გიორგი მამაცაშვილი - ჟურნალისტიკის მთავარი საყრდენი გაზეთი და ჟურნალია

გიორგი მამაცაშვილი - ჟურნალისტიკის მთავარი საყრდენი გაზეთი და ჟურნალია

„საერთო გაზეთის“ სტუმარია საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე  გიორგი მამაცაშვილი:

(დასასრული. დასაწყისი იხ. „სგ“ N24)

_ ბატონო გიორგი, დღეს მედიამ მოწუწუნე, ისტერიულ ინტონაციაზე მყოფი ეგზალტირებული ერი შექმნა, ისეთი, როგორიც თვითონ არის. გამოსავალს რაში ხედავთ?
_ თქვენ ამბობთ, - მედიამ მოწუწუნე ერი შექმნა, ისეთივე, როგორიც თავად არისო. ანუ, თქვენ თუ დაგიჯერებთ, მედიაც მოწუწუნე და ისტერიულ ნოტაზე მყოფია... არადა, როგორ არ დაგიჯეროთ, როცა აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ბრძანებთ. თუმცა, აქაც არის ერთი “თუმცა”... მიუხედავად თქვენ მიერ გაჟღერებული სიმართლისა, რასაც მეც ვეთანხმები, ჩვენს საუბარს შედარებით ოპტიმისტურ და არამოწუწუნე სტილს მივცემ. იქნებ, ამ ინტერვიუთი მაინც განვსხვავდებოდეთ სხვა კოლეგებისა თუ ე. წ. კოლეგებისგან. და, პირველ რიგში, ეს იქნება გამოსავალიც, რასაც უკვე წლებია, ასეთი რუდუნებით ვეძებთ... პირდაპირ ვთქვათ: სახლის დალაგებაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ უნდა დავალაგოთ. მეტიც: მიმაჩნია, რომ სწორედ ერთი მერცხლის ჭიკჭიკით მოდის გაზაფხული და, მით უმეტეს, თუ ჩვენში რამდენიმე ასეთი მერცხალი მაინც არსებობს, ესე იგი უსაშველოც არაფერი გვჭირს. ერთიც არის: ასეთი ერი მედიას არ შეუქმნია. მედია სახეა ერისა და სწორედაც რომ, საზოგადოებამ თავისი უმოქმედობით, ხშირად გულგრილობითა და უფრო ხშირად, “სხვის ჭირად” მიჩნევით შექმნა ასეთი მედია - ნეგატივსა და წუწუნზე ორიენტირებული. პოზიტივის დანახვა, შრომა და სამართლიანობის შეგრძნება არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენც გადაგვარჩენს და ჩვენს ჟურნალისტიკასაც.
_ დასავლეთში თუკი რაიმე არეგულირებს მედიის ნორმალურ იერს, ეს სასამართლოა. ამას კი კანონი სჭირდება, რომელიც მას საზღვრებს დაუდგენს. ბოლო პერიოდში სახელმწიფომ რიგი კანონების გამკაცრება დაიწყო, მათ შორის არის მედიის შესახებ კანონი, რომელშიც არაერთი ცვლილება შედის. ერთ-ერთი ცვლილება ცილისწამების მუხლის აღდგენას ეხება. რას შეცვლის ამ მუხლის აღდგენა ქართულ ჟურნალისტიკაში?
_ ევროპაშიც და დასავლეთის ქვეყნებშიც მედიის მიმართ აბსოლუტურად სხვა მიდგომაა. ჩვენთან საზოგადოება იმდენად პოლარიზებულია, რომ, რა თქმა უნდა, მომჩივანი ამ ცვლილებებსაც გამოუჩნდება. რა, პოლიციელზე ძალადობა სხვა ქვეყნებში დასჯადი არ არის? ჩვენთან - ვიღაც პოეტია, ზოგი ჟურნალისტია, ზოგიც მეწაღე და ასე შემდეგ - თითქოს ჟურნალისტობა და პოეტობა დანაშაულის ჩადენისას ინდულგენცია იყოს... ხელისუფლებამ ამ ცვლილებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა და დიახ, ასეც უნდა იყოს. აბა, შენ ცილი დამწამო და მერე მე ვამტკიცო, რომ აქლემი არ ვარ?! ამიტომ ვამბობ, ეს ქვეყანა ნელ-ნელა უნდა ავაშენოთ. დიახ, ნელ-ნელა, თორემ სააკაშვილის მიერ ერთ დღეში გაკეთებული აღმაშენებლის გამზირიც, მგონი ყველას გვახსოვს - მხოლოდ ფასადებს გადაღებავდა და ერთსა და იმავე ობიექტებს ცხრაჯერ ხსნიდა. ჩვენს რეალობაში ფასადური ცვლილებების დრო და ადგილი აღარ არის. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ცვლილებების შემხედვარე, იმედიანადაც კი ვარ...
_ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით ჟურნალისტის პროფესია არათუ გაძლიერდა, არამედ განეიტრალდა. დღეს ყველას შეუძლია, თავი ჟურნალისტად წარმოაჩინოს. დღვანდელი მედია, ძირითადად, ივანიშვილთან ბრძოლით არის დაკავებული, სხვა პრობლემებს ვერ ხედავენ. რა არის ამის მიზეზი?
_ რაც შეეხება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, პასუხი მარტივია. არც ვადარებ და არც იმ კაკაფონიის მეშინია, თუ ვინმე შედარებად ჩამითვლის და სამიზნეში ამომიღებენ. რატომ ჰყავდა ილიას მტრები? რატომ მოკლეს ილია? რატომ ჰყავდა ზვიად გამსახურდიას მტრები? რატომ მოკლეს თუ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე საქართველოს პირველი პრეზიდენტი? რატომ მოკლეს გურამ შარაძე? რატომ დევნიდნენ მას დღემუდამ? ღმერთმა დიდხან აცოცხლოს ისევ ჩვენივე სამშობლოს საკეთილდღეოდ, მაგრამ ბატონ ბიძინასთან მიმართებით დღეს რამე ახალი ხდება?! რამეს სხვანაირად ვხედავთ? ბიძინა ივანიშვილს რომ ებრძვიან, ის კი აღარ მიკვირს, ამდენი უმადური როგორ აღმოჩნდა ჩვენს საზოგადოებაში, ეგ უფრო მაკვირვებს. ახლა პირად სარგებელს გამორჩენილ მოღვაწეებზე არ ვსაუბრობ - თან ივანიშვილის ქველმოქმედებას რომ ირგებენ და თან უცხო ქვეყნებიდან, ქვეყნის ასარევად დაფინანსებულ და დაგეგმილ მიტინგებზე რომ აქვთ დიდი გული... ახლა ბევრი დამიწყებს გაკილვას, ჟურნალისტმა და, მით უფრო, ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ ასე ცალსახად და ღიად არ უნდა გააცხადოს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებაო... რატომ? - ვინმემ დააწესა, თუ კონსტიტუციაშია შეტანილი, რომ მე, როგორც მოქალაქეს, საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უფლება არ მაქვს?! ვინმემ აკრძალა, რომ ჟურნალისტს არ აქვს უფლება, მხარს უჭერდეს იმ ხელისუფლებას და იმ ადამიანს, ვინც და რომელმაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი - სიცოცხლე შემინარჩუნა მეც და ჩვენივე ქვეყნის ასი ათასობით მოქალაქეს? თუ, არ მაქვს უფლება, ვთქვა, რასაც ვფიქრობ ადამიანზე, რომელმაც უზარმაზარი და, შეიძლება ითქვას, ქვეყნის ისტორიის განმავლობაში შეუდარებლად დიდი მასშტაბების ადამიანური, მორალური, ფინანსური ენერგია ჩადო ქართული კულტურის, ისტორიის, ისტორიული ძეგლების, სპორტის, მეცნიერებისა და სხვა არაერთი დარგის შენარჩუნება-განვითარებაში?! თუ, ხაზარაძის დაფინანსებით შექმნილ და თემურ ალასანიას იდეოლოგიით მართული ტელევიზიების ჟურნალისტებს აქვთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ბულინგის და ჩაგვრის უფლება, მე აზრის გამოხატვის უფლებაც არ მაქვს?! ვერ დაგეთანხმებით, თითქოს დღევანდელი მედია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს. “დღევანდელი მედია” არასწორი ფორმულირება უფროა. ბიძინა ივანიშვილს, უმეტესწილად, დღევანდელი, გარე ძალებისგან მოსყიდული, ანგაჟირებული, ძალაუფლებადაკარგული და, შესაბამისად, დაბოღმილი და გაბოროტებული კონკრეტული პოლიტიკური ძალები, მათი ქვედანაყოფები (ჟურნალისტური, კულტურული, საზოგადოებრივი იერით) და ადამიანები ებრძვიან... მედიას ცოტა სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. დღევანდელი მედიაა “იმედიც”, “საზოგადოებრივი მაუწყებელიც”, “პოსტივიც”, გაზეთებიც, ელექტრონული მედიებიც, რომლებიც არათუ ებრძვიან, არამედ იმ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას უჭერენ მხარს, რითაც დღეს თვითმყოფადობით გამორჩეულ და ზნეობრივ ქვეყანას ვაშენებთ!
_ თქვენ ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე ბრძანდებით. როგორ ხედავთ თქვენს როლს პრესის გაჯანსაღებასა და არსებული პრობლემის მოგვარებაში?
_ ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარეობა ჩემთვის, სტატუსთან ერთად, პასუხისმგებლობაც არის. რასაც ფიქრობს გიორგი მამაცაშვილი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, იმავეს ფიქრობს თავმჯდომარის სტატუსის მქონე გიორგი მამაცაშვილიც. უბრალოდ, ერთი რამ არის მთავარი: მე ფედერაციის წევრებს პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით არ ვყოფ. კანონს, ჟურნალისტურ ეთიკას ნუ დაარღვევ, პროფესიულ პატიოსნებასა და სინდისს აკერმანის პროპაგანდაზე ნუ გაყიდი და როგორც ჩემთვის საყვარელი მომღერალი (მერე რა, რომ სააკაშვილთან მეგობრობდა) ბუბა კიკაბიძე ერთ-ერთ სიმღერაში მღეროდა, - „სადაც გინდა, იქ ილოცე”...
_ ზემოთ ვახსენე, რომ ერთ-ერთი მთავარი დარგი, რომელიც პრაქტიკულად განულებულია, სწორედ ჟურნალისტიკაა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრი პუბლიცისტიკა ეკრანებიდან და გაზეთის ფურცლებიდან საერთოდ გაქრა. ახლა უამრავი ექსპერტი გაჩნდა, რაც ღიმილის მომგვრელია, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში ამა თუ იმ სფეროში ექსპერტი თვითონ ჟურნალისტია. ასევე გაქრა ჟანრები: ანალიტიკა, ჟურნალისტური გამოძიებები, კორესპონდენცია, ფელეტონი, პამფლეტი. ფაქტობრივად, მთელი ჟურნალისტიკა ახალ ამბებზეა გადასული. ეს რამ განაპირობა?
_ მეტსაც გეტყვით: ვიდრე ჩვენში ჟურნალისტი ერქმევა ადამიანს, რომელიც უზნეობასა და აღვირახსნილობას ქადაგებს, ვიდრე ჟურნალისტობა ინდულგენცია იქნება ნებისმიერი კრიმინალისთვის ან შემთხვევით “წაკრიმინალო” პირებისთვის, ვიდრე ჩვენვე არ ვისწავლით იმ დამსახურებული, ღვაწლმოსილი (ათეული წლები ვისი სატელევიზიო ეთერებით თუ ნაწერებითაც საზოგადოება ცხოვრობდა) და ხელისგულზე სატარები ადამიანების დაფასებას და არ მივეჩვევით მათ პრესაში, ტელეეთერებში გამოჩენას, ასე, მომრავლებული “ჟურნალისტებისა” თუ “ექსპერტების” ჩანაცვლება გაგვიჭირდება. ან, ჟურნალისტური გამოძიება სადაა ჩვენში? რომელიღაც ტელევიზიის მცირერიცხოვანი ჯგუფი სახლთან რომ დაუდარაჯდება ვინმეს და ერთმანეთში აზელილ ათას ჭორ-მართალზე პასუხს მოსთხოვს, ეს არის ჟურნალისტური გამოძიება? გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე წლობით ვმუშაობდი, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეს ათ წელზე მეტხანს ვიკვლევდი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს წლები მოვანდომე და გამომძიებელი ჟურნალისტის სტატუსის ამბიცია მე არ მქონია... თუკი ვინმე კარგი პუბლიცისტი იყო და ჭკუა მოეკითხებოდა, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში სახლში დასვეს, მერე მათაც ასაკი მოემატათ, შემდეგ ინერციით “განვითარდა” თანამედროვე ჟურნალისტიკაც და ახლა კი ვხედავთ ყოველდღე კვესიტაძეებს, მიშა მშვილდაძეებს, ბერძენიშვილებს, პაიჭაძეებს,- ზოგს “აყვავებული ბროწეულის” ამპლუაში და ზოგსაც კოლექტიური “გელამთივლიშვილის” სახელებითა თუ გვარებით. ან რა ფელეტონზე ვსაუბრობთ, როცა ზოგიერთ ჩვენს “კოლეგას” ფელეტონი და ტელეფონი ერთი და იგივე ჰგონია. აბა, სადაც არტერია და არტილერია ვერ განუსხვავებიათ, რამე გაგიკვირდებათ კიდევ?! რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. ზოგ ჩემს კოლეგასთან განსხვავებული ურთიერთობა მქონდა. ზოგთან ერთად დედაუნივერსიტეტიდან მოვდივარ. პოლიტიკის გამო ვცდილობ, არავინ დავკარგო და, მით უფრო, არავინ დავაკნინო, მაგრამ რამდენიმემ სოციალურ ქსელში მეგობრების სიიდან თავად ამომშალა. არა უშავს. ამასაც პოლარიზაციას ვაბრალებ. დღეს თანამედროვე ჟურნალისტიკაში ბევრია ისეთი, ვისთანაც სტუდენტობის წლები, საერთო მეგობრები მაკავშირებს. თუმცა ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად, ბევრ მათგანთან არ მაქვს. მათ ბიძინა ივანიშვილის გინებაში (და არა - არგუმენტირებულ კრიტიკაში!) უხდიან ხელფასს. მე მათ ტაშს ვერ დავუკრავ და მეტიც - თუ რამე ჟურნალისტური სახის დაკარგვად მიმაჩნია, სწორედ ეს არის. გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ.
_ კიდევ ერთი პრობლემა ისიც არის, რომ თუკი ჟურნალისტიკა მხოლოდ მკითხველზე, ანუ გაყიდვაზე იქნება ორიენტირებული, ის მკითხველის დონეზე დავა. დღეს ამ დონის ჟურნალისტიკა იმიტომ გვაქვს, რომ საზოგადოებაც იმავე დონისაა. აქ მნიშვნელოვანია განათლების მიმართ დამოკიდებულება. რას ასწავლიან ან ვინ იღებს მონაწილეობას ჟურნალისტების აღზრდაში? 
_ აბსოლუტურად გეთანხმებით და გულწრფელად ვწუხვარ, რომ დღეს გაცილებით მეტ პატივს სცემენ ისეთ პედაგოგებს, რომლებიც პარტიული ჟურნალისტიკის საფუძვლებს თუ შეასწავლიან სტუდენტებს... ისიც - “თავისუფალი ჟურნალისტის” სახელით შენიღბულს... პაატა ნაცვლიშვილი, თამაზ ჯოლოგუა, მარინა ვეკუა, თეიმურაზ ქორიძე, ზურაბ რცხილაძე, ჯილდა ასათიანი, ნანა ლოლაძე, ნუგზარ ფოფხაძე, დალი ჩიკვილაძე, დიანა ტყებუჩავა, მერაბ ჯალიაშვილი, აკაკი სიხარულიძე, ნოდარ ტაბიძე, ზენონ კაცია, ნიკო ლეონიძე... ბევრია ჩემთვის ღირსეული და საამაყო ადამიანი და ჩამოთვლა აქაც უმადურ საქმედ მიმაჩნია. სამწუხაროდ, ბევრი ღვაწლმოსილი ადამიანის დასახელებასაც ვერ შევძლებ, მაგრამ მე ეს ხალხი ჟურნალისტიკას მასწავლიდა! მე ამ ადამიანებისგან ვისწავლე ჟურნალისტიკა და იმ რედაქტორებმა და მეგობარმა რედაქტორებმა გამომზარდეს, დღესაც რომ სიამაყით ვიხსენებ: ელიზბარ ჯაველიძე, ლაშა ნადარეიშვილი, თეიმურაზ ქორიძე, სოსო სიგუა, გივი შეყილაძე, გია არგანაშვილი, ნანა ლომაია, ცირა კუპატაძე, მარინა თექთუმანიძე, თენგიზ გაჩეჩილაძე, ვახტანგ ხარჩილავა, არმაზ სანებლიძე... ჩემთვის ეს არის ჟურნალისტიკა. რა, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, „რუსთავი-2“-ში, „პოსტივიში“ ან „იმედში“ არ არიან მართლა ნიჭიერი და პროფესიული ეთიკით გამორჩეული ახალგაზრდები? ან დამსახურებული და გამოცდილი ჟურნალისტები? რამდენიც გინდათ! ელექტრონულ მედიაში ცოტანი არიან? არა! ყველა კოლეგას ვერც ახლა ჩამოვთვლი, მაგრამ მიმაჩნია, რომ არც ასეთი ხელისჩაქნევა გვარგებს... კი, განათლების კუთხითაც არანაკლები პრობლემებია. როგორც ვხედავ და დარწმუნებული ვარ, ამასაც ეშველება! და მაინც, პოზიტიურ ნოტაზე მსურს საუბრის დასრულება. ბევრი გვარი ჩამოვთვალე, ბევრის გახსენება ვერ შევძელი და მიმაჩნია, - როცა ქართულ ჟურნალისტიკაში ასეთი კორიფეები(!) გვყავს, სააკაშვილ-ბოკერია-ადეიშვილ-მერაბიშვილ- უგულავას ხელისბიჭებისა თუ გოგონების ზღვარგადასული კნავილი ტელეეთერებში თუ სხვა მედიასაშუალებებში, ვერც ვერაფერს დაგვაკლებს და არც მათით იზომება ქართული ჟურნალისტიკის სიდიადე! ხმამაღლა უნდა ვთქვათ: ქართული ჟურნალისტიკა(ც) ფესვებიდან იზომება ილიათი, ნიკო ნიკოლაძით, სერგეი მესხით, ივანე მაჩაბელით, ალექსანდრე როინაშვილით, დავით გამეზარდაშვილით და სხვა ძალიან ბევრი დიდი ქართველის მოღვაწეობითა და არსებობით!

თამარ შველიძე