სოფელში გამქრალი ცხვარ-ძროხა, ანუ რატომ ძვირდება ხორცი?

სოფელში გამქრალი ცხვარ-ძროხა, ანუ რატომ ძვირდება ხორცი?

საქონლის ხორცი გაძვირდაო, სააღდგომოდ 40 ლარამდეც კი აიწიაო, მერე ნელ-ნელა ისევ ჩამოიწია, მაგრამ მაინც ძვირიაო. ხელისუფლება რას აკეთებსო? ჰო, აი, კობახიძე და მისი მინისტრები რას აკეთებენო? რომ იძახის, ნახევარ კილო ხორცს 10 ლარად გაშოვნინებთო, სად უნდა გვაშოვნინოს, როცა არსად არ არიო? 
გახსოვთ, რა წიოკი იყო აღდგომის დღეებში, ხომ? იმ პერიოდში ღორის ხორციც გაძვირდა და ბატკნის ხორცმა კიდევ ხომ საერთოდ რეკორდი დაამყარა, ლამის 50 ლარი გახდა. გვიყვარს ქართველებს ჩაქაფული და რა უნდა გვექნა, არ გვეჭამა? დიახ, უნდა გვეჭამა და სწორედ ამიტომაც გადააჭარბა მოთხოვნილებამ მოწოდებას, რამაც შექმნა დეფიციტი, წარმოქმნა მაღალი ფასი და ამ ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების ნერვულ სისტემაზე.
ვისაც მარქსის „კაპიტალი“ წაკითხული აქვს, ის იოლად მიხვდება, რასაც ვწერ. მე ახლა ცოტა ვხუმრობ, მაგრამ მხოლოდ ნახევრად. სინამდვილეში მდგომარეობა არის კატასტროფული - თუ ადრე სოფლებში თითო უბანს ორი, სამი, ოთხი და მეტი სული ნახირი ჰყავდა, ახლა ერთიც აღარ ჰყავთ. აგერ, დავდივარ სოფელში, ვათვალიერებ და ძროხას სანთლითაც ვეღარ ვპოულობ. აღარაფერს ვამბობ ცხვარსა და ღორზე. არა, ცხვარსა და ღორს ჯერ კიდევ ნახავთ სოფლებში, უფრო ცხვარს, უმეტესად აზერბაიჯანელები რომ გაატარებენ ხოლმე აპრილ-მაისში ზაფხულის საძოვრებისკენ, ხოლო შემოდგომით - გამოატარებენ შირაქის მიმართულებით. გააყოლებენ სოფლელები თვალსა, გამოაყოლებენ, რა ხეირი? - არც არაფერი. 
მახსოვს, სოციალიზმის პერიოდში თითო სოფელში (კახეთს ვგულისხმობ) 25-30 ათას სულამდე ცხვარი, 15-20 ათასამდე ძროხა და ამდენივე ღორი იყო. თითო სოფელში-მეთქი. მაგალითად, სიღნაღის რაიონში 15 სოფელია, ეს ყველაფერი უნდა გავამრავლოთ 15-ზე. ისე, რაღა დაგიმალოთ და, მეცხვარეობასა და მეძროხეობაში ქართველი მწყემსები მაშინაც დეფიციტი იყო, მხოლოდ ბრიგადირები იყვნენ ქართველები, დანარჩენს ეთნიკურად აზერბაიჯანელები აკეთებდნენ. ისინი ძირითადად, სოფელ ყარაჯალიდან (თელავის რაიონი) ჩამოჰყავდათ.
ამას წინებზე მესაქონლე გლეხებს ვკითხე: როგორ მოხდა, რომ საქართველოს სოფლებში 1990-იან წლებში, იმ გაჭირვებულ პერიოდში, როცა ირგვლივ ყაჩაღები დათარეშობდნენ, საწვავი არ იყო, პოლიცია თითქმის არ არსებობდა, უკიდურესი გაჭირვება იყო, უფრო მეტი საქონელი იყო, ვიდრე ახლა? მახსოვს, მარტო ჩემს უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სამი-ოთხი სული ნახირი დაუდიოდათ საძოვარზე. 
პასუხი ასეთი მივიღე: მაშინ საძოვრები გვქონდა, მინდვრები დაუმუშავებელი იყო და კერძო ნაკვეთებსაც კი არავინ ამუშავებდა, ახლა ერთი მტკაველი აღარ დარჩა, თითოეულ გოჯს პატრონი ჰყავს და რაღაცას აკეთებს.
ხედავთ, სადამდე მივედით? მიწას პატრონი გამოუჩნდა, ყველა რაღაცას აკეთებს, მაგრამ საძოვრები აღარ გვაქვს. ნახეთ, ერთი მხრივ კარგია, რომ მიწები მუშავდება, მეორე მხრივ კი ცუდია, რომ საქონელა გასადევარი აღარ აქვს (ასე ეძახიან კახეთში საძოვარს - გასადევარიო). შემოდგომაზე, როცა რთველი მთავრდება, ვისაც ჯერ კიდევ ჰყავს შემორჩენილი ცხვარ-ძროხა, ვენახებში უშვებს და არის მერე ხმალაობა კომბლებით. ბუნებრივია, ვენახს შესეული საქონელი მხოლოდ ფოთოლს კი არ ჭამს, ვაზსაც აფუჭებს. 
სპეციალისტების თქმით, საქართველოში საქონლისა და ცხვრის ხორცის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ადგილობრივ დეფიციტთან, რომელიც გამოწვეულია ცოცხალი პირუტყვის (განსაკუთრებით ხბოების) ექსპორტით, იმპორტის შეფერხებით, რესურსების სიძვირით და წარმოების მაღალი ხარჯებით. მაგალითად, მეზობელ რუსეთში დაფიქსირებული ცხოველთა დაავადებების გამო, ხშირად ფერხდება ან იზღუდება ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის იმპორტი, რაც პირდაპირ აისახება ქართულ ბაზარზე. საქართველოში წარმოებული ხორცის თვითღირებულება საკმაოდ მაღალია. საკვები ბაზის (კომბინირებული საკვები, მარცვლეული), ვეტერინარული მომსახურებისა და ფერმების შენახვის ხარჯების ზრდა მუდმივად აძვირებს პროდუქტს. 
როგორც ფერმერები ამბობენ, საქართველოდან 160 კილოგრამამდე მოზარდი საქონლის ექსპორტი აკრძალული იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შეზღუდვა კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია და გააუქმა. თუ შეზღუდვები არ ამოქმედდება, ხორცის ფასი კიდევ გაიზრდება. გადის აზერბაიჯანში, ირანში, ერაყში. მიუხედავად კატასტროფული სიმცირისა, საქართველოდან ყოველდღიურად მაინც გადის 1000 სული საქონელი. რატომ გადის ამდენი? რა ინტერესი აქვთ ირანელებს, ერაყელებს ან სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს? ჯერ ერთი, ცხვრისა და ძროხის ხორცი მუსლიმანურ ქვეყნებში პირველადი საკვებია და მეორეც - ჩვენს გლეხებს ურჩევნიათ, მათ მიჰყიდონ უფრო ძვირად, ვიდრე ადგილზე გაყიდონ იაფად. 
ფერმერი: „ადრე სოფელში 300-400 სული საქონელი გვყავდა, თუმცა ეს საქმიანობა შევწყვიტეთ, რადგან საძოვარი მიწები სრულად გაიყიდა და საქონლის შენახვა შეუძლებელი გახდა. სწორედ ამიტომ, ამ საქმიანობას თავი დავანებეთ. ახლა მხოლოდ სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებული, კერძოდ, პომიდვრის წარმოებით. ჩემ ძმას უცხო პირის საძოვარ ტერიტორიაზე საქონლის გაყვანის გამო სცემეს და ნეკნები ჩაუმტვრიეს. იმ ადამიანმა თქვა, რომ ეს მისი მიწაა. ასეთ სიტუაციაში რაიმეს თქმა ან გაკეთება შევძელით? ვერაფერიც ვერ შევძელით. სხვა რა გზა გვრჩება“?
სოფელს საერთო საძოვარი აღარ აქვს, სოფელს არანაირი საკუთრება არ გააჩნია, ყველანაირი კატეგორიის მიწა ირიცხება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. თუ სადმე თავისუფალია, ანუ არ არის კერძო საკუთრებაში, ეგრევე გადის აუქციონზე და იყიდება. შესაძლებელია თუ არა, ყველა სოფელს ჰქონდეს რაღაც გარკვეული რაოდენობის საძოვარი და ტყე? ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ ზოგიერთნი გვეტყვიან, რომ ეს უკვე სოციალიზმია, ბარემ კოლმეურნეობებიც დავაბრუნოთ და ეგ იქნებაო. ისე, თუ დავაბრუნებთ, ურიგო ნამდვილად არ იქნება, სოფელი ისევ აღორძინდება, მაგრამ მაგას ახალი სტალინი უნდა. კაი, დავანებოთ თავი სტალინს, ისრაელის სოფლის მეურნეობა ხომ ამ მხრივ საოცრებაა? ავიღოთ მათი მოდელი, იქ ყველა სოფელს თავისი კიბუცი, ანუ კოლმეურნეობას მიმსგავსებული საწარმო თავისი სკოლებით, საბავშვო ბაღებით და სავაჭრო ობიექტებით. კიბუცებში დანერგილია კოლექტიური შრომა დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან იყო კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში. ისრაელზე ვერავინ იტყვის, რომ საბჭოთა წარმონაქმნია და იქ კომუნიზმს აშენებენ, მაგრამ კოლექტიური შრომა ფართოდ გამოიყენება. ბოლო-ბოლო, რაც სტალინმა გააკეთა 1930-იან წლებში, ეს არ იყო უჭკუოდ გაკეთებული, ამან აახმაურა სოფელი და გაამრავლა მოსახლეობა, ყველა სოფელს გაუჩინა საკუთარი ინტერესი. ახლა კი რა გამოვიდა? ყველა სადღაც გაიქცა - ზოგი უცხოეთში, ზოგიც ქალაქში იმიტომ, რომ აქ ინტერესი აღარ არსებობს. ადრე გლეხი ბრიგადირობაზე ოცნებობდა, ბრიგადირი მთავარ აგრონომობაზე, აგრონომი კოლმეურნეობის თავმჯდომარეობაზე, კოლმეურნეობის თავმჯდომარე რაიკომის მდივნობაზე, თბილისი და იქ ცხოვრება ვის აინტერესებდა? ერთი ეგ იყო, თბილისში იოლად ვერ ჩაეწერებოდი, რომც დაინტერესებულიყავი, წინ ბარიერი გქონდა. ეს ნამდვილად მანკიერი კანონი იყო, მაგრამ ვისაც უნდოდა, მაგასაც ახერხებდა. 
სხვათა შორის, მესაქონლეები იმასაც ამბობენ, რომ ხორცს მნიშვნელოვნად აძვირებენ გადამყიდველები, თუ ფერმერის შემდეგ კიდევ ერთი პირი ხეირობს, კიდევ არა უშავს, მაგრამ ხშირად საქმე გვაქვს მესამე და მეოთხე გამყიდველთან. თქვენ რომ მაღაზიაში ან ბაზრის დახლზე ხორცს ყიდულობთ, ის სამჯერ და ოთხჯერ არის გადაყიდული. ეს დაახლოებით იგივე მომენტია, პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია რომ მუშაობდა და ყველა ბიზნესმენი საჯაროდ ტიროდა, ქეშბექი გვღუპავს, სანამ ჩვენი პროდუქცია თაროზე დაიდება, მანამდე გვატყავებენო. რა მნიშვნელობა აქვს, მწარმოებელს კაი გვარიან წილში დისტრიბუტორი და თვითონ მაღაზიის ადმინისტრაცია ჩაუჯდება თუ ცხრაჯერ გადამყიდველი ყასაბი? სოფელში ზოგიერთს თუთიყუშივით აქვს „ჩახვეული“, კობახიძემ რო თქვა, კილო ხორცი 10 ლარიაო, აბა, სად არიო? ჯერ ერთი, კობახიძემ ნახევარი კილო თქვა და მეორეც - აგერ არის, ბაზარში. მოდი, ისიც ვთქვათ, სააღდგომოდ და ახალი წლის დღეებში რომ ყველაფერი ძვირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე ფასები მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. მაგალითად, ამჟამად შედარებით გაიაფებულია. თუმცა, თუ მდგომარეობას კარგად გავაანალიზებთ, თუ მესაქონლეობას და არა მხოლოდ მესაქონლეობას არ მიეხედა, ნელ-ნელა ისევ გაძვირებას უნდა ველოდოთ. იზრდება მოთხოვნა? არ არის მოწოდება? არ არის წარმოება და რასაკვირველია, გაძვირდება, თუ რუსეთიდან, ინდოეთიდან, ან უკრაინიდან არ შემოვიტანთ და ისედაც გაზრდილ იმპორტს არ გავზრდით. თუ ჩვენ არ ვაწარმოებთ, სხვა მოგვამარაგებს გარედან და ის იხეირებს. ისიც საკითხავია, რით მოგვამარაგებენ, ხარისხიანი პროდუქციით თუ ნაგავით. 

გელა ზედელაშვილი