ეს უკვე ისტორიაა

ეს უკვე ისტორიაა

პატრიარქის დაცვის უფროსი შაკო კუჭაშვილი იხსენებს: 
სამებაში ვიყავი. ხალხის რაოდენობა იმდენად თვალწარმტაცი, შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო… თუმცა ყველაზე მეტად იქ მდგომი ხალხის მოწიწებამ, ეკლესიისადმი პატივისცემამ და წარმოუდგენელმა სიჩუმემ გამაოცა. სიჩუმემ, რომელიც იმდენად ხმამაღალი იყო, რომ ვერასდროს დავივიწყებ. ეს ის კულტურაა, რომლის შვილიც ვარ. ეს ის საქართველოა, რომლის შვილიც ვარ და რომელიც უკიდეგანოდ მიყვარს.
ილია მეორემ საკუთარი გარდაცვალებით ამ სოფელში თავისი გზა დააგვირგვინა - გზა, რომელმაც ეს ქვეყანა საბოლოოდ ტაძრამდე მიიყვანა და ტაძარში დატოვებს სამუდამოდ.
ეს უკვე ისტორიაა. ისტორია, რომელსაც შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს სიამაყით მოვუყვებით. ისტორია, რომელიც მომავლის გზას გაგვინათებს.
აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, რა თქმა უნდა, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს, შევთავაზე, რომ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე დღით სვეტიცხოველში ან შავნაბადის მონასტერში ავსულიყავით. ვარწმუნებდი, რომ ეს ფაქტობრივად თბილისში ყოფნას ნიშნავდა, თუმცა უწმინდესმა ამაზეც უარი განაცხადა.
14 აგვისტოს პატრიარქმა გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში შესულიყო – იქ ჯერ უამრავი ადამიანი რჩებოდა, რომელსაც ნუგეში სჭირდებოდა.
15 აგვისტოს გორში გენერალი ბორისოვი დაგვხვდა.
ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, – ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და გავყვიროდი, მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე სულ თვალცრემლიანი დადიოდა). მერე ბორისოვს გადასცა 10,000 დოლარი - თუ შეიძლება, ეს თანხა, გარდაცვლილების დასაკრძალად და მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო...
კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციებით ხვდებოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. პატრიარქმა როგორც კი გაიგო – წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი უარზე იყო, საჭირო არ არის, ჩვენ გადმოვასვენებთო.
რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა პატრიარქი აქ მართლაც შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით. იქ ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ცრემლს ვერ ვიკავებდი, პატრიარქს ვთხოვე, მანქანიდან არ გადმოსულიყო, ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ნაწილებად იყო მიმოფანტული, სულ 16-ნი იყვნენ. ბორისოვი ჰყვებოდა, ბიჭებმა მაგრად იბრძოლესო.
როგორც ადგილზე გავიგე, ქართულ სამხედრო კოლონას რუსული ავიაცია დაესხა თავს, ნაწილმა გაასწრო, ნაწილი დარჩა. შემდეგ სატანკო დანაყოფი ჩაერთო. ოთხი ჯარისკაცი ერთად მომკვდარა, ტანკის ორი ჭურვი ჰქონდათ მოხვედრილი. ერთს ხელში ტელეფონი შერჩენოდა. პატრიარქმა თქვა, – ბიჭები უნდა წავასვენოთო (თან ერთი მანქანა გვახლდა – პატარა ე.წ. ლაფეტი). მერე მითხრა – ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო. მართალია, პატრიარქი მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ ხედავდა მანქანაზე როგორ დავაფინეთ სხვა რაღაცეები და როგორ ვაწყობდით ქართველი გმირების სხეულის ნაწილებს, მთელი გზა უწმინდესი მანქანაში ტიროდა...

და სიკვდილისაც არ მეშინია...

ეს რამდენი ცრემლი გვქონია, მწუხრის და ბედნიერების ერთად... 
ეს რა ქენი, მამა?
ეს ამდენი დაბნეული, გათითოკაცებული, შეშინებული ადამიანი ერთ ურყევ, მოსიყვარულე ზვირთად როგორ აქციე?
სად გადაგვიმალე ხვალინდელი დღის შიში, სად გააქრე ურწმუნოება და ყოყმანი?
მადლობა, რომ მე და ჩემი მონაგარი შენს ეპოქაში ცხოვრების ღირსი გაგვხადე.
თურმე რა მაგრები, რა მოსიყვარულეები რა ერთიანები ვყოფილვართ!
ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, ვერავინ და ვერასოდეს ვერ დაგვაჩოქებს, ვერავინ გაგვხლეჩს და ვერ შეგვაშინებს!
მამა, შენ ახლა, ალბათ, შენს შინდისის ბიჭებს ეფერები, ასე ნაწილ-ნაწილ საკუთარი ხელით რომ ჩამოგვისვენე...
ალბათ, ახლა ყველა ჩვენი წასული კეთილი სულის გვერდში ხარ...
ლალი მოროშკინა


