გაყრა ზაარბრიუკენულად

გაყრა ზაარბრიუკენულად

51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს. ახლა დავითვალე, როდესაც თბილისი და გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი დამეგობრდნენ, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. მახსოვს ეს დამეგობრება. 
51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტსო, გამოაცხადეს აკაცუკურმა გამოცემებმა. ნეტავ, რა ისეთი პარტნიორობა გვქონდა? 
მოდი და ნუ გაგაცინება, შეჩერდეს ყველა კონტაქტი ქალაქ თბილისთანო. რა კონტაქტი გვქონდა 180-ათასიან ერთ პატარა ქალაქთან? რა მოჰქონდათ, რა მიჰქონდათ? არც არაფერი. როგორც უკვე გითხარით, ამ „ძმობის“ შესახებ ხეირიანად არავინ არაფერი უწყოდა. 
ამ ამბავში სასაცილო ის გახლავთ, რომ ზაარბრიუკენელთა განცხადებით, ეს „გაყრის“ გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ საქართველოში თურმე არასახარბიელო პოლიტიკური ვითარებაა. აი, როცა დაგვიძმობილდნენ, 1975 წელს, თურმე ძაან სახარბიელო მდგომარეობა იყო და დემოკრატია ყვაოდა. მაშ, კაცო, გაგანია სოციალიზმის პერიოდში დაგვიძმაკაცდნენ და ახლა, როცა მდგომარეობა გაგვიუარესდა, გაგვეყარნენ. ამათ რა ჭკუა უნდა მოვთხოვოთ? სხვათა შორის, გერმანელებს საკადრისად უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ - მან სამძიმრის წერილი გაუგზავნა გერმანელ ხალხს. 
ფაქტობრივად, თბილისის მერი გერმანელებს ეუბნება - მაშინ, როცა თავზე ცეცხლი გიკიდიათ და ქვეყანა ლამის თავზე გენგრევათ, მეტი საქმე არ გაქვთო? 
როგორც მოსალოდნელი იყო, აკაცუკები, ანუ ე. წ. ოპოზიციონრები ისტერიკაში ჩაცვივდნენ - როგორ, კაცო, ახლა ნორმალური ადამიანი ყველაზე ძველ მეგობარს დაკარგავდაო? ეს ისე, ხალხის დასანახად გაიგიჟეს თავები, თორემ ამათ ზაარბრიუკენიც ფეხებზე ჰკიდიათ, ლუბლიანაც და ადისაბებაც. ისე, ჩვენ რომ შუა თბილისში ზაარბრიუკენის მოედანიც გვაქვს და ლუბლიანას ქუჩაც, ამას რა ვუყოთ, სახელწოდებები გადავარქვათ? ლუბლიანა რა შუაშია ჯერ სლოვენიელებს ხმა არ ამოუღიათ და ეგებ, არც აპირებენ? 
სხვათა შორის, გერმანიის ელჩი პეტრე ფიშერი დაგვემუქრა, თუ ეგრე გააგრძელებთ, თქვენ ევროკავშირში ვერ შეხვალთო. ეს რჩევა შეგიძლიათ მიიღოთ ჩემგან, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩისგანო. ეს განცხადება მან კახა კალაძის წერილის წაკითხვის შემდეგ გააკეთა. ვერ უყურებთ? მე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩი გახლავართ საქართველოშიო, განა მხოლოდ ერთი სახელმწიფოსიო? განა მხოლოდ გერმანიისაო? მთელი ევროკავშირისაო. ნეტავ, ამას ვადა როდის ეწურება? თავი როდის უნდა დაგვანებოს? ჯერ ერთი, ევროკავშირში ვინ გვიღებს და მეორეც - ეგეთ ამყრალებულ ევროკავშირში ჩვენ რა გვესაქმება? კავშირი რომ გვდომებოდა, დავრჩებოდით საბჭოთაში, იქიდან არ გამოვიქცეოდით. მართალია, ის მაინც ჩამოინგრა, მაგრამ ბოლო-ბოლო, აგერ, ევრაზიულ კავშირში შევიდოდით. 
ვისაც ჩვენთან მეგობრობა არ უნდა, აგე, გზა დიდია, ვისაც საით უნდა, იქით დაგაზოს, ამ ჩვენ ფეხებს!

გელა ზედელაშვილი