დედამიწა გიჟების ხელშია?!
მსოფლიო უკიდეგანო საგიჟეთს დაემსგავსა, ვინ ვის ბომბავს, ვინ ვის უბრაგუნებს, ვინ ვის ემუქრება და ვინ ვის იტაცებს, აღარ გაიგება. რა გითხრათ? ამ უკიდეგანო ქაოსს საფუძველი „დემოკრატიის ოაზისმა“ აშშ-მ ჩაუყარა და რაც წლების (თუ არა საუკუნეების) განმავლობაში დაითესა, ახლა ვიმკით, ეს უკვე კულმინაციაა. მე მგონი, ამან, ამ ჩვენ მიერ ნაქებმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც პრეტენზია მშვიდობის მტრედობაზე აქვს, ყველა თავის წინამორბედს აჯობა ომების გაჩაღებაში, პრეზიდენტების გატაცებასა და ბავშვების ხოცვაში. ამას წინებზე ერთ-ერთ წერილში ვიხუმრე, მიეცით ამ კაცს ნობელის პრემია, თორემ მთელ დედამიწას გადაბუგავს-მეთქი. თურმე ცამდე მართალი ვყოფილვარ - აგერ, 90-მილიონიან ირანს ისრაელის ხელით დაარტყა, 48 სამხედრო პირი გაანადგურა, სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი თავისი ოჯახით ზედ წააკლა, გოგონათა სკოლაში 170 ბავშვი ააფეთქა, ქალაქებს ანგრევს და როცა ირანმა იგივე მეთოდით უპასუხა, როცა ირანმა აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები დაბომბა, თავის მოქალაქეებს მოუწოდა, სასწრაფოდ დატოვეთ ეგ ქვეყნები, სახლებში დაბრუნდითო. რა გამოდის? ტრამპის გენერლებმა მხოლოდ ირანის დაბომბვაზე იფიქრეს? ამას რა მოჰყვებოდა, არ გათვალეს? ირანი რანაირი მენტალიტეტის ქვეყანაა, იქ რანაირი ფსიქოლოგიის ხალხი ცხოვრობს, არ შეისწავლეს? ირანის შესახებ საერთოდ არაფერი წაიკითხეს? აშკარაა, არც არაფერი შეუსწავლიათ, არც არაფერი წაუკითხავთ. სულ ის მახსენდება, წინა ზაფხულს ირანის დაბომბვა რომ დაიწყეს, ერთ-ერთ სენატორს ჰკითხეს, ამ ქვეყნის შესახებ რა იცითო? არაფერიო. იქ რამდენი ადამიანი ცხოვრობს, იცითო? არ მაინტერესებს, რატომ უნდა ვიცოდეო? ასეა! ომებს იწყებენ ისე, რომ ე. წ. მტრის შესახებ არაფერი იციან. ასე დაიწყეს ომი უკრაინაში. მძინარე ბაიდენმა საკუთარი ქვეყნის შესახებაც არაფერი იცოდა, უკრაინასა და რუსეთზე რა უნდა სცოდნოდა? კაცს რომ ეტყოდნენ, მარჯვნივ წადიო, მარცხნივ მიდიოდა და თან იქ, ზემოთ ვიღაცებს ელაპარაკებოდა. არადა, როდესაც ომს იწყებ რუსეთის წინააღმდეგ, სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდე, რა შეცდომები დაუშვა ჰიტლერმა და სად ჩაიფეხვა ნაპოლეონი.
ამასობაში ირანი აშშ-ის სამხედრო ბაზებს ბომბავს და, თავის მხრივ, აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ იქაურობა. ესენია: ბაჰრეინი, ეგვიპტე, ერაყი, ისრაელი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, ყატარი, საუდის არაბეთი, სირია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იემენი. როგორც მცოდნე ადამიანები ამბობენ, ამას შეიძლება დაემატოს პაკისტანი, თურქეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, როდესაც ამ წერილს ვწერდი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა სასაზღვრო ჯარებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ირანისკენ არის მიმართული. ნუ გამოვრიცხავთ, იქაც რამე მოხდეს, აზერბაიჯანი ისრაელის მოკავშირეა. აი, ეს სიტყვა არც მქონდა დასრულებული, უკვე გაჩნდა ინფორმაცია: ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა. მოგვიანებით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. თუ ეს პროვოკატორების მიერ არის გაკეთებული, მით უარესი, მაშინ ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ ერთი სიტუაცია აირია, მერე მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინ საით გაისვრის და ვის ესვრის. ალბათ, ახლა უკვე ხვდებით, რატომ ჩაიყვანა ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა და რატომ აჩუქა მოოქროვილი კალმები, ხომ? ფაშინიანი სომეხია, მას დიდი ლობი ჰყავს აშშ-ში, აშკარაა, თავი იოლად დაიძვრინა და საქართველოშიც წაიქეიფა. ალიევი შავ დღეშია, იქით ერთმორწმუნე სპარსეთი ჰყავს, აქეთ ერთმორწმუნე ოსმალეთი და, ამავე დროს, ოკეანის გაღმა რაღაც პირობა აქვს დადებული. არ დაგავიწყდეთ, ირანში ომის დაწყებამდე სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი რომ ჩავიდა. ნეტავ, რატომ? იმიტომ, რომ ნიადაგი მოსინჯა და სიტუაცია დაალაგა. მაშინ ჩვენი აკაცუკები აყვირდნენ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გვერდი აგვიარაო. ღმერთმა ქნას, ყოველთვის ასე აგვიაროს გვერდი განსაცდელმა.
ამ დღეებში ერთმა პატივსაცემმა ექსპერტმა ტელევიზორში თქვა, რაც ახლა ხდება, ეს არ არის კლასიკური ომი, რადგან ამერიკელებს ირანში ჯერ ცოცხალი ძალა არ შეუყვანიათო. უკაცრავად, პატივცემულ მეგობარს ეტყობა, დაავიწყდა, რომ შორს არ არის ის დრო, როცა შეიძლება ცოცხალი ძალა საერთოდ აღარ იყოს საჭირო. რატომ? იმიტომ, რომ ტექნოლოგიები უკვე უმაღლეს მწვერვალზეა, ჩინეთში უკვე დაამზადეს რობოტი ჯარისკაცები. დაახლოებით ორი კვირის წინ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმყოფებოდა ჩინეთში და მას აჩვენეს, როგორ იბრძვიან რობოტი ჯარისკაცები, მერცს გაოცებისგან დორბლი ჩამოუვიდა. ეს არის ომი უახლესი ტექნოლოგიებით, მეგობრებო, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მხოლოდ დრონები, იქ კიდევ უამრავი სიახლეა. როგორ მოხდა, რომ ამერიკელებმა 100%-იანი სიზუსტით დაარტყეს იმ ადგილს, სადაც ალი ხამანეი და მისი გენერლები თუ მინისტრები იმყოფებოდნენ? როგორ და... უახლესი ტექნოლოგიებით შესაძლებელია, კოსმოსიდან ის გაზეთიც კი წაიკითხონ, რომელიც თქვენ ხელში გიჭირავთ და ათვალიერებთ.
დონალდ ტრამპი ჩვეულ „ფორმაშია“, სანამ ირანს დაარტყამდა, ასეთი არახალი განცხადება გააკეთა: „ჩვენ, ამერიკელებმა გავიმარჯვეთ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ჩვენ დავამარცხეთ ჰიტლერი, ყველგან ვიმარჯვებთ, სადაც ომში მივდივართ“!
ტყუის დონალდ ალფრედოვიჩი, პირველი და მეორე მსოფლიო ომი ამერიკელებს არ მოუგიათ. ჰიტლერი დაამარცხა ქართველმა კაცმა, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილმა, გორელი მეწაღის ბიჭმა. სადაც მივდივართ, ყველგან ვიმარჯვებთო. ესეც ტყუილია, სადაც ესენი მიდიან, ყველგან სისხლისღვრა და უბედურება იწყება, იქ არის ნგრევა, სიკვდილი, ცეცხლი, მახვილი და როცა ყველაფერი მიწასთან სწორდება, იქაურობას კუდამოძუებულები ტოვებენ. ასე იყო ვიეტნამში, ასე იყო ავღანეთში, ასეა ყველგან. ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ გამოიქცნენ ავღანეთიდან და როგორ შეატოვეს თალიბებს 80 მილიარდი დოლარის შეიარაღება. ორი კვირის შემდეგ აშშ-ის დაზვერვის შეფმა განაცხადა, ჩვენ არ ვიცოდით, ავღანეთის სათავეში ისევ თალიბები თუ მოდიოდნენო.
ერთ-ერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების მოსახლეობისადმი მიმართვის დროს დონალდ ტრამპმა ყოველ 52 წამში ერთი ტყუილი თქვა, ხოლო მთლიანად სიტყვის წარმოთქმის განმავლობაში 130 ტყუილი დააბრეხვა.
ტრამპი სოციალურ ქსელებშიც აქტიურობს, იგი თავს ესხმის პოლიტიკურ ოპონენტებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს, რომლებიც მას რაიმე საკითხში არ ეთანხმებიან. პრეზიდენტი არ ერიდება შეურაცხმყოფელ ეპითეტებს, მათ შეშლილებს უწოდებს, რომლებიც ქვეყანას მხოლოდ ზიანს აყენებენ. მისი „დიაგნოზით“, ისინი ნამდვილი გიჟები, ფსიქოპათები და ავადმყოფები არიან, რომლებიც, გულახდილად რომ ვთქვათ, ფსიქიატრიულში უნდა იწვნენ:
„როდესაც ადამიანები ასე იქცევიან, თანაც როცა იცი, რომ ისინი გაქნილი და კორუმპირებული პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის საშინელებაა - ისინი სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც მოვიდნენ! მათ მხოლოდ ამერიკის დაზიანება შეუძლიათ, დახმარება - არასდროს!
სჯობს, ჩასხდნენ ნავში რობერტ დე ნიროსთან ერთად - კიდევ ერთ ავადმყოფ და გონებაჩლუნგ ტიპთან“!
ისე, ავი ენები ამბობენ, ეპშტეინის ფაილებში ტრამპის გარდა, დე ნიროც ფიგურირებსო. ნუ გამოვრიცხავთ, ამათ ქიშპი და მტრობა იმ კუნძულიდან მოსდევდეთ. თუ არ მოვიშორეთ, ტრამპი ქვეყანას დაანგრევსო, ამბობს მსახიობი და შეიძლება არც ტყუის, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ტრამპი ჯერ სხვა ქვეყნებს ანგრევს. ამ ნანგრევებში მოაყოლებს თუ არა საკუთარ ქვეყანას, მაგას უახლოეს მომავალში ვნახავთ. აგერ, ირანში გაჭედილი ახლა ესპანეთს დაეტაკა. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სამხედრო ბაზის გამოყენებაზე უარი უთხრა, გამოვარდა და გაბრაზებულმა განაცხადა, ყველანაირ ვაჭრობას და ურთიერთობას ვწყვეტ ესპანეთთანო. ამ კაცს შეუძლია, ერთი ხელის დაკვრით მოსპოს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები. პედრო სანჩესი ამბობს: „სწორედ ასე იწყება კაცობრიობის უდიდესი კატასტროფა. არ შეიძლება, რუსული რულეტი ითამაშო მილიონობით ადამიანის ბედით“.
დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა: „ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს არაფერია, არც გვჭირდება. ეს რომ გვსურდეს, მაშინ მათ გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვის, რომ ვერ გამოვიყენებთ. ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არ გვსურს, რომ ესპანეთთან რაიმე სახის საქმე გვქონდეს“.
ესპანეთი და აშშ უკვე მტრები არიან, ჩვენი არ იყოს, არ ჩაერთვები ომში? არ დაეტაკები ვინმეს მათი გულისთვის? არ გაწირავ თავს აშშ-სთვის და ევროკავშირისთვის? - მტერი ხარ, არადემოკრატიული ხარ, დიქტატორი და ტირანი ხარ. ჯერ აქციებს მოგიწყობენ ქუჩებში, პიროტექნიკას დაგიშენენ, მანქანებს დაგიწვავენ, პოლიციელებს დაგისახიჩრებენ, თუ არაფერი გამოუვიდათ, შეიძლება გაგიტაცონ და სადმე დაგამწვდიონ კიდეც.
ესპანელი ევროპარლამენტარი ირინე მონტერო: „ესპანეთმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს NATO! აშშ-ის მოკავშირეობა საფრთხეში გვაგდებს“!
ტრამპმა ისიც თქვა, სანჩესი არ მომწონს და, სხვათა შორის, არც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი მეპიტნავება, იმედი გამიცრუაო, სამწუხაროდ ამერიკას საქმე უინსტონ ჩერჩილთან არ აქვსო. ტრამპი ისე ლაპარაკობს, გეგონება, ბრიტანეთს საქმე რუზველტთან ჰქონდეს.
ეს კაცი უკვე ძალიან შორს მიდის და თანაც სათქმელს „ორიგინალურად“ ამბობს - ვისაც ხამენეის მემკვიდრედ მოვიაზრებდით, ყველა მკვდარია და ვისაც ახლა მოვიაზრებთ, შეიძლება ისიც მოკვდესო. ხედავთ, კაცო, რანაიარად ლაპარაკობს? შეიძლება ირანში ყველა შემოგვაკვდეს და კაცი აღარ დარჩეს, ხელმძღვანელად რომ დავნიშნოთო. მე მგონი, ზოგ შემთხვევაში დე ნიროს უნდა დავეთანხმოთ.
ვინ არის ის ხალხი, ვინც ამ კაცს ასეთ დიდ ავანტიურაში ითრევს? ერთნი ამბობენ, რომ ნეთანიაჰუს აქვს მასზე კომპრომატები და ყურებით ჰყავს დაჭერილი ეპშტეინის საქმის გამოო. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, თუ ვინმეს უდიდესი გავლენა აქვს ტრამპზე, ეს სენატორი ლინდსი გრემია. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანზე დარტყმის იდეას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფართო მხარდაჭერა არ ჰქონია, მის აქტიურ მხარდამჭერებს შორის მან მხოლოდ აშშ-ის ელჩი ისრაელში მაიკ ჰაკაბი და თავად გრემი დაასახელა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრაბახობს, რომ ირანში კონფლიქტის დაწყების შემდეგ 5000-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდო. ყოჩაღ, სწორედ ამის შემდეგ განაცხადა ნიუ-იორკში ისრაელის გენერალურმა კონსულმა, ახლა ერთდროულად მშვიდობის დარგში ნობელის ორი პრემია უნდა გაიცეს, ერთი ტრამპს, მეორე კი ნეთანიაჰუსო. რატომაც არა? ალფრედ ნობელმა ბომბი გამოიგონა, ამათ უნდა ისროლონ, სხვას ვის ეკუთვნის პრემია, თუ არა ტრამპსა და ნეთანიაჰუს?
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის ალი ლარიჯანის მტკიცებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკული ბაზების დაბომბვისას 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აჰა, იმ ლოგიკით ამასაც ეკუთვნის პრემია. მეტიც, სენატორი ლინდსი გრემი ამტკიცებს, ნეთანიაჰუ და ტრამპი თანამედროვეობის რუზველტი და ჩერჩილი არიანო. ნეტავ, ამათ ღმერთებად არ გამოაცხადებდნენ და ამას არა უშავს. თუმცა ნურც მაგას გამოვრიცხავთ, გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ამერიკელ ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია„ და ტრამპმა ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის არმაგედონი უნდა გამოიწვიოს. ხომ გესმით? მგონი, ტრამპი იეღოვაა, რომელმაც ცეცხლის წვიმა უნდა მოიყვანოს.
ბოლო დროს ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, ვერ ვიჯერებთ, ფეიკი გვგონია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი სინამდვილეა. აგერ, დონალდ ტრამპი აცხადებს, ირანში ახალი ლიდერის არჩევის პროცესში პირდაპირ უნდა ვიყო ჩართულიო, ვინ იქნება აწი „უმფროსი“, მე უნდა შემითანხმოთო. სხვათა შორის, ამასვე ითხოვდა ვენესუელაში, მაგრამ ამ ეტაპზე პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ამას წინებზე ტრამპმა ისიც თქვა, მადუროს მილიარდ დოლარად ვყიდი, ვისაც უნდა, იყიდოს და წაიყვანოსო. კლიენტი ჯერ არ გამოჩენილა არა იმიტომ, რომ არავის უნდა, ბოლო-ბოლო, ვენესუელა იყიდის, მაგრამ აქ უკვე ნდობის საკითხია, შეიძლება ალფრედოვიჩმა ფული აიღოს და მადურო არ გაუშვას. მოკლედ, ტრამპი ამბობს, ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია, ჩვენ ისეთი ვინმე გვსურს, ვინც ირანს ჰარმონიასა და მშვიდობას მოუტანს, დროს ფუჭად კარგავენ. ხამენეის შვილი უმნიშვნელო ვინმეაო.
ამ დღეებში გავრცელდა ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაციაც, თითქოს ირანმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის საელჩოები უნდა დაიბომბოს, სიაში არ არის საქართველო.
და ბოლოს... დონალდ ალფრედოვიჩმა ამ დღეებში უფალიც გაიხსენა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მთელი ქვეყნის პროტესტანტი პასტორები შეკრიბა და თავი დაალოცინა: „უფალო, ჩვენ ვლოცულობთ, რომ თქვენი მუდმივი კურთხევა და კეთილგანწყობა ჩვენს პრეზიდენტზე იყოს. ვლოცულობთ, რომ ზეციური სიბრძნით აავსოს მისი გული და გონება და რომ თქვენ, უფალო, წარმართოთ იგი ამ რთულ დროს, რომელსაც დღეს ვაწყდებით“.
არ ვიცი, აქ უკვე რა უნდა ვთქვა... ამინ!
გელა ზედელაშვილი