ჩვენ თვალს ვადევნებთ სასწაულს

არ ვიცი, ამის პრეცედენტი თუ არის მსოფლიოში, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბაირამი გადადეს, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალაო, არ ზეიმობენ ყველაზე დიდ დღესასწაულს. ეს იგივეა, რომ ქრისტიანებმა აღდგომის ზეიმზე უარი თქვან. წარმოიდგინეთ რა სიყვარული დატოვა. რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ სამების საკათედრო ტაძარში, მთელი ცხოვრება ამას ემსახურებოდა.
დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ. ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს ამ საზოგადოებაში, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა დატოვა სიყვარული.
ვინც ახლა იქ დგას [სამების ტაძარში], რომ უთხრა: შედი და პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენე ან თავს მოგაჭრით, დარწმუნებული ვარ ყველა წავა და თავს დადებს!
გოგა ხაინდრავა

პირველი გვირგვინი ლაზებისგან


ილია მეორე ერთადერთი პიროვნება იყო, რომელიც ზრუნავდა დემოგრაფიაზე, ბავშვებზე არამარტო სიტყვით, არამედ საქმით. ნათლულების საკითხი ამისთვის საკმარისი მაგალითია. ეს დაიწყო 1995 წელს, როდესაც პატრიარქმა უფასო ბანაკების მოწყობა დაგვავალა. ეს ბანაკები იქცა ბავშვების გაეკლესიურების ფორმად. ეს ყველაფერი დაიწყო დიასპორაზე ზრუნვით. შემდეგ დიასპორაზე ზრუნვა გაგრძელდა ლაზებზე, გურჯებზე. ლაზების თემას მინდა შევეხო. ეს დაკარგული ხალხი მან შეიფარა და დაუბრუნა ქართულ საზოგადოებას. პირველი მისასამძიმრებელი გვირგვინი ლაზებმა გამოუგზავნეს თურქეთიდან. მუსლიმურ სამყაროში მალევე კრძალავენ ადამიანს, მათ იფიქრეს არ დაკრძალონო და პირველი გვირგვინი ჩემი ხელით შევიტანე სამების ტაძარში.
ჩვენი უწმინდესის ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ აღადგინა ისტორიული ეპარქიები, ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის. პირადად იმოგზაურა იქ. ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი მოგონებები.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პატრიარქის მოღვაწეობიდან იყო კონსტიტუციური შეთანხმების შექმნა, სახელმწიფოსთან გაფორმება. ეს დოკუმენტი არის უდიდესი მიღწევა, იმიტომ, რომ ამ დოკუმენტით ეკლესიას მისცა სტატუსი და მისცა უფლება-მოვალეობები, რომელიც დღეს არსებობს. მსოფლიოს არც ერთ მართლმადიდებლურ ეკლესიას მსგავსი სტატუსი არ აქვს.
მთელი მისი ეპოქა შექმნა ღვთის მადლით ანუ ზებუნებრივი ძალით და ჩარევით, რადგან როგორც ჩვენ ვიცით, ილია მეორის პერიოდი გამოირჩევა პოლიტიკური კატაკლიზმებით: ჩამოგდებული პრეზიდენტით, გაგდებული პრეზიდენტით, მესამე ციხეში გყავს. ფაქტობრივად, პატრიარქს მხარდამჭერი და გვერდში მდგომი, ძლიერი ხელისუფლება არ ჰყოლია, მან ქარ-ცეცხლში გამოიარა. პატრიარქი ყოველთვის ამბობდა - უფალი მეფობს! ანუ ეს მისგან არის.
გიორგი ანდრიაძე


ხელით ნაქსოვი ხალიჩა პატრიარქის გამოსახულებით

ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს სურათია... მაგრამ არა, ეს არის ორი წლის განმავლობაში სიყვარულითა და მოთმინებით აბრეშუმით ნაქსოვი განსაკუთრებული ხალიჩაა. წლების წინ ის შეიქმნა, როგორც ძვირფასი საჩუქარი ილია II-ის იუბილესთვის. 
ჩემი მეგობრის, ფაიგ ნაბიევის მოგონებიდან: „როდესაც ილია მეორემ ეს ხალიჩა პირველად ნახა, დიდხანს და ჩუმად აკვირდებოდა ახლოდან... თითოეული დეტალი იმდენად ნაზი, იმდენად ცოცხალი იყო, რომ სურათს ჰგავდა. მან ხელი ნაზად დაადო... და სწორედ იმ წამს მის სახეზე თბილი ღიმილი გაჩნდა, თვალები კი ცრემლით აევსო, თითქოს ამ ნაქსოვში ჩადებული სული და სიყვარული იგრძნო, მაშინ მეც სიხარულისგან ცაზე ავედი”.
ეს უბრალოდ საჩუქარი არ არის... ეს არის გრძნობა, პატივისცემა და სითბო, რომელიც წლების განმავლობაში რელიგიათაშორის სიყვარულს აცოცხლებს საქართველოში.
იმედი მაქვს, ეს სიყვარული საქართველოში მუდამ გაგრძელდება, რომ ადამიანები, მიუხედავად რწმენისა, ერთმანეთის მიმართ ამ უსაზღვრო სითბოს შეინარჩუნებენ... და სამუდამოდ სამართლიანობა და მშვიდობა ყველას გულში დაიმკვიდრებს ადგილს ერთი ღმერთის სახელით.
სამირა ბაირამოვა