პირველი მაისი დოდო აბაშიძის დაბადების დღე იყო...
მსახიობი გია ბადრიძე ასეთ ამბავს იხსენებდა: „გიორგი კალატოზიშვილი „ციმბირელ პაპას“ ისტორიულ ადგილებში იღებდა და ციმბირში, მდინარე ენისეის პირას ვიმყოფებოდით. მთავარ როლს დოდო აბაშიძე ასრულებდა. გადამღები ჯგუფი, ფაქტობრივად, ტაიგაში ვცხოვრობდით და ცივილიზებული სამყაროსგან მდინარე ენისეი გვაშორებდა, რომელზეც ერთადერთი მოტორიანი ნავით გადავდიოდით. მენავეს თავისი მოძრაობის გრაფიკი ჰქონდა. ერთ დღეს მე, დოდო და გურამი მეორე ნაპირისკენ გავემართეთ. კალატოზიშვილმა წასვლის წინ, მკაცრად გაგვაფრთხილა: იცოდეთ, გადაღებაზე არ დააგვიანოთ. ზუსტად შუადღეზე ვიწყებთ და დილის თერთმეტზე აქ უნდა იყოთო.
ჩვენმა ტრიომ პირველი ღამე, ჟარგონით რომ ვთქვა, „კარგ პონტში“ გავატარეთ და არცთუ ცოტა სპირტიანი სასმელი მივიღეთ, თან, არ გვძინებია. დილის ცხრაზე კი, ენისეის ნავსაყუდელისკენ ავიღეთ გეზი. მენავე ფეოდორი და მისი ორი „პაძელნიკი“ იქვე, კატერში დილიდანვე ქეიფობდნენ. ოთხი ნახევარლიტრიანი არაყი ედგათ და „სტოპკებით“ „ურტყამდნენ“, თან შავ პურსა და „სალას” აყოლებდნენ.
– ბოდიში, ბიჭებო, მაგრამ იქით ნაპირზე გვეჩქარება და უნდა გადაგვიყვანოთ, – უთხრა დოდომ მოქეიფეებს.
– დავლევთ და მერე, – შეუღრინეს დოდოს დაკუნთულმა ციმბირელმა „ბაკლანებმა”.
დოდო ასეთ უხეშობას ვერ იტანდა და თავხედსა თუ თავხედებს თავისი რკინის მუშტებით უსწორდებოდა. იგივე დააპირა იმ მომენტშიც, მაგრამ ვთხოვე, ჩხუბი არ აეტეხა. შემდეგ ციმბირელებს მიუბრუნდა და უთხრა: რა წვეთ-წვეთობით სვამთ, კაცურად დაასხით და დალიეთო.
– შენ ხომ, რას ამბობ, ბოთლი არ გამოცალო, – „წაეიაზვნენ“ დოდოს.
– რომ გამოვცალო, იქით ნაპირზე გადაგვიყვანთ? – ჰკითხა დოდომ.
– უსიტყვოდ, – მიუგეს „ბაკლანებმა“, თან თვალებგადმოკარკლული მისჩერებოდნენ დოდოს, რომელმაც ნავის ძრავას ფოლადის ჩაღრმავებული დამცველი ფარი მოხსნა, შემდეგ ნახევარი ლიტრი არაყით გაავსო, დაილოცა და დალია. მენავეს და მის „პაძელნიკებს” თვალები შუბლზე აუვიდათ. დოდომ „სალას” პირიც არ დააკარა და იმავე მეთოდით, დროის მოკლე მონაკვეთში კიდევ ორი სავსე არყიანი ბოთლი გამოცალა, ბოლოს კოპები შეიკრა, დოინჯი შემოიყარა და ციმბირელებს უთხრა:
– რას ვშვრებით, აღარ მივდივართ?
