დიმიტრი ლორთქიფანიძე: 17 მაისის საზოგადოება ქართველი ერის კოლექტიური გონია
გვესაუბრება დამოუკიდებელი
უფლებადამცველი,
ყოფილი პარლამენტარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე:
_ ბატონო დიმიტრი, 17 მაისი ახლოვდება, რომელიც პატრიარქმა ოჯახისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. თქვენ ამ დღეს ქუჩაში გამოსულ მილიონზე მეტ ადამიანს 17 მაისის საზოგადოება უწოდეთ. რამდენად მტკიცეა დღეს ეს საზოგადოება და თუ არის მზად, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხოს?
_ 17 მაისის საზოგადოება ის ღერძი, ერის გულია, რომელიც ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. კომუნისტების ეპოქაში ის ინტელიგენციის სახით არსებობდა. ეროვნული მოძრაობის დროს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე იდგა, ხოლო სააკაშვილის მმართველობისას, ეს ეროვნული მუხტის მატარებელი ძალა, ყველა სახიფათო თავსმოხვეულ სოციალურ ექსპერიმენტს მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდა. დღეს, როცა საქართველოს მტრები დაუნდობელ ბრძოლას უცხადებენ, 17 მაისის საზოგადოება ფეხზე მყარად დგას და არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს. დიახ, ეს სწორედ ის საზოგადოებაა, რომელსაც ივერიის გაბრწყინების პროცესში საქართველოს გადასარჩენად საბოლოო სიტყვა ეთქმის.
ეს არ არის ვინმეს მიერ პარტიულ დონეზე ინსპირირებული ერთობა ან საზოგადოებრივი პლატფორმა. ეს ის საზოგადოებაა, რომელსაც განსხვავებით პარტიული აქტივობებისგან არ სჭირდება სამარშუტო ტაქსებით და ავტობუსებით სადღაც მიყვანა, როცა ქუდზე კაცია მოსახმობი დიდი მნიშვნელობის საერო საკითხების გადასაწყვეტად. ბრძენმა პატრიარქმა 17 მაისთან დაკავშირებით მშვიდი ტონით განაცხადა, 17 მაისი ოჯახისა და მშობლების პატივისცემის დღე უნდა იყოსო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ იმ დღიდან, როცა პატრიარქმა თავისი ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა, ჩვენ მართლაც მივიღეთ ახალი საქართველო, ახლებურად მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც ურყევად, სტაბილურად იარსებებს. აი, სწორედ ამას ეწოდება 17 მაისის საზოგადოება _ ხალხს, რომელთა უწყვეტი ჯარი პატრიარქის გამოსამშვიდობებლად დაირაზმა. მათი რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ამის შემხედვარეს, ვინ უნდა მოგვერიონ, ჭინკები?!
დიახ, 17 მაისის საზოგადოების იდენტობა განსხვავებით სხვა ეპოქებისგან, დღეს, როგორც არასდროს, სარწმუნოებაზეა დამოკიდებული. ამ მუხტმა ქართველ ერში განსაკუთრებით მაშინ იჩინა თავი, როცა კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა. მსგავსი რამ მსოფლიოს ჯერ არ უნახავს _ ქართველი ერი სულიერი მამის გასაცილებლად გაერთიანდა. ეს მხოლოდ პატრიარქის გაცილება კი არა, არამედ ქართული სულის უტეხელობა, უძლეველობა იყო. 17 მაისის საზოგადოებამ შეგვახსენა, რომ ძალა ერთობაშია. ვფიქრობ, შესაძლოა, შემდგომ შეიქმნას პოლიტიკური პლატფორმა 17 მაისის საზოგადოების სახელწოდებით, რომელსაც სიკეთის ბოროტებაზე ძლევის კუთხით, უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. 17 მაისი სატანისტურმა ბოროტმა ძალებმა ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადეს. თუმცა, პროგრესულმა მართლმადიდებლურმა საზოგადოებამ ამას სათანადო პასუხი გასცა. მეტიც, შარშან 17 მაისი ტრამპმაც ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის დღედ გამოაცხადა. მან ანალოგი პატარა საქართველოდან აიღო, რომელიც ტრადიციებს, ფასეულობებს თვალის ჩინივით უფრთხილდება და თავგამოდებით იცავს. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი აღმოჩნდა ისეთი დიდი სახელმწიფოს ლიდერისთვის, როგორიც აშშ-ია.
