თამთა მეგრელიშვილი: მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდება

თამთა მეგრელიშვილი: მსოფლიოში ახალი წესრიგი მყარდება

გვესაუბრება პარტია „ხალხის 
ძალის“ წევრი, საჯარო 
მმართველობის დოქტორი 
თამთა მეგრელიშვილი:

_ ქალბატონო თამთა, პირველ რიგში, შეგვიფასეთ, როგორი იყო გასული წელი პოლიტიკური თვალსაზრისით და რას ელით 2026 წლისგან?
_ გასული წელი საქართველოსთვის პოლიტიკური თვალსაზრისით შეიძლება შეფასდეს როგორც სტაბილურობისა და პრაგმატული მმართველობის პერიოდი, სადაც მმართველმა ძალამ შეძლო ქვეყნის შიდა მშვიდობის შენარჩუნება რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. მიუხედავად მაღალი პოლარიზაციისა, ხელისუფლებამ აირჩია პასუხისმგებლობიანი კურსი, თავიდან აიცილა ქვეყნის ჩათრევა რეგიონულ კონფლიქტებში, უზრუნველყო ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ინსტიტუციური მართვის უწყვეტობა. საგარეო პოლიტიკაში შენარჩუნდა ბალანსი დასავლურ მისწრაფებებსა და რეალისტური უსაფრთხოების გათვლებს შორის, რაც მცირე და მოწყვლადი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 2026 წლისთვის მოსალოდნელია ამ კურსის გაგრძელება: მმართველი გუნდი, დიდი ალბათობით, კვლავ გააკეთებს აქცენტს სტაბილურობაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაზე, რაც საზოგადოებისთვის პროგნოზირებად გარემოს ქმნის. მსოფლიო კონტექსტში გასული წელი ხასიათდებოდა კრიზისებით, ომებით და გაურკვევლობით, რის ფონზეც საქართველოს მიერ არჩეული ფრთხილი და არაკონფრონტაციული პოლიტიკა უფრო თვალსაჩინო და გამართლებული გახდა. 2026 წელს გლობალური არასტაბილურობა, დიდი ძალების დაპირისპირება და საერთაშორისო წესრიგის ფრაგმენტაცია გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო ზრდის იმ პოლიტიკის ფასს, რომელიც ემყარება სიფრთხილეს, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას და შიდა სტაბილურობის შენარჩუნებას.
_ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რაც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან ამერიკის გასვლას ითვალისწინებს. რაზე მიუთითებს აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება?
_ ტრამპის მიერ საპრეზიდენტო მემორანდუმზე ხელის მოწერა, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლას ითვალისწინებს, ნათლად მიუთითებს ამერიკული საგარეო პოლიტიკის მკვეთრ გადახრას ტრადიციული მრავალმხრივი თანამშრომლობიდან უფრო სუვერენიტეტზე, პრაგმატიზმსა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული კურსისკენ. ეს ნაბიჯი ასახავს „Aმერიცა Fირსტ“-ის მიდგომის გაღრმავებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი აღარ აპირებს მონაწილეობას იმ საერთაშორისო სტრუქტურებში, რომლებიც, თეთრი სახლის შეფასებით, არ ემსახურება ამერიკის უშუალო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს ან ზღუდავს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას. ტრამპის ხედვით, მსგავსი ორგანიზაციები ხშირად არაეფექტიანია, ზედმეტ ბიუროკრატიას ქმნის, ისინი აშშ-ის ფინანსურ რესურსებს არაპროპორციულად მოითხოვენ და მოიხმარენ, ახლა აშშ-ის პრიორიტეტი გადადის შიდა გამოწვევებზე და ორმხრივ, უფრო კონტროლირებად პარტნიორობებზე. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება ტენდენცია, რომ დასავლურ სამყაროში იზრდება სკეპტიციზმი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, ხოლო პარალელურად სახელმწიფოები ცდილობენ საკუთარი სუვერენული მანევრის სივრცე მაქსიმალურად გაზარდონ.
_ ამ ორგანიზაციებს შორის მოხვდა ვენეციის კომისიაც, რომელსაც ტრამპმა უსარგებლო უწოდა.
_ვენეციის კომისიის დატოვებით ვაშინგტონმა არა მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციის მიმართ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა, არამედ უფრო ღრმა და სისტემური გზავნილი გააგზავნა დასავლური პოლიტიკური წესრიგის მისამართით. 
_ ევროკავშირში აშშ-ის ელჩის ენდრიუ პაზდერის განცხადებით, დასრულდა დრო, როცა აშშ აფინანსებდა ორგანიზაციებს და პროექტებს, რომლებიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. რას შეცვლის ეს საქართველოსთან მიმართებით?
_ევროკავშირში აშშ-ის ელჩის, ენდრიუ პაზდერის განცხადება მიუთითებს ამერიკული საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებულ პრაგმატიზმზე, სადაც დაფინანსება მკაფიოდ არის მიბმული ეროვნული ინტერესების შესაბამისობასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს მიდგომა, პირველ რიგში, შეეხება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, მათ შორის, იმ სტრუქტურებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში არა ნეიტრალური სამოქალაქო საქმიანობით, არამედ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ ჩართულნი. საქართველოს კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ გადაიხედება იმ ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც გარე დაფინანსებას იყენებდნენ შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისთვის ან პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად. თუ ასეთი დაფინანსება შემცირდება ან სრულად შეწყდება, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, რადგან შეამცირებს გარე ჩარევის ფაქტორებს და გააძლიერებს სახელმწიფოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს. 
_ ახლახან, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა ან მათზე თავდასხმა ფედერალური დანაშაულია.საქართველოში კი პირიქით, სამართალდამცავების შეურაცხყოფა წახალისებულია და გმირობადაა მონათლული. რაში ხედავთ გამოსავალს?
_ ამ თემაზე საუბარი სულ უფრო მკაფიოდ აჩენს დასავლეთში არსებული ორმაგი სტანდარტების პრობლემას, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამართალდამცავების მიმართ დამოკიდებულებაში. აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი საკუთარ ქვეყნებში მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი პრინციპით მოქმედებს: სამართალდამცავზე თავდასხმა, მისთვის ხელის შეშლა ან ძალადობრივი წინააღმდეგობა აღიქმება როგორც მძიმე დანაშაული და მას დაუყოვნებელი სამართლებრივი პასუხი მოსდევს. იქ არ არსებობს სივრცე იმისთვის, რომ ასეთი ქმედებები „პროტესტის გამოხატვის ფორმად“ ან გმირობად შეიფუთოს. თუმცა, პარადოქსულად, იგივე დასავლელი პოლიტიკოსები და სტრუქტურები საქართველოს შემთხვევაში სრულიად განსხვავებულ რიტორიკას იყენებენ. აქ სამართალდამცავების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, მათ შორის, პიროტექნიკის პირდაპირი სროლა პოლიციელებზე, ხშირად ან იგნორირებულია, ან ირიბად გამართლებული „მშვიდობიანი პროტესტის კონტექსტით“. რიგ შემთხვევებში ასეთი ქმედებები დასავლელი აქტორების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერისა და წახალისების ელემენტებსაც კი შეიცავს, რაც ფაქტობრივად ლეგიტიმაციას აძლევს კანონის დარღვევას და ძალადობას. ეს ორმაგი სტანდარტი განსაკუთრებით დამაზიანებელია, რადგან საზოგადოებას უგზავნის მცდარ გზავნილს: ის, რაც დაუშვებელია პარიზში, ბერლინში ან ვაშინგტონში, საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს დასაშვებად, თუ იგი „სწორი პოლიტიკური ნიშნით“ ხორციელდება. შედეგად, საქართველოში სამართალდამცავების შეურაცხყოფა და მათ წინააღმდეგ აგრესია რომანტიზდება, ხოლო სახელმწიფო იძულებულია იმოქმედოს გარემოში, სადაც კანონის აღსრულება ავტომატურად პოლიტიკურ ბრალდებად იქცევა.
ამ ვითარებაში გამოსავალი, პირველ რიგში, სახელმწიფოს პოზიციის გამყარებაშია. აუცილებელია, მკაფიოდ ითქვას, რომ სამართალდამცავზე ძალადობა არ არის პოლიტიკური პოზიცია და არც პროტესტის ლეგიტიმური ფორმა, ეს არის კანონის დარღვევა, რომელსაც მოჰყვება პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, ვინ და რა მოტივით სჩადის მას. 
_ ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირები „ქიმიური მოწამვლის“ გამო, გამოძიებაში დახმარებას დასავლელ „მეგობრებს“ სთხოვენ. შალვა პაპაუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ბი-ბი-სის იმ სიუჟეტისთვის უჩივლებს, სადაც ადგილი ჰქონდა ფაბრიკაციას, მანიპულაციას. შედეგი რა იქნება?
_„ქიმიური მოწამვლის“ თემა თავიდანვე უფრო პოლიტიკურ ნარატივს ჰგავდა, ვიდრე რეალურ სამართლებრივ ან სამედიცინო ფაქტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა გამოძიება და ოფიციალურად დაადგინა, რომ 2024 წლის დეკემბერში აქციების დაშლის დროს არანაირი ქიმიური ნივთიერება არ გამოყენებულა და სამართალდამცავ სტრუქტურებს აკრძალული საშუალებები არ დაურღვევიათ. ასეთ პირობებში „საერთაშორისო გამოძიების“ მოთხოვნა ვერ ემყარება სამართლებრივ ლოგიკას და უფრო ქვეყნის შიდა ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს. 
