ტაქსი გამოძახებით
ამ თემაზე ცოტა ადრე უნდა დამეწერა, მაგრამ ვერ მოვიცალე. არადა, საშური საქმეა, მეტად სავალალო და პრობლემური. ალბათ, ყველა ატყობთ, ბოლო დროს საქართველოში და, მით უფრო, თბილისში ძალიან გაიზარდა ტაქსების რაოდენობა. ხან მგონია, რომ ყველა ტაქსაობს - უცხოეთიდან ჩამოსული, რეგიონიდან ჩამოსული, ადგილობრივი, მოხუცი, ახალგაზრდა თუ საშუალო ასაკის. მე პირადად, დაახლოებით ორი წელიწადი იქნება, თბილისში საკუთარი მანქანით თითქმის ვეღარ ვსარგებლობ. თუ ცენტრალურ რაიონებში მაქვს საქმე, მირჩევნია, ტაქსით წავიდე. ჯერ ერთი, საცობებში იმდენ ხანს უნდა ვიდგე და იმდენი ბენზინი ვხარჯო, ტაქსის საფასურზე მეტი მიჯდება და მეორეც - ადგილზე რომ მივალ, ვერსად ვაჩერებ, თუ სადმე მაინც გავჩერდები, ერთი-ორჯერ მაინც უნდა დავჯარიმდე და ესეც შენი 100 ლარი. არ არის გამორიცხული, სანამ ადგილზე მივალ, იძულებით რომელიმე აკრძალული ხაზი გადავკვეთო და იქაც ჯარიმა ამაკრან. კი, ბატონო, ამ შემთხვევაში ან მეტროთი უნდა ვისარგებლო, ან ავტობუსით, ან „მარშრუტკით“, ან კიდევ ტაქსით.
ბოლო დროს გადავწყვიტე, ტაქსით მესარგებლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მძღოლების ნაწილი ნამდვილად ვერ არის თავის „მატორზე“. არ გეგონოთ, ყველა ტაქსისტით უკმაყოფილო ვიყო, არა, რასაკვირველია, ნორმალურებიც არიან, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლებს. ეს ისეთი საქმე ყოფილა, ლატარიაში რომ ხდება ხოლმე - ან კმაყოფილი გადმოხვალ მანქანიდან, ან ნერვებდაგლეჯილი. მხოლოდ ნერვების დაგლეჯვაზე რომ იყოს, რა უჭირდა? ზოგი ისეთია, თუ თავისი ჭკუისა ჩაუჯდა, შეიძლება გაიფინოს კიდევაც წიხლქვეშ. მოკლედ, ჩაჯდები თუ არა ტაქსიში, ხშირად ეგრევე იწყება თავდავიწყება - შარი, კამათი, პოლიტიკური დისკუსია და უაზრო გარჩევა.
გავარვარებული აკაცუკი „ბოლტის“ ტაქსით
გამოძახებულ ტაქსიში რომ ჩავჯექი, თავიდან თვალებს არ დავუჯერე - ტიპს პირდაპირ უწერია: „ქოცი ანუ ფსკერი! ოლე-ოლა“.
ხეირიანად ფეხის შედგმა არ მაცალა მანქანაში, ეგრევე დაიწყო თბილისის მერიის თანამშრომლების ლანძღვა - მანდ სუ „ჭ“ კლასის სოფლელები მუშაობენო. არა, კი არ მუშაობენ, ყრიანო. კლიენტის ლოკაციასაც კი არ მიჩვენებენ წესიერადო. მე არ ვიცი, ამ დარტყმულის ლოკაცია-აპლიკაციასთან მერიას რა ხელი აქვს?
ვუთხარი, ფითილს დაუწიე, მსჯელობა გაასწორე-მეთქი!
გაასწორა კი არა, ახლა კალაძეზე გადავიდა - „ჭ“ კლასის სოფლელი დედაქალაქის მერი არ უნდა იყოსო.
ვინ არი, ბიჭო, „ჭ“ კლასის სოფლელი, კალაძე-მეთქი?
კიო, სოფლელიაო!
ჯერ ერთი, სოფლელობა რა საძრახისია და მეორეც - კალაძე რომ ევროპაში თამაშობდა, შენ მაშინ ალბათ, ერთ ადგილს იფხანდი-მეთქი.
მე ბელგიაში ტაქსზე ვმუშაობდიო... კალაძე რუსია, ევროპაში რა უნდოდაო? როდის იყო-ვო?
ტიპი თანდათან უფრო გააგრესიულდა, ნელ-ნელა ზღვარს გადავიდა. ვურჩიე, ეს წარწერა აიღე, თორემ ყველა ჩემნაირი არ შეგხვდება, ვიღაცა თავ-ყბას გაგიხევს-მეთქი.
დაფიქრდა - მართალი ხარ, ხო იციო.
ჰოდა, აიღე-მეთქი. მაინც არ აიღო, პირიქით, ახლა ბიძინა ივანიშვილისა და მისი შვილების ლანძღვაზე გადავიდა.
ეგრე რამ გაგაბოროტა-მეთქი?
სიმართლე მიყვარსო!
შენ ვერ ხარ შენ მატორზე, გეუბნები, გაგძუყნიან-მეთქი!
დამიწყო გარჩევა - „ჭ“ კლასის ადამიანები ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენო.
არადა, აშკარად ეტყობა, ტიპი „ჭ“ კლასისაც არ არი, პირწავარდნილი „ყ“ კლასია!
ერთხანობას ისიც ვიფიქრე, ჩამოვიღებ, ჩავწიხლავ-მეთქი. მერე ვთქვი, შეიძლება მოგზავნილი პროვოკატორია-მეთქი. სიტყვით ყველაფერი ვუთხარი, ვურჩიე კიდევაც, დავარიგე კიდევაც - შენ ტაქსისტი ხარ, ყველას ზრდილობიანად უნდა მოემსახურო, „ნაცი“ და „ქოცი“ არ უნდა გაინტერესებდეს, ფაქტობრივად, ექიმივით ხარ-მეთქი. ვერ გაიგო, ისევ „ჭ“ კლასი ჩაიხვია „ყ“ კლასისამ.
ისიც ვუთხარი - ამით ახლა შეურაცხყოფას მაყენებ, სრული უფლება მაქვს, პასუხი დაგიბრუნო-მეთქი. მაინც ვერ გაიგო, სრული ბაიყუშია.
სადაური ხარ-მეთქი?
კახელი ვარო, კაჭრეთიდანო.
გვარი და სახელიც ვკითხე, არ დაუმალავს, ირაკლი ვარ შავლიაშვილიო, აქეთ იბრიქება, არ მეშინიაო.
რომ არ გეშინია და ამდენს ბედავ, იცოდე, ეგ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა-მეთქი.
ეგ რა შუაშიაო?
იმ შუაშია, რომ მიშას დროს ასეთი რაღაცისთვის სკალპს აგაძრობდნენ-მეთქი.
ვერ გაიგო, სკალპი რა არი.
გავარვარებული აკაცუკი „იანდექსის“ ტაქსით
ამ დღეებში რუსი ტურისტის მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებში, ქართველი ტაქსისტი აგინებს უკანასკნელი სიტყვებით. ქალს აგინებს, რუსს, რომელმაც გამოიძახა. „ბოლტი“ თუ ესტონური კომპანიაა და მისი დარტყმული მძღოლი „ქოცებს“ და მისი აზროვნებიდან გამომდინარე, რუსებსაც, „იანდექსი“ ხომ რუსული კომპანიაა, მისმა მძროლმა რატომ უნდა აგინოს რუსებს? აკი ეუბნება კიდეც ტურისტი, შენ რუსული კომპანიის ტაქსიზე მუშაობ, რატომ მაგინებო? იცით, რას ეუბნება მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ, გახეთქილი მთვრალია? აბა, რა ვქნა, შენი დედაც, რუსების დედაც, რუსეთის დედაც, სადმე ხომ უნდა ვიმუშაოო? ქალი რამდენიმეჯერ ეუბნება, შენ რუსულ ტაქსიზე მუშაობ, რუსეთს რატომ აგინებო? ის ეუბნება - წადი, შენიც და რუსეთისაცო. მე აქ ერთი ბობოლა აკაცუკი მახსენდება, კობა ნაყოფია, რომელსაც რუსეთში ბიზნესებიც აქვს, ბინებიც, ჯიბეში რუსეთის პასპორტი უდევს და აქეთ გვეძახის, თქვე რუსეთუმეებოო. ბოლო დროს აღარ ჩანს, ერთი თუ ორი წლის წინათ „ნაცებმა“ პარტიიდან გაუშვეს და ისევ რუსეთში გადაიხვეწა. ვიდეოზე, რომელიც მე ვნახე, აშკარად ჩანს, რომ „შოფერი“ ან კაიფშია, ან მთვრალია, ან ფსიქიკურად შეშლილია.
ჩემი ღრმა რწმენით, ტაქსის მძღოლი უნდა იყოს სრულიად ნეიტრალური, ყოველ შემთხვევაში, საკუთარ მდარე პოლიტიკურ აზრებს არ უნდა აფრქვევდეს და მით უფრო, უკანასკნელი სიტყვებით არ უნდა ილანძღებოდეს. მე პირადად შემხვდა ისეთი ტაქსისტიც, რომელსაც 30 წელიწადი უკრაინაში უცხოვრია, ომის დაწყებისთანავე საქართველოში დაბრუნებულა და ჩაუჯდება თუ არა კლიენტი, ეგრევე იწყებს ზელენსკის ლანძღვას. კი, ბატონო, შეიძლება სიმართლეს ამბობს, მაგრამ ვინაიდან ჩვენში „სლავაუკრაინელები“ საკმაოდ არიან, ომს რომ თბილისიდან იგებენ და რუსეთსაც შლიან, მაინც შარია, რისკზე წასვლაა.
როგორ ხდება კომპანიებში დარეგისტრირება? ძალიან მარტივად: სმარტფონში ჩამოტვირთავთ და დააყენებთ აპლიკაციას, შეავსებთ განაცხადს, თუ საკუთარი მანქანა გყავთ, მიუთითებთ, თუ არ გყავთ, ამასაც მიუთითებთ და ტაქსოპარკიდან გამოგიყოფენ. აპლიკაციაში შეძლებთ შეკვეთების მიღებას და მათ შესრულებაზე დათანხმებას. ეგ არის და გორის ციხე. მე საგულდაგულოდ გადავიკითხე პირობები და საერთოდ ვერ ვნახე, სადმე ე. წ. „ფსიქოს“ მაინც ითხოვდნენ. მეტიც, არ ითხოვენ ნასამართლეობის ცნობას, ნებისმიერ რეციდივისტს შეუძლია, დარეგისტრირდეს და იტაქსაოს. ასევე არავინ ინტერესდება, ხარ თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელი, არ ითხოვენ ელემენტარულ ჯანმრთელობის ცნობას, ხომ შეიძლება, ტუბერკულიოზით ან სხვა გადამდები ინფექციით დაავადებულმა დაიწყოს მუშაობა? მეტიც, ჩვენთან პედოფილიის ბრალდებით გასამართლებულს არ აქვს უფლება, მგზავრთა გადაყვანის სფეროში დასაქმდეს, სასტიკად აკრძალულია. აი, ამ შემთხვევაში კი ამ ბრალდებით გასამართლებულიც საქმდება. გესმით, რა სახიფათო მოვლენასთან გვაქვს საქმე?
ფინალი
აკონტროლებს თუ არა ვინმე ჩვენს ქვეყანაში ტაქსებს? არავინ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობის წესებს დაარღვევს და პატრული გააჩერებს. რასაკვირველია, პატრული ტაქსისტს ვერ შეამოწმებს, შერყეულია თუ ნორმალური. ეგ კი არა, როგორც ამ საქმის ერთ-ერთი ექსპერტი მეუბნება, მსგავს უცხოურ კომპანიებს საქართველოში ლიცენზიაც არ სჭირდებათ. გაიგონეთ? საზღვარგარეთიდან შემოდის კომპანია, აარსებს ტაქსოპარკს და მას ლიცენზია არ სჭირდება.
ალბათ დამეთანხმებით, ეს სფერო ძალზე მკაცრად არის გასაკონტროლებელი. აგერ, ამას წინებზე საპატრიარქოს ეზოში მანქანა რომ შევარდა, ჭიშკარი რომ შეანგრია, ტაქსი იყო. აშკარაა, საპატრიარქოში ტაქსით რომ ადამიანი შევარდება, ის ჯანმრთელი ვერ იქნება.
სამწუხაროდ, ტაქსისტებთან დაპირისპირებამ და კამათმა ბოლო დროს მასობრივი ხასიათი მიიღო, სოციალურ ქსელებში მრავლად იწერება მსგავსი შემთხვევების შესახებ და სანამ ურემი გადაბრუნდებოდეს, ამ საკითხს მანამდე უნდა მოგვარება.
გელა ზედელაშვილი