_ ჩვენ ტრადიციების დაცვისთვის ვიბრძვით, თუმცა ამ დროს ევროპა ისევ მუქარის ტონით გვესაუბრება და მიღებული კანონების გაუქმებას ითხოვს. ჰერჩინსკიმ განგვიცხადა, მალე გაირკვევა საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდებაო. ამ ფონზე როგორ გესახებათ ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელება?
_ მადლობა ამ შეკითხვისთვის, რაც დღეს ყველაზე აქტუალურია. იმ პირობებში, როდესაც ძალის სამართალმა სამართლის ძალა ჩაანაცვლა, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში საერთაშორისო სამართალი, როგორც მარეგულირებელი, აღარ არსებობს და მაშინ, როდესაც ხვალინდელი დღე ბევრი ერისთვის არაპროგნოზირებადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სწორი ალღო ავუღოთ. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სინამდვილეში, იმ თვალსაჩინო ექსპანსიას ემყარება, რასაც მსოფლიოს არაერთი წამყვანი ქვეყნის მხრიდან განვიცდით. ქვეყნის არჩევანი ეფუძნება სტრატეგიულ მოქმედებას _ დროის მოგებას იმ პერიოდამდე, როცა თამაშის გარკვეული წესები განისაზღვრება და მსოფლიო ახალი წესრიგის ფარგლებში შევძლებთ, სწორი სვლები განვახორციელოთ.
_ ქვეყნის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა რას ეფუძნება?
_ ხაზგასმით ვამბობ, საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა მაინც მრავალვექტორულობას ეფუძნება. ანუ, ერთი მხრივ, სტრატეგიულ პარტნიორად ჩინეთს ვირჩევთ, მეორე მხრივ, აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას არ ვაუქმებთ. ერთი მხრივ, ჩვენ ევროკავშირის, როგორც ყოფილი მეტროპოლის მიერ დოქტრინალურ თავსმოხვეულ ვალდებულებებს ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მეორე მხრივ ვაცხადებთ, რომ თუ ევროკავშირი კულტურათა დიალოგია, საქართველო მზად არის, ამ დიალოგში იმ თავისებურებით მიიღოს მონაწილეობა, რაც მის ტრადიციულ, ეროვნულ ღირებულებებს ეფუძნება. თითქოს ეს, ერთი მხრივ, უტოპიაა, მეორე მხრივ კი ხაზგასმულია, რომ საქართველოს სუვერენული არჩევანი გააჩნია. ამიტომ საგარეო პოლიტიკა, კონკრეტული მიმართულებებით, ალბათ, მალე უნდა ტრანსფორმირდეს.
_ ტრანსფორმაციაში რას გულისხმობთ?
_ რვა წელია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის კუთხით მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს. ამიტომ სრული უფლება მაქვს, ამ საკითხზე ხმამაღლა ვისაუბრო. ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვა იოლი საქმე არ აღმოჩნდა იმიტომ, რომ რუსეთიც ზუსტად ისე, როგორც საქართველო, დასავლეთის მხრიდან წნეხს განიცდის. არავის ეგონოს, რომ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს ბლოკირება რუსეთში ან საქართველოში ვინმეს ახირებაა. ასე არ არის, რადგან რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე ჩაკეტილი, ბლოკირებული სატრანსპორტო დერეფნები, გლობალური დასავლეთისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მან რუსეთზე გადამწყვეტი იერიში მიიტანოს, როგორც ერთგვარად აღთქმულ მიწაზე, რომლისთვისაც ბრძოლა ახლა არ დაწყებულა.
აქვე, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და 9 მაისი _ ფაშიზმზე, გამარჯვების დღე მივულოცო სრულიად ქართულ საზოგადოებას.
ჩვენ მეტროპოლიის მარწუხებისგან თავი საბოლოოდ უნდა დავიძვრინოთ, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს, ქართულ-რუსული დიალოგი დიპლომატიური პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენასა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური ფასის განსაზღვრაში გარდაიქმნას. ამ კუთხით, გვყავს მოკავშირეები, რომელთა ბერკეტების გამოყენება მნიშვნელოვანია. უპირველესად, ეს არის ბელარუსი, რომელთანაც საქართველოს ყოვლისმომცველი სავაჭრო, დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები აქვს. ბელარუსი მოსკოვის მოკავშირეა, რაც დიალოგის დაწყების საშუალებას გვაძლევს.
რუსეთთან დიალოგი ყოველ მიზეზგარეშე შედგება. კრემლში აცნობიერებენ, რომ უპირველესად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული პრობლემა უნდა გადაწყდეს, რადგან მოსახლეობის ნახევარი აფხაზეთიდან ეთნიკური ნიშნით არის გამოდევნილი. შესაბამისად, როგორც კი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის ვითარება მომწიფდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის საკითხებიც მალე გადაწყდება.
_ რა გეგმა აქვს 26 მაისს ოპოზიციას?
_ 26 მაისის ღონისძიება გლობალური დასავლეთის თვითდამკვიდრების მორიგი მცდელობაა იმ „საუკეთესო ტრადიციების“ გათვალისწინებით, რაც მას ჩვენს ქვეყანასთან უკვე 30 წელია, აკავშირებს და რომლის ფარგლებშიც საქართველო, როგორც კოლონია, მისთვის მოსახერხებელი მსხვერპლია. დასავლეთი აქ საკუთარ პოლიტიკურ კლასს, საინვესტიციო პოლიტიკას ავითარებს და ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო, საგარეო პოლიტიკური, გლობალური სამხედრო ინტერესების შემდგომი გამოყენებისთვის მოსახერხებელი ობიექტი გახდეს, რისთვისაც აქ არსებული არსენალის გამოყენებას ცდილობენ. თუმცა, „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან გადადგმული მართებული ნაბიჯებით, მათი სრული მარგინალიზება ხდება. მეტიც, დასავლეთი საკუთარ მარგინალიზებას ხელს თავად უწყობს. დღეს მათი ნაშთები ცდილობენ, ქართულ პოლიტიკაში იტივტივონ. შესაბამისად, მოლოდინი, რომ მათი მარგი ქმედება 26 მაისს შედეგიანი იქნება, ფუჭია.
თუმცა, მეორე მხრივ არსებობს მოთხოვნები, რასაც დასავლეთი ხელისუფლების წინაშე აყენებს და რის შედეგსაც ნათლად ვხედავთ. მაგალითად, ესაა დენაციფიკაციის გაჭიანურებული პროცესი, რაც წულუკიანის კომისიის დასკვნის შედეგად სასამართლოს გადაეცა და გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ეს პროცესი ცხადჰყოფს, რომ ახალი პოლიტიკური რეალური პლატფორმის შექმნის დრო მომწიფდა. სასურველია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 17 მაისის საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალები შემოვიდნენ. მე მხარს მრავალფეროვნებას, მრავალპარტიულ მმართველობას ვუჭერ, რის გარეშეც ნებისმიერი საკითხი ფასადურობის ხასიათს იძენს. ერთპარტიულობა იძულებითი ნაბიჯია. უმწიფარი ავტოკრატია იმ გამოწვევებს უმკლავდება, რაც დასავლეთიდან წნეხის სახით მოდის, რათა ქვეყნის ქაოსში გადაზრდა არ მოხდეს, მაგრამ ამასობაში ვითარდება კორუფცია, რითაც საშუალო და მაღალი რანგის პოლიტიკოსები სარგებლობენ. ციხეები პრემიერებით, მინისტრებით გადაივსო, რაც ტრაგედიაა. ამაზე პასუხისმგებელი მმართველი ძალაა. ივანიშვილი ამ პაუხისმგებლობას აცნობიერებს, წინანაღმდეგ შემთხვევაში, ამ პრობლემაზე ინტერვიუში არ ისაუბრებდა.
_ გამოსავალს რაში ხედავთ?
_ ეს ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს, რაც ასახვას ხალხის მხარდაჭერაში ჰპოვებს. დადგა დრო, როცა ძლიერი რესურსის მქონე თითოეული პოლიტიკოსი, დარგის სპეციალისტი, რომელიც მზადაა, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს, ქვეყნის საკეთილდღეოდ ზემოხსენებულ პლატფორმაში გაერთიანდეს. სწორედ ისეთი რესურსის მქონე ადამიანებზე ვსაუბრობ, რომელთაგან ერთ-ერთი _ თემურ მაისურაძე, თხემით ტერფამდე პატრიოტი ქართველი, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი, სამი უნივერსიტეტის პროფესორი, რაციონალიზატორი, გამომგონებელი, 160 საერთაშორისო პატენტის მფლობელი, სამწუხაროდ, ახლახან უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. აი, ასეთ ადამიანებზე უნდა იდგეს ქართული პოლიტიკა. დიახ, ასეთ ადამიანს საქმე ისე კი არ უნდა გავუხადოთ, თვითონ აღმოჩნდეს გარკვეულ კონგლომერატში შესვლის მოლოდინში, არამედ მათ სანთლით უნდა ვეძებდეთ. მათზე, კარგი გაგებით, ნადირობა უნდა გამოცხადდეს. რა გაგვიჭირდა ქართველებს, რომ სწორედ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის გზით სელექცია არ მოვახდინოთ.
თამარ შველიძე