ლიტრა-ნახევარარაყდალეული, კოპებშეკრული და დოინჯშემოყრილი დოდოს ხილვამ ჯიუტ ციმბირელებზე დიდი ეფექტი მოახდინა. მენავის მეგობრებმა უსიტყვოდ დატოვეს ნავი და ადგილები ჩვენ დაგვითმეს. მენავემ ისე გადაგვიყვანა მეორე ნაპირზე, რომ დოდოსთვის შიშისგან თვალი არ გაუსწორებია. გადაღებაზე დროზე მივედით და საგულისხმო ისაა, რომ ისეთ სცენას ვიღებდით, სადაც კადრში სმის ეპიზოდია. სულ ოთხი დუბლი გადავიღეთ. ნამდვილ არაყს ვსვამდით და დოდომ კიდევ ერთი ლიტრი დალია. თუმცა, მას არაფერი ეტყობოდა, დანარჩენი მსახიობები კი, ინდაურებივით იყვნენ გამობრუჟულები.
ერთხელ იპოლიტე ხვიჩიამ და დოდო აბაშიძემ ისე იკამათეს, გაბრაზებულმა იპოლიტემ დოდოს უთხრა: აბაშიძეები ყოველთვის მოღალატეები იყავით, ქართველებს თურქეთის ბაზარზე ჰყიდდითო.
დოდომ უყურა, უყურა იპოლიტეს და: რას ჰგავხარ, შე უბედურო, შენისთანებს გავყიდდით, აბა, რას ვიზამდითო!
ოთარ კობერიძე იხსენებდა: ბეთანიაში ჭიდაობის სცენას ვიღებდით, როდესაც ბაში-აჩუკი და აბდუშაჰილი ხვდებიან ერთმანეთს. წინდაწინ კოწო ბადრიძემ, რომელიც იყო დამდგმელი ჭიდაობისა და ფარიკაობისა, რეპეტიცია ჩაატარა ჩვენთან. მე სწრაფად უნდა გამეკეთებინა რამდენიმე ილეთი და დოდო - აბდუშაჰილი ძირს, ზურგზე დამეცა. დოდოს ეტყობოდა, ეს სცენა არ მოსწონდა, მაგრამ რას იზამდა, სცენარში ასე ეწერა.
რეჟისორმა გადაღების ბრძანება გასცა, აპარატი ჩაირთო. გამოვიდა წრეში აბდუშაჰილი, გამოვვარდი მეც... შევერკინეთ ერთმანეთს. რამდენიმე ილეთმა აბდუშაჰილთან, სანამ ძირს დავცემდი, ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ როდესაც უნდა წამომეკიდა ზურგზე და ძირს დამეცა, დოდომ წინააღმდეგობა გამიწია, რომ ვერაფრით შევძელი მისი ზურგზე წამოკიდება.
- საღამოს თეთრ დუქანში პურ-მარილი მოდის?
- მოდის!_ ჩურჩულითვე ვუპასუხე.
მესამე დუბლზე დოდომ ძალადობის გარეშე ჩამატარებინა ილეთი და ზურგზე ისე დაენარცხა, ძლივს წამოვაყენე.
ზაზა აბაშიძე: 1947 წელია. მამა თეატრალურის სტუდენტი იყო და მეგობრებთან ერთად ფუნიკულიორის რესტორანში ქეიფობდა. იქვე ისხდნენ სამხედროები, რომლებმაც გვერდით მაგიდასთან მჯდომი ერთი გოგონა ძალიან შეაწუხეს. დოდომ ვერ მოითმინა, მივიდა ერთ-ერთთან და უთხრა: თავი დაანებე, ნუ აწუხებო. – შენ ვინ გეკითხებაო, – იყო პასუხი. მამამ ეგრევე მუშტი სთხლიშა და მაგიდის ქვეშ შეაგორა. მილიციამ დოდო და მისი მეგობრები დააკავა და, მართალია, დანარჩენები მერე გაუშვეს, მაგრამ დოდო დატოვეს.
გალახული მელიტონ ქანთარია აღმოჩნდა, რომელმაც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – სასტიკი უარი განაცხადა მამაჩემის გამოშვებაზე. ციმბირში უნდა ჩავალპოო, – ამბობდა.
აკაკი ხორავათი დაწყებული, ვინ არ მიუგზავნეს – კონსტანტინე გამსახურდია, დემნა შენგელაია, გიორგი ჩიტაია. შალვა დადიანი, მაგრამ მელიტონი მაინც თავისაზე იდგა. ერთადერთი იმედი დარჩა - ჟორჟიკა მდივანი, რომელიც მოსკოვიდან უნდა ჩამოსულიყო. მას ბერლინის დაცემის სცენარი ჰქონდა დაწერილი, სადაც ქანთარიაც იყო და მელიტონი მას პატივს სცემდა. მდივანი თბილისში ჩამოვიდა და ქანთარიასთან სასტუმრო „ინტურისტში“ მივიდა, სადაც მას უფასო ნომერი ჰქონდა. ჟორჟიკა მეორე სართულზე ავიდა და მელიტონის ნომრის კარზე უნდა დააკაკუნოს, რომ კარი გაიღო, მელიტონი გამოვიდა და კიბეებისკენ გაიქცა, რომელზედაც წვერგაუპარსავი დოდო ამორბოდა და გადაეხვია.
– ბიჭო, ყვა-ყვას ახლობელი თუ იყავი ვერ მითხარიო, – უთხრა ქანთარიამ მამას.
ყვა-ყვა, თურმე, ზუგდიდელი „ბუფეტჩიკი“ ყოფილა, ახალგაზრდობაში ძველი ბიჭი და მელიტონ ქანთარიამ მამაჩემი მისი თხოვნით გამოაშვებინა მილიციიდან. დოდოს ძმაკაცებმა მიაგნეს იმ ყვა-ყვას ზუგდიდში და წერილი დააწერინეს მელიტონთან. აი, ასე გაიჩარხა ეს საქმე.
1967 წელს მოსკოვში ერთ სუფრასთან ქეიფობდნენ ჟორჟიკა მდივანი, დამიანე გოგოხია, ილია ვეკუა, ირაკლი აბაშიძე და თავად მელიტონ ქანთარია. მდივანმა ეს ისტორია გაიხსენა და გაიცინეს. ილია ვეკუამ კი მელიტონს რაღაც უთხრა მეგრულად, ქეიფი რომ დასრულდა, ჟორჟიკა მდივანმა ჰკითხა დამიანე გოგოხიას, – ვეკუამ მელიტონს რა უთხრაო? – რა და ბიჭო, ცოტნე დადიანის გარდა ყველა მეგრელი მოგიგზავნეთ და ეს ყვა-ყვა ვინ იყო, რომ მარტო მისი თხოვნა გაითვალისწინეო.
* * *
ერთხელ, მეგობართან ერთად ყოფილა სნოში, ერთი მოხევის ქორწილში, რაღაც გაუგებრობის გამო ჩხუბი ამტყდარა. დოდოს და მის მეგობარს შვიდი თუ რვა კაცი დასევია, მაგრამ ამაოდ. ამ ორმა იქით სცემა თურმე ყველანი. ამ ჩხუბს შემთხვევით შესწრებია შემდგომში საქართველოს პატრიარქი ილია II, რომელიც მაშინ ბავშვი იყო. შემდეგში მას დოდოსთვის უთქვამს - იმ დღიდან მახსოვხარ, შენს ჩხუბს რომ ვუყურებდი, მაშინ ვფიქრობდი, ალბათ, ასეთი ძლიერი იქნებოდა გიორგი სააკაძე-მეთქი.
* * *
დოდო აბაშიძე საუკეთესო თამადა და მომლხენი იყო, თუმცა, ერთი ახირება ჰქონდა: როგორც კი სუფრაზე ნამცხვარს მოჰკრავდა თვალს, თამადობას თავს ანებებდა და სადავეებს სხვას გადააბარებდა ხოლმე. ამბობდა: სუფრაზე რომ “ტარტალეტკები” შემოვა, მერე იქ გაჩერება აღარ ღირსო.”
* * *
გუგული მგელაძეს დოდოსთვის უკითხავს: შენ თუ გაულახიხარ ვინმესო. კიო, უთქვამს დოდოს, ერთმა პატარა კაცმა გამლახაო. რატომო – დაინტერესებულა გუგული. მართალი იყო და იმიტომო – უპასუხია მსახიობს.
შეაგროვა
მაკა ჯაყელმა

