ახლადშესვენებული პატრიარქის მადლი უკვე ზეციდან

ახლადშესვენებული პატრიარქის მადლი უკვე ზეციდან

დილით ქუჩაში ჩხუბს, უფრო სწორად, სიტყვიერ დაპირისპირებას შევესწარი... აი, პირდაპირ ხელდახელ წასვლის პირას მისულს (ერთს ვიცნობდი), შორიდანვე მესმოდა, ისეთ თემაზე იყო „ხიპიში”, უეჭველი დააყრიდნენ ერთმანეთს. არ ვიცი, რამ მიბიძგა, გაშველება კი არ დავიწყე, პირდაპირ დავუყვირე ორივეს ზუსტად ამ სიტყვებით:
პატრიარქის სულს გაფიცებთ, არ მაინტერესებს, რაზე ჩხუბობთ, ვისაც მეტად გიყვართ მისი სული, მან დათმოს. კაცი ჯერ არ გაციებულა და ხოცავთ ერთმანეთს-თქო! 
მე მსგავსი რამ სპექტაკლებში და ქართულ ცეკვაში მაქვს ნანახი, მანდილის ჩაგდებისას რომ შეშდება გაშიშვლებული ხმლები! მსგავსი ეგზისტენციალური ტრანსფორმაცია იშვიათია სიტყვის ძალით, თან ფაქტობრივად უცნობი კაცისგან! 
გაშეშდნენ! პირდაპირი მნიშვნელობით. ნაცნობმა ნახევრადგულდაწყვეტილი ტონით ჩაილაპარაკა: მოსაკლავია, ისე რო იცოდე, რაღა ახლა გამოიარე, წელიწადია არ მინახიხარო! მეორემ მადლიერი თვალით შემომხედა, მერე უთხრა ჩემს ნაცნობს - გამოვასწორებ, ბიჯო, რა მოგივიდა, უშეცდომო ღმერთია მარტო. ამ დღეებში გამოვასწორებო და ხელი გაუწოდა. ნაცნობი წამიერად შეჩერდა, მერე ხელი ჩაარტყა და... არ მინდა არაფერი, კარგად იყავი, ილიას და ამ კაცის მადლობელი იყავიო. 

ნიკო იმედაძე