ირაკლი გოგავა: ტრამპი ჩინეთისგანაც გადასარჩენია
გვესაუბრება პოლიტიკის
მეცნიერებათა დოქტორი
ირაკლი გოგავა:
– ბატონო ირაკლი, გასულ კვირას ტრამპი ვიზიტით პეკინში იმყოფებოდა. რა შეთანხმებას მიაღწიეს მხარეებმა?
– მსგავსი შეხვედრების შემდეგ საჯარო განცხადებები მხოლოდ „აისბერგის მწვერვალია“, რეალური შეთანხმებების შესახებ კი მხოლოდ მათი შემდგომი ნაბიჯებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. საჯაროდ მხოლოდ ის გაცხადდა, რომ აშშ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებას შეაჩერებს, ხოლო ჩინეთი ირანს იარაღს არ მიაწოდებს. აშშ კვლავ „ერთი ჩინეთის“ პრინციპის ერთგული რჩება, ხოლო ჩინეთი ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგ და ორმუზის სრუტეში თავისუფალი, ანუ უსაფრთხო ნაოსნობის მომხრე გამოდის. მხარეებმა აშშ-ჩინეთის მუდმივმოქმედი სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოების მუშაობას მხარი დაუჭირეს. განიხილეს სავაჭრო ტარიფების შემდგომი კლება და ერთმანეთის ბაზრებზე დაშვების საკითხები. ჩინეთის მიერ ამერიკული „ბოინგის“ ტიპის 200 თვითმფრინავის შეძენის სანაცვლოდ, აშშ თვითმფრინავის ძრავებისა და სხვა საავიაციო დეტალების ექსპორტზე ნებას დართავს. ტრამპმა ამერიკული სოიოსა და სხვა მარცვლეულის შეძენა ითხოვა, სანაცვლოდ აშშ-მა ჩინეთიდან იშვიათი მეტალების სტაბილური მიწოდება ისურვა. განიხილეს უკრაინის კონფლიქტი და წყნარი ოკეანის აუზში უსაფრთხოების საკითხი. შეჯამების სახით გეტყვით, რომ დიდი შეთანხმება ახალ გლობალურ წესებზე ვერ შედგა, თუმცა გარკვეული მიმართულებებით „კომპასები ერთმანეთს დაადარეს“.
– სი ძინპინმა შეხვედრისას „თუკიდიდეს ხაფანგი“ ახსენა. იმ ფონზე, როცა აშშ მოქმედ გლობალურ ლიდერად რჩება, ჩინეთი კი ბოლო ათწლეულებია, საკმაოდ გაძლიერდა და ამერიკის პირველობას უპირისპირდება, როგორ შეიძლება გავიგოთ სი ძინპინის შეკითხვა ტრამპისადმი: შეძლებენ თუ არა ჩინეთი და აშშ, გადალახონ „თუკიდიდეს ხაფანგი“ და შექმნან დიდი სახელმწიფოების ურთიერთობების ახალი მოდელი? რა საფრთხეებს ხედავთ ჩინეთის ლიდერის ნათქვამში?
– ტრამპის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა სი ძინპინმა მას უთხრა, რომ აშშ დაღმავალი, ხოლო ჩინეთი აღმავალი ძალაა. ტრამპმა ეს არ უარყო, მაგრამ დაღმასვლა პრეზიდენტ ბაიდენს დააბრალა. რეალურად კი სი ძინპინის ნათქვამი ასე უნდა გავიგოთ: ჩინეთის აღმასვლის შეჩერება აშშ-ის მხრიდან ორ ძალას შორის კონფლიქტის წამოწყებით არ უნდა მოხდეს. „ამხანაგი სი“ ამბობს, რომ ორი სახელმწიფო „თუკიდიდეს ხაფანგში“ არ უნდა შევიდეს, რასაც ამერიკელი მკვლევარი ალისონი 2012 წელს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში იმგვარ სიტუაციას უწოდებს, როცა მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა და ჰეგემონი ძალას კარგავს, ხოლო მეორე ქვეყანა ძლიერდება და მსოფლიო ლიდერის ადგილის დასაკავებლად ემზადება.
ვფიქრობ, აშშ მსოფლიო ლიდერის როლის დაკარგვას მარტივად არ შეეგუება და ამ ადგილს ჩინეთს საკუთარი ნებით არ დაუთმობს. აშშ-ს მოდერნიზაციისა და მოდიფიკაციის რესურსი გააჩნია. თუმცა, ჩინეთსაც აქვს უპირატესობები. ნამდვილად საინტერესო მეგამოვლენების მომსწრეები ვართ. ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ ბატალიას ვაკვირდებით, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება სამყარო შემდეგი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.
– აქვე საყურადღებოა ისიც, რომ შეხვედრისას სი ძინპინმა ტაივანს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობაში ყველაზე მგრძნობიარე და უმნიშვნელოვანესი საკითხი უწოდა. რამდენად შეძლებენ მხარეები კონკურენციის ისეთ ჩარჩოში მოქცევას, რომ საქმე დიდ ომამდე არ მივიდეს?
– ტაივანი ჩინეთისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის აფხაზეთი ან ცხინვალი – ეს მისი ისტორიული მიწაა. ჩინეთი ტაივანისთვის, დიდი ალბათობით, არ იომებს, ეს მას არ სჭირდება, მოთმინებით დაელოდება, როცა საკითხი საბოლოოდ მომწიფდება და ნაყოფს მხოლოდ ამის შემდეგ მოწყვეტს. ტაივანის ერთიან ჩინეთში დაბრუნება უფრო შიგნიდან, ანუ ტაივანიდან წამოსული ინიციატივის შედეგი იქნება. ტაივანელებს ჰონგ-კონგისა და მაკაოს მაგალითი აქვთ, სადაც ინტეგრაცია შედარებით ცივილურად, ანუ რეპრესიების გარეშე ხდება. ტაივანის „გომინდანის“ პარტია ამ გზის მომხრეა, თანაც თუ ჩინეთის ძალა მსოფლიოში გაიზარდა და მისი შიდა სამომხმარებლო ბაზრის მოცულობა ამერიკულს მიუახლოვდება, ტაივანის ელიტისთვის ჩინეთთან ეტაპობრივი ინტეგრაციისკენ ეს გადამწყვეტი სიგნალი იქნება.
– მაშინ როცა აშშ, ევროპა აქტიურად თანამშრომლობენ ჩინეთთან, საქართველოს „კომუნისტურ ჩინეთთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გამო მწვავედ აკრიტიკებენ. როგორი უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია ამ მიმართულებით?
– საქართველო ბრიუსელში საკუთარ აქტივად მიაჩნიათ, რადგან ქვეყანა 2004 წლიდან, ნაწილობრივ მანამდეც, გარე მართვაზე იყო. ჩვენ თავიდანვე გვიყურებდნენ როგორც მეორეხარისხოვან ხალხსა და კოლონიას, საიდანაც უნდა წაიღო სასარგებლო წიაღისეული, ნედლეული, იაფი მუშახელი და სანაცვლოდ სამრეწველო საქონელი უნდა გაასაღო. ამავე დროს, ჩვენს სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზეც აქტიურად იყენებდნენ. საქართველო თავად ვერ წყვეტდა, საერთაშორისო ორგანიზაციებში რისთვის მიეცა ხმა და რისთვის – არა. ამას უცხო ძალის ცენტრები აკეთებდნენ და ჩვენი დიპლომატები მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ.
საქართველოს სახელმწიფო სუვერენულ, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ვერ აწარმოებდა. ჩვენ გარედან გვკარნახობდნენ, ვისთან გვქონოდა ურთიერთობა და ვისთან – არა. ასეთი დიქტატი და კოლონიური მართვა რომ არ ყოფილიყო, საქართველოს ახლა სამჯერ უფრო დიდი ეკონომიკა ექნებოდა და, შესაძლოა, ტერიტორიული პრობლემებიც მოგვარებულიყო.
ნახეთ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს მიერ ბოლო 35 წლის განვლილი გზა: საქართველო დასავლურ ორბიტაზე იყო, სომხეთი – რუსულ ორბიტაზე, ხოლო აზერბაიჯანი სუვერენულ, დამოუკიდებელ, მიუმხრობელ პოლიტიკას აწარმოებდა. შედეგი ნათელია: აზერბაიჯანმა ტერიტორიები დაიბრუნა და ეკონომიკაში რეალური სექტორი განავითარა, არ მოუსმინა გარე „მრჩევლებს“, რომლებიც მომსახურების სფეროს განვითარებას ურჩევდნენ, არ დაუშვა ქვეყანაში მეხუთე კოლონა და ნეოლიბერალური დღის წესრიგი.
შევადაროთ სამი სახელმწიფოს შედეგები და ყველაფერი ნათელია. ჩვენ უნდა დავადგეთ სუვერენულ, ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ გზას და გარშემო უცხოელების მიერ ატეხილ ყიჟინს „ადამიანის უფლებებზე“, „დემოკრატიულ უკუსვლაზე“, „თავისუფლებებზე“ და ასე შემდეგ, ზედმეტი ყურადღება არ მივაქციოთ.
– ამ კვირაში დაგეგმილია პუტინის ვიზიტი პეკინში. ტრამპის პეკინში ჩასვლის მერე პუტინის ვიზიტი უცნაურად ემთხვევა. რა აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი პუტინსა და სი ძინპინს?
– სამეულში – აშშ, ჩინეთი, რუსეთი – ძალთა ბალანსის ჩამოსაყალიბებლად რუსეთის პოზიცია გადამწყვეტია. ეს ესმის ტრამპსაც და სი ძინპინსაც. ამიტომაც რუსეთთან სპეციალური ურთიერთობების შენარჩუნებას ორივე ცდილობს.
დიდი ცვლილებები ახლოვდება. 2030 წლისთვის ევროკავშირი იმ ფორმით ვეღარ დარჩება, რასაც ჩვენი თვალი შეჩვეულია. ევროპული ქვეყნები სამეულის ბალანსის მიხედვით გადაჯგუფდებიან. რუსეთის და ჩინეთის ლიდერები ამ დიდი ცვლილებების მომავალ არქიტექტურაზე ისაუბრებენ.
ევროპა, როგორც გასაღების ბაზარი, ყველასთვის საინტერესოა. რუსეთის ბირთვული ფარი – ტრიადა, ენერგეტიკული და სხვა რესურსები, ანტისაჰაერო და სხვა სამხედრო ტექნოლოგიები ჩინეთისთვის საინტერესოა, რუსეთი კი ცდილობს, ევროპის მისთვის დაკარგული ბაზარი საკუთარი ნავთობისა და გაზისთვის აზიური ბაზრით ჩაანაცვლოს. ორივე ქვეყანას ესმის, რომ აშშ-სთან პირისპირ დარჩენა, ერთმანეთის ზურგის გარეშე, სახიფათოა. ვფიქრობ, ისინი თანამშრომლობას განაგრძობენ, გაზრდიან ვაჭრობას, კოოპერაციას სამხედრო-სტრატეგიულ სფეროში. შეთანხმდებიან ბრიკსისა და შანჰაის ორგანიზაციების კიდევ უფრო გააქტიურებაზე. იმსჯელებენ სანქციების გვერდის ავლის სავალუტო-საფინანსო საკითხებსა და ტრამპთან პოზიციონირების შესახებ. პუტინი, სავარაუდოდ, სი ძინპინს უკრაინის კონფლიქტის დასრულების პირობებს გააცნობს, რაზეც ტრამპთან აქვს შეთანხმება.
– ტრამპმა, ფაქტობრივად, ზელენსკის კაპიტულაციაზე წასვლა მოსთხოვა. ამავე დროს, პუტინი რუსეთს უძლეველ სახელმწიფოს უწოდებს და აშკარაა, რომ უკან დახევას არ აპირებს. ზელენსკი კი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის არცერთ დარტყმას პასუხის გარეშე არ დატოვებს. რა განვითარება აქვს რუსეთ-უკრაინის ომს?
– ომი მალე უნდა დასრულდეს. თუ გაგრძელდა, შესაძლოა, ხალხის გამოსვლები და ხელისუფლების ცვლილებები ვიხილოთ – ვითარება დუღილის პირას არის. ეს იგრძნეს აშშ-შიც და შეეცდებიან, ხელისუფლების ცვლილება არ დაუშვან. ტრამპს პუტინი გლობალისტებთან და დემოკრატებთან საბრძოლველად სჭირდება. ამით არის გამოწვეული ე.წ. „მინდიჩგეიტის“ გააქტიურება, ერმაკისა და ზელენსკის გარემოცვის სხვა წევრების პასუხისგებაში მიცემა. ამიტომაც ამხილა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს თავისმა ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა ზელენსკი. ცდილობენ, ზელენსკი აიძულონ, დე ფაქტო დონბასისა და ყირიმის დაკარგვასა და ზავის სხვა პირობებზე დათანხმდეს.
ომის გაგრძელებას ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელიტა უჭერს მხარს. მათთვის რუსეთის ამ კონფლიქტიდან საღ-სალამათი გამოსვლა სახიფათოა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის სტრუქტურა რღვევას დაიწყებს. რუსულ წიაღისეულზე კონტროლის დამყარების გარეშე ევროპის მომავალი ბუნდოვანია. შემოდგომისთვის შესაძლოა, კონფლიქტი დაპაუზდეს ან გაიყინოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოინდომებს ტრამპი ამ ომის გაჩერებას. ამერიკული კავშირგაბმულობის, კოსმოსური თანამგზავრებისა და იარაღის გარეშე ამ ომის წარმოება წარმოუდგენელია.
განსაკუთრებით კი აღსანიშნავია პიტერ ტილისა და ალექს კარპის კომპანია „პალანტირის“ მიერ შექმნილი სპეციალური სამხედრო ხასიათის კომპიუტერული პროგრამა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, რომელსაც უკრაინული არმია იყენებს. ალექს კარპის თქმით, ამ პროგრამის მეშვეობით 500 000 რუსული სამხედრო სამიზნე იქნა იდენტიფიცირებული და განადგურებული. ამის მიუხედავად, 50-ქვეყნიანი „რამშტაინის კოალიცია“ რუსული სამხედრო მანქანის შეჩერებას ვერ ახერხებს, რომელიც, რუსული პატრიოტული საზოგადოებისთვის ამოუხსნელი მიზეზებით, საკუთარი პოტენციალის მხოლოდ ნაწილს იყენებს ამ ომში.
– ზელენსკის მრჩეველმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში დაეხმაროს, სანაცვლოდ სააკაშვილის გათავისუფლებას გვთხოვენ. ამის განხორციელება როგორ გესახებათ?
– ევროკავშირი არც უკრაინისა და არც საქართველოს თავის რიგებში მიღებას არ აპირებდა, არ აპირებს და მომავალშიც არ დააპირებს. განვმეორდები და გეტყვით: რუსული წიაღისეულის გარეშე ევროკავშირის მომავალი ბუნდოვანია. ის ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეკონომიკურად იფიტება და ვეღარ შეინარჩუნებს ცხოვრების დონის იმ სტანდარტს, რომელიც იქ 2015 წლამდე იყო.
ევროკავშირი მაინც სატყუარათი გვეთამაშება. მათი მიზანი ერთია: კვლავ რუსეთის წინააღმდეგ დანთებული კოცონისთვის გამოგვიყენონ და ამ სცენარში ჩვენ ფიჩხის როლი გვაქვს. სააკაშვილი ჩამოგდებული მფრინავია, პოლიტიკურად ის საკუთარ პარტიასაც აღარ სჭირდება. მე ასე გაგცემდით ამ პერსონაჟზე პასუხს: თუ ის ნაძარცვს დააბრუნებს, შენდობას სთხოვს ქართველ ხალხს, თანახმა ვარ, მისი ბედი იმ ოჯახებმა გადაწყვიტონ, ვისაც მისმა რეჟიმმა ოჯახის წევრი მოუკლა, სახლი დაუნგრია, დევნილად აქცია, ოჯახი აუოხრა და, რაც მთავარია, ღირსება შეულახა ციხეში თუ მის გარეთ. მგონი, გასაგებია, ამ ხალხს რომ ვკითხოთ, რა შედეგიც დადგება.
– დამტკიცდა რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ამ დოკუმენტს მხარს 36 ქვეყანა უჭერს. რას ნიშნავს ჩვენი პოზიცია ამ რეზოლუციასთან მიმართებით (რადიკალები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთის ბანაკი ავირჩიეთ)? და აქვე, თუ ტრიბუნალი შედგა, როგორ აპირებენ ეს ქვეყნები, რომელთაც დოკუმენტს მხარი დაუჭირეს, რუსეთთან სამომავლოდ ურთიერთობის გაგრძელებას და რამდენად შეუწყობს ან შეუშლის ხელს ტრიბუნალი მშვიდობას ევროპის კონტინენტზე?
– ეს უფრო პიარაქციას ჰგავს! ქვეყნებს, ვინც რუსეთის წინააღმდეგ ალიანსში ჰყავთ, მომავალში მანევრირების საშუალებას უზღუდავენ. ვთქვათ, ტრიბუნალი შეიკრიბა, გაასამართლეს რუსეთი, გამოკვეთეს დამნაშავეები და მერე რა?! აღსრულებას როგორ აპირებენ?! ამიტომ ეს ყველაფერი ჰაერის რხევას უფრო ჰგავს. საქართველოს მიერ ხმის არმიცემა ამ სიმბოლური გადაწყვეტილების მხარდასაჭერად პრაგმატული იყო.
ქართველი დიპლომატების არგუმენტი ბრიუსელის მიმართ – თქვენი იმედი არ გვაქვს და ამიტომაც არ მივეცით ხმაო – სავსებით ლეგიტიმურია.
