პატრიარქიც დისიდენტი იყო
პატრიარქის გარდაცვალება ჩემთვის იმდენად დიდი ტკივილია, სიტყვებით ვერც გადმოგცემთ. საპატრიარქო ჩემთვის პატრიარქის სახლი იყო.
პატრიარქმა დისიდენტური მოძრაობის წევრები არამხოლოდ გაგვზარდა, არამედ ყოველმხრივ გვერდში გვედგა.
ის ჩვენში მთავარს _ სამშობლოს სიყვარულს ხედავდა. დისიდენტები ხელისუფლებას იმიტომ როდი ვუპირისპირდებოდით, რომ მთავრობაში მოვსულიყავით, ჩვენ სიკეთე ქვეყნისთვის გვინდოდა და არა საკუთარი თავისთვის.
პატრიარქიც, თავისთავად, დისიდენტი იყო _ იგი აძლიერებდა ეკლესიას, რომელიც მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო. აქედან გამომდინარე, მისი საქმიანობაც დისიდენტური გახლდათ. ყველა დღესასწაულზე თან დაგვატარებდა.
პატრიარქის პიროვნებამ ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ქადაგების შემდეგ, რომელიც სამშაბათობით იმართებოდა, დაგვსხამდა და გვეკითხებოდა, როგორ მიდიოდა საქმე უნივერსიტეტში. პატრიარქი კი არა, თითქოს, უფროსი მეგობარი იყო, რომელსაც სარწმუნოებრივი განათლება ჰქონდა. მეც ყველაფერს ვეკითხებოდი, რაც დამაინტერესებდა. უწმიდესი ჩვენ ისე გვექცეოდა, როგორც თანასწორს, თანატოლებს.
ვერც კი წარმომიდგენია, მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო. საპატრიარქოში რომ შევედი, მის მოსასვენებელ ოთახში, ყველაფერს ვეფერებოდი, რაც მისი ხელშენახები იყო. იქ ყველაფერი მიყვარდა, ახლა კი მარტო მე კი არა, მთელი ერი დავობლდით.
ასე მგონია, პატრიარქისთვის დაიწერა სიტყვები: “ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია”. დიახ, დღეს პატრიარქი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ვხედავთ, როგორი თაყვანისცემა, პატივისცემა მოიპოვა მან ქართველ ერში. უწმიდესმა მსოფლიოს დაანახა, ვინ არის ქართველი ერი. დიახ, გარდაცვლილმა პატრიარქმა მსოფლიოს დაანახა, რომ ამ ქვეყანაში რწმენასთან თამაში არავის გაუვა. ვფიქრობ, ეს გახდება საბაბი, რომ ხვალიდან ამერიკაც და ევროპაც საქართველოს, ქართველ ერს სხვაგვარად დაელაპარაკონ. მათ თვალწინ სულ სხვა საქართველო გადაიშლება. აი, ეს შეძლო მიცვალებულმა პატრიარქმა. უწმიდესი მიცვალებულიც კი ქვეყნისთვის იღვწის.
ამბობენ, პატრიარქის გარდაცვალებით ეპოქა დასრულდაო. დიახ, დასრულდა ის, რაც მან შექმნა, მაგრამ ეს დასასრული დასაწყისია იმისა, რომ მან მსოფლიოს სხვა საქართველო გააცნო და ჩვენი სულიერება დაანახა. დიახ, დაანახა, რომ ჩვენ ქრისტეს კვართის მცველები ვართ.
ნანა კაკაბაძე

