ევრონაცების თავგადაკლული „მეგობრობა“
რა დავაშავეთ ქართველებმა ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი არ გამოგვიჩნდა, ნაცი რომ არ იყოს, – თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა და როგორც ბევრ სხვას, მეც სიმწრით გამეღიმა.
საქართველოს ისტორიისთვის თვალი ყასიდად მაინც თუ გადაუვლია ქართველს, არ გაუკვირდება ვინმეს მტრობა, მაგრამ ევრომტრობა რაღაც ახალი მოვლენაა. ეს იმდენად აუხსნელი რამ არის, რომ ვეღარც ვბრაზდები და ვეღარც ადეკვატურად ვრეაგირებ. მე ის თაობა ვარ, ევროპა რომ საოცნებოდ მქონდა, რადგან „რკინის ფარდიდან“ თავისუფალი და ადამიანური ჩანდა – ესენი რანი არიან, საიდან აღმოცენდნენ-მეთქი და თავადვე გამოჩნდა პასუხი.
ყველას ერთ ქვაბში ვერ ჩავყრი და არც სრულიად გეოგრაფიულ მდებარეობას ვგულისხმობ, მხოლოდ კონკრეტულ ევროპულ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ ევროპელ პერსონებზე მაქვს საუბარი, მაგრამ მაინც ზედმეტზე ზედმეტია. სისხლისა და ცრემლის ფასად გამოვექეცით საბჭოთა წყობას და, ამათთან ჩახუტება რომ მოგვინდა, ესენი უარესები აღმოჩდნენ. როგორც ვხედავ, პატარა ერების ხვედრი ასეთია, ყოველთვის ძლიერ მფარველს ეკედლებიან, მაგრამ დაქცეული და ნამუსუქონელი ორგანიზაცია-ევროკავშირი და ევროპარლამენტარები რა სანატრელად ვიქციეთ, ნეტავ?
ახალს ვერაფერს ვიტყვი თუ ევრომტერი ორგანიზაციების აგრესიული პერსონების ბიოგრაფიებს მეც გავიხსენებ, ამიტომ კალამს დავზოგავ და ისედაც მოვთხრი როგორც ახალდროების სარეველას. კრებსითი ნაცმოძრაობა და კრებსითი ევროკავში ერთმანეთში ისე აითქვიფა, დიდად რომ მოისურვო, გამოხშირვა გაგიჭირდება. მეფე ლეოპოლდ II რომ ჰყავთ მეტსახელით „ყასაბი“, რომელიც საბრალო აფრიკელი ბავშვების კიდურების მოკვეთით ერთობოდა და მისი ძეგლი დღემდე საამაყოდ უდგათ; ინკვიზიციის ავადმყოფური აკვიატების გამო ლამაზი ქალების დეფიციტი რომ აქვთ, იმიტომ, რომ ყველას კუდიანს არქმევდნენ და ხოცავდნენ, საქართველოსთვის თითის დაქნევას როგორ უნდა ბედავდნენ; ფაშიზმი შენ რომ ააღორძინე და განავითარე, იმ საქართველოს როგორ უნდა მეტლიკინებოდე, რომელმაც ამდენი ვაჟკაცი შევწირეთ ამ ჭირს? არც იმის ჩამოთვლას აქვს აზრი, ევროპის ქვეყნები უბრძოლველად ან მცირედი გაფართხალების შემდეგ რამდენ დღეში ან თვეში „დაუწვნენ“ ფაშიზმს, ქართველმა კი რაიხსტაგზე ააფრიალა გამარჯვების დროშა...
აღარსადაა ის ჩემი ევროპა, რომლისკენაც შეგნებულად მივილტვოდი და არა აკვიატების გამო, ან ვინმეს წამხედურობით, არამედ, რადგან მიმაჩნდა, რომ წარსულის ცოდვებისგან აბსოლუტურად შორს იდგნენ და რაც მათ ისტორიულ წარსულში იყო, მათივე ბედუკუღმართობით იყო გამოწვეული.
სრულებით აღარ არის საკვირველი, რომ გარკვეული მოსაზრებით შექმნილი ორგანიზაცია და მისი შვილობილები, რომლებიც რუსეთის შიშით იყვნენ შეკოწიწებულები (ასევე, ნატო-ც), თავადვე ამბობენ უარს იმავე რუსეთის წინააღმდეგ ახალ წამოწყებაზე, რაც ისევ რაღაც სადამსჯელო ორგანიზაციად უნდა განიხილებოდეს – რა სპეციალური ტრიბუნალი, ჯანმრთელად არიან, ნეტავ? ეს ძველი საბჭოთა პარტნომენკლატურა რითია ასე შეშინებული, მოსყიდული თუ რეალობიდან მოწყვეტილი, რომ აღარც თავისიანებს ინდობს, ან ამ ფონზე ჩვენ ვის დავკარგივართ, რას ვერ ყლაპავენ – თავის დროზე ვითომ აზრიანად შექმნილი გეოპოლიტიკა შიგნიდან ულპებათ და ჩვენთვის მოიცალეს. ძალიან მაინტერესებს, იმთავითვე სააკაშვილომანია რომ აქვთ შეყრილი და მყარ ნაცობაში გადაუვიდათ, ნეტავ, რაშია საქმე?
იმ შავბნელ დროში, ნაცმოს „ზეობის ხანაში“ თავდაპირველად, მე მხოლოდ კარლ ბილდტისა და მიშიკონე სააკაშვილის სიყვარულის ამბის მიზეზი ვიცოდი ძალზე საინტერესოდ ყურმოყვრით, მაგრამ შემდეგ იმდენად გამრავლდნენ მიხეილ სააკაშვილზე რატომღაც შეყვარებულები, რომ სათვალავიც ამერია და ვინაობებიც – რატომ უნდა მახსოვდეს ყველა ევროპელი უ...-ო.
ისე უცნაურად ეჯაჭვება ერთმანეთს ევროკავშირისა და მასთან გახახუნებულების სიყვარული ნაცმოსთან, რომ კარგს ხომ ვერაფერს იფიქრებ, მაგრამ რაც უნდა იფიქრო, იქამდე ლოგიკას მიჰყავხარ. რაც ჩვენ ამ კრიმინალური ბანდისა და მათი მხედართმთავრის „განთავისუფლების“ ამბებს შევესწარით და დოკუმენტურად დადასტურებული ამბები ვიცით, მგონი, საქართველოს ბიუჯეტს უთანაბრდება.
იმთავითვე ამ აზრზე ვიყავი და ახლაც იგივეს ვიტყვი, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის საქართველოს რეალური თუ გაყალბებული ისტორიისა გასაბჭოებასთან დაკავშირებით, რუსეთის ოკუპანტობისა და ა. შ. რაც ჩემი სამშობლოს უახლესი ისტორიის ნაწილია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომ საქართველოს დაქცევა კი არა, საქართველოს წელში გამართვა უნდათ, ჩემთვის მხოლოდ მისასალმებელია!
ხან „ქოცს“ მიწოდებენ, ხან „რუსეთუმეს“, მაგრამ სრულებით არ მანაღვლებს, რადგან ქოცი კი არა, ქართველი, რუსეთუმე კი არა, სამშობლოს მოყვარული ქართველი ვარ!
ერთი საინტერესო შეკითხვა მაქვს, ამ ევროჯანდაბების ყოფილ საბჭოელ ფუნციონერებს „დავერბოვკება“ ხომ არ ავალებთ, რომ ევროკავშირი ასე უბედურად დაშალონ? აბა, სხვა რა ვიფიქრო, როდესაც თვითონ იკეთებენ ჰარაკირს?
სხვათა შორის, სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდით, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინის საკითხზე რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მექანიზმთან მიერთებაზე. უნგრეთი და სერბეთი რომ იქნებოდა ამ სიაში, ცხადია, მაგრამ საქართველო? არც თურქეთის ამბავი გამკვირვებია, რადგან თურქეთმა დანამდვილებით იცის, რომ თვითონ კი არის დიდი სახელმწიფო და სულადობით მრავალრიცხოვანი, მაგრამ სწორედ ეს არ მოსწონთ შეკოწიწებულ პატარებს, რომელთა თავები ერთი „შტაბიდან“ იკვებებიან, არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევათ, „დიფ-სთეითი“ თუ „ცვაინ შვაინ“.
„პატარა საქართველოს“ რომ ვამბობთ, აბა, გავშალოთ ევროპის რუკა და ვნახოთ – ლუქსემბურგზე არაფერს ვამბობ, თავისი გასჭირვებია, ოღონდ, ჯერ ვერ ხვდება და ისე შევაფასოთ, რამდენად პატარა ვართ ორ ზღვასშუა მოქცეულები და შევუფარდოთ იმ ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს ჩვენი ქართული იდენტობა. არ მიყვარს ეს სიტყვა „იდენტობა“, მაგრამ ამ შემთხვევაში კი გამოდგება. რამდენი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს დღევანდელ საქართველოში, თორმეტის გარდა, არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად შემაძრწუნებელი დემოგრაფიული მდგომარეობისა, ქართული სული მაინც ცოცხლობს.
პატარა საქართველო, როგორც ჩანს, იმაზე ბევრად დიდია თავისი არსით, რომ თავმომწონე სახელმწიფოები ღიზიანდებიან. არ მინდა ტრაფარეტული სიტყვების გამეორება, მხოლოდ იმას გავიმეორებ ყოველთვის და ყველგან დიდი სიამაყით, რომ ქართველი ვარ და ამის გამეორებით არ დავიღლები!
ქართველობა ჯილდოა და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა, ამიტომ არის ძნელი გასაგები ამ შინაური თუ გარეული გაურკვეველი წარმონაქმნებისთვის, რანი ვართ და როგორ უნდა გველაპარაკონ!
ევროპა, ტოლერანტობა, დემოკრატია... გაუდით შუაგული ევროპიდან, მაგრამ ამ სიტყვების არსს კი ვერ ხვდებიან, არამედ ერთმანეთის წამხედურებით იმეორებენ, ენაზე აცრილი კაჭკაჭებივით.
ევროპა რომ მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობაა, ნუთუ ასე ძნელი გასაგები და გასაცნობიერებელია? ვერაფრით ვერ იქნება ერთნაირი, ვთქვათ, ესპანელი და შვედი, ან იტალიელი და პოლონელი, ისინი მხოლოდ იმ კონტინენტზე ცხოვრობენ, რომელსაც ევროპა ჰქვია. სხვა რამეს ვამბობ, თორემ იმასაც მივაყოლებდი, რომ ევროპა ოროფაა და კოლხურია...
მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან გამაბრაზეს და ყველაფერს მივედ-მოვედე გაბრაზებული, მაგრამ ის მაინც უნდა ვთქვა, რომ ამ ევრომტრებმა ძალიან დამღალეს. მაქსიმალურად თავშეკავებულად გამოვხატე ჩემი სათქმელი, მაგრამ სული კბილით მიჭირავს, რომ კუდი არ მოვიქნიო.
ამ ევრომტრებს რა ჰგონიათ, საქართველოს ხელისუფლება (ისევე, ვინც უკვე აზრზე მოვიდა) ან ხალხი, იმას ვერ ხვდება, რა თამაშში გაერთნენ? ვინ ჰგონიათ, ნეტავ, ბრიყვი? ევროკავშირის მსგავს ფარჩაკ, კორუმპირებულ, უპასუხისმგებლო და სულაც უნამუსო ორგანიზაციების მიმართ მხოლოდ განხიბვლა შემორჩა ყველას. რაგინდ მოინდომონ, ისევ „დემოკრატიომანიით“ შებყრობილი მსოფლიო ნახევრის გაბითურება, უფრო მეტი ქვეყნის ხელისუფლება მიხვდება, რომ მათი სამართალი, რომელიც რეალურად უსამართლობის დაკანონებაა, ის მახვილი აღმოჩნდება, რომელიც დამოკლეს მახვილზე უარესი იქნება რამდენიმე სულელი თუ უზნეო კაცისა და ქალის ნებაზე მიშვების შემთხვევაში.
ჯერ მხოლოდ იმად ვღირვართ, რომ ადგილმდებარეობა გვაქვს გასაოცარი, რაც მხოლოდ პერსპექტივის მომცემია – იმდენ ქვეყანას ვაკავშირებთ ერთმანეთთან როგორც სახმელეთო, ისე საწყალოსნო გზით და, მთავარი – ბუნებრივი სამოთხე გვაქვს...
იქნებ, კარგიც არის ამ ოხერი ევრონაცმტრების ასეთი თავგადაკლული მტრობა...
აი, რატომ!
...კაცმა დაკარგა ცხენი. მეზობელმა თანაუგრძნო: ვწუხვარ, ცხენი რომ დაგეკარგა, ალბათ, მგლებმა შეჭამეს უკვე...
– ნუ ჩქარობ, რა იცი, რა ხდება, –მიუგო ცხენის პატრონმა.
მეორე დღეს ცხენი დაბრუნდა, თან ცხენების რემა გამოიყოლა.
– რა კარგია, გილოცავ, გამდიდრებულხარ, – გამოეხმაურა მეზობელი.
– ნუ ჩქარობ, რა იცი, რა ხდება...
მეორე დღეს ცხენის პატრონის ბიჭი მოახტა ცხენს გააჭენა, გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა.
– რა სამწუხაროა, – გულისტკივილი გამოთქვა მეზობელმა.
– ნუ წუხხარ, რა იცი, რა ხდება, – მიუგო ცხენის პატრონმა.
მეორე დღეს დაიწყო საყოველთაო გაწვევა ომში, ყველა წაიყვანეს ცხენის პატრონის ფეხმოტეხილი შვილის გარდა...
მორალი – ნუ ინაღვლებ, როცა რამე ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა!
რა იცი, რა ხდება? – იქნებ, ღმერთს მოკლე გზით მიჰყავხარ შენს მიზნამდე...
მაია ჭელიძე