BBჩ-ს მიმართ კრიტიკა ახალი არ არის. ეს ორგანიზაცია წარსულშიც არაერთხელ გამხდარა ფაბრიკაციისა და მანიპულაციის ბრალდებების ობიექტი, მათ შორის, აშშ-ში, სადაც მას მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციებიც დაეკისრა. 
_ ბრიტანეთის თემთა პალატაში, ავტორიტარული რეჟიმების მიმართ, სანქციების კუთხით, პოლიტიკის გამკაცრება მოითხოვეს. აღინიშნა ისიც, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება დაუგვიანდათ. რას ემსახურება ეს პოლიტიკა?
_ბრიტანეთის თემთა პალატაში გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც „ავტორიტარული რეჟიმების“ წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას და კონკრეტულად ივანიშვილის სანქცირებას ეხება, არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა და არა სამართლებრივ ან ფაქტობრივ ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, დასავლურ პოლიტიკაში მრავლად არიან ე.წ. „სასარგებლო იდიოტები“ _ ფიგურები, რომლებიც გლობალური ძალების უკვე ჩამოყალიბებულ ნარატივებს უსიტყვოდ იმეორებენ და საკუთარი არასამართლიანი მიდგომებით კონკრეტული ადამიანების თუ ჯგუფების დისკრედიტაციას ცდილობენ. ამ პროცესში ფაქტები მეორეხარისხოვანი ხდება, ხოლო დაუდასტურებელი ბრალდებები მთავარ არგუმენტად გარდაიქმნება. „მოსახლეობის მოწამვლის“ ბრალდება ამ კონტექსტში აბსურდის ზღვარს სცდება, რადგან ის არ ემყარება არცერთ სანდო მტკიცებულებას და, რეალურად, ბუნებაში არ არსებობს. 
_ ევროკავშირის სამიტზე განაცხადეს, რომ საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი.
_ევროკავშირის მხრიდან გაჟღერებული გზავნილი, მათ შორის სამიტზე გაკეთებული განცხადება უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით, აჩვენებს, რომ ბრიუსელის პოლიტიკა საქართველოს მიმართ შინაარსობრივად არ იცვლება და კვლავ ეფუძნება ზეწოლისა და პირობითობის ლოგიკას. 
თუ ევროკავშირი რეალურად გადადგამს ნაბიჯს უვიზო რეჟიმის შეზღუდვის ან გაუქმებისკენ, ეს მნიშვნელოვნად დააზიანებს ურთიერთობებს და საბოლოოდ დაასუსტებს თავად ევროკავშირის გავლენას საქართველოში. ასეთი გადაწყვეტილება ვერ აიძულებს ქვეყანას პოლიტიკის შეცვლას, მაგრამ გააძლიერებს სკეპტიციზმს და გააჩენს განცდას, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპით სჯის. 
_ ბოლო დროს ისმის საუბრები დაპატიმრებული კრიმინალების, მოძალადეების შეწყალებაზე, მათ შორის, საპატრიარქოს მხრიდან. არადა, თავად, ეს პატიმრები შეწყალების წინააღმდეგნი არიან და ციხეში ყოფნა უჯობთ.
_ შეწყალება ჰუმანური აქტი და პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რომელიც გამოიყენება მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. არსებობს დანაშაულთა გარკვეული კატეგორიები, სადაც შეწყალება დასაშვებად და მიღებულად მიიჩნევა, თუმცა ეს ყოველთვის ეფუძნება ერთ ფუნდამენტურ პირობას _ დანაშაულის აღიარებას, სინანულს და რეაბილიტაციის რეალურ პერსპექტივას. მოცემულ შემთხვევაში კი სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ. თავად პატიმრები საჯაროდ აცხადებენ, რომ შეწყალებას არ ითხოვენ და ციხეში ყოფნა ურჩევნიათ. ეს არ არის პრინციპულობის ან ღირსების გამოვლენა, არამედ „გმირობანას თამაში“, რომელიც პოლიტიკურ კონტექსტშია ჩასმული. 
მათი უარი შეწყალებაზე ემსახურება არა პირად არჩევანს, არამედ ნარატივის შენარჩუნებას, თითქოს ისინი „პოლიტიკური დევნის მსხვერპლები“ არიან. ოპოზიციისთვის ეს თემა ხელსაყრელია, რადგან მიზანი არ არის კონკრეტული ადამიანების ბედი, არამედ სახელმწიფოს დისკრედიტაცია და სამართლებრივი პასუხისმგებლობის პოლიტიკურ აქტად გადაქცევაა. 

თამარ შველიძე