რა მოხდა თვალჭრელიძის ქუჩაზე?

რა მოხდა თვალჭრელიძის ქუჩაზე?

ცხოვრებისეული სიუჟეტი ბანალურია, როგორც იცით, თბილისში უამრავი ავარიული შენობაა. ზოგიერთი ისეთი ავარიულია, იქ ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ მაინც ცხოვრობენ იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს კახა კალაძე გამოჩნდება თავისი ჯადოსნური ჯოხით, აიქნევს და ყველას დაურიგდება ორმაგი, სამმაგი და ხუთმაგი ფართები. ოღონდ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხარ ჩამოსული, რატომ ხარ ჩამოსული და სად ხარ შეჭრილი. ზოგი ოზურგეთიდან ჩამოვიდა, ზოგი სამტრედიიდან, ზოგი არდანბურდანიდან, ზოგი კიდევ მარსიდან. აეგრე, ერთ დღესაც აღარ მოუნდათ მიწაზე მუშაობა, მობეზრდათ სიმინდის თოხნა, მიაყუდეს თოხები ღობეზე და ჰაიდა, წამოვიდნენ თბილისში. რა ჩაწერა, რის ყიდვა, რომელი მემკვიდრეობა? სადღაც დანგრეული შენობა ნახეს, ვიღაცის საკუთრებას თვალი დაადგეს, შეცვივდნენ, დასახლდნენ და პრეტენზიებიც გაუჩნდათ - სახელნწიფოვ, მოგვხედეთო. 
გავეცანი ამათ წიოკს, აღმასრულებლებლებმა რომ მიაკითხეს და უთხრეს, შენობა ავარიულია, აქ ცხოვრება არ შეიძლება, დაცალეთო. გადავხედე ახალ ამბებს, დავფიქრდი, გავაანალიზე, ამოვიხვნეშე და კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა არა ე. წ. ოპოზიციაში, არა გარე მომხვდურში, არა შინა აგენტურაში, არამედ ხალხშია. დიახ, ხალხშია დაკარგული რაღაც ძარღვი, რაც ადამიანებს აქცევს ადამიანებად. ხალხშია დაკარგული ს(ვ)ინდის-ნამუსი, ერთურთის გატანის ვალდებულება, დანდობის შეგრძნება, საკუთარი თავის პატივისცემა და კიდევ ბევრი რამ, რასაც აქ ვერ ჩამოვთვლი. გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზეო, თანაც იძულებითიო... ნახეთ, რას უშვრებიან საკუთარ მოსახლეობასო... ნახეთ, რას აკეთებს კახა კალაძე ადგილობრივი არჩევნების წინო... არადა, თბილისის მერია და, მით უფრო, კახა კალაძე არაფერ შუაშია, შენობა, სადაც 150 ოჯახი ყოფილა შეჭრილი, კერძო საკუთრებაა. სიაც გამოქვეყნდა - მაგ დამპალ კორპუსში შეჭრილებს სად რა ქონება გააჩნიათ. ზოგს ბინები აქვს მიღებული თბილისში, ზოგს სრა-სასახლეები აოხრია რეგიონებში და 5-5 მანქანაც უყენია ეზოში. კი, ბატონო, არც ერთი მათგანი გაჭირვებული არ არი, მაგრამ თბილისშიც უნდათ ბინები, რატომაც არა? თანაც თუ მუქთად იქნება, რა პრობლემაა? ოზურგეთიდან გამოქცეული ამბობს, დევნილი ვარ, მომეცითო. ეგრე მაშინ სიღნაღელ „დევნილებსაც“ დავურიგოთ თბილისში ბინები, უკეთესი არ იქნება? სიხარბე! სიხარბემ წაახდინა ჩვენში ადამიანი და ცხოველად აქცია. თქვენ გგონიათ, პრობლემა მარტო სადმე შეჭრაში და მერე ფართების მოთხოვნაშია? გეუბნებით, მთავარი პრობლემა მაინც რამსების არევაშია... წნორში რომ ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არი, ბევრს ესეც კახა კალაძის ბრალი ჰგონია... წნორში რომ ღვინის ერთი მინიქარხანაა, ბევრი დარწმუნებულია, რომ ეგეც ბიძინა ივანიშვილისაა და რთვლის დადგომისთანავე იფურთხება, რატომ არ მოდის, ჩემ ყურძენს არ კრეფს და არ მიბარებსო? ალბათ, გახსოვთ, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი სამი წლის განმავლობაში გლეხებს სახელმწიფომ მოუხნა და დაუთესა. თქვენ გგონიათ, ვინმემ მადლობა თქვა? არა, პირიქით, მეოთხე წელიწადს ლანძღვა დაიწყეს, რატომ აღარ გვიხნავენ და გვითესავენო. ადრე რომ გვიხნავდნენ და გვითესავდნენ, მოსავალს რატომ არ გვიბინავებდნენო? უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება... თუნდაც ის, ბიძინა ივანიშვილმა პირველივე წელს კახელ გლეხებს 87 მილიონი ლარი რომ აჩუქა. ამ 87 მილიონს დღესაც ახსენებენ ე. წ. ოპოზიციონრები, მოვიდა და, პირველ რიგში, თავისი ფული დაიბრუნაო. ეს ის ფული იყო, სააკაშვილის ხროვამ „ქართუს“ ქუჩაში რომ წაართვა სპეცმანქანიდან და მერე ჯარიმაში გაუტარა. კაცმა დაიბრუნა, მაგრამ სახლში არ წაუღია, დასეტყვილ მევენახეებს აჩუქა. ჰმ... დასეტყვილმა მევანეხეებმა რა ქნეს? განა ვენახები აღადგინეს? იმ ფულით „მერსედესები“ იყიდეს, თბილისში ჩამოვიდნენ და ტაქსაობა დაიწყეს. 
ბიძინა ივანიშვილმა 500 ათას გაჭირვებულს რომ საბანკო ვალები გაუნულა, ვინმემ მადლობა თქვა? მე ასეთი არ მინახავს, თქვენ თუ ნახეთ, გამაცანით. კახა კალაძე რომ იხვეწება, ავარიული სახლებიდან გამოდით, ახალს აგიშენებთო, ვინმე მადლობას ამბობს? არა, კაცო, იქით ლანძღავენ, ფართებს არ გვიმატებსო. ვისაც უკვე აუშენა, ისინი რას შვრებიან, კახას სადმე ექომაგებიან? ერთ ნორმალურ სიტყვას ამბობენ? კალაძე არავის ქომაგობას არ ითხოვს, მაგრამ შენ ხომ უნდა გქონდეს სინდისი და ნამუსი?!
მოკლედ, ხალხშია დიდი პრობლემა და ამ პრობლემას უნდა მიხედვა. იცოდეთ, საერთოდ, ასეთ სიტუაციებში ვინც ყველაზე ძალიან იჭაჭება და ტანზე „მაიკას“ იხევს, ის არის საეჭვო ვიღაცა... აღარ ვიტყვი, ღორი-მეთქი.
გელა ზედელაშვილი