პატრიარქი ყველა თაობის გულს მისწვდა
მსოფლიო მართლმადიდებელმა საზოგადოებამ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ხუცესი, ეპოქალური ადამიანი, უწმიდესი ილია II უკანასკნელ გზაზე გააცილა, რომელმაც ქართველი ერი ორმოცდარვა წელი პატრიარქის გვირგვინის ქვეშ ატარა. გარდა ამისა, იგი ათი წელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო. პირადად ჩემთვის, მისი უწმიდესობა, თავისი არსით ქართველი ერისთვის იგივეა, რაც ებრაელი ხალხისთვის მოსე. შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართველებისთვის ახლი მოსეა.
ამაზე მეტყველებს ხალხის დაუსრულებელი მდინარეები მიმაჩნია, რომ პატრიარქის გარდაცვალება, მისი სიტყვებისამებრ, მართლაც მზიანი ღამეა _ როცა ეს ოქსიმორონი _ მზე და ღამე, ხალხში გასხივოსნებულია, როგორც ერთი მხრივ, გლოვის ზარი უსაყვარლესი სულიერი მამის დაკარგვიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი, უდიდესი სიხარული იმ მადლისა, რაშიც დღეს ქართველი ერი სუფევს, შეიძინა რა ახალი ზეციური მფარველი.
გავიხსენოთ, რამდენს ქადაგებდა უწმიდესი ერთსულოვნებაზე. მსოფლიომ გამორჩეული რწმენის მატარებელი ქართველი ერი თავიდან აღმოაჩინა, რომელსაც სულიერი მამის მიმართ უსაზღვრო სიყვარული ჰქონია.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ უწმიდესი დღეს არა მხოლოდ ქართველი ერის, არამედ მსოფლიო პროგრესული საზოგადოების გამომაფხიზლებელიცაა. შემთხვევითი არ არის, რომ პატრიარქის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი და არაერთი ქვეყნის სასულიერო პირი დაესწრო.
მე რაც შემეხება, თავს უფლებას მივცემ, გავიხარო იმ მოგონებებით, რაც მის უწმიდესობასთან ურთიერთობის შედეგად მიმიღია და რამაც წარუშლელი კვალი დატოვა. განსაკუთრებით მახსენდება, ჩემი ქალიშვილის ელენესა და სიძის სანდროს ქორწინება. გამომდინარე იქიდან, რომ ელენესაც და სანდროსაც გვერდს შვიდ-შვიდი დედმამიშვილი უმშვენებდათ, ეს იმდენად მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ მათ ჯვარი საპატრიარქოში პირადად მისმა უწმიდესობამ დაწერა.
არანაკლებ სასიხარულო იყო, როცა 2014 წელს მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევა მივიღე, რათა თბილისის მერობის კანდიდატად მეყარა კენჭი. მან საოცარი სიტყვები თქვა: თუკი დიმიტრის მერად აირჩევენ, თბილისი გაიხარებსო. პატრიარქთან ურთიერთობა განსხვავებული იყო. მასთან ბევრ საკითხზე მისაუბრია. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საოცარი მოსმენა იცოდა. დიახ, გამაოგნებელი მოსმენის კულტურა ჰქონდა, პასუხის გაცემამდე მაგიური პაუზა ისადგურებდა. პასუხის გაცემას არასდროს ჩქარობდა. მოგისმენდა და მერე ლაკონურად, ერთ ფრაზაში გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას.
ზეციურ მფარველთა დასში ახალი მფარველი შევიძინეთ, რომლის მზრუნველი, მამობრივი ხელი ქართველებს არ მოაკლდებათ. მთავარია, ეს ერთსულოვნება, რის დემონსტრირებასაც მსოფლიოს თვალწინ ვახდენთ, სულიერ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც გამოვხატოთ.
პატრიარქი ყველა თაობის გულს მისწვდა. მინდა, კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ დღეზე გიამბოთ, როცა მე და ჩემი მეუღლე საპატრიარქოში დაგვიბარეს და უშუალოდ უწმიდესმა, როგორც რვა შვილის მშობლები, დაგვლოცა.
არქიმანდრიტმა ლაზარე აბაშიძემ უწმიდესის გარდაცვალებამდე თქვა, მზარავს და მეშინია იმის წარმოდგენა, თუ რა იქნება პატრიარქის სიკვდილის მერეო. არ ვიცი, იგი რას გულისხმობდა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ზღვა ხალხი ქვეყანაში ნებისმიერი დესტრუქციული ძალისთვის, დამაფიქრებელი იქნება.
დიმიტრი ლორთქიფანიძე

