიჯნავე ყანაში იყვნენ გადასარბენები, იქაც თვითმფრინავით არ მიფრინავენ მისიის შესასრულებლად ევროპელი მისიელები? 
პრაღამდე ორი საათია საფრენი, თბილისამდე სამი საათი, ერთმა საათმა ქნა, რაც ქნა? სამაგიეროდ, ჩვენ ორი საათით წინ ვართ, ეგ არაფერია? 
მგონი, ეს ჩვენის პატივცემულები მიხვდნენ, რომ ჩვენ არც ევროპელები ვართ და არც აზიელები, ცალკე „მასტები“ ვართ, ქართველები, ნამდვილად ერთადერთი თვითმყოფადი მოდგმა, განუმეორებლები და იფიქრეს, იქ რაღა დაგვრჩენია, სანამ საკუთარ ყურებს ხელში არ დაგვაჭერინებენ, მანამდე უნდა ჩავუყოთ ცხვირი ყველაფერშიო?
სხვა ვარიანტიც მაქვს _ საქმე ის არის, რომ ამ ვითომ „პრადვინუტ ევროპას“ ჩვენი „ბულიკას“ თქმისა არ იყოს, ერთმანეთის „მანდრაჟი“ აქვთ აკიდებული, მთლიანობაში კი ბრიუსელ-დეიდას შიში დასდევთ შლეიფად.
ისე, მე რომ ტიპი-ევროპა ვიყო, ვიღაც ტიპ-საქართველოს მეც ვერ ავიტანდი. როგორი ასატანია დღეს გატიპებული გუშინდელი ჩმორი? დახტოდა მშვენივრად მთელი ქართული ისტებლიშმენტი ასკინკილათი და რომ არავინ სთხოვდა, ყურებით ტაშსაც უკრავდა, ახლა კი, „ქართულ ოცნებას“ სიტყვას ვერ ეტყვი, ეტყვი და ერთის პასუხად ისეთ ათს დაგიბრუნებს, ჭინჭრის შლაპუნს განატრებინებს.
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლურ სტრუქტურებს შორის ურთიერთობა გამწვავდა, _ ასე ჰქვია კულტურულ-ოფიციალურ ენაზე იმ ამბავს, რასაც იმათი მხრიდან სანქციებით დამუქრება ჰქვია, ჩვენი მხრიდან კი ცოცხალ-მკვდრის გინებაა. 
ძალიანაც კარგი, თუ ვითომ დაგვიგვიანია და ჩეხეთს ვითომ არ დაუგვიანია, იყოს ჩეხეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა და აიტანოს თავისი ბიუროკრატიული მისიები. 
იმ ანეკდოტისა არ იყოს, დახეთ, როგორ ყოფილა ჩეხეთის შემთხვევაში საქმე, _ არა, კაცო, განა იმაშია საქმე, რომ ჩეხეთი ევროკავშირის ქვეყანაა, მაგრამ სადღაც მაგაშიცააო, ამიტომაცო, წესი რას ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს, თუ არ გვინდა, არც არსებობს, თუნდაც პატარა დელეგაციით, მაგრამ მაინც მივიღებთ მონაწილეობას, აბა, ხომ არ ვაწყენინებთო.
ეგრეა, ალალი საქართველოსთვის არავინ არ არის. ის, რაც ფორმალური არგუმენტი „გვიან მიწვევა“ საქართველოსთვის სრული უარის საფუძველი გახდა, ჩეხეთისთვის მხოლოდ უმნიშვნელო ტექნიკური დაბრკოლება აღმოჩნდა, რომელიც მსწრაფლ და ერთი ფრაზით გადაიჭრა.
ჩვენებიც კარგ მსუქან სარკომად დაასხდნენ ზედ გადიდებულ ღვიძლზე ავადმყოფ ევრობიუროკრატიას და ისედაც ნიშადურსაცხებს, უარესად უფორიაქებენ გულგვამს. ვითომ, აქეთ კიდე ამათ არ იცოდნენ, როდის ადრეა და როდის გვიანი, „ვაჰ, ბიჯო, კინაღამ დამავიწყდი“ ვარიანტი გაუშვა, ანუ, მეორეხარისხოვანიც კი არ ხარო, გააბანძა ლამაზად. 
კაცმა რომ თქვას და მეც ვაღიარო, რაღაც საერთაშორისო ბიუროკრატიული ორგანიზაციები, რომლთაც ორმაგი სტანდარტები აქვთ, რაღაცას წარმოადგენენ მანამ, სანამ რეალური ძალა არ დაუქნევს გამაფრთხილებელ თითს. ჰოდა, ვიღაცის თითის შემხედვარე საეჭვო რეპუტაციის ვარაუდში ჩავარდნილი ორგანიზაცია რომ გებრიქება და აქეთ გიქნევს აკანკალებულ თითს, კი უნდა ამოუტრიალო ის თითი საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგოდ _ სხვა ილეთიც ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი, უხერხულია. 
რეალურად კი ასეთი ამბავია: დადებითად თუ შეაფასებდნენ ჩვენ მიერ ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს, ანუ რეალურ დასკვნას დადებდნენ, ყურებს აახევდნენ ევროუსტაბაშები, უარყოფითად შეაფასებდნენ და ისეთებს მიულექსავდნენ აქედან, რამე ცალკე საკუთარი შერჩენილი სინდისი არ დააძინებდათ, ცალკე ქართული ხალხური მოკითხვები. ამიტომ, ასე ერჩივნათ.
რა მაგ სიტყვის პასუხია და, ჩვენებმა და იმათებმა ერთმანეთში ხომ არ მოილაპარაკეს, ნეტავ, მოდი, ასე მოვიქცეთ, ამათი არასწორი ევრობიუროკრატიის თავზეც გავიგლაჯუნეთო?
რა ვიცი, გენაცვათ, შარშანდელი ოქტომბრის არჩევნების მერე სიმართლის თქმისა და რეალური დასკვნის დადების გამო, კინაღამ ერთმანეთს ახეთქეს ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლები და წელს 19 იანვრიდანვე რომ დაგვეპატიჟა, დიდი ეჭვი მაქვს, მაინც დაგვიანებული იქნებოდა. 
ჯერ სულაც ვის რაში უნდა ეკითხებოდეს, მე ჩემს ქვეყანაში რა არჩევნებს ვატარებ და როგორ, მაგრამ რადგან რაღაც სიაფანდ დემოკრატიობანას ვთამაშობთ, ჯანი გავარდეს _ ბოლო-ბოლო, ადგილობრივი არჩევნების დროს სადამკვირვებლო მისია სულაც არ არის სავალდებულო და რა სალაპარაკო ეს გახდა ახლა ვითომ? მე რა მენაღვლება, თითი კი არ გამიცვდება კლავიატურაზე კაკუნისგან, მაგრამ მაინც აღვნიშნე ორსაჯდომობანასადა გამო. 
უბრალოდ, მერე რომ აღარ ევიშვიშათ, დემოკრატიულად ჩატარდა თუ ზეტირანულ-დესპოტურად, ევლოთ უბან-უბან, მაგრამ, აჰა, არ უნდათ და ძალაა? ჰოდა, ახლა აღარც თვითონ შეიწუხებენ თავს რეკომენდაციების წერაზე და აღარც ჩვენ დავიწყებთ თითების პარჭყვას, ეგ არაქართულია, ძმაოო.
ცოდოა, თავისი გასჭირვებიათ, არც მწვადის დაწვა უნდათ, არც შამფურისა და გავუგოთ. მაგათი ამბავი რომ ვიცი, რომ გათავისუფლდება ორგანიზაციის ერთი წევრი მაინც, ან ტუზი დაეცემათ და სრულიად სადამკვირვებლო მისია გათავისუფლდება ზეწოლ-ქვეწოლისგან, სულ წერტილ-მძიმეთი მოჰყვებიან, რა წნეხში იყვნენ საქართველოში ჩატარებული არჩევნების სამართლიანად შეფასების გამო. 
რა შეშინებულები არიან, ბიჯოოო! ამ შეშინებულების გინდ წაღმა და გინდ უკუღმა ნათქვამ სიტყვას ვაჟკაც საქართველოში ფასი რატომ უნდა ჰქონოდა ან ჰქონდეს, ელემენტარულად, სირცხვილია...
ჰოდა, აგერ ჰყავთ თავისი და თავისნაირი ჩეხეთი და იარჩევნონ დაღლამდე. არ მოეწონებათ გამარჯვებული და მეორე წრეზე წავიდნენ, ევროდემოკრატიულ გაგებაში პრობლემა არ ექნებათ, ბიჯოს! 
გია ფერაძის პერსონაჟისა არ იყოს, ჩვენზე ნუ იდარდებენ, როგორმე მივხედავთ ჩვენს თავს, თვითონ კი, სულ კარგად ბრძანდებოდნენ!
მთელ ამ გამიშვი-გამაკავეში ის მაინც ვერ გავიგე, ამ „ოცნებამ“ რა გაისროლა ბოლოში და სიაფანდზე, ოპოზიციამ წამოიკიდა და მაინც დააპატიჟებინეს თუ თვითონ, საკუთარი ნებით წაიოხუნჯა?
ოპოზიცია შარშან აცხადებდა, რომ აღნიშნული ორგნიზაცია არაფერს არ წარმოადგენდა და შესაბამისად, მისი დასკვნა არაფერს ნიშნავდა და ახლა რა წელკავმა გაუხსენათ, მათ დასწრებას რომ მოითხოვდნენ, ვინმემ უდეპეშა „შიგევროპიდან“, მოვარჯულეთ სათქვენოდო?
მოკლედ, ასეა თუ ისე, ფაქტად ის შეგვრჩა, რომ ურჩადქცეულები ვითომ ურჩობისთვის დაგვსაჯეს, არ გვაღირსეს საოცნებო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის პიზის კოშკივით გვერდზე გადაქანებული დამკვირვებულები. არადა, თვითონაც, ვინ იცის, როგორ ხარობენ, რომ ქართველების ყბაში არ ჩავარდებიან, არც გაურკვეველი და ბუნდოვანი დასკვნა არ ექნებათ მოსაფიქრებელი, რამე უფრო შთამბეჭდავით დაკავდებიან პრაღაში, ბოლო-ბოლო, კოლენოს მაინც ჩაახმახუნებენ.
ოღონდ 4 ოქტომბრის მერე ამათ არ დაიწყონ მახათის ძებნა ჩვენს იშტაზე და არ მინდა არაფერი...
გავიგეთ, რომ ყველაფერი ან რუსეთს ბრალდება, ან დიფ სთეითს და ის მაინც გვითხრან, ესენი რომელმა გააჯიქა, ნაზი ჩლიქი რომ წაჰკრეს თავიანთივე ნაწველ ვედრას?
შეგირცხვა ცხვირი, ეუთო ხარ, ოდირი თუ ორივე ერთად. დაჯექი! ორიანი!

ზურა ოშხერელი